ალბერ კამიუ, უცხო

ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით „პრემია“გთავაზობთ საუბარს ევროპული ლიტერატურის ერთ-ერთ უდიდეს წარმომადგენელზე, აბსურდის თეატრისა და აბსურდის ფილოსოფიის შემოქმედზე, „დასავლეთის სინდისად“ წოდებულ ალბერ კამიუზე, 1957 წლის ნობელის პრემიის ლაურეატზე ლიტერატურის დარგში. საფრანგეთის კოლონია ალჟირში, უღარიბეს ოჯახში დაბადებულმა ალბერ კამიუმ, რომელმაც მამა ერთი წლის ასაკში დაკარგა და რომლის წერა-კითხვის არმცოდნე დედაც დამლაგებლობით არჩენდა ორ შვილს, ცხოვრების ურთულესი გზა გამოიარა, სანამ პარიზის ელიტის უსაყვარლესი მწერალი, ფილოსოფოსი და მოაზროვნე გახდებოდა. ალბერ კამიუ არის სამი რომანის, ოთხი პიესის, ორი მნიშვნელოვანი ფილოსოფიური ესესა და რამდენიმე ათეული მოთხრობის ავტორი, – მეტი მან თავის ხანმოკლე ცხოვრებაში ვერ მოასწრო. იმ მომენტისათვის, როდესაც ავტოკატასტროფაში დაიღუპა, იგი დასავლეთის მთავარი სულიერი ავტორიტეტი იყო. შემდგომში, როდესაც ფრანგულმა გაზეთმა „ლე მონდმა“ მაღაზიათა ქსელ „ფნაკთან“ ერთად ფაქტობრივად მთელი საფრანგეთის მოსახლეობა გამოჰკითხა, თუ რომელი ლიტერატურული ნაწარმოებებია მეოცე საუკუნისათვის მნიშვნელოვანი, კამიუ თავისი „უცხოთი“ პირველ ადგილზე გავიდა. ვინ არის მერსო, „უცხოს“ პერსონაჟი; რატომ მიესაჯა მას სიკვდილი; რას ნიშნავს კამიუს გამოთქმა, რომ „იგი ერთადერთი ქრისტეა, რომელსაც ჩვენ ვიმსახურებთ“; რატომ თქვა კამიუმ, ისეთ საზოგადოებაში ვცხოვრობთ, რომ შეიძლება სიკვდილით დაგსაჯონ, თუ დედას წესიერად არ დაიტირებო; რა არის თავისუფლება და რატომ არის იგი ევროპის მთავარი ღირებულება, – ყველაფერ ამაზე იქნება საუბარი გადაცემაში.