ამომრჩეველთა სიაში ცვლილების შეტანის ვადა 8 ოქტომბერს ამოიწურა. ვისაც ამ დროისთვის მოქმედი დოკუმენტი არ ჰქონდა, ანდა არ განაცხადა, რომ განახლება სურს, საკუთარ თავს საარჩევნო სიაში ვერ იპოვნის.
ცესკოს ინფორმაციით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს.
დოკუმენტების გარეშე დარჩენილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობით “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, თინა ბოკუჩავა დაინტერესდა. იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოდან დეპუტატს უპასუხეს, რომ 199 109 სრულწლოვან პირს საქართველოში - არც პასპორტი აქვს, არც ახალი, ელექტრონული პირადობის მოწმობა და არც ძველი, ლამინირებული.
რაოდენობა შთამბეჭდავია იმის გათვალისწინებით, რომ არჩევნებზე თითოეული ხმა ფასობს და 5%-იანი ბარიერის გადასალახად - პოლიტიკურ სუბიექტს შესაძლოა 100 ათასი მხარდამჭერის ხმაც კი ეყოს [ამომრჩეველთა აქტივობის მიხედვით].
ვინ არის ეს ხალხი?
“ძირითად შემთხვევებში, დოკუმენტის გაუქმების მიზეზია მოქმედების ვადის გასვლა ან ძალადაკარგულად გამოცხადება. ასევე, ამ რაოდენობაში შედიან ის პირებიც, რომლებსაც, სრულწლოვანების მიღწევის მიუხედავად, არასდროს აუღიათ საიდენტიფიკაციო დოკუმენტი. მოქალაქემ თავად უნდა მიმართოს სახელმწიფოს. დოკუმენტის ასაღებად. ეს მოქალაქის პასუხისმგებლობაა”, - უთხრეს რადიო თავისუფლებას სერვისების განვითარების სააგენტოში.
სააგენტოს პრაქტიკაში ყოფილა შემთხვევა, როდესაც პირადობის დამადასტურებელი პირველი დოკუმენტი პირს 50-60 წლის ასაკში აუღია.
სერვისების განვითარების სააგენტოში რადიო თავისუფლებას ჯერჯერობით ვერ მიაწოდეს ინფორმაცია უდოკუმენტოდ დარჩენილი მოქალაქეების - ასაკობრივი ჯგუფების, სქესისა და მიზეზების შესახებ, რის გამოც ათობით ათასი ადამიანი სახელმწიფოსთვის უჩინარია.
- კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს მოქალაქე ვალდებულია პირადობის მოწმობა აიღოს 6 თვის ვადაში - მას შემდეგ, რაც 14 წლის შესრულდება [ეს ვალდებულება არ ვრცელდება საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებზე].
- პირადობის მოწმობის გაცემა ასევე შესაძლებელია 14 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეებისთვის [ნებაყოფლობით].
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე ადამიანები იურიდიულად ქრებიან. მათთვის შეუძლებელი ხდება - განათლების, ჯანდაცვისა თუ სოციალური სერვისებით სარგებლობა. ასეთი ადამიანები ვერც პენსიას მიიღებენ. თუმცა ამ ეტაპზე არჩევნებთან დაკავშირებული საკითხიც არანაკლებ აწუხებთ.
არჩევნებისთვის
აჭარაში მცხოვრებ 63 წლის თამაზ ძირკვაძის პირადობის მოწმობას 10-წლიანი ვადა ახლახან ამოეწურა და თუკი 26 ოქტომბრამდე ვერ განაახლებს, ვერც ხმის მიცემას შეძლებს.
“რატომ ვერ ვცვლი და ფული არა მაქვს, საშუალება არა მაქვს… მინდა, რომ გამოვცვალო [პირადობის მოწმობა] და “ქართულ ოცნებას” მივცე ხმა”, - ეუბნება ძირკვაძე რადიო თავისუფლებას და ეძებს გზებს, რომ თავის მიზანს მიაღწიოს, ჯერჯერობით მას ვერავინ ეხმარება.
- ელექტრონული პირადობის მოწმობა [ID ბარათი] სრულწლოვან მოქალაქეებზე 10 წლის ვადით გაიცემა, ხოლო არასრულწლოვან პირებზე - 4 წლის ვადით.
- საფასური, ჩვეულებრივ: მე-10 სამუშაო დღეს - 60 ლარია, ხოლო უფრო სწრაფი სერვისის საფასური 80 ლარიდან [მე-5 სამუშაო დღეს] 150 ლარამდე მერყეობს [იმავე დღეს].
სააგენტოს თანახმად, პირადობის მოწმობის განახლება კვლავ უფასოა ძველი [ლამინირებული] ბარათების მფლობელებისთვის და ასევე - სოციალურად დაუცველებისთვის [როცა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 001-ს], მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისთვის, ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაინვალიდებული მოქალაქეებისთვის და მათთვის, ვისაც საქართველოს მოქალაქეობა საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით მიენიჭათ. არის ნაწილობრივი შეღავათები სხვა ჯგუფებისთვისაც.
თუმცა თამაზ ძირკვაძის მონაცემები არცერთ ამ კატეგორიას არ ერგება.
სავარაუდოდ, ძირკვაძე საარჩევნო სიაში იქნება, რადგან, როგორც გვეუბნება - პირადობის მოწმობას ვადა რამდენიმე დღის წინ [8 ოქტომბრის შემდეგ] ამოეწურა, მაგრამ მანამდე დაეკარგა კიდეც. ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ სიაში საკუთარი თავი ჯერჯერობით არ შეუმოწმებია.
ცენტრალური საარჩევნო კომისია განმარტავს, რომ საარჩევნო სიას, მათ შორის - სერვისების განვითარების სააგენტოსგან მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით ადგენს. ცვლილების შეტანის ვადა 8 ოქტომბერს ამოიწურა. იმ პირთა მონაცემები, რომლებსაც იმ დროისთვის ვალიდური დოკუმენტი არ ჰქონდათ და ვერც განახლებაზე განაცხადის გაკეთება მოასწრეს, ცესკოს არ გადაეცემოდა და შესაბამისად - ვერც საარჩევნო სიაში მოხვდებოდა.
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების არქონის გამო, ხმის მიცემის შესაძლებლობის გარეშე დარჩა ემიგრანტთა ნაწილიც.
„თაობები ქვეყნისთვის“ წარმომადგენელი, გერმანიაში მცხოვრები ანა ხელაია-ბეკი გვეუბნება, რომ პირადად მას ამ პრობლემით 50-ზე მეტმა ადამიანმა მიმართა. მათ არც პირადობის მოწმობები აქვთ და არც საქართველოს მოქალაქის პასპორტები. ხმის მიცემა კი ამ ორი დოკუმენტით არის შესაძლებელი.
“ბევრი მიზეზია - ზოგმა გვიან აღმოაჩინა და დროში ვერ ჩაეტია - რამდენიმე კვირა უნდა განახლებას. ზოგს ეგონა მართვის მოწმობით შეძლებდა ხმის მიცემას. ზოგი არალეგალურად არის აქ და ეშინია”, - ეუბნება ანა რადიო თავისუფლებას.
ხანდაზმულები
ღია წყაროებში იძებნება იუსტიციის სამინისტროსთვის მოქალაქეების მიერ დასმული შეკითხვები, როცა ისინი ოჯახის ხანდაზმული წევრებისთვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების განახლების საკითხით ინტერესდებიან.
“პირადობის მოწმობა გამოსაცვლელი აქვს მოხუცებულს და მისი გადაადგილება შეუძლებელია (არის ლოგინს მიჯაჭვული, ამასთანავე უსინათლო), როგორ ხდება ამ პროცედურის განხორციელება?”, - შეკითხვას სვამს ერთ-ერთი მომხმარებელი.
მსგავს შეკითხვებზე სამინისტროს სტანდარტული პასუხი აქვს:
“თუ მოქალაქეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია გადაადგილება და ფლობს შესაბამის სამედიცინო დოკუმენტს (ფორმა N100), სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომლები საცხოვრებელ ადგილზე, უსასყიდლოდ განახორციელებენ პირადობის მოწმობის ჩანაცვლებას. სამედიცინო დოკუმენტის (ფორმა N100) წარმოდგენა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში შეუძლია ნებისმიერ პირს”.
თუმცა ასეთ დისკუსიებში ისიც ირკვევა, რომ ხანდაზმულებს კონკრეტულ მომენტში არც ფორმა N100-ის წარდგენის შესაძლებლობა აქვთ, რადგან ოჯახი სამედიცინო დაწესებულებაში მათ მიყვანას ვერ ახერხებს.