ადიგენის ინციდენტი: ძალადობა პოლიტიკური აჩრდილით

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ზურაბ შაინიძე

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლის ცემის ფაქტს ეს პარტია „პოლიტიკური სიძულვილის“ შედეგად მიიჩნევს და მთელ პასუხისმგებლობას „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას აკისრებს, ისევე როგორც სხვა გამოუძიებელი ფაქტების შემთხვევაში. შს სამინისტროს პირველადი ინფორმაციით კი, ადიგენის ინციდენტი საფეხბურთო მატჩს უკავშირდებოდა, დაზარალდა ორივე მხარე და ჯერჯერობით არ გამოკვეთილა მომხდარის პოლიტიკური მოტივი. გამოძიება მიმდინარეობს სს კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ბ ქვეპუნქტით, რაც ჯგუფურ ცემასა და ძალადობას გულისხმობს. ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ მიიჩნევს, რომ თუკი ფაქტი საფუძვლიანად და ძირეულად არ იქნა გამოძიებული, ეს მნიშვნელოვნად დააზარალებს წინასაარჩევნო გარემოს.

28 ივლისს „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელს, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ზურაბ შაინიძეს ისე სცემეს, რომ მას საავადმყოფოში გადაყვანაც დასჭირდა. ინციდენტი სოფლების ზანავისა და გომაროს მიმდებარე ტერიტორიაზე, ფერსის მთაზე მოხდა, სადაც შუამთობის დღესასწაული აღინიშნებოდა.ზურაბ შაინიძის მონათხრობის თანახმად, „ქართული ოცნების“ აქტივისტების თავდასხმის შედეგად ასევე დაზარალდნენ მისი შვილი, მეგობრები და ნათესავები.

Your browser doesn’t support HTML5

ზურაბ შაინიძე მასზე თავდასხმისა და ცემის ფაქტის შესახებ

ადგილობრივი ხელისუფლება ირწმუნება, რომ ამ ფაქტს არანაირი კავშირი არა აქვს „ქართულ ოცნებასთან“, შუამთობის დღესასწაულთან და დეპუტატი დაზარალდა მას შემდეგ, რაც ერთმანეთს ახალგაზრდები დაუპირისპირდნენ. ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის ზაქარია ენდელაძის თქმით, მომხდარი ფეხბურთის თამაშს უკავშირდებოდა, არ ჰქონდა პოლიტიკური ხასიათი და მისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია, თუ რას ამბობს ახლა დაზარალებული ზურაბ შაინიძე.

Your browser doesn’t support HTML5

ზაქარია ენდელაძე საკრებულოს წევრის ცემის ფაქტის შესახებ

30 ივლისს გამართულ ბრიფინგზე „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა, პარლამენტის დეპუტატმა ოთარ კახიძემ სავარაუდო თავდამსხმელების ფოტოსურათებიც წარმოადგინა და „ქართულ ოცნებას“ დამნაშავეების დასჯის აუცილებლობა შეახსენა. მისი თქმით, ძალადობის ეს ფაქტი „წარმოადგენს „ქართული ოცნების“ მიერ ამ წლების განმავლობაში დათესილი პოლიტიკური სიძულვილის პირდაპირ შედეგს“ და „ამგვარი ძალადობა არის პირდაპირი გაგრძელება აქამდე დაუსჯელი ძალადობებისა“, რომლებსაც ადგილი ჰქონდა ბორჯომსა თუ კორცხელში და დღემდე არც ერთი პირი არ დასჯილა.

Your browser doesn’t support HTML5

ოთარ კახიძე ზურაბ შაინიძის ცემის ფაქტის შესახებ

როგორც შს სამინისტროში უთხრეს რადიო თავისუფლებას, ადიგენში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება სს კოდექსის 126-ე მუხლის I პრიმა ნაწილის ბ ქვეპუნქტით. ეს გულისხმობს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას, რომელიც ჩადენილია ჯგუფურად.

„გამოძიების პირველადი მონაცემებით, დაპირისპირება მოჰყვა საფეხბურთო მატჩს და დაპირისპირებაში მონაწილე ორივე მხარის წარმომადგენლებმა მიიღეს სხეულის მსუბუქი დაზიანება, რის გამოც საჭირო გახდა მათი საავადმყოფოში გადაყვანა. გამოძიება მუშაობს ყველა მიმართულებით და დადგინდება, უძღოდა თუ არა მომხდარ ძალადობას დისკრიმინაციული ნიშნის მოტივი“, - განუცხადეს რადიო თავისუფლებას შს სამინისტროში.

Your browser doesn’t support HTML5

მიხეილ ბენიძე წინასაარჩევნო ძალადობის ფაქტებზე

როგორც „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) აღმასრულებელმა დირექტორმა მიხეილ ბენიძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში წინასაარჩევნო პერიოდში ძალადობის ფაქტების რიცხვი შემცირებულია, წინასაარჩევნო გარემოზე უარყოფით ზეგავლენას ახდენს ძალადობის თითოეული ის ფაქტი, რომელიც სათანადოდ არ არის გამოძიებული. ბენიძის თქმით, როდესაც ამა თუ იმ ფაქტის სათანადო გამოძიება არ ხდება და შეკითხვები უპასუხოდ რჩება, ჩნდება აღქმა, რომ შესაძლოა ძალადობრივ ფაქტებს ხელისუფლება სათავისოდ იყენებს.

ძალადობრივი ფაქტების სათანადოდ გამოძიების აუცილებლობას ხელისუფლებას NDI-იც შეახსენებს. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საერთაშორისო სადამკვირვებლო დელეგაციამ 27 ივლისის შეხვედრაზე შეაფასა საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებისთვის სამზადისი, საარჩევნო პროცესის ძირითადი სუბიექტების პოლიტიკური აქტივობები და, ზოგადად, საარჩევნო გარემო.