აკრძალული ქართულის გაკვეთილი

სტატია მომზადებულია „ეხო კავკაზას“ მიხედვით.

ოკუპირებული ახალგორის მცხოვრებნი აღშფოთებული არიან იმ წესით, რომელიც საბავშვო ბაღში მომუშავე პერსონალს ერთმანეთში და აღსაზრდელებთან ქართულად ლაპარაკს უკრძალავს. ახალი წესი საბავშვო ბაღში ახალმა დირექტორმა შემოიღო.

ხალხი აღშფოთებული და თან გაკვირვებულია. რაიონში ცხინვალის იურისდიქციის ქვეშ ყოფნის 10 წლის მანძილზე ქართულად საუბრის აკრძალვა ხუმრობითაც კი არავის წამოსცდენია...
თამარ მეარაყიშვილი

ახალ საბავშვო ბაღში, რომელიც ამ ცოტა ხნის წინ გახსნა დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა, დირექტორი ალა გუსოევაა. იგი წინაგარის მკვიდრი და ცხინვალის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია. როგორც ახალგორელები ამბობენ, ალა გუსოევას, რომელმაც მომთხოვნელობით გამოიჩინა თავი, პედაგოგიურ და ხელმძღვანელ პოსტზე მუშაობის გამოცდილება არა აქვს. მათი მტკიცებით, საბავშვო ბაღის აღმზრდელებისა და აღსაზრდელებისთვის შემოღებული ახალი წესები საგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე ვრცელდება. ამ ცოტა ხნის წინ წესების დარღვევაში აღმზრდელი და ძიძა ამხილეს, რომლებიც ერთად მუშაობდნენ საბავშვო ბაღის მეორე სართულზე. თვითმხილველთა თქმით, მათ ოფიციალური საყვედური არ მიუღიათ, თუმცა უხეშად მიუთითეს დარღვევაზე და სხვადასხვა სართულზე გადაანაწილეს.

საბავშვო ბაღში ერთად სწავლობენ ოსი და ქართველი ბავშვები. მათგან ე. წ. სახელმწიფო ენას ყველა ვერ ფლობს. ამიტომ თამაშის დროს საუბარში ისინი ხშირად გადადიან ქართულ ენაზე. ოსი ეროვნების ბავშვების ასეთი „დაუშვებელი“ საქციელის გამო საყვედურს მათი მშობლები პირადად დირექტორისგან იღებენ: თუ ბავშვები ქართულ სიტყვებს იყენებენ, ესე იგი სახლში თქვენც ქართულად საუბრობთო. მშობლები არ გამორიცხავენ, რომ ანალოგიური შენიშვნებით დირექტორი აღსაზრდელებსაც მიმართავდეს. ერთ-ერთი მშობელი სწორედ ამ სავარაუდო მიზეზით ხსნის იმას, რომ მისი შვილი ბოლო დროს უარს ამბობს საბავშვო ბაღში სიარულზე.

ბიბლიოთეკა ახალგორში

არის ერთი გარემოება: როგორც ამბობენ, აღმზრდელისა და ძიძის საუბარს, ისევე როგორც ბავშვების ქართულ ენაზე თამაშს, თავად დირექტორი არ შესწრებია. შესაბამისად, მშობლები დარწმუნებული არიან, რომ დირექტორს დაწესებულების პერსონალში ინფორმატორები ჰყავს.

„ეხო კავკაზას“ კორესპონდენტი მურატ გუკემუხოვი ფიქრობს, რომ ახალგორის საბავშვო ბაღში არაჯანსაღი ვითარებაა. კომენტარისთვის იგი სამოქალაქო აქტივისტს, ახალგორის მკვიდრ თამარ მეარაყიშვილს მიმართავს. თავის მხრივ, თამარ მეარაყიშვილი ამბობს, რომ ამ ამბავზე ახალგორში ბევრს ლაპარაკობენ და ეს ისტორია პირადადაც მოუსმენია სამარშრუტო ტაქსიში თუ მაღაზიაში.

„ხალხი აღშფოთებული და თან გაკვირვებულია. რაიონში ცხინვალის იურისდიქციის ქვეშ ყოფნის 10 წლის მანძილზე ქართულად საუბრის აკრძალვა ხუმრობითაც კი არავის წამოსცდენია. კონსტიტუცია ხალხს აძლევს მშობლიურ ენაზე - ამ შემთხვევაში ქართულად - ურთიერთობის გარანტიებს. მე ჩემს მაგალითზე შემიძლია ვთქვა, რომ დეპუტატები, მინისტრები და უბრალო ადამიანები, ვისთანაც ურთიერთობა მიწევს, როცა იგებენ, რომ ქართველი ვარ, ჩემთან ქართულად იწყებენ ლაპარაკს. ზოგ შემთხვევაში ეს იმიტომ ხდება, რომ მე საუბარი გამიადვილდეს, ან უკეთ გავაგებინო, რისი თქმა მინდა. ზოგჯერ კი ეს ხდება სწორედ პატივისცემისა და კეთილგანწყობის დემონსტრირების მიზნით.

თამარ მეარაყიშვილი

როცა ჩვენთან პრეზიდენტები ჩამოდიოდნენ, ისინიც ადგილობრივ მოსახლეობას ქართულად ესაუბრებოდნენ. ასეთ ფონზე, გაუგებარია, რაში დასჭირდა დირექტორს ამის გაკეთება. მაკვირვებს ასეთი დამოკიდებულება“, - უთხრა ახალგორის მკვიდრმა, სამოქალაქო აქტივისტმა თამარ მეარაყიშვილმა „ეხო კავკაზას“ კორესპონდენტს, მურატ გუკემუხოვს, რომლის თანახმად, დე ფაქტო განათლების სამინისტროს სკოლამდელ დაწესებულებაში ქართულად საუბრის შეზღუდვის განკარგულება არ გაუცია და საბავშვო ბაღში მომხდარიც, როგორც ჩანს, ადგილობრივი ინიციატივაა.

ცხინვალიდან ახალგორის რაიონში ხელმძღვანელ თანამდებობებზე, ტრადიციულად, ქართულის მცოდნე პირებს გზავნიან, - აღნიშნულია სტატიაში, რომლის თანახმად, ბოლო დროს ალაგ-ალაგ მაინც ხდება ის, რომ ჩინოვნიკები დემონსტრაციულად უარს ამბობენ ქართულად საუბარზე. როგორც თამარ მეარაყიშვილმა უთხრა „ეხო კავკაზას“, ადგილობრივთა შეფასებით, ეს მხოლოდ და მხოლოდ „დაბალი დონის“ მაჩვენებელია.

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომლებიც გამოიყენება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში.