აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, თურალ გურბანლი, რომელიც იძულებული იყო ოპოზიციური შეხედულებების გამო აზერბაიჯანი დაეტოვებინა და საქართველოში გადმოსულიყო, შემდეგ კი თავშესაფარი ევროპაში ეთხოვა, ახლა საქართველოს პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებს.
ის დეკემბერში რამდენიმე დღით თბილისში მეგობრების სანახავად ჩამოვიდა და პოლიციასთან დაპირისპირების გამო თითქმის ორი თვეა ჰოლანდიაში ვერ ბრუნდება.
რას მოჰყვა პოლიციასთან თქვენი დაპირისპირება და შემდეგ დაკავება?
7 დეკემბერს მე და ჩემ მეგობარს კაზინოში შესვლა გვინდოდა, თუმცა ნასვამი ვიყავი და მითხრეს რომ ვერ შემიშვებდნენ. ამასობაში მოვიდა პატრული, ხელი მომკიდა და მითხრა რომ უნდა წავსულიყავი, მეც ხელი მივადე ჩემით წავალ-მეთქი, შემდეგ ორივე მხრიდან პოლიციელებმა ხელი მომკიდეს, შემბოჭეს, ბორკილები დამადეს და მცემეს, ორი-სამი ადამიანი მირტყამდა დანარჩენები უყურებდნენ თითქოს ასეც უნდა ყოფილიყო. არ ვიცი ასე რატომ ქნეს. ძირს ვიწექი, ხელებზე ორი თვის მერეც მეტყობა ბორკილების კვალი.
ამ დროს სად იყო თქვენი მეგობარი?
ჩემმა მეგობარმა ფოტოები გადაიღო და 112- ში დარეკა.
პოლიციამ დაკავების მიზეზად რა დაასახელა?
ჯერ თქვეს, რომ არ დავემორჩილე, მერე შეცვალეს და ახლა ამბობენ, თითქოს მე პოლიციელს დავარტყი. წამიყვანეს განყოფილებაში, მითხრეს რომ რამდენიმე საათში გამიშვებდნენ, თუმცა დროებითი მოთავსების იზოლატორში ორი დღე ვიყავი, შემდეგ იყო სასამართლო და გირაოდ 4000 ლარი დამაკისრეს, თუმცა იმის გამო რომ მარტო ვიყავი ჩამოსული თანხას ვერავინ გადამიხდიდა, 7 დღე დაკავებული ვიყავი, ბაქოში მომიწია მამაჩემთან დარეკვა და მან გამომიყვანა.
დაკავებისას ადვოკატი არ მოითხოვეთ?
კი მყავდა სახაზინო ადვოკატი, ახლაც მყავს, გვიან მივხვდი, რომ ის მათ მხარეზე იყო. მითხრა რომ თუ მინდოდა რომ მალე დამთავრებულიყო საქმე, ჯობდა ჯარიმა 5000 ლარი გადამეხადა და ხელი მომეწერა საბუთზე რომ არ მინდა სათვალთვალო კამერებიდან ჩანაწერის ამოღება სასამართლოში წარსადგენ მტკიცებულებად. მე არავის დასჯა არ მინდოდა, უბრალოდ მინდოდა რომ მალე გავეშვი, ამიტომ მოვაწერე ხელი. თუმცა სასამართლოზე არ მომცეს ნება ჯარიმა გადამეხადა და გირაო შემიფარდეს.
თქვენი აზრი რატომ მოხდა ასე?
იმიტომ, რომ ჩემი მეგობრის ზარის შემდეგ, საქმეში სახელმწიფო ინსპექტორი ჩაერთო და ის პოლიციის გადაცდომას იძიებს. მან დააფიქსირა დაზიანებები, კამერის ჩანაწერებიც ამოიღო. იქ ჩანს, რომ მე არავისთვის დამირტყამს - ყვება თურალ გურბანლი.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში საქმის გამომძიებელმა ლევან მარეხიშვილი რადოო თავისუფლებას დაუდასტურა, რომ პოლიციელების მხრიდან სავარაუდო უფლებამოსილების გადამეტების, ძალადობის ფაქტზე 7 დეკემბერსვე დაიწყო გამოძიება და პროცესი ახლაც გრძელდება.
რადიო თავისუფლება თურალ გურბანლის სახაზინო ადვოკატსაც დაუკავშირდა, თუმცა მან კომენტარის გაკეთება არ ისურვა და მიზეზების დასახელებისგან თავი შეიკავა.
თავად აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ეჭვობს, რომ ეს მისი კრიტიკული შეხედულებების გამო მოხდა.
"რატომ დამაკავეს არ ვიცი, თუმცა მაქვს ეჭვი შემდეგ რატომ არ გამიშვეს. ნასვამი ვიყავი, რომ მცემდნენ ძალიან გავბრაზდი და ივანიშვილზე ცუდი რამეები ვთქვი, ეს იყო შინაგანი პროტესტი, რადგან სისტემა რომ არ ახალისებდეს პოლიციელები ასე არ მოიქცეოდნენ.
როდესაც 2013 წელს აზერბაიჯანიდან საქართველოში საცხოვრებლად გადმოვედი და მხოლოდ ალიევის მიმართ გამოვთქვამდი უკმაყოფილებას პრობლემები არ შემქმნია, მაგრამ მერე, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა ცენტრთან დავიწყე თანამშრომლობა და საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელების პრობლემებზე, არჩევნებზე და პოლიტიკურ თემებზე დავიწყე წერა პრობლემების შექმნა დამიწყეს ჩემი ჰოსტელის ბიზნესში. მერე, 2017 წელს აფგანიც დაიჭირეს და უკვე აღარ იყო აქ დარჩენა უსაფრთხო, ოჯახთან ერთად თავშესაფარი ჰოლანდიას ვთხოვეთ."
თურალ გურბანლი ერთ-ერთია იმ აქტივისტებს შორის, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებას აკისრებენ პასუხისმგებლობას აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის თბილისიდან გატაცების გამო.
თურალმა თავის კოლეგებთან ერთად 2019 წლის მაისში მუხთარლის გატაცებიდან 2 წლის შემდეგ კოლეგებთან ერთად მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციაც მოაწყო.
ასევე ნახეთ თბილისიდან გადახვეწილი აზერბაიჯანელები: ბრძოლა აფგანისთვის და ბრძოლა თავისუფლებისთვისახლა თურალი ცდილობს სხვა ადვოკატი იპოვოს და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამოძიების იმედი აქვს. შემდეგი პროცესი 6 თებერვალს გაიმართება.