ერთი კვირის წინ „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ გამოაქვეყნა 32-გვერდიანი ანგარიში - „გიორგი უგულავას წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეების სამართლებრივი შეფასება“. ამ დოკუმენტს ბოლო დღეების პოლიტიკურ დისკუსიებში ხშირად ახსენებდნენ. რა წერია ანგარიშში, რომელიც „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ ამერიკული ორგანიზაციის - „დემოკრატიის ეროვნული ფონდის“ (NED) მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში მოამზადა და რა იყო მკვლევრების ამოცანა?
ანგარიშის თანაავტორი და „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელი ალეკო ცქიტიშვილი რადიო თავისუფლების ეთერში ამბობს, რომ პროექტი დაახლოებით სამი თვის წინ დაიწყო და მისი განხორციელების ინტერესი ამერიკულმა ფონდმაც ქვეყანაში არსებული პოლიტიკური პროცესების გამო გამოხატა. სასამართლო პროცესებზე მონიტორინგის გარდა, ის მიტინგებისა და დემონტრაციების მონიტორინგსაც მოიცავს.
სისხლის სამართლის საქმეებში ხელისუფლების მხრიდან სავარაუდო პოლიტიკური მოტივების ძიებისთვის ორგანიზაცია იყენებს როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი ორგანიზაციების მიერ განმარტებულ და შემუშავებულ კრიტერიუმებს. ალეკო ცქიტიშვილი რადიო თავისუფლების ეთერში ამბობს:
„ზოგადად, პოლიტიკური პატიმარი ყოველთვის არ ნიშნავს, რომ ადამიანი არის უდანაშაულო. ამაზე ევროსაბჭოს კრიტერიუმები ცხადად მიუთითებს. შეიძლება ადამიანს ჩადენილი ჰქონდეს დანაშაული, მაგრამ სასჯელი არაპროპორციულად მკაცრი აღმოჩნდეს.
ოქრუაშვილის საქმე სწორედ ამ მიმართულებით შეიძლება გამოიკვეთოს. იმდენად სუსტი მტკიცებულებები ჰქონდა ბრალდებას, რომ სასამართლომ მოუხსნა ძალადობის ხელმძღვანელობის ბრალდება. კადრებში ცხადად ჩანდა, რას აკეთებდა ოქრუაშვილი. შესაბამისად, რა განაჩენიც დადგა, გულისხმობს, რომ ამ ლოგიკით, ყველა პირი, რომელთა იდენტიფიცირება ხდება და მოჩანს კადრებში, უნდა დაიჭიროს პროკურატურამ და ხუთწლიანი სასჯელი მიესაჯოს. თუმცა, მხოლოდ ოქრუაშვილია დაპატიმრებული. რაც ცალსახად აჩენს კითხვებს და მიუთითებს დისკრიმინაციულ მიდგომაზე“.
ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ საქმეების შესახებ ანგარიშს „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ მაისის ბოლოს გამოაქვეყნებს. ცენტრის დაკვირვების ქვეშ ამ დროისთვის სულ 15 სისხლის სამართლის საქმის სასამართლო პროცესია. მონიტორინგი ეხება იმ საქმეებს, სადაც სავარაუდო პოლიტიკური მოტივი იკვეთება.
დავუბრუნდეთ ისევ კრიტერიუმებს, ალეკო ცქიტიშვილი განმარტავს:
„გამოვიყენეთ ევროპის საბჭოს კრიტერიუმები, ასევე საქართველოს საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ შემუშავებული კრიტერიუმები სავარაუდოდ პოლიტიკურ პატიმრებთან მიმართებით. ეს ძალიან დაგვეხმარება ამ პროცესების მონიტორინგის დროს, რომ გამოვავლინოთ სავარაუდო პოლიტიკური მოტივები, რადგან ეს არის ამის მიზანი - არის თუ არა ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური მოტივაცია კონკრეტულ საქმეებში.
უფრო მეტად ვეყრდნობით საქართველოს საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ შემუშავებულ კრიტერიუმებს, რადგან რამდენიმე წლის წინ რამდენიმე ორგანიზაციამ შევაჯერეთ სწორედ ევროსაბჭოს კრიტერიუმები, „საერთაშორისო ამნისტიის“ მიერ დადგენილი კრიტერიუმები და ასევე საქართველოს რეალობიდან გათვალისწინებული სიტუაციები. კონკრეტულ საქმეებთან მიმართებით შევიმუშავეთ ის კრიტერიუმები, რომელიც „ღია საზოგადოების ფონდის“ მხარდაჭერით გამოქვეყნდა 2012 წელს. ეს არის ჩვენი გზამკვლევი პოლიტიკური პატიმრების შესახებ, რომელიც დღეს ითვლება სახელმძღვანელო დოკუმენტად როგორც უფლებადამცველებისთვის, ასევე აკადემიური წრეებისთვის“.
გიგი უგულავას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ანგარიშში თანმიმდევრულად და დეტალურად არის მიმოხილული. მის მიმართ ბოლო - უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენამდე იყო არაერთი გადაწყვეტილება:
„რაზეა ლაპარაკი: გიგი უგულავას მსჯავრი დაედო თბილისის განვითარების ფონდის საქმესთან დაკავშირებით პირველ ინსტანციაში, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის, რაზეც მიესაჯა გარკვეული სასჯელი და ის მან მოიხადა. პროკურატურამ გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოში და დაობდა, რომ გაფლანგვის ბრალდება უნდა ყოფილიყო. სააპელაციო სასამართლომ ეს არ დაადასტურა და, ჩვენი აზრით, სწორად განმარტა, რომ გაფლანგვა არ იკვეთებოდა ამ შემთხვევაში.
შემდეგ პროკურატურამ გაასაჩივრა უზენაეს სასამართლოში და ვიდრე საკასაციო პალატა განიხილავდა ამ საქმეს, გავიდა 6 თვეზე მეტი. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარღვევა, როცა განხილვის ექვსთვიანი ვადა არის დარღვეული. ამას ამართლებდნენ იმით, რომ მოსამართლეები ვერ შეარჩიეს და უზაენაეს სასამართლოში არ იყო ამ საქმის განმხილველი მოსამართლე და მერე ბოლოს მაინცდამაინც შალვა თადუმაძე აღმოჩნდა ეს მოსამართლე, ვისაც ეს საქმე უნდა განეხილა.
რაც შეეხება თადუმაძეს, რა თქმა უნდა, იყო ინტერესთა კონფლიქტი. ეს გამოხატულია იმითაც, რომ მისმა ყოფილმა მოადგილემ - ვასაძემ, რომელიც გენერალური პროკურორის მოადგილე იყო, სწორედ ამ მოტივით აიცილა ეს საქმე უზენაეს სასამართლოში. გაუგებარია, რატომ არ აიცილა თადუმაძემ ეს საქმე. ამას შეიძლება ათასნაირი შეფასება მიეცეს, მაგრამ მთავარი შეფასება უკვე აქვს გაკეთებული მსგავს საქმეებზე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს, როცა მსგავსი შემთხვევების დროს დადგენილი აქვს სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა და შეგვიძლია ვიწინასწარმეტყველოთ - თუკი უგულავას საქმე მოხვდება ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში, სწორედ იმ საქმეებთან პარალელით დაადგენს სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას, რადგან ევროსასამართლოს გადაწყვეტილებები არის პრეცედენტული.
უგულავას საქმეზე პოლიტიკური მოტივები ცალსახად გამოკვეთილია და შეგვიძლია ვთქვათ, რომ გიორგი უგულავა დღეს არის პოლიტიკური პატიმარი. ასევე შეგვიძლია ვილაპარაკოთ იმ საკითხზე, ჩაიდინა თუ არა მან დანაშაული. ამაზე ბევრი კითხვა არსებობდა. ჩვენ და ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციებიც ვაცხადებდით თავის დროზე, რომ არსებობდა კორუფციული პრობლემები თბილისის განვითარების ფონდის საქმესთან დაკავშირებით, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ამ დანაშაულისთვის გიგი უგულავას მიესაჯა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ სასჯელი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით და მან ეს სასჯელი მოიხადა, გამოვიდა ციხიდან და შემდგომში აშკარად პოლიტიკური მოტივებით, თადუმაძის მონაწილეობით, მას დაუმძიმეს, გაუცოცხლეს ის ბრალდება - გაფლანგვის ბრალდება და ახლა აგრძელებს უფრო მძიმე ბრალდებით პატიმრობის ვადას, რაც ერთ-ერთი დიდი პრობლემაა უგულავას საქმეებთან მიმართებით“.
„დილის საუბრების“ სტუმარი ლაპარაკობს კიდევ ერთ საქმეზე, რომელიც ე.წ. აეროპორტის ინციდენტს უკავშირდება და რომელშიც გიგი უგულავა ბრალდებულია. ალეკო ცქიტიშვილი ყურადღებას ამახვილებს ერთ საკითხზე:
„თუკი პირი დააკავეს დანაშაულისთვის, რომელიც პროვოცირებული იყო და ეს ქართული რეალობისთვის წინა ხელისუფლების და იმის წინა ხელისუფლების - შევარდნაძის დროსაც იყო აქტიური მეთოდი: ახდენდნენ დანაშაულის პროვოცირებას და შემდგომში იჭერდნენ. ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში იყო მსგავსი მეთოდები და სწორედ ეს მეთოდი იკვეთება აქ აეროპორტის ინციდენტის საქმეში და აქაც ცალსახად ძალიან დიდი პრობლემაა“.
სასამართლო პროცესებზე მონიტორინგის პროცესში გამოიკვეთა ხანდაზმული საქმეების გაცოცხლების პრაქტიკაც:
„ეს საქმეები კომბლეს კომბლებივით არის ჭერში შემოწყობილი და როცა მოუნდება ხელისუფლებას, ჩამოიღებს და თავში ჩაარტყამს პოლიტიკურ ოპონენტს. ფაქტობრივად, ასეთი სახე მიიღო რიგი საქმეების დაყოვნებამ.
იგივე ირაკლი ოქრუაშვილის საქმე შეიძლება დავასახელოთ. ბრალდება, რომელიც მას წაუყენეს ბუტა რობაქიძის მკვლელობასთან დაკავშირებულ საქმეზე, სადაც წინა ჯერზე გასამართლებული იყვნენ სხვა პირები. ახლა მათ მისცეს ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ ჩვენება - გურამ დონაძემ და ზურაბ მიქაძემ. ამ შემთხვევაშიც გაცოცხლდა საქმე ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ, როცა ბრალდების წაყენებისთვის ხანდაზმულობის ვადა 2-3 თვეში იწურებოდა და ესეც დაჩქარებულად მოხდა.
ამ დროს ირაკლი ოქრუაშვილს უკვე ჰქონდა წაყენებული ბრალდება გასული წლის 20-21 ივნისის მოვლენებთნ დაკავშირებულ საქმეზე, სადაც მას ჰქონდა ძალადობის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდება. პოლიტიკურ წრეებშიც და უფლებადამცველებშიც არსებობდა ეჭვი, რომ მეორე საქმის გაცოცხლება და ბრალდების წაყენება იმიტომ მოხდა, რომ ძალიან სუსტი იყო ბრალდება 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ საქმეზე“.
Your browser doesn’t support HTML5