ალპინისტი ძაღლები

როდესაც ალპინისტები მწვერვალზე მიდიან, მახლობელი სოფლებიდან ძაღლებიც აედევნებიან ხოლმე. უმეტესობას გზიდანვე აბრუნებენ, ზოგი თავისით ბრუნდება, თუმცა არიან გამონაკლისებიც. ნაპრალა სწორედ ასეთი ძაღლი იყო. რამდენჯერ დალაშქრა მყინვარი, ზუსტად არავის ახსოვს.

დაახლოებით 20 წლის წინ, თარიღი ზუსტად აღარავის ახსოვს, ეს უჯიშო ძაღლი პოლონელ ალპინისტებს აეკიდა და გზაზე 20 მეტრამდე სიღრმის ნაპრალში ჩავარდა. პოლონელებმა ძაღლი იქვე დატოვეს. სამი დღის შემდეგ უკვე სხვა ექსპედიციას ყეფა შემოესმა. ძაღლი ალპინისტმა ლევ სარქისოვმა ამოიყვანა. სანამ ამოჰყავდა, ცხოველმა რამდენჯერმე კბენაც მოასწრო. იმ დღეს შეერქვა ნაპრალა.

„ამის შემდეგ, წლების განმავლობაში, გერგეთს რომ მივუახლოვდებოდით, საიდან გაიგებდა ან საიდან გამოძვრებოდა, წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ გამოქანდებოდა და მლოკავდა ხოლმე“, - ამბობს ლევ სარქისოვი.

ალპინისტების თილისმა

ნაპრალა ხან ერთ ჯგუფს მოჰყვებოდა მთაში, ხან - მეორეს. ვისაც კი ოდესმე წრიაპი გაუკეთებია ფეხზე, ყველა იცნობდა. მას ეფერებოდნენ, აჭმევდნენ ფოტოებს იღებდნენ…

რატომ მოსწონდა ნაპრალას მყინვარწვერზე სიარული, არავინ იცის, არადა, ადვილი საქმე სულაც არ იყო, ციოდა, ყინავდა...

„მწვერვალზეც ამოვიდა რამდენჯერმე. ერთხელ ძალიან ცუდი ამინდი იყო, ბოლომდე ვეღარ ამოგვყვა და უნაგირაზე დარჩა. უკან რომ ვბრუნდებოდით, ამინდი კიდევ უფრო გაფუჭდა. ვხედავ, ნაპრალა დახვეულა თოვლზე და ბეწვზე ლოლუები ჰკიდია. ხელით შევანჯღრიე, ნაპრალ, ნაპრალ-მეთქი. წამოხტა შეშინებული და მიკბინა“, - იხსენებს ბიძინა გუჯაბიძე.

ალპინისტი აღჭურვილობის გარეშე

ნაპრალა ხშირად რჩებოდა მეტეოსადგურზე, ზღვის დონიდან თითქმის 4 ათას მეტრ სიმაღლეზე. ბუნაგი შენობის ქვეშ ჰქონდა მოწყობილი.

„ერთხელ ოთხნი ჩავრჩით მეტეოსადგურში. ძალიან ცუდი ამინდი იყო და გადავწყვიტეთ უკან დავბრუნებულიყავით. გამოვედი და დავუძახე: „ნაპრალ, წავიდეთ!“. გამოძვრა, ერთი შემოგვყმუვლა, ხომ არ გადარეულხართ, ამ ამინდში სად მიდიხართო, და შეძვრა უკან. რომ გამოიდარა, ნაპრალა თავისით ჩამოვიდა ყაზბეგში“, - ამბობს ბიძინა გუჯაბიძე.

ექსპედიციაში ძაღლის წაყვანა ზედმეტი შარია, ვერც თოკში ჩააბამ და ვერც სადმე ჩავარდნილს დატოვებ... მოკლედ, არანაირი სარგებლობა არ მოაქვს, თუმცა ეს განსაკუთრებული ძაღლი „კარგი ტიპი“ იყო და ყველას უყვარდა. ნაპრალას მოტივაციაც, ალბათ, ეს იყო, თორემ რატომ უნდა მოუნდეს ძაღლს მწვერვალზე აბობღება?!

„ვამბობდი, რადგან ასე უნდა სიარული, პატარა ზურგჩანთა მაინც შევუკეროთ, თავისი საჭმელი წამოიღოს-მეთქი“...

ასე, უჩანთოდ და „ფეხშიშველი“ რამდენჯერმე ავიდა მწვერვალზე. ერთხელ სხვა ძაღლიც წამოიყვანა, თან გზას ასწავლიდა, სად უნდა გადასულიყო და სად - არა... როცა მობერდა, უკვე მეტეოსადგურში ტოვებდნენ.

უდაბნოში მოცეკვავე კონი

ნაპრალას გადამრჩენელ ლევ სარქისოვს თავისი ძაღლიც ჰყავდა, შოტლანდიური ნაგაზი -კონი. შორ მარშრუტებზე - პამირში და ტიან შანზე - ყოველთვის თან დაჰყავდა. ჯგუფს თვითმფრინავით გაუშვებდა ხოლმე და თავად სატვირთო მანქანით მიდიოდა ყარაყუმის უდაბნოს გავლით.

„უდაბნოში მანქანიდან რომ გადმოდიოდა, ცხელ ქვიშაზე თათის დადგმა უჭირდა და ბალერინასავით დადიოდა ხოლმე... მწვერვალზე არა, მაგრამ საბაზო ბანაკამდე ნამდვილად ამოდიოდა. იქ კარავში ჩემთან ეძინა, მათბობდა ხოლმე“, - ამბობს ლევ სარქისოვი.

ერთხელ კონი უშბაზე ექსპედიციისას დაიკარგა. უფრო სწორად, ძაღლი ბანაკში დარჩა, იქ კი ვიღაცამ შაშხანა ისროლა, რისიც კონის ძალიან ეშინოდა და უკანმოუხედავად მოკურცხლა.

„მწვერვალიდან ახალი ჩამოსული მოყინული ფეხებით, სისხლით სავსე ფეხსაცმელებით წავედი უკან ამ ძაღლის მოსაძებნად. ყეფა მესმოდა, მაგრამ ვერ ვხვდებოდი, საით იყო. მერე ბავშვებმა მოიყვანეს“, - იხსენებს პატრონი.

ლევ სარქისოვი მთაში დაკარგული კიდევ ერთი ძაღლის ამბავს ჰყვება.

ჩრდილოეთ კავკასიაში თავისუფალი ესპანეთის მწვერვალზე რომ ადიოდნენ, მთელი ღამე ძაღლის ყეფა ესმოდათ. უკანა გზაზე პატარა ლეკვი იპოვეს.

„ვიღაცას გაჰყვა, როგორც ჩანს, და იმათ ყურადღება არ მიაქციეს. თოვლი იდო გარშემო, მზე ანათებდა და უცნაურია, რომ არ დაბრმავდა, ძაღლს სათვალე ხომ არ ექნებოდა. „კაპიუშონში“ ჩავისვი და ჩამოვიყვანე ბანაკში. მერე რამდენჯერაც მოვიდოდით იმ ბანაკში, ყოველთვის გვცნობდა“, - ამბობს ლევ სარქისოვი.

მყინვარწვერზე მიმავალ დამწყებ თუ პროფესიონალ ალპინისტებს დღესაც აედევნებიან ხოლმე ჩვეულებრივი სოფლის ძაღლები, უჯიშო, უწვრთნელი, უპატრონო ან პატრონიანი... ზოგს შეიძლება სახელიც არ ერქვას, როგორც ნაპრალას არ ერქვა, სანამ ნაპრალში ამოყოფდა თავს.

ბიძინა გუჯაბიძე ამბობს, როცა მეკითხებოდნენ, რატომ დადიხართ მთაში, თავს საფრთხეში რატომ იგდებთო, ნაპრალას მაგალითი მომყავდა ხოლმე: „აგერ, ძაღლი დადის და ჩვენ რომ ვიაროთ, რა გასაკვირია-მეთქი“.