აგვისტოს ომიდან 10 წელიწადზე მეტი გავიდა. ამ ხნის განმავლობაში "ადამიანის უფლებათა ცენტრი" აქტიურად არის ჩაბმული ომით დაზარალებული ადამიანების უფლებების მონიტორინგისა და მათი დაცვის პროცესში. უმთავრეს ყურადღებას ორგანიზაცია ოკუპაციის ხაზთან მცხოვრებთა საჭიროებებს უთმობს.
"ამ სოფლებში რომ შედიხართ, ჯერ კიდევ ჩანს დამწვარი სახლები. მოქალაქეები ცხოვრობენ ამ დამწვარ სახლებში, სადაც ორი ოთახია გარემონტებული, მოწყობილი საცხოვრებლად და დანარჩენი სახლი კვლავ შეუკეთებელია. ჩანს, რომ ასეთი პრობლემები ჯერ კიდევ ბევრია და ჩვენ სწორედ ამ საჭიროებებზე ვსაუბრობთ".
ცოტა ხნის წინ "ადამიანის უფლებათა ცენტრის" ინიციატივით გორში გაიმართა ომით დაზარალებულებთან შეხვედრა, რომელშიც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. ამ შეხვედრაზე დაზარალებულების მიერ წარმოჩენილი პრობლემები აჩვენებს, რომ მათ გადასაჭრელად საკმარისი ნაბიჯები არ იდგმება. ალეკო ცქიტიშვილის თქმით, საჭიროა მეტი ხარჯი გაიღოს სახელმწიფომ ამ ზონაში ინფრასტრქუტურული პროექტების სწრაფად განსახორციელებლად და სოციალური პროგრამების გასაფართოებლად:
"ათ წელზე მეტი გავიდა. სასურველი იქნებოდა, 5 წელიწადში დასრულებულიყო მათი მოგვარება. დემოგრაფიული პრობლემაა - ხალხი ტოვებს სოფლებს, რაც არ მოხდებოდა, სწრაფად რომ განხორციელებულიყო ინფრასტრუქტურული პროექტები".
ალეკო ცქიტიშვილი აღნიშნავს მეგობარი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების როლსაც პროექტების განხორციელებაში.
"ადამიანის უფლებათა ცენტრი" ამზადებს ანგარიშს, რომელშიც ასახული იქნება ადამიანის უფლებების მასობრივად დარღვევევის ფაქტები ამ გამყოფი ხაზების გასწვრივ:
"ძირითადად გამოკითხვის მეთოდით მოვამზადეთ ეს ანგარიში. შევხვდით მათ, ვინც უკანონოდ იყო დაკავებული და გატაცებული. ავსახეთ ეს პროცესი: როგორ ხდება დაკავება, გადაყვანა, რა პირობებში უწევთ ყოფნა ე.წ. იზოლატორებში ან საპატიმროებში, თუკი მათ სასჯელს მიუსჯიან. საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის გზითაც შევავსეთ ინფორმაცია".
Your browser doesn’t support HTML5