ათეულობით ტონა „ლაგოდეხის კიტრი“ სათბურებში ნადგურდება

კიტრის მოსავალი

კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული აკრძალვები ყოველდღიურად სულ უფრო მეტ ადამიანს აზარალებს. ფერმერები, რომელთა შემოსავლის წყაროც საკუთარი ხელით მოყვანილი პროდუქტის რეალიზაცია იყო, ახლა ზარალს ითვლიან. საგანგებო მდგომარეობის, ე.წ. კომენდანტის საათის, ქალაქების ჩაკეტვის, აგრარული ბაზრების დახურვისა და გადაადგილების შეზღუდვის გამო სათბურებში მოყვანილი მალფუჭებადი საადრეო მოსავალი მომხმარებლამდე ვერ მიდის. დაზარალებულთა შორის არიან ფერმერები ლაგოდეხიდან, რომლებიც ამჯერად დიდი რაოდენობით მოყვანილ კიტრს ვერ ყიდიან.

მახმად ისმაილოვი

მახმად ისმაილოვი ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფელ კაბალში ცხოვრობს. მან საადრეო კიტრის მოყვანა ჯერ კიდევ 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. საკარმიდამო ნაკვეთში 6 სათბური აქვს.

დავკრიფე მოსავალი და გასაყიდად გავამზადე, მაგრამ 21 აპრილის საღამოს გავიგეთ, რომ მანქანების მოძრაობაზე დაწესებული აკრძალვა არ გაუქმებულა...
მახმად ისმაილოვი

როგორც თავად ამბობს, პანდემიის გამო შექმნილ ცხელ ხაზზე, 144-ზე, წინა დღეებში დარეკა, სადაც უთხრეს, რომ 22 აპრილიდან ტრანსპორტით გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნებოდა. ამიტომ მოკრიფა, სარეალიზაციოდ გაამზადა, თუმცა 21 აპრილის საღამოს გაიგო, რომ ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვები გაგრძელდა. ახლა მოკრეფილი კიტრი ეზოში მოწყობილ ფარდულში აქვს შენახული, თუმცა მყიდველი სახლში არ მიდის, თავად კი ტრანსპორტით გადაადგილების უფლება არ აქვს:

დავრეკე 144-ზე, სადაც მითხრეს, რომ მანქანებით მოძრაობა დასაშვები გახდება 22-ი აპრილიდანო. მეც, შესაბამისად, დავკრიფე მოსავალი და გასაყიდად გავამზადე, მაგრამ 21 აპრილის საღამოს გავიგეთ, რომ მანქანების მოძრაობაზე დაწესებული აკრძალვა არ გაუქმებულა. ახლა ვინმე მეტყვის მე, რა გავაკეთო და სად წავიღო ერთი ტონა მოკრეფილი კიტრი? არც საშვს გვაძლევენ, რომ წავიდეთ და, მაგალითად, წნორში და დედოფლისწყაროში ქუჩა-ქუჩა გავყიდოთ ბოსტნეული“.

სათბური

კაბალში მცხოვრები მახმად ისმაილოვის თქმით, ორ შვილსა და მეუღლესთან ერთად ერთოთახიან ალიზის სახლში ცხოვრობს. საკუთარი შრომის შედეგად მიღებული შემოსავლით წელს სახლის აშენებას აპირებდა, თუმცა ახლა იმაზე ჩივის, რომ შესაძლოა საკვების მოპოვებაც კი გაუჭირდეს. ისმაილოვის გამოთვლით, თუ უახლოეს დღეებში კიტრის მოსავლის რეალიზაციას ვერ შეძლებს, დაახლოებით, 20 ათას ლარს იზარალებს.

მარტო მოდიან არჩევნებამდე და ამბობენ, რომ ყველაფერს გააკეთებენ, მაგრამ როცა ჩვენ გაგვიჭირდა, ადგილობრივი ხელისუფლებიდან აქ არავინ აღარ მოსულა.
მახმად ისმაილოვი

„2 შვილი და მეუღლე მყავს. ერთოთახიან ალიზის ქოხში ვცხოვრობთ. გადავწყვიტე, რომ წელს მეტი მოსავალი მომეყვანა და სახლიც ამეშენებინა, მაგრამ როგორ ავაშენებ? ალბათ, მშივრებიც დავრჩებით“.

კაბალში მცხოვრები კიდევ ერთი ფერმერი, ისლამ გულიევი, ამბობს, რომ სოფელში მერიის წარმომადგენლებს დაუკავშირდნენ კიტრის მოსავლის რეალიზაციის მიზნით, ტრანსპორტით გადაადგილებაზე სპეციალური ნებართვა სთხოვეს, თუმცა პასუხად მიიღეს, რომ ვერაფრით დაეხმარებოდნენ. ის მთავრობას უყურადღებობაში ადანაშაულებს:

მარტო მოდიან არჩევნებამდე და ამბობენ, რომ ყველაფერს გააკეთებენ, მაგრამ როცა ჩვენ გაგვიჭირდა, ადგილობრივი ხელისუფლებიდან აქ არავინ აღარ მოსულა“.

კაბალის თემში ადმინისტრაციის სპეციალისტი შაქირ ნოვრუზოვი ამბობს, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას ფერმერების დახმარება არ შეუძლია.

კახეთში ის ადამიანები, ვისი შემოსავლის წყაროც მიწათმოქმედებას უკავშირდება, ამბობენ, რომ კორონავირუსის გამო შექმნილი მდგომარეობით ადრე თუ გვიან რეგიონში თითოეული ოჯახი დაზარალდება და ბრძოლა მოუწევთ გადარჩენისთვის.