„არ მინდა, მოვლენებს წინ გავუსწრო“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ქალაქის მერმა ირაკლი ტაბაღუამ პოსტიდან მისი შესაძლო წასვლის შესახებ გავრცელებული ვარაუდების კომენტირების დროს.
„ჩემი ნებისმიერი ინტერვიუ ამ პროცესებთან [მერიის მუშაობასთან] დაკავშირებით იქნება გულწრფელი. არასდროს არც ერთი პრობლემა თუ საკითხი არ დამიმალავს და არც კითხვის ქვეშ დამიტოვებია“, - თქვა ირაკლი ტაბაღუამ.
ხალხთან მეტი კომუნიკაცია მოგვცემს ძალიან კარგ შედეგს, რადგან აქ ადამიანებსაც შეუძლიათ თავისი რესურსი დახარჯონ, დახარჯოს ბიზნესმაც. მაგრამ ამ ყველაფერს სჭირდება ნდობის მოპოვება...ირაკლი ტაბაღუა
პირველი ტურის შემდეგ თანამდებობა დატოვა რუსთავის მერის პირველმა მოადგილემ დავით კეკელიძემ, რომელმაც განაცხადა, რომ გადაწყვეტილება საკუთარი სურვილით მიიღო. რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ის არჩევის დღიდან ეძებდა საერთაშორისო ორგანიზაციას, რომლის რჩევითაც მერიაში განხორციელდებოდა ადგილობრივ სპეციფიკასთან, რეალურ თვითმმართველობასთან მორგებული რეორგანიზაცია და საკადრო პოლიტიკა.
საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის დროს გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილ სალომე ზურაბიშვილს რუსთავში 11 ათასი ხმით მოუგო. მარცხის გამო სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბის უფროსი შეცვალეს, დანიშნეს ირმა მესხი, ადგილობრივი საკრებულოს წევრი 2006-2007 წლებში, რომელიც წარმომადგენლობით ორგანოში „ნაციონალური მოძრაობის“ კვოტით მოხვდა.
„ხალხთან მეტი კომუნიკაცია მოგვცემს ძალიან კარგ შედეგს, რადგან აქ ადამიანებსაც შეუძლიათ თავისი რესურსი დახარჯონ, დახარჯოს ბიზნესმაც. მაგრამ ამ ყველაფერს სჭირდება ნდობის მოპოვება და ნდობის მოპოვება დამოკიდებულია იმ პროცესებზე, რომლებიც ძალიან კარგად დავიწყეთ რუსთავში და დიდი სურვილი მაქვს, რომ ასე გაგრძელდეს“, - თქვა ქალაქის მერმა.
რუსთავს სჭირდება სიახლე, კარგად გაწერილი დებულებები და მისგან გამომდინარე სამუშაოები, ქმედითი სამსახურებით...ირაკლი ტაბაღუა
მისი განმარტებით, კონსულტაციები მიმდინარეობს რამდენიმე სამინისტროსთან, იმისათვის რომ რუსთავის 2019 წლის ბიუჯეტმა პროგრამული ბიუჯეტირების ფორმა მიიღოს და, ამასთან, სამართლებრივ ჩარჩოებში მოექცეს პროცესი, რომლის შედეგადაც „მოქნილი და კარგად დალაგებული სამსახურები“ შეიქმნება.
„რუსთავს სჭირდება სიახლე, კარგად გაწერილი დებულებები და მისგან გამომდინარე სამუშაოები, ქმედითი სამსახურებით“, - თქვა ტაბაღუამ.
ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვაზე, ტოვებენ თუ არა ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები, მათ შორის ირაკლი ტაბაღუა, თანამდებობებს, რაზედაც კულუარებშია ლაპარაკი, ქვემო ქართლის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა თქვა, რომ მსგავსი საუბრების შესახებ ის ინფორმირებულია. მისი თქმით, საკონსულტაციო საბჭოზე ირაკლი ტაბაღუაც იმყოფებოდა, ერთად განიხილავდნენ საკითხებს და „ტაბაღუას არ ეტყობოდა, რომ სადმე წასვლას აპირებს“.
საკონსულტაციო საბჭოზე 2019-2021 წლებში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და მიმდინარე და ჩავარდნილ სამუშაოებზე მსჯელობდნენ. რუსთავში წელს რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი ჩავარდა.