აკაკი ბობოხიძე: ბიძინა ივანიშვილი ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას ამ დაპირების ჩავარდნის შემთხვევაში

"მაჟორიტარები არიან დამოკიდებული ხელისუფლებაზე და მათი ბუნტი ალბათ არის ინსპირირებული ბიძინა ივანიშვილის მიერ, რომ მან თავიდან აირიდოს პასუხისმგებლობა ჩავარდნის შემთხვევაში, რომ თქვას, რომ მხარს უჭერდა, მაგრამ აი, მაჟორიტარებს ვერაფერი მოუხერხა. ყველაფერი გაირკვევა რამდენიმე საათში, მაგრამ ბიძინა ივანიშვილი ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას ამ დაპირების ჩავარდნის შემთხვევაში, თუმცა ბიძინა ივანიშვილის ბევრი დაპირება არ შესრულებულა და ჩვენ შეიძლება ისევ დავდგეთ ამგვარი ფაქტის წინაშე. " - თქვა პარლამენტარმა აკაკი ბობოხიძემ პარლამენტის სხდომის დაწყების წინ, რომელზეც საარჩევნო წესის ცვლილებაზე უნდა მიიღონ გადაწყვეტილება.

საკონსტიტუციო კანონპროექტით, მაჟორიტარული სისტემა უნდა გაუქმდეს და მხოლოდ პროპორციული წესით ჩატარდეს უკვე მომდევნო, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები და არა 2024 წლიდან, როგორც ამას დღეს მოქმედი კონსტიტუცია ითვალისწინებს.

მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას ეწინააღმდეგება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილი. საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას სულ მცირე 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

"დღეს მთელი შემტევითობა არის განპირობებული იმით, რომ მათ მაღალი პოლიტიკური ძალაუფლების მქონე პირი ახალისებს და ასეთი მე ქართულ ოცნებაში ვიცი მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი"- თქვა აკაკი ბობოხიძემ ჟურნალისტებთან.