39-ათასლარიანი ტენდერი - ლაგოდეხში მერია საახალწლოდ ემზადება

ლაგოდეხი. 2018 წელი

რეგიონებში თვითმმართველობები საახალწლოდ ემზადებიან. გამოცხადებულია ათიათასობით ლარის ღირებულების ტენდერები საახალწლო განწყობის შექმნისათვის ქუჩების მოსართავების შესაძენად. ქირაობენ ასევე სცენებსა და აუდიოაპარატურას. როგორ აფასებს ოპოზიცია და საზოგადოების ნაწილი ასეთი თანხის ხარჯვას ადგილობრივი ბიუჯეტიდან და რა არგუმენტი აქვს საამისოდ მერიას?

Your browser doesn’t support HTML5

39-ათასლარიანი ტენდერი - ლაგოდეხში მერია საახალწლოდ ემზადება

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული სატენდერო დუკუმენტაციის მიხედვით, ლაგოდეხის მერია საახალწლო ღონისძიებებისთვის 40 ათას ლარამდე თანხას დახარჯავს. 30 ათასი ლარი საახალწლო გასანათებელი მოწყობილობებისთვის არის გათვალისწინებული, ხოლო 9 ათასი ლარი - სცენისა და აპარატურის დასაქირავებლად. სატენდერო დოკუმენტაციას თან ახლავს ტექნიკური დავალება, რომლის მიხედვითაც, ლაგოდეხის მერიას სურს შეიძინოს ანგელოზის ფორმის სანათი საყვირით,ფიფქისა და სხივების ლითონის კონსტრუქცია, ასევე სასაჩუქრე ყუთები. მათგან ყველაე.წ. ლედგანათების სისტემის უნდა იყოს. მერიას ცალკე აქვს გამოცხადებული 9 ათას ლარზე ტენდერი, რომლის მიხედვითაც, საკონცერტო სცენა და აპარატურა უნდა დაიქირავოს. ლაგოდეხის მერი, ჯონდო მდივნიშვილი, ამბობს, რომ კონცერტი, რომლისთვისაც სცენას ქირაობენ, ლაგოდეხში გაიმართება, ხოლო საახალწლო გასანათებელი მოწყობილობები ძირითადად სოფლებში გადანაწილდება. აღსანიშნავია, რომ ამ თანხაში არ შედის ჰონორარი, რომელსაც საახალწლო კონცერტის მონაწილეებს გადაუხდიან.

ჯონდო მდივნიშვილი

„ორი ტენდერი გვაქვს გამოცხადებული. იქიდან გამომდინარე, რომ მუნიციპალიტეტს არ გააჩნია საკუთარი სცენა, რომელიც დააკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს, მათ შორის ქორეოგრაფიული ანსამბლების მოთხოვნებს, სცენის დაქირავებისთვის 9-ათასლარიანი ტენდერია გამოცხადებული. რაც შეეხება მეორე ტენდერს, ის 30-ათასლარიანია და ითვალისწინებს ქუჩის განათების შეძენას. ეს არ არის ასტრონომიული თანხა, თან, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ეს არის ტენდერი.ის, რომ მაინცდამაინც 30 ათასი ლარი დაიხარჯება, ჯერ არ არის გადაწყვეტილი“.

ოფიციალური დოკუმენტაციის მიხედვით, საახალწლო ღონისძიებები ლაგოდეხის მერიას გასულ წელს 33 ათას ლარზე მეტი დაუჯდა. აქედან 22 ათასი მომღერლების ჰონორარი იყო.„ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ საკრებულოს წევრი ევა ლომთაძე მიიჩნევს, რომ დღეს არსებულ პოლიტიკურ და სოციალურ ფონზე ასეთი ხარჯები ადგილობრივი ბიუჯეტიდან გაუმართლებელია:

ევა ლომთაძე

„დღევანდელ ფონზე, როცა ასეთი დაძაბულობაა ქვეყანაში და ამას ემატება სოციალური ფონი, ნამდვილად არაადეკვატურად მიგვაჩნია მერიის გადაწყვეტილება. ეს არის ძალიან სერიოზული თანხა. მიეცით პური და სანახაობა ხალხსო - ამ პრინციპით ხელმძღვანელობს მერია, თუმცა, სხვა იმპერიებისგან განსხვავებით, ესენი პურზეც არ ზრუნავენ, არ ზრუნავენ სოციალურ მდგომარეობაზე და გადასულები არიან სწორედ ასეთი ღონისძიებების ორგანიზებაზე“.

იმ ფონზე, როცა საახალწლო ღონისძიებებისთვის მხოლოდ ლაგოდეხში 40 ათას ლარამდე იხარჯება, ჩვენ ადგილობრივ მოსახლეობას ვკითხეთ, როგორ აფასებენ ისინი მერიის ამ გადაწყვეტილებას. ხანში შესული ადამიანები ამბობენ, რომ უკეთესია, თუ ეს ფული, მაგალითად, გზების დაგებას მოხმარდება, ახალგაზრდები კი ამბობენ, რომ საახალწლო ღონისძიებები აუცილებელია და, შესაბამისად, ასეთი ხარჯებიც გამართლებულია:

„რა 30 ათასი? ეგ თანხა უნდა დახარჯონ ხალხისთვის, მათთვის, ვინც მშიერია და არ მუშაობს“;

„თუ ეს თანხა არაფერს არ აკლდება, კიდევ ცოტაა კულტურაში, უფრო ბევრი უნდა დაიხარჯოს, ხოლო თუ სხვა რამის ხარჯზეა, არ არის გამართლებული“;

„თუკი ბიუჯეტში არის საკმარისი თანხა, კი, ბატონო, მაგრამ ხომ ვიცით, რომ ხალხი გაჭირვებაშია, გზებია გასაკეთებელი... ამ პირობებში ნამდვილად დიდი თანხაა საახალწლო ხარჯებისთვის“;

„ზოგადად, საახალწლო ღონისძიებები საჭირო და აუცილებელია, ამიტომ უნდა ჩატარდეს ყველა შემთხვევაში, მაგრამ ყველაზე მინიმალურთანხიანი ნივთები უნდა შეარჩიონ“.

საახალწლო ღონისძიებებისთვის კახეთში თანხები ყოველ წელს იხარჯება. გასულ წელს ყველაზე გულუხვი ყვარლის მერია იყო. უწყებამ 84 ათას ლარზე მეტი დახარჯა, გურჯაანმა - 50 000 ლარი,დედოფლისწყარომ- 18 ათასი და ახმეტამ - 15 ათასი ლარი. საერთო ჯამში, გასულ წელს რეგიონში300 000 ლარზე მეტი დაიხარჯა. რა ოდენობის თანხის დახარჯვას გეგმავენ წელს კახეთის სხვა მუნიციპალიტეტები, ლაგოდეხის გარდა, ჯერ ცნობილი არ არის. ღონისძიებები, რომლებიც კახეთის ქალაქებში იგეგმება, 25 დეკემბრიდან 7 იანვრამდე პერიოდს მოიცავს.