რუსთავის გარეუბანში, ჭყონდიდელის დასახლებაში, რამდენიმე ავარიული შენობაა, რომლებიც, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით, აღდგენას არ ექვემდებარება. ხუთ ასეთ შენობაში ამჟამად 19 ოჯახი ბინადრობს. გიორგაძის ქუჩაზე ორსართულიანი სახლის ერთ-ერთ ბინაში რძალსა და შვილიშვილებთან ერთად ცხოვრობს ლეილა სებუა, რომელმაც დეფორმირებული კარ-ფანჯარა, ჩაწეული იატაკი და დაბზარული კედლები გვიჩვენა.
ლეილა სებუა ექსპერტიზის დასკვნაზე დაყრდნობით გვეუბნება, რომ საძირკველი ჩაწეულია, თავად შენობა კი 30 სანტიმეტრითაა გადახრილი. ჭყონდიდელის დასახლებაში ავარიული შენობების პრობლემაზე საუბარი იყო პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში შექმნილი სპეციალური სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზეც. რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა პაატა მხეიძემ ისიც კი თქვა, თუ პრობლემა არ მოგვარდა, შესაძლოა, ტრაგედია მოხდესო:
„სამხარაულის ექსპერტიზაც ადასტურებს, რომ ამ სახლებში მობინადრეთა განთავსება კატეგორიულად მიუღებელია. ჩემთვის ეს ცალსახად ქმნის სისხლის სამართლის, მინიმუმ გულგრილობის და, თუ ლეტალური შედეგით დამთავრდა, უფრო მეტის პასუხისმგებლობას, ამიტომ დღის წესრიგში დგება გადაუდებელი ღონისძიებების მიღების აუცილებლობა“.
რუსთავის ამ გარეუბანში სხვა პრობლემაცაა. 12-მდე შენობა არც ერთ სახელმწიფო ბაზაში ოფიციალურად დარეგისტრირებული არ არის. საქმე ისაა, რომ გიორგაძისა და მის მიმდებარე ქუჩებზე გასული საუკუნის 50-იან წლებში აშენებულ შენობებს იმჟამინდელი ხელისუფლება ქალაქში სამუშაოდ ჩასული ან სხვა რეგიონებიდან განსახლებული მოქალაქეების დროებით საცხოვრისად მიიჩნევდა და რუსთავის რუკაზეც კი არ დაუტანია, 80-იან წლებში კი, საერთოდ, ეგრეთ წოდებულ წითელ ზოლში მოახვედრა, რაც იმას ნიშნავდა, რომ შენობები მოსახლეობისგან უნდა დაცლილიყო. მაშინ მთელი უბანი ახალი სახლების მშენებლობის მოლოდინში იყო. საბჭოთა პერიოდში აშენებულ მრავალსართულიან კორპუსებში ბინები რიგის მიხედვით ნაწილდებოდა. ოჯახების ნაწილი ახალ სახლებში შეასახლეს, ნაწილს კი 90-იანმა წლებმა მოუსწრო. ციალა კენკებაშვილი გიორგაძის ქუჩაზე 1983 წლიდან, დაქორწინების შემდეგ, ცხოვრობს.
„1983-ში რომ მოვედი, [ამ ბინაში] არ მწერდნენ: ესაო რუკაზე აღარ არის და სად ჩაგწეროთო. ამ შენობებში მოსახლეობის ჩაწერა იმ წლებში არ ხდებოდა. ჩემი დედამთილ-მამამთილი ამ ბინაში, სადაც მე ვცხოვრობ, 60-70 წელი ცხოვრობდნენ. ისინი ცოცხლები აღარ არიან და შემოვრჩით ჩვენ, რადგან ახალი ბინები ფურცელზე გვაქვს მიღებული. ახალი შენობები აღარ აშენდა. მივიღეთ, მაგრამ აღარ აშენდა, იმიტომ რომ ქვეყანა დაინგრა და დაიქცა. იმის შემდეგ დავდივარ. 30 წელია, დავდივარ, მაგრამ უშედეგოდ“.
იმის გამო, რომ კენკებაშვილების ოჯახს მხოლოდ საბჭოთადროინდელი ორდერი აქვს, ოფიციალურად ბინასაც ვერ ყიდის, რომ რუსთავის სხვა უბანში გადასახლდეს. თუ ვინმე ყიდის ან ყიდულობს, ამას არაოფიციალურად აკეთებს, რადგან ჭყონდიდელის დასახლების ბევრი შენობა საჯარო რეესტრის მონაცემთა ბაზაში არ არის. ბინის ორდერები არც სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში იძებნება. ზურაბ ჩიტაძემ გიორგაძის ქუჩაზე ბინა სწორედ არაფორმალური გარიგებით იყიდა.
თუმცა ზურაბ ჩიტაძე გვეუბნება, რომ კომუნალურ გადასახადებს ოფიციალურად იხდიან. რუსთავის ამ გარეუბანში მდებარე მიწა და შენობები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბალანსზეა. ქალაქის მერის, ირაკლი ტაბაღუას, თქმით, სამინისტრო დღემდე აჭიანურებს ჭყონდიდელის დასახლების რამდენიმე შენობისა და მიწის ფართობის რუსთავის მერიის ბალანსზე გადაცემას:
„პრობლემა გვაქვს, იმიტომ რომ [შენობების] ნაწილი ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა, ნაწილი კი ჰაერშია და საერთოდ არ არსებობს, იმიტომ რომ, ძველი დოკუმენტებით, ეს შენობები უნდა დანგრეულიყო. ამიტომ ასეთი შენობების გამაგრებისას შეიძლება არასწორ მიზნობრივ ხარჯად მიიჩნიონ, თუმცა მაინც ვცდილობთ, ადგილობრივი ბიუჯეტის საშუალებით შევძლოთ ავარიული შენობების გამაგრება“.
რუსთავის მერის განცხადებით, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის გათვალისწინებით, გამოსავალი ყველაზე ავარიული შენობების დანგრევასა და მათ ნაცვლად ახლის აშენებაშია:
„უპრიანია შევძლოთ თუნდაც ორი ორსადარბაზოიანი შენობის აშენება ძველი შენობების ადგილზე. გამოთავისუფლდება 6-7 ჰექტარი მიწის ფართობი, რომელსაც განკარგვის მიზნით გადავცემთ ინვესტორს და მათ მიერ აშენებულ შენობებში შევასახლებთ ავარიული სახლების ბინადართ. მგონია, ამ შემთხვევაში ბიზნესი არ იზარალებს. პირიქით, მომგებიან პოზიციაში აღმოჩნდება. ამ გზით შესაძლებელია 4-5-სართულიანი შენობებისგან ძალიან კარგი კომპაქტური დასახლება აშენდეს“.
ამასთან, ირაკლი ტაბაღუა აღიარებს, რომ ჭყონდიდელის დასახლებაში ახალი კორპუსების აშენება შედარებით შორეული პერსპექტივაა. სანამ ოფიციალური სტრუქტურები და პირები ერთმანეთთან მიმოწერაში არიან, ჭყონდიდელის დასახლებაში ბზარები სულ უფრო მეტ შენობას უჩნდება. რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნანა შატბერაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებისთვის ძველი შენობების შეკეთება პრიორიტეტული არ არის:
„ჩაპაევის ქუჩის 3 ნომერი შენობა, ახალი ექსპერტული დასკვნით, რომელიც მერიამაც შეისწავლა, გასამაგრებელია, რომელსაც არ აკეთებენ. ამბობენ, როცა იქნება, საერთო პროგრამით ჩატარდება სამუშაოებიო... მანამდე ხალხი ცხოვრობს კედელგახსნილ შენობაში“.
ნანა შატბერაშვილის თქმით, ბინების დაკანონებისა და ავარიული სახლების საკითხზე რუსთავის თვითმმართველობაში სპეციალური კომისიაც შეიქმნა, რომელიც არ შეკრებილა. ოპოზიცია ამ საკითხს საკრებულოს უახლოეს სხდომაზე კიდევ ერთხელ დააყენებს.