ქალთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები აქციას გამართავენ შაბათს, ათონელის საპრეზიდენტო რეზიდენციასთან. ისინი ამ გზით გააპროტესტებენ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის პოსტზე დანიშნული დიმიტრი გაბუნიას გადაყენებას მოითხოვენ.
სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად ადვოკატი დიმიტრი გაბუნია 18 დეკემბერს დანიშნა. მის დანიშვნამდე 10 დღით ადრე, ქალთა უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა სალომე ზურაბიშვილს წერილით მიმართეს და მოუწოდეს, უარი ეთქვა დიმიტრი გაბუნიას დანიშვნაზე. ქალთა ორგანიზაციებმა სალომე ზურაბიშვილს შეახსენეს დიმიტრი გაბუნიას რამდენიმე თვის წინანდელი განცხადება, სადაც მან როგორც სექსუალური შევიწროებაში მხილებული ზვიად დევდარიანის ადვოკატმა, განაცხადა: „და რას აკეთებდა ისეთს, რომელსაც ნებისმიერი ჩვენგანი არ აკეთებს?".
ქალთა აქტივისტი იდა ბახტურიძე რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ხაზგასმით ამბობს, რომ ქალების პროტესტი არ უკავშირდება იმ ფაქტს, რომ დიმიტრი გაბუნია, როგორც ადვოკატი, იცავდა სექსუალურ შევიწროებაში მხილებული ზვიად დევდარიანის ინტერესებს. მისი თქმით, პრობლემა დიმიტრი გაბუნიას ღირებულებები და საჯარო განცხადებებია: „ის ადვოკატია და მას აქვს უფლება სხვადასხვა ტიპის დანაშაულის ჩამდენ ადამიანს გაუწიოს მომსახურება. ჩვენ არ ვაპროტესტებთ იმას, რომ ზვიად დევდარიანი მისი კლიენტია. საფრთხის შემცველია გაბუნიას განცხადებები. ის საჯაროდ, პრაქტიკულად ნორმალიზებას უკეთებს სექსუალური შევიწროების პრობლემას და ამბობს, რომ ეს არის ის ქცევა, რომელსაც ყველა ახორციელებს პრაქტიკაში. ეს არის ქალთა უფლებების ინტერესების წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება და ამით სალომე ზურაბიშვილმა არც სოლიდარობა და არც ემპათია არ გამოხატა ქალების მიმართ, რომლებიც წელს მძიმე ბრძოლაში იყვნენ და არიან ჩართულნი“, - ამბობს იდა ბახტურიძე.
თავად დიმიტრი გაბუნია 18 დეკემბერს ჟურნალისტებთან საუბრისას მოკლე და საქმიანი კომენტარით შემოიფარგლა და მხოლოდ სამომავლო გეგმებზე ილაპარაკა: „პირველ რიგში, ვაპირებთ, რომ კონსტრუქციულად ვიმუშაოთ პარლამენტთან. მაგრამ მოსაგვარებელია საორგანიზაციო საკითხები. დავუკავშირდები გიორგი მარგველაშვილის ყოფილ საპარლამენტო მდივანს, ანა ნაცვლიშვილს. მე უნდა გადმოვიბარო ყველა საქმე და შესაბამისად, გავეცნო ამ სტრუქტურას. გარდა ამისა, მივმართავთ პარლამენტის თავმჯდომარეს სალომე ზურაბიშვილისათვის, როგორც პარლამენტის წევრისთვის, უფლებამოსილების დროზე ადრე შეწყვეტის თაობაზე“.
რადიო თავისუფლება შეეცადა დიმიტრი გაბუნიას კომენტარის მოძიებას ქალთა უფლებადამცველთა პროტესტისა და მოთხოვნის შესახებ, თუმცა მასთან დაკავშირების არაერთი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა.
მას შემდეგ, რაც დეკემბრის დასაწყისში გავრცელდა ცნობა დიმიტრი გაბუნიას პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად დანიშვნის თაობაზე, 7 დეკემბერს, ქალთა უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა წერილით მიმართეს სალომე ზურაბიშვილს, სადაც ისინი წერდნენ: „ჩვენთვის განსაკუთრებით მძიმე იყო იმის მოსმენა, რომ სწორედ დიმიტრი გაბუნია განიხილება საქართველოს ახლად არჩეული პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად. ქალთა მოძრაობის წევრებსა და სხვა სამოქალაქო ორგანიზაციებს მიგვაჩნია, რომ #metoo-ს ეპოქაში, სახელმწიფო სამსახურში ასეთ მაღალ და საპასუხისმგებლო პოზიციას არ უნდა იკავებდეს გენდერულად არამგრძნობიარე ადამიანი, რომელმაც სექსუალური შევიწროება ლამის ნორმად და მისსავე პირად პრაქტიკად წარმოგვიჩინა. ქალთა მოძრაობა იმედს გამოთქვამს, რომ სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის შერჩევისას ამ გარემოებებს გაითვალისწინებს“.
ორგანიზაცია „საფარის“ ხელმძღვანელი ბაია პატარაია რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ ქალები აუცილებლად გააგონებენ საქართველოს პრეზიდენტს ხმას: „ქალმა პრეზიდენტმა უგულებელყო ქალთა მოძრაობისა და ქალთა ორგანიზაციების მიმართვა, არ დაენიშნა ის ადამიანი საპარლამენტო მდივნად, რომელიც სექსუალურ შევიწროებაში პრობლემას ვერ ხედავს და ამართლებს. წინა პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი კაცი იყო, მაგრამ გაცილებით მეტი მგრძნობელობა ჰქონდა ქალთა საკითხებზე. ჯერჯერობით სალომე ზურაბიშვილი იქცევა ისე, როგორც ცუდი ქალი პოლიტიკოსები იქცევიან. ეს არა მხოლოდ მას, არამედ მთელ პოლიტიკურ სივრცეს აზიანებს და ხელს უშლის ქალთა ბრძოლას უფლებებისთვის. არ მესმის, რატომ იყრუებს თავს პრეზიდენტი და რატომ არ უსმენს ქალებს. ჩვენ აუცილებლად მოვაწყობთ ქუჩის აქციას, რომ გავაგონოთ ქალების ხმა პრეზიდენტს“.
ასევე ნახეთ ომბუდსმენი: ზვიად დევდარიანის საქმეზე სექსუალური შევიწროების ფაქტები დადგინდარამდენიმეთვიანი განხილვის შემდეგ, დიმიტრი გაბუნიას დაცვის ქვეშ მყოფი, CIDA-ს ყოფილი ხელმძღვანელი ზვიად დევდარიანი, სახალხო დამცველმა სექსუალურ შევიწროებაში ამხილა. განხილული 5 განცხადებიდან, 3 შემთხვევაში სექსუალური შევიწროების ფაქტი დადგინდა. მარტში ზვიად დევდარიანი სექსუალურ შევიწროებაში ათამდე ქალმა დაადანაშაულა.
ასევე ნახეთ ზვიად დევდარიანი თავდაცვას „თავდასხმით“ იწყებს11 ივნისს ზვიად დევდარიანმა თავად იჩივლა სასამართლოში ღირსებისა და პატივის შელახვის გამო. მან თბილისის საქალაქო სასამართლოში 11 პირის და ერთი ინტერნეტგამოცემის წინააღმდეგ შეიტანა სარჩელი. კომენტარი, რომელმაც ქალთა უფლებადამცველების პროტესტი გამოიწვია, დიმიტრი გაბუნიამ გააკეთა მიმდინარე წლის 3 აპრილს, ზვიად დევდარიანთან ერთად გამართულ ბრიფინგზე. სწორედ ამ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, რომ ზვიად დევდარიანი სამართლებრივ ბრძოლას იწყებდა იმ ქალების წინააღმდეგ, რომლებმაც ის სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს.