საბჭოთა ველურობასთან ბრძოლას შეწირული ალ. ლომთათიძის სხეული სამშობლოს დაუბრუნდა

ალექსანდრე ლომთათიძის პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში. 2023 წ. 28 მაისი

28 მაისს დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს ქართველი სახელმწიფო მოღვაწის, ამიერკავკასიის სეიმის, საქართველოს ეროვნული საბჭოსა და საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილის, ალექსანდრე ლომთათიძის ნეშტი, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობისა და ქართული დიასპორის დღეების ფარგლებში უზბეკეთიდან 26 მაისს ჩამოასვენეს.

დაკრძალვამდე წმინდა სამების საკათედრო ტაძარში გაიმართა ალექსანდრე ლომთათიძის სამოქალაქო პანაშვიდი, რომელსაც საქართველოს ხელისუფლებისა და საპატრიარქოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

ალ. ლომთათიძის ნეშტი სამების საკათედრო ტაძარში

„თვალსაჩინო პოლიტიკური, საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის აქტიური მონაწილე და ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის ერთ-ერთი შემოქმედი, თავისი ღირსეული საქმიანობით, ცხოვრების წესით, ქართული სულის განსახიერება და ამავე დროს ნამდვილი ევროპელი, ალექსანდრე ლომთათიძე მთელი ცხოვრების განმავლობაში ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, მისი ევროპულ ოჯახში ინტეგრაციისთვის იბრძოდა და როდესაც დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა იძულებული გახდა, ქვეყანა დაეტოვებინა, ალექსანდრე ლომთათიძემ, მიუხედავად კარგად გაცნობიერებული უდიდესი საფრთხისა, გადაწყვიტა საქართველოში დარჩენა. ამით იგი ბუნებრივია, ბოლშევიკური რეჟიმის სამიზნე გახდა და საბოლოოდ, სულ ახალგაზრდა, ერთ-ერთი პირველი შეეწირა ტერორს. თავისი ხანმოკლე, მაგრამ გმირული ბიოგრაფიით, ალექსანდრე ლომთათიძემ ჩვენი სამშობლოსთვის მსახურების, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისთვის თავდადების უკვდავი მაგალითი შექმნა მომავალი თაობებისთვის. მსუბუქი იყოს ალექსანდრე ლომთათიძისთვის სამშობლოს მიწა!“ - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი, ილია დარჩიაშვილი

ალექსანდრე ლომთათიძე 1912 წელს პოლიტიკური საბაბით დააპატიმრეს და გადაასახლეს ვოლოგდის გუბერნიაში. 1913 წელს ის გაემგზავრა საზღვარგარეთ, ცხოვრობდა ლაიფციგში. 1913 წელსვე დაბრუნდა ტფილისში და მუშაობდა პედაგოგად. 1917 წლის მარტში ის მონაწილეობდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის საქმეში. 1917 წლის ნოემბრიდან ლომთათიძე იყო ჯერ საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი, ხოლო 1918 წლის თებერვლიდან ამიერკავკასიის სეიმის წევრი. მან ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს. 1918 წელს იგი იყო საქართველოს პარლამენტის წევრი „სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან“. 1919 წლის თებერვალში ის აირჩიეს თბილისის საქალაქო საბჭოს თავმჯდომარედ. 1919 წელს ალექსანდრე ლომთათიძე აირჩიეს საქართველოს დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის წევრად და დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილედ. 1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ იგი არ წავიდა ემიგრაციაში, დარჩა საქართველოში და ჩაბმული იყო წინააღმდეგობის მოძრაობაში. 1921 წლის 13 ივლისს იგი დააპატიმრეს, მოგვიანებით კი გადაასახლეს. საქართველოში 1924 წლის აგვისტოს ანტისაბჭოთა აჯანყების შემდეგ ალექსანდრე ლომთათიძე კვლავ დააპატიმრეს ტაშკენტში და მოათავსეს ციხეში, სადაც მალევე გარდაიცვალა 42 წლის ასაკში. დაკრძალეს იქვე, ტაშკენტში, ქრისტიანთა სასაფლაოზე.

1921 წლის 25 თებერვლის, თბილისის დაცემის დღეს, გაზეთ „ერთობაში“ დაიბეჭდა ერთა ლიგის საქართველოს საზოგადოების თავმჯდომარის, ალექსანდრე ლომთათიძის რადიოგრამა, გაგზავნილი ერთა ლიგის თავმჯდომარის, ლეონ ბურჟუასა და ალბერტ ტომასისთვის, რომელშიც ის საერთაშორისო სამთავრობთაშორისო ორგანიზაციას „საბჭოთა მთავრობის ველურობისგან“ დაცვას სთხოვდა.

„მივაქცევთ რა მთელი განათლებული კაცობრიობის ყურადღებას რუსეთის საბჭოთა მთავრობის ასეთ ველურობას, გამოვსთქვამთ ჩვენს ღრმა აღშფოთებას და ვაცხადებთ პროტესტს, რათა ევროპის ხალხებმა ხმა ამიღონ საქართველოს დასაცავად ველურთა ურდოებისგან. ქართველი ხალხი კი თავის მხრივ საქვეყნოდ აცხადებს, რომ მას შეურყევლად აქვს გადაწყვეტილი სამშობლოს დაცვა წითელი ბარბაროსებისგან. ის იარაღით ხელში ბრძოლის ველზეა გასული, თავს დასდებს იქ, მაგრამ თავისუფალ და დემოკრატიულ სამშობლოს არ დათმობს“, - წერდა ალექსანდრე ლომთათიძე.

ალექსანდრე ლომთათიძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, ალექსანდრე ლომთათიძის ნეშტი სამშობლოს დაუბრუნდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და განსაკუთრებით უზბეკეთში საქართველოს საელჩოს ძალისხმევით.

"ალექსანდრე ლომთათიძე დაიკრძალა დიდუბის პანთეონში, თავისი შვილის, ასევე საზოგადო მოღვაწის გიორგი ლომთათიძის გვერდით. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პარლამენტმა ალექსანდრე ლომთათიძეს, ისევე როგორც დამფუძნებელი კრების სხვა ხელმძღვანელებს, სახელმწიფოებრიობისა და პარლამენტარიზმის განმტკიცებისთვის, მიანიჭა ჯილდო თავისუფლების საპარლამენტო ორდენი. მნიშვნელოვანია, ყოველთვის გვახსოვდეს ჩვენი წინაპრების ღვაწლი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ალ. ლომთათიძის ნეშტის გამოსვენება სამებიდან

გიორგი ლომთათიძე (1914-1971), არქეოლოგი, მეცნიერი - დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი 1936 წელს; ხოლო ასპირანტურა არქეოლოგიის განხრით. 1965 წლიდან სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში განაგებდა მის მიერვე დაარსებულ შუა საუკუნეების არქეოლოგიის განყოფილებას; იგი უშუალოდ მონაწილეობდა ციხე ქალაქ უჯარმის, ნადარბაზევის, ძველი თბილისის "განჯის კარის", ურბნისის, ვარციხის, კვეტერის, ხვამლის და სხვა ექსპედიციებში; დიდი ამაგი დასდო საქართველოს უძველესი დედაქალაქის მცხეთის ისტორიული წარსულის შესწავლას; მნიშვნელოვანი აღმოჩენები ჰქონდა არმაზისხევში, ბაგინეთსა და სამთავროში; წლების მანძილზე მცხეთის მიდამოებში წარმოებულ გათხრებს ხელმძღვანელობდა; იყო ქართული ლიტერატურისა და კულტურის ბრწყინვალე მცოდნე, 75 ნაშრომის ავტორი; მას ეკუთვნის ასევე ამერიკელი მწერლის დოს პასოსის რომანის "42 პარალელის" თარგმანი.

ალექსანდრე ლომთათიძის საფლავი დიდუბის პანთეონში

ალექსანდრე ლომთათიძის საფლავი უზბეკეთში საქართველოს საელჩოსა და ქართველი მკვლევარების მიერ იქნა მოძიებული, ნეშტის გადმოსვენება კი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, საგარეო საქმეთა სამინისტროს, თბილისის მერიის ჩართულობითა და საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერით განხორციელდა.