საფრანგეთში, ლევილის მამულში, შატოს დიდი დარბაზის მარცხენა კედელზე ჰკიდია ერთი ფოტო, რომელზეც მოქმედება 1921 წლის 25 თებერვალს ხდება: საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი, საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი აკაკი ჩხენკელი, სახელმწიფო პროტოკოლის უფროსთან ერთად, საფრანგეთის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარისთვის, ალექსანდრ მილერანისთვის რწმუნებათა სიგელების გადასაცემად მიემართება.
ამ ფოტოს, როგორც ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ აკაკი ჩხენკელისადმი მიძღვნილი ალბომის შესავალ წერილში წერს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი საფრანგეთში გოჩა ჯავახიშვილი, გამორჩეულად სიმბოლური მნიშვნელობა აქვს: ამავე დღეს, აკაკი ჩხენკელის სამშობლოში, ბოლშევიკური არმია შეიჭრა, რაც მალევე დასრულდა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციით.
აკაკი ჩხენკელისადმი მიძღვნილ წიგნში (ავტორები სალომე ჭანტურიძე და ანტონ ვაჭარაძე), რომელიც გვიყვება საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის, ალბათ, ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ პოლიტიკოსზე, დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრზე - აკაკი ჩხენკელზე, თავმოყრილია ნაწყვეტები მისი დღიურებიდან, მოგონებებიდან, ამონარიდები მისი საჯარო გამოსვლებიდან, ფოტოები, პირადი თუ დიპლომატიური მიმოწერა, რომელიც ქვეყნის დამოუკიდებლობის ამ სამწლიან პერიოდსა და რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ემიგრაციაში წასულ ქართველ პოლიტიკოსებზე გვიყვება.
აკაკი ჩხენკელი, იმ დროის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი პოლიტიკოსი და დიპლომატი იყო. საქართველოს გერმანული კურსის მხარდამჭერი. ჩხენკელის დიდი დამსახურება იყო გერმანიისგან პოლიტიკური გარანტიების მიღება, რომ ის საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემთხვევაში დაეხმარებოდა, - გვეუბნება ამ წიგნის ერთ-ერთი ავტორი, IDFI-ის მკვლევარი ანტონ ვაჭარაძე:
„აკაკი ჩხენკელის და მისი კოლეგების დამსახურება იყო ისიც, რომ საფრანგეთი წლების განმავლობაში არ აღიარებდა საბჭოთა კავშირს და მის შემადგენლობაში საქართველოს არსებობას, თუმცა, შემდგომ, 1930-იან წლებში ეს სურათი შეიცვალა“.
პოლიტიკაში
აკაკი ჩხენკელი აქტიურ პოლიტიკაში 1912 წელს ჩნდება - ეს რუსეთის იმპერიის მე-4 სახელმწიფო სათათბიროს არჩევნების წელია, რომელშიც აკაკი ჩხენკელი გახდა დეპუტატი აფხაზეთიდან და ბათუმ-ყარსის ოლქიდან, ჩხენკელი საქართველოს ეროვნულ-კულტურულ ავტონომიას ითხოვდა, ქართველი ხალხის ეროვნული უფლებების შელახვას აპროტესტებდა და მუსლიმი ქართველების უფლებებს იცავდა.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრის, ვასილ (ვასო) წულაძის მოგონებებში აკაკი ჩხენკელის დუმის დეპუტატად არჩევის ამბავი ამ ჩანაწერით შემორჩა:
„აკაკი ჩხენკელი დიდ ამბავში იყო; ის ყარსიდან ჩამოსულ ამრჩევლებს - თათრებს უხსნიდა თავის საარჩევნო პროგრამას, რომელსაც ჩვენი თარჯიმანი უთარგმნიდა. დარბაზის გახსნის დრო იყო და თავმჯდომარე კი - დამოჟნის ჩინოვნიკი ზიკოვი - რატომღაც კრებას არ ხსნის. თურმე ნუ იტყვით! რაღაცას უცდიან: ნამესტნიკთან დეპეშა ჰქონიათ გაგზავნილი, რომ ჩხენკელი, დაიჭირონ და ამით უზრუნველყონ შერვაშიძის არჩევა“ (სტილი აქ და შემდეგაც დაცულია).
1917 წლის თებერვლის რევოლუციის, იმპერატორ ნიკოლოზ II-ის გადადგომისა და რომანოვების დინასტიის მმართველობის დასრულების შემდეგ, რუსეთში დროებითი მთავრობა მოდის. ხოლო მის მიერ ამიერკავკასიის სამართავად „ამიერკავკასიის საგანგებო კომიტეტი“ (Особый Закавказский комитет (ОЗАКОМ)) იქმნება, რომლის ერთ-ერთი წევრიც ხდება აკაკი ჩხენკელი.
თუმცა კომიტეტი ამავე წლის ნოემბერში უქმდება და იქმნება „ამიერკავკასიის კომისარიატი“, რომელიც, როგორც წიგნის ტექსტის ავტორები წერენ, აღმასრულებელი ხელისუფლების ფუნქციებს ითავსებდა. წამყვანი ძალა სოციალ-დემოკრატები იყვნენ, თუმცა მის შემადგენლობაში შედიოდნენ ისეთი პოლიტიკური სუბიექტები, როგორებიც იყვნენ: დაშნაკცუთიუნი, სოციალისტ-ფედერალისტები, ესერები და მუსავატელები (მუსლიმთა ფრაქცია).
„ამიერკავკასიის კომისარიატს სათავეში ქართველი სოციალ-დემოკრატი ევგენი გეგეჭკორი ჩაუდგა. მის შემადგენლობაში შინაგან საქმეთა და ფოსტა-ტელეგრაფის მინისტრად აკაკი ჩხენკელი შედიოდა“.
რაც დრო გადიოდა, ქართველი პოლიტიკოსებიც ნელ-ნელა გამოდიოდნენ რუსული ორბიტიდან და სულ უფრო ნაკლებ პოლიტიკოსს სჯეროდა, რომ რუსეთში ოდესმე ისეთი დემოკრატიული მმართველობა დამყარდებოდა, რომელიც იმპერიაში ადრე შემავალი არარუსი ერების ინტერესებს დაიცავდა. ასეთ მოაზროვნეთა შორის იყო აკაკი ჩხენკელიც.
1917 წლის 19 ნოემბერს, თბილისში ჩატარებულ პირველ ეროვნულ ყრილობას, რომელსაც 324 დელეგატი ესწრებდა, აკაკი ჩხენკელმა ამ სიტყვებით მიმართა:
„მოქალაქენო! ჩვენ უნდა შეუდგეთ ჩვენს წმინდა საქმეს. საჭიროა ამისათვის ვიქონიოთ მხედველობაში ჩვენი წარსული და აწინდელი საარსებო ინტერესები. იყო თქმული ხშირად, რომ ქართველი ერის ბედი რუსეთთან არის დაკავშირებული. ეს ნამდვილია, მაგრამ ქართველი ერის ბედ-იღბლის გამომჭედი არის მისი დემოკრატია (ტაში). ქართველ ერის სიწმინდით დაცვისთვის ბრძოლას, აქამდე სოციალურ ნიადაგზე რომ ვაწარმოებდით, დაუმატოთ ეროვნულ ნიადაგზე ბრძოლა“ (გაზ. „ალიონი“, ა. ჩხენკელის სიტყვა, #60, 1917).
სწორედ ამ ყრილობის დროს მოხდა კატო მიქელაძისა და აკაკი ჩხენკელის შელაპარაკებაც, რაზეც შემდეგ ქართველი ფემინისტ-განმანათლებელი წერდა კიდეც იმ დროის პრესაში.
გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“, კატო მიქელაძე ამ ყრილობაზე წერს, ეს ყრილობა ეროვნული კი არა, „ვაჟური“ იყო, სადაც თავი მოეყარათ საქართველოს სხვა და სხვა კუთხის ვაჟებს, რომელშიაც 5 ქალი ძლივს ერიაო“.
კატო მიქელაძე საყვედურით შენიშნავდა, რომ ქართველ ქალს ამ ყრილობაზე თავისი სიხარულის გამოთქმის ნებაც არ მისცესო.
მამაკაცი გამომსვლელების შემდეგ რატომღაც „სია დახურეს“. კატოს კი უთხრეს, „სიტყვის თქმის უფლება მოსპობილი გაქვსო“. ურჩიეს, ყრილობის თავმჯდომარის, აკაკი ჩხენკელისთვის ეთხოვა სიტყვის წარმოთქმის ნება.
„მეც ავედი და მივმართე მას, რომელმაც ჩემს წინადადებაზე შემდეგი პასუხი მომცა: „ჩვენ ქართულ ორგანიზაციებს სიტყვის თქმის უფლებას არ ვაძლევთო“!
- ჩვენ ამას გავიგებთ, რომ თქვენ პირველ ეროვნულ ყრილობაზე ქართველს ქალს თავისი სიხარულისა და საჭიროების გამოთქმის ნება არ მიეცით.
- მაგრე არ შეიძლება ამის გაგება!
- ჩვენ სხვანაირად ამას ვერ გავიგებთ, ვუპასუხე მას და გამოვბრუნდი, - წერდა მოგვიანებით კატო მიქელაძე.
დამფუძნებელი კრების არჩევნებში მონაწილე 26 ქალი კანდიდატიდან უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წევრი მხოლოდ ხუთი გახდა: ქრისტინე შარაშიძე, ელეონორა ტერ-ფარსეგოვა, ანა სოლოღაშვილი, ელისაბედ ნაკაშიძე-ბოლქვაძე და მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძე.
1918 წელს თბილისში ყალიბდება ამიერკავკასიის სეიმი, რომლის თავმჯდომარედ ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძეს ირჩევენ. ამიერკავკასიის მთავრობის თავმჯდომარე და სამხედრო მინისტრი ევგენი გეგეჭკორი ხდება, ხოლო აკაკი ჩხენკელი - საგარეო საქმეთა მინისტრი. ამავე წლის აპრილში, ამიერკავკასიის სეიმის სხდომაზე ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა გამოცხადდა. 26 აპრილს კი ჩამოყალიბდა მთავრობა აკაკი ჩხენკელის ხელმძღვანელობით. სწორედ ის ხელმძღვანელობდა 1918 წელს, ბათუმის ცნობილ საზავო კონფერენციაზე ამიერკავკასიის ორმოცდახუთკაციან დელეგაციას.
Your browser doesn’t support HTML5
საქართველოს დამოუკიდებლობაზე საუბარი სულ უფრო აქტიურდებოდა. 1918 წლის 15 მაისს აკაკი ჩხენკელმა ნოე ჟორდანიას ასეთი წერილი გაუგზავნა:
„საქართველოს დამოუკიდებლობა - აი, პირველი ნაბიჯი, რომელიც უნდა გადაიდგას, როცა აქაური მოლაპარაკება შეწყდება. შეწყდება იმიტომ, რომ თურქების პროექტი მიუღებელია, ეს მათ მშვენივრად იციან, მაგრამ მიზნათ ხომ ჩვენი მთლიანობის დამხობა აქვთ.... საჭიროა ამ წუთშივე გათვალისწინება ყველა ამისა, საჭიროა გამბედაობა, ნუ აქცევთ ერისა და სახელმწიფოს საქმეს პარტიის საქმედ. პარტია, ეროვნული გრძნობით განმსჭვალული, შეძლებს ერის ხსნას“.
წიგნის ავტორები წერენ, რომ ოსმალეთი ყველა ღონეს ხმარობდა, ამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკის წევრთა შორის დაპირისპირება ჩამოეგდო, თუმცა არც ევროპელ მოკავშირესთან ურთიერთობის გაფუჭება სურდა. აკაკი ჩხენკელი და დელეგაციის წევრები იძულებული გახდნენ, დამოუკიდებლად ემოქმედათ და გერმანიისაგან მხარდაჭერა მოეპოვებინათ. ამიტომ მიმართა აკაკი ჩხენკელმა გენერალ ფონ ლოსოვს რამდენჯერმე.
აი, ნაწყვეტი ერთ-ერთი წერილიდან:
„...საქართველოსგან მის ორგანიულ ნაწილების ჩამოჭრა დიდათ ავნებს გერმანიის პრესტიჟს მთელს კავკასიაში; ეს აუხსნელიც იქნებოდა ქართველებისათვის, ვინაიდან მხოლოდ დამოუკიდებელი და ძლიერი საქართველო შეიძლება გახდეს ცენტრალურ სახელმწიფოთა და აზიის ხიდად... საქართველო თითქმის ორასი ათასი წელი იცავდა თავის დამოუკიდებლობას და 1783 წ. ოსმალეთის და სპარსეთის დაუძინებელ მტრობის გამო იძულებული გახდა შეერთებოდა რუსეთს, რასაც მოყვა მთელი კავკასიის დაპყრობა. მე-20-ე საუკუნეში საქართველო ისევ დაუბრუნდა თავის დამოუკიდებელ ცხოვრებას იმ იმედით, რომ ოსმალეთი მეგობრულათ მოეპყრობოდა მას, ვინაიდან ამას მოითხოვს თვით მისის საარსებო ინტერესები“.
ბათუმში მყოფი აკაკი ჩხენკელი გერმანიის მხარისგან დამოუკიდებლადაც მართავდა შეხვედრებს. კონსულტაციების შედეგად ამიერკავკასიის ფედერაციის დაშლა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხი გადაწყდა.
ნაწყვეტი საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ზურაბ ავალიშვილის ჩანაწერების წიგნის, „გადამწყვეტი დღეებიდან“:
„დავწერე სანიმუშო პროექტი საქართველოს დამოუკიდებლათ გამოცხადებისა. დადგა დრო საქმის ჩამოყალიბების და მოქმედებისა. ჩხენკელმა, ჟორდანიამ, ნიკოლაძემ და სურგულაძემ მოიწონეს“.
აკაკი ჩხენკელმა კი ბათუმის კონფერენციიდან თბილისში ეს დეპეშა გაგზავნა:
„აცნობეთ საქართველოს ეროვნული საბჭოს თავმჯდომარეს, რომ დამოუკიდებლობის გამოცხადების დაყოვნება გამოუსწორებელ შედეგებამდე მიგვიყვანს. გერმანელთა შუამდგომლობის მცდელობამ მარცხი განიცადა. ერთი გზაღა დაგვრჩა – დავუპირისპიროთ თურქების შემოსვლას დამოუკიდებელი საქართველო, რომელსაც გერმანია დაუჭერს მხარს. საქართველოს ხელისუფლებასთან გერმანიის წარმომადგენელი გრაფი შულენბერგი იქნება. გერმანიასთან ხელშეკრულების ნაწილი უკვე მზადაა ხელმოსაწერად“.
ნანატრი დამოუკიდებლობა
1918 წლის 26 მაისს ამიერკავკასიის სეიმმა თვითლიკვიდაცია, ხოლო საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღეს, 1918 წლის 26 მაისს, საგარეო საქმეთა სამინისტრო შეიქმნა, რომელსაც სათავეში აკაკი ჩხენკელი ჩაუდგა - ეს პოსტი მას 1918 წლის ნოემბრამდე ეკავა.
„დღეს შესრულდა ერთი წელი, რაც საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა. ერთი წელი აუწერელ სიძნელეთა, უმაღლეს განცდისა, ერის ფსიხოლოგიის გარდაქმნისა... ვინ იცის, იქნებ ეს წლის თავი დასაწყისია ერის თავისუფლების დასამარებისა!
გილოცავ ამ დიად დღეს შორიდან, ცხრა მთის იქიდან. გული მიღონდება, რომ ახლა არა ვარ, არ შემიძლია პირადათ განვიცადო მშობელი ერის დარდი და ლხინი, ვიგრძნო ჩემი თავი „ხილულათ“ მის უჯრედად! მაგრამ განა იქ რომ ვარ, მეტს რას ვაკეთებ, თუ არა ფიქრი, ჭმუნვა შენზე?! იყავი მტკიცე, შეურყეველი, შეუპოვარი, მომავალი არ განგწირავს!“ - წერდა აკაკი ჩხენკელი 1919 წლის 26 მაისს, ბერნში, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან ერთი წლის შემდეგ.
საგარეო ურთიერთობები და პირველი რესპუბლიკა
ამ წიგნში არაერთ მიმოწერას და დოკუმენტს ნახავთ, რომელსაც ხელს აკაკი ჩხენკელი აწერს. ანტონ ვაჭარაძე გვიყვება, რომ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო მისი დაარსებისთანავე ეწეოდა აქტიურ დიპლომატიურ საქმიანობას და საქართველოს მთავრობის სახელით სწორედ სამინისტრო წარმართავდა მოლაპარაკებებს, დებდა ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს საზღვარგარეთის ქვეყნებთან პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სავაჭრო, სამხედრო თუ სხვა საკითხებზე.
1918 წლის ივნისში აკაკი ჩხენკელი დიპლომატიური მისიით გერმანიაში გაემგზავრა. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ: ნიკო ნიკოლაძე, ზურაბ ავალიშვილი, მიხაკო წერეთელი, გიორგი მაჩაბელი და ვლადიმერ ახმეტელაშვილი, ხოლო დიპლომატების მიზანს საქართველოსა და გერმანიას შორის ორმხრივი ხელშეკრულების გაფორმება და საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების იურიდიულად დადასტურება წარმოადგენდა.
1918 წლის 2 ივლისს ბელგიის ქალაქ სპაში, გერმანიის საგარეო და სამხედრო შტაბის მონაწილეობით, საქართველოს საკითხი განიხილეს, რის მერეც გერმანიამ ღიად დაუჭირა მხარი საქართველოს დამოუკიდებლობას.
12 ივლისს კი, ხელი მოაწერეს სამ ეკონომიკურ შეთანხმებას. ხელშეკრულების თანახმად, გერმანია ჭიათურის მანგანუმზე მონოპოლიას მოიპოვებდა, ჭიათურიდან ფოთის პორტამდე რკინიგზა და თვით ფოთის პორტი გერმანული სინდიკატის ხელში გადადიოდა. მოგვიანებით, 1920 წლის 24 სექტემბერს გერმანიამ აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა და თბილისში თავისი დიპლომატიური წარმომადგენელიც გამოგზავნა...
თუმცა, როგორც ანტონ ვაჭარაძე გვეუბნება, საერთაშორისო მხარდაჭერის მიუხედავად, დემოკრატიულმა რესპუბლიკამ დამოუკიდებლობა მხოლოდ 1028 დღის განმავლობაში შეინარჩუნა.
1921 წლის 11 თებერვალს, წინასწარი განცხადების გარეშე, საბჭოთა ჯარები საქართველოს ხუთ სხვადასხვა ფრონტზე უტევდა. 1921 წლის 23 თებერვალს საქართველოს ოსმალეთმაც ომი გამოუცხადა. ექვსი კვირის განმავლობაში ჯარი და სახალხო გვარდია გმირულად იბრძოდა. 1921 წლის 25 თებერვალს კი რუსეთის ჯარმა დაიკავა დემოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქი თბილისი.
აკაკი ჩხენკელი საქართველოს დევნილ მთავრობასთან ერთად ბოლომდე ემიგრაციაში დარჩა.
გარდაიცვალა 1959 წელს, პარიზში, საავადმყოფოში. დაკრძალულია ლევილის ქართველთა სასაფლაოზე.
სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი, გიორგი ერაძე მოგონებებში წერდა:
„3 იანვარს აკაკი ჩხენკელი ჩვეულებრივათ მუშაობდა თავის სამუშაო ოთახში. სკამიდან რომ წამოდგა, ფეხი გაუსხლეტია და ისე მძიმეთ დაეცა იატაკზე, რომ გონება დაკარგული წაიყვანეს საავადმყოფოში.
ექიმებმა რადიოგრაფიის შემწეობით შეამოწმეს, რომ ავადმყოფს დამსხვრევია თეძოს ძვლები, რაც იწვევდა მასში საშინელ ტკივილებს. მიიღეს ყოველი საჭირო საექიმო ზომა მის მოსაბრუნებლათ, მაგრამ გონს მოსულმა წუხილში, ტანჯვაში მყოფმა 7 იანვარს დალია სული.
აკაკი იყო 85 წლის. მიუხედავად ამისა, ის კიდევ ისე მხნეთ იყო, რომ თუ არა ეს ფათერაკი, ჯერ კიდევ ის ჩვენს შორის იქნებოდა და თავის ჭკვიანური რჩევა-დარიგება დიდათ შეუმსუბუქებდა მას ახლო თანამშრომლობას იმ მძიმე მოვალეობის შესრულებას თავის ქვეყნის წინაშე, რომელიც უკუღმართმა ბედმა თავზე მოახვია“...