ავსტრიული თავის ტკივილი

„ავსტრიული თავის ტკივილი“ უცხო ხილი არ არის დანარჩენი ევროპისთვის. პრობლემები ამ პატარა ქვეყანასთან ევროპას ჯერ კიდევ გასული საუკუნის მიწურულს შეექმნა, როცა ავსტრიის პოპულისტური ულტრამემარჯვენე „თავისუფლების პარტია“ სამთავრობო კოალიციის წევრი გახდება. მაშინ ევროგაერთიანების ქვეყნები უპრეცენდენტო ნაბიჯს გადადგამენ - ისინი დიპლომატიურ ბოიკოტს გამოუცხადებენ ვენას. თუმცა, მას შემდეგ, რაც ევროპას ნაციონალურ-პოპულისტური ტალღა დაატყდება თავს, ხელისუფლებაში ავსტრიის „თავისუფლების პარტიის“ დაბრუნებას ბევრი ახსნის დროის უკუღმართობით და ბოიკოტზე გაფიქრებასაც კი ვერ გაბედავს.

თუმცა, ევროფილებისთვის საბედნიეროდ, ავსტრიელი პოპულისტების ლიდერის, ვიცე-კანცლერ ჰაინც-ქრისტიან შტრახეს პოლიტიკური ვარდნა ისეთივე ელვისებური აღმოჩნდება, როგორც მისი აღზევება... 17 მაისს ორი გერმანული გამოცემა გამოაქვეყნებს 2017 წელს ავსტრიის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე ესპანეთში, იბიცაზე ჩაწერილ ვიდეოს, სადაც ჩანს, თუ როგორ ჰპირდება „თავისუფლების პარტიის“ ორი ლიდერი - ჰაინც-ქრისტიან შტრახე და იოჰან გუდენუსი - რუს „ინვესტორს“ სახელმწიფო კონტრაქტებს ფინანსური მხარდაჭერის სანაცვლოდ. „იბიცაგეიტი“ შტრახეს და გუდენუსის პოლიტიკურ კარიერას წერტილს დაუსვამს და ქვეყანას ახალი საპარლამენტო არჩევნების წინაშე დააყენებს.

სხვათა შორის „იბიცაგეიტში“ მონაწილე იოჰან გუდენუსი, რომელიც სკანდალურ ვიდეოში თარჯიმნის როლსაც ასრულებს, კრემლის კულუარებში „მოშინაურებული“ ავსტრიელია. ე.წ. „დამკვირვებელი“ რუსეთის მიერ ორგანიზებულ ყირიმის რეფერენდუმზე, სწორედ ის იქნება „თავისუფლების პარტიაში“ რუსული მიმართულების ხელმძღვანელი. გუდენუსის ინიციატივით, 2016 წლის მიწურულს „თავისუფლების პარტია“ თანამშრომლობის შეთანხმებასაც კი გააფორმებს პუტინის „ედინაია როსიასთან“. ხოლო 2017 წლის მიწურულს ძალაუფლებაში მოსვლის შემდეგ, ჰაინც-ქრისტიან შტრახესა და იოჰან გუდენუსის ერთ-ერთი მიზანი იქნება რუსეთის წინააღმდეგ არსებული ევროპული სანქციების გაუქმება.

ჰაინც-ქრისტიან შტრახეს სახით სალვინისა და ლე პენის ევროფობული წრეები დიდ მეგობარს დაკარგავენ... მაგრამ მოიგებს ამით რამეს ავსტრია? შეიცვლება ავსტრიის პრორუსული ორიენტაცია? ამ კითხვებით მივმართე ევა ცელეხოვსკის, პოლიტიკურ მიმომხილველსა და ავტორს წიგნისა „პუტინის ულტრამემარჯვენე მეგობრები“.

ევა, იბიცაზე გაკეთებული ეს ვიდეოჩანაწერი იდუმალებითაა მოცული. გაქვს წარმოდგენა, ან ვინ ჩაწერა ან რატომ გამოაქვეყნეს ასე გვიან?

ევა ცელეხოვსკი: სხვადასხვა ვერსიაა იმის შესახებ თუ ვის შეიძლება ჩაეწერა... ჯერჯერობით არავინ იცის, ვინ დგას ე.წ. „იბიცაგეიტის“ უკან. სავარაუდოდ, ამ ვიდეოს ჩამწერს არ ამოძრავებდა არანაირი პოლიტიკური იდეალები... ჩემის აზრით, საქმე გვაქვს უბრალო ფულის გამომძალველთან. ამით შეიძლება აიხსნას ის ფაქტიც, რომ ჩანაწერი, რომელიც გაკეთდა 2017 წლის ივლისში, მხოლოდ ახლა გაასაჯაროვეს. ეს ვიდეო რომ 2017 წლის ოქტომბრის არჩევნებამდე გამოექვეყნებინათ (რომლის შედეგადაც შტრახეს „თავისუფლების პარტია“ ხელისუფლებაში მოხვდა), მაშინ ეს მართლაც რომ ძალიან ზიანის მომტანი იქნებოდა ამ ულტრანაციონალისტებისათვის. მაგრამ ვიდეო გასაჯაროვდა წელიწადნახევრის შემდეგ, იმ არჩევნების წინ, რომელიც ამ პარტიისათვის მეორეხარისხოვანია... ასე რომ, ჯერ კიდევ ბევრი კითხვა რჩება პასუხგაუცემელი...

შენს წიგნში „პუტინის ულტრამემარჯვენე მეგობრები“ შენ შტრახეს პარტიას ავსტრიის მეხუთე კოლონას უწოდებ. ფიქრობ, რომ „იბიცაგეიტი“ ამ მეხუთე კოლონის დასასრულის დასაწყისია?

ევა ცელეხოვსკი: არ მგონია. ყოველ შემთხვევაში სოციალურ ქსელებს თუ შევხედავთ, თავისუფლების პარტიის მომხრეები თვლიან, რომ არ შეიძლება „იბიცაგეიტის“ „თავისუფლების პარტიასთან“ გაიგივება... ასე რომ, არ მგონია ამ სკანდალმა უარყოფითად იმოქმედოს პარტიის მხარდამჭერებზე...

სულ ორიოდ დღის წინ გერმანული პრესა ციტირებდა გერმანიის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის სიტყვებს, რომელმაც ბუნდესტაგში განაცხადა, რომ საშიში გახდა სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება ავსტრიასთან, ვინაიდან დიდი რისკი არსებობს, რომ ავსტრია ინფორმაციას კრემლს აწვდის. მართლა ასე სავალალოდ არის საქმე ავსტრიაში?

ევა ცელეხოვსკი: იცი რა, მე ვერ მოგცემ გადაჭრით პასუხს ამ კითხვაზე. ზოგიერთი ჩემი ინფორმატორი სპეცსამსახურებიდან ამ ვერსიას იზიარებს, ზოგიერთი გადაჭარბებულად მიიჩნევს. მაგრამ ერთი რამ ცხადია - ეჭვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების სათავეებში „თავისუფლების პარტიის“ წევრები მოვიდნენ...

სავარაუდოდ შემოდგომაზე დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებზე ისევ სებასტიან კურცის „სახალხო პარტია“ გაიმარჯვებს... როგორია მისი დამოკიდებულება კრემლის მიმართ?

ევა ცელეხოვსკი: სამწუხაროდ, კურცი სრულ ღიაობას ავლენს რუსული ბიზნესის მიმართ. მაგრამ მე არ ვიტყოდი, რომ მას მხოლოდ ეკონომიური ინტერესები ამოძრავებს. მას ასევე მოსწონს პუტინის ტიპის ავტორიტარული რეჟიმი. მართალი გითხრა, რუსეთთან დამოკიდებულებას რაც შეეხება, მე დიდ განსხვავებას ვერ ვნახულობ სებასტიან კურცის „სახალხო პარტიასა“ და შტრახეს „თავისუფლების პარტიას“ შორის. სებასტიან კურცი ვერ ხედავს, თუ რა დიდ საფრთხეს წარმოადგენს კრემლი ევროპისათვის და ეს მისი მთავარი პოლიტიკური ნაკლია.

შენი წიგნი ევროპელ პოპულისტებზეა. რა არის ის ერთი რამ, რაც ყველა ამ პოპულისტურ-ნაციონალისტურ პარტიას აერთიანებს?

ევა ცელეხოვსკი: ესაა პუტინის მოდელი სახელმწიფოს მართვისა. მოდელი, როდესაც მთავრობა აკონტროლებს როგორც პრესას, ისე სასამართლოს, როცა არ არსებობს განსხვავებული აზრი. რა თქმა უნდა, ქვეყნის ისტორიიდან გამომდინარე, ვთქვათ პოლონელ კაჩინსკის სხვა დამოკიდებულება აქვს რუსეთთან, ვიდრე ავსტრიელ შტრახეს, თუმცა ყველა მათგანს ხიბლავს ავტოკრატიული ძალაუფლების პუტინისეული მოდელი.