ავღანელი თალიბების იერიშს გადარჩენილი 134 ავღანელი ჯარისკაცი ჯერ კიდევ რჩება ტაჯიკეთის ტერიტორიაზე, თუმცა დუშანბე არ გამორიცხავს, რომ მეზობელ ავღანეთში 22 ივნისის მსგავსი ვითარება კვლავ განმეორდეს და, თალიბების გამო, ყუნდუზის პროვინციაში კომპაქტურად დასახლებულ ეთნიკურ ტაჯიკებსაც სამხედრო მოსამსახურეების ბედის გაზიარება მოუხდეთ.
ბოლო კვირებში, საზღვარზე გაჩაღებული ბრძოლების შემდეგ, თალიბებმა თავიანთ კონტროლს დაუქვემდებარეს ათეულობით რაიონი, რომლებსაც მანამდე მთავრობის ჯარი აკონტროლებდა. ამის გამო არსებობს საშიშროება, რომ მთავრობა, რომელსაც მხარს უჭერდა დასავლეთი და ავღანეთის უშიშროების ძალები, აშშ-ის მეთაურობით მოქმედი საერთაშორისო ძალების ამ ქვეყნიდან გასვლის შემდეგ, რაც 11 სექტემბერს უნდა დასრულდეს, დაემხობა.
შეტაკება „შერხან-ბანდარის“ უღელტეხილზე
„შეიარაღებული შეტაკების შედეგად, რომელიც 22 ივნისის დილის 9 საათამდე გრძელდებოდა, ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის დანაყოფმა ვერ გაუძლო მოწინააღმდეგის იერიშს და სამთავრობო ჯარების 134 სამხედრო პირი იძულებული გახდა „პიანჯის“ სასაზღვრო რაზმის მე-3 და მე-2 საგუშაგოს გავლით ტაჯიკეთის ტერიტორიაზე გადასულიყო“, - იუწყება რადიო თავისუფლების ტაჯიკური სამსახური, ქვეყნის ეროვნული უშიშროების სამსახურის პრესცენტრზე დაყრდნობით.
ტაჯიკები ყოველთვის თალიბების წინააღმდეგ იყვნენ განწყობილი. გავიხსენებ, რომ თალიბების წინააღმდეგ მებრძოლ „ჩრდილოეთის ალიანსის“ მთავარ ძალას სწორედ ტაჯიკები და უზბეკები შეადგენენ.ტოჰირ საფაროვი
ბრძოლების შედეგად ექსტრემისტებმა ტყვედ აიყვანეს 100-მდე ავღანელი მესაზღვრე, ხელთ იგდეს მათი შეიარაღება და კონტროლი დაამყარეს ტაჯიკეთთან დამაკავშირებელ „შერხან-ბანდარის“ მნიშვნელოვან საბაჟო და სავაჭრო გადასასვლელ პუნქტზე.
ავღანური მედიის ცნობით, უფრო ადრე რადიკალური დაჯგუფება „თალიბანის“ მებრძოლებმა ხელთ იგდეს კუნდუზის რაიონის რამდენიმე დასახლებული პუნქტი, მათ შორის ქალაქი იმამ-საჰიბი. „თალიბანის ოპერაცია დაიწყო 20 ივნისს. ამ მომენტისთვის თალიბების კონტროლქვეშ იმყოფება კუნდუზისა და ავღანეთის სხვა რაიონების დამაკავშირებელი გზები“, - აცნობა რადიო თავისუფლების ავღანურ სამსახურს ინომუდინ რაჰმონიმ, პროვინციის პოლიციის წარმომადგენელმა.
როგორც ავღანეთის მოსაზღვრე ტაჯიკეთის მაღალმთიანი სოფლების მცხოვრებლები ჰყვებიან, მათ სულ უფრო ხშირად ესმით სროლის ხმები ბადახშანის ქედს გაღმიდან. რადიო თავისუფლების ტაჯიკური და ავღანური სამსახურების ცნობით, ავღანეთის ბადახშანის სულ სამ დასახლებულ პუნქტში მიმდინარეობს ბრძოლები თალიბებსა და ავღანეთის უსაფრთხოების ძალებს შორის.
ავღნეთის სამთავრობო ძალებს მხარს უჭერენ ადგილობრივი ლაშქრის წარმომადგენლები, რომელთა უმრავლესობა ეთნიკური ტაჯიკებისა და უზბეკებისგან შედგება. მაგრამ თალიბების პროპაგანდა ცდილობს საქმე ისე წარმოადგინოს, თითქოს სამთავრობო ჯარებისგან გათავისუფლებულ ტერიტორიებზე მათ შესვლას მოსახლეობა აღტაცებით ხვდებოდეს.
„ლაპარაკია კუნდუზის პროვინციაზე, სადაც ძირითად მოსახლეობას პუშტუნები შეადგენენ, მაგრამ ეთნიკური ტაჯიკებიც მრავლად ცხოვრობენ. ცოტ ხნის წინ გავრცელდა ვიდეო, თუ როგორ თბილად ხვდება რამდენიმე ადგილობრივი მცხოვრები და ავღანელი სამხედრო თალიბებს. მაგრამ, სინამდვილეში, ტაჯიკები ყოველთვის თალიბების წინააღმდეგ იყვნენ განწყობილი. გავიხსენებ, რომ თალიბების წინააღმდეგ მებრძოლ „ჩრდილოეთის ალიანსის“ მთავარ ძალას სწორედ ტაჯიკები და უზბეკები შეადგენენ“, - ამბობს ტოჰირ საფაროვი, რადიო თავისუფლების ტაჯიკური სამსახურის თანამშრომელი.
შესაბამისად, პირველები, ვისაც თალიბების რეჟიმის კონტროლირებადი ტერიტორიებიდან დევნილობა ემუქრება, სწორედ კუნდუზში მცხოვრები ეთნიკური ტაჯიკები იქნებიან.
ამის გამო ტაჯიკეთში ლტოლვილთა მოზღვავებას ელოდებიან. რადიო თავისუფლების ტაჯიკური სამსახურის ცნობით, ერთი კვირის წინ მთიანი ბადახშანის ავტონომიური ოლქის ხელმძღვანელმა, იოდგორ ფაიზოვმა, საგანგებო თათბირზე განაცხადა, რომ რეგიონი მზად არის მიიღოს 5-10 ათასამდე დევნილი ავღანეთიდან, მაგრამ ტაჯიკეთის ხელისუფლება შიშობს, რომ ეს რიცხვი, შესაძლოა, 30 000-მდე გაიზარდოს.
„ლაპარაკია ავღანეთის ჩრდილოეთში მცხოვრებ ტაჯიკებზე. მაგრამ ტაჯიკეთი თავად არის ღარიბი ქვეყანა და ხელისუფლება შიშობს, რომ ვერ შეძლებს ამდენი ლტოლვილის მიღებას. ცოტა ხნის წინ ტაჯიკეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მან დამატებითი ძალა გაგზავნა საზღვრის გასაკონტროლებლად“, - ამბობს ტოჰირ საფაროვი, რადიო თავისუფლების ტაჯიკური სამსახურის თანამშრომელი.
რა ბედი ელის ავღანეთის პროდასავლურ მთავრობას
ბოლო კვირებში თალიბებმა თავიანთ კონტროლს დაუქვემდებარეს ათეულობით რაიონი, რომლებსაც მთავრობის ჯარი აკონტროლებდა.
ამის გამო არსებობს საშიშროება, რომ მსოფლიოს ყველაზე ცხელი წერტილიდან აშშ-ის მეთაურობით მოქმედი საერთაშორისო ძალების გასვლის პროცესის პარალელურად ვითარება ავღანეთში კიდევ უფრო გაუარესდება.
მაგრამ თალიბების მხრიდან დიდი შეცდომა იქნება, თუ ფიქრობენ, რომ გამარჯვებას მიაღწევენ სამხედრო თვალსაზრისით. მე კვლავ გავიმეორებ, რომ ომის გაგრძელების შემთხვევაში გამარჯვებული არავინ იქნებააბდულა აბდულა
ავღანეთის შესაძლო დესტაბილიზაცია აღელვებს მეზობელ სახელმწიფოებს, დასავლეთის ქვეყნებსა და მთელ საერთაშორისო თანამეგობრობას. სწორედ ავღანეთში შექმნილი ვითარება იყო 21 ივნისს სტამბოლში თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეპ ტაიპ ერდოანისა, და ავღანეთის ნაციონალური შერიგების უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, აბდულა აბდულას, შეხვედრის მთავარი საგანი.
„ნატოს ჯარების გაყვანა თავის გავლენას მოახდენს თალიბებთან მოლაპარაკების პროცესზე. მათ, შესაძლოა, კიდევ უფრო ლაღად იგრძნონ თავი და ზოგიერთმა მათგანმა, შესაძლოა, ისიც იფიქროს, რომ ამერიკელების გასვლის შემდეგ ვითარებას სამხედრო თვალსაზრისით გამოიყენებენ. მაგრამ თალიბების მხრიდან დიდი შეცდომა იქნება, თუ ფიქრობენ, რომ გამარჯვებას მიაღწევენ სამხედრო თვალსაზრისით. მე კვლავ გავიმეორებ, რომ ომის გაგრძელების შემთხვევაში გამარჯვებული არავინ იქნება“, - აღნიშნა აბდულა აბდულამ.
კიდევ ერთი მთავარი კითხვა კოალიციური ძალების გასვლის შემდეგ ქვეყნის პროდასავლური ხელისუფლების მიერ ძალაუფლების შენარჩუნებას შეეხება.
თალიბების მიერ ავღანეთში მიღწეულმა ბოლოდროინდელმა წარმატებამ აშშ-ის სპეცსამსახურები აიძულა, გადაეხედათ ამ მხრივ ადრე გაკეთებული პროგნოზისთვის. „უოლ სტრიტ ჯოურნალის“ თანახმად, თუ, აშშ-ის დაზვერვის ადრინდელი შეფასებით, ავღანეთის მთავრობა კოალიციური ძალების გაყვანის შემდეგ ძალაუფლებას კიდევ ორი წლის განმავლობაში შეინარჩუნებდა, გამოცემის წყაროების თანახმად, აშშ-ის სპეცსამსახურები წინა კვირას მისულან დასკვნამდე, რომ ავღანეთის მთავრობა, შესაძლოა, კოალიციის გასვლიდან ექვს თვეში ჩამოიშალოს.
ასევე ნახეთ აშშ-ის სპეცსამსახურები ვარაუდობენ, რომ ავღანეთის მთავრობას კოალიციური ძალების გასვლიდან ექვს თვეში კოლაფსი ემუქრება„უოლ სტრიტ ჯოურნალის“ თანახმად, ამ ფონზე, თეთრი სახლის ზოგიერთმა წარმომადგენელმა მოუწოდა პენტაგონს, რომ შეანელოს სამხედრო კონტინგენტის გაყვანა ავღანეთიდან, რომელიც აშშ-ის დაჯგუფების თითქმის ნახევარმა, 3500 ჯარისკაცმა უკვე დატოვა.
აშშ-ის სარდლობით მოქმედმა კოალიციამ ავღანეთი საბოლოოდ 11 სექტემბრამდე უნდა დატოვოს.