საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად, ადვოკატი ბადრი მანჯავიძე ცხინვალში 19 დეკემბერს ჩავიდა. თბილისიდან ცხინვალამდე 9 საათი იმგზავრა. მიუხედავად იმისა, რომ მისი თქმით, გზად ცხინვალისკენ, არაერთი ბარიერის გადალახვა მოუხდა, 20 დეკემბერს, დილის 10 საათზე, ცხინვალის ე.წ. სასამართლოში, ექიმის სასამართლო სხდომაზე მივიდა, თუმცა, არ შეუშვეს. მოსამართლემ სხდომის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.
სანამ „ლენინგორის რაიონის“ (ახალგორი) დე ფაქტო სასამართლოს მოსამართლე ექიმის თითქმის ორი წლით დაკავების განაჩენს გამოაცხადებდა, ბადრი მანჯავიძე იმ ბადრაგებს გაესაუბრა, რომლებმაც ექიმი სასამართლო სხდომაზე მიიყვანეს. ელაპარაკა ვაჟა გაფრინდაშვილის ადვოკატს, ვლადიმერ ფიდაროვსაც. მართალია შორიდან, მაგრამ მაინც დაინახა საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ექიმიც.
ბადრი მანჯავიძე თბილისში 21 დეკემბერს, გვიან ღამით დაბრუნდა. „ასე მეგონა, ორი დღე კი არა, ორი თვე გავატარე ცხინვალში“, - ყვება ბადრი მანჯავიძე, რომელმაც ცხინვალში დაკავებული ექიმის სასამართლო სხდომაზე დასწრების გადაწყვეტილება სპონტანურად, 15 დეკემბერს მიიღო. სწორედ იმ დღეს, როდესაც ჯერ თბილისში და შემდეგ უკვე ოძისში, საოკუპაციო ხაზთან ექიმის მხარდამჭერი აქცია გაიმართა:
„გავაცნობიერე, რომ მე, ადვოკატს, რომელსაც ორმაგი მოქალაქეობა მაქვს და 2005 წლიდან ვარ რუსეთისა და საქართველოს მოქალაქე, შემეძლო ცხინვალში ჩასვლა და ბატონი ვაჟას ნახვა. ვაჟას მეუღლესთან მივედი და ჩემი გადაწყვეტილების შესახებ ვუთხარი. ისიც ვუთხარი, თუკი რაიმე გექნებათ გასატანებელი, მაგალითად ტანსაცმელი, პირადი ნივთები, მედიკამენტები, ყველაფერს წავიღებ, მთავარია, მინდობილობა მქონდეს თქვენგან, რომ შევიდე თქვენი მეუღლის სანახავად-მეთქი. ვაჟას მეუღლემ მიპასუხა, რომ მისთვის სასიამოვნო იყო ჩემი შეთავაზება, მაგრამ ამასთანავე, ვერ დაუშვებდნენ, რომ ჩემი სახით კიდევ ერთი პატიმარი გაჩენილიყო ცხინვალის რეჟიმში. მესმის ოჯახის, ნამდვილად ასეა. იყო ჩემი დაკავების საშიშროებაც“.
ბადრი მანჯავიძემ, რომელიც საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრია, იდეის შესახებ მისწერა ასოციაციის ხელმძღვანელს, დავით ასათიანსაც. თუმცა, ისევე, როგორც ექიმის მეუღლისგან, მისგანაც მიიღო პასუხი, რომ ცხინვალში გადასვლა სახიფათო იყო.
მიუხედავად ამისა, ბადრი მანჯავიძემ ცხინვალში წასვლა მაინც გადაწყვიტა. არავინ გაუფრთხილებია. ოჯახის წევრებს უთხრა, რომ გუდაურში მიდიოდა და 19 დეკემბრის დილას, დიდუბის ავტოსადგურიდან, ტაქსით გაეშურა ვლადიკავკაზისკენ:
„ვლადიკავკაზში რომ ჩავედი, ცხინვალში წასვლა ტაქსით გადავწყვიტე, მაგრამ მძღოლებმა უარი მითხრეს. ოსური არ იციო. მერე მიზეზი მკითხეს, რატომ მიდიხარ ცხინვალშიო. ცხადია, არ მითქვამს, რა მიზნით მივდიოდი. ვუთხარი, საფლავის მოსანახულებლად მივდივარ-მეთქი. თუმცა, საბოლოოდ, მაინც უარი მითხრეს, ვერ მოგცემთ გარანტიას, რომ ცხინვალამდე ჩაგიყვანთო. რა გაეწყობოდა, ვიყიდე ვლადიკავკაზი - ცხინვალის ავტობუსის ბილეთი და ავტობუსით წავედი“.
ვლადიკავკაზიდან ცხინვალისკენ მიმავალი ავტობუსი ქვემო ზარამაგის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე მგზავრების საბუთების შესამოწმებლად გააჩერეს. „ცხინვალელმა მებაჟეებმა დაკითხვა მომიწყვეს“, - იხსენებს ბადრი მანჯავიძე, „სად მივდიოდი, ვისთან მივდიოდი, ტელეფონი მოგვეცი, ჩამოგაკითხოს საზღვარზე და წაგიყვანოს, აქ ასე ხდება, როდესაც შენნაირი ქართველი მოდისო. მე კი ვუთხარი, რომ ცხინვალში ჩემი მასპინძელი გიორგი ბესტაუთი („ვეფხისტყაოსნის“ ოსურად მთარგმნელი) იყო. ვუთხარი, მისი საფლავის მოსანახულებლად მივდივარ-მეთქი. ამაზე გაოცდნენ. მერე ხელმძღვანელობას ელაპარაკნენ. ბოლოს, როგორც იქნა, გამატარეს“.
ცხინვალში ჩასული ადვოკატი სასტუმრო „ალანიაში“ დაბინავდა. პროვოკაციებისგან თავის ასარიდებლად, იმ საღამოს სასტუმროდან არ გამოსულა. „მქონდა განცდა, რომ მითვალთვალებდნენ. გავაცნობიერე, რომ ჩემი დაკავების საფრთხე შესაძლოა, მართლაც იყო“, - ამბობს ის.
ბადრი მანჯავიძე 20 დეკემბრის დილას, 8 საათზე, ჯერ ცხინვალის სასაფლაოზე, გიორგი ბესტაუთის საფლავზე წავიდა. 10 საათისთვის კი უკვე ცხინვალის ე.წ. სასამართლოში იყო:
„სასაფლაოდან სასამართლომდე ფეხით ხუთი წუთის სავალი გზაა. ერთ პატარა შენობაშია განთავსებული რაიონული, საქალაქო და რესპუბლიკური ე.წ. სასამართლოები. შენობაში უპრობლემოდ შევედი. მითხრეს, პატიმარს რომ მოიყვანენ, დარბაზში მერე შეგიშვებთო. ბატონი ვაჟა იქაური დროით თერთმეტის 15 წუთზე მოიყვანეს. შორიდან მოვკარი თვალი. შავი ქურთუკი ეცვა, ქუდიც ეხურა. დიდი წვერი ჰქონდა მოშვებული. რამდენიმე წუთში, სასამართლოს წარმომადგენელი მომიახლოვდა და მითხრა, მოსამართლის გადაწყვეტილებით სხდომა დაიხურა და სასამართლოს შენობა უნდა დატოვოთო“.
საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ექიმის სასამართლო სხდომა, რომელსაც ბრალდება საზღვრის განზრახ, უკანონო დარღვევას ედავება, ჯამში ოთხ საათს გაგრძელდა. უფრო ზუსტად კი, მოსამართლე ფატიმა პარასტაევამ სამ საათზე მეტი გაატარა სათათბირო ოთახში იმისათვის, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის წელიწადითა და ცხრა თვით დაპატიმრების გადაწყვეტილება მიეღო.
ამ ოთხი საათის განმავლობაში, ბადრი მანჯავიძემ იმ ბადრაგებთან გასაუბრება მოახერხა, რომლებმაც ექიმი ცხინვალის იზოლატორიდან სასამართლოს შენობაში მიიყვანეს:
„პერიოდულად გარეთ გამოდიოდნენ. სიგარეტის მოსაწევად. საკმაოდ აგრესიულად იყვნენ განწყობილები. რა ვერ მიხვდით, რომ ეს უკვე სხვა ქვეყანაა და აქ სხვა კანონები მოქმედებსო. ვაჟას მდგომარეობის შესახებ ვკითხე და ბუნებრივია, მიპასუხეს, კარგად არისო. სხვა პასუხს არც ველოდი. ლაპარაკობენ, წვერი აქვს მოშვებული და ცუდად არისო. მერე რა, რომ წვერი აქვს მოშვებული, ჩვენც ვუშვებთ ხოლმე წვერს, როცა შვებულებაში ვართო, მეუბნებოდნენ ბადრაგები“.
ექიმის ადვოკატს, ვლადიმერ ფიდაროვს, ბადრი მანჯავიძე სხდომის დასრულების შემდეგ, სასამართლოს შენობასთან შეხვდა. ბადრი მანჯავიძე ამბობს, რომ ადვოკატი გაღიზიანებული იყო. არ პასუხობდა სასამართლოში მისული ჟურნალისტის კითხვებს. მეტიც, რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პროგრამის, „ეხო კავკაზას“ ჟურნალისტს, მასთან მიახლოებაც კი აუკრძალა და უთხრა, რომ ექიმის ოჯახის მოთხოვნაა, რომ ადვოკატი ჟურნალისტებს არ დაელაპარაკოს. მართალია მოკლედ, მაგრამ ბადრი მანჯავიძის რამდენიმე კითხვას ადვოკატმა მაინც უპასუხა:
„სხდომიდან გამოსულმა ვლადიმერ ფიდაროვმა პირველი, რაც მითხრა, უძლური ვარო. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ექიმი ერთი და იმავეს იმეორებს, რომ ეს არის საოკუპაციო რეჟიმი, რომ ის დააკავეს საოკუპაციო ძალებმა, რომ ის საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება და არანაირი საზღვარი არ დაურღვევიაო. ადვოკატმა მითხრა, მერჩივნა, საერთოდ გაჩუმებულიყო, ხმა არ ამოეღო. ასეც ვურჩევდი, დუმილის უფლება გამოიყენე-მეთქი, მაგრამ არ მიჯერებს, უძლური ვარო“.
ბადრი მანჯავიძემ კოლეგისგან ვერ მიიღო კონკრეტული პასუხი კითხვაზე, აპირებს თუ არა ე.წ. სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას: "ერთადერთი, რაც მითხრა, აქ სამართლის პოვნა ძალიან გაჭირდებაო".
ცხინვალში ჩასულმა ადვოკატმა საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებულ ექიმს, 20 დეკემბერს კიდევ ერთხელ მოჰკრა თვალი. ამჯერად მაშინ, როდესაც ის სასამართლოს შენობიდან კვლავ ცხინვალის იზოლატორში წაიყვანეს. ექიმისთვის ფოტოს გადაღება ვერ მოახერხა, თუმცა, ის ავტომობილი კი გადაიღო, რომლითაც ექიმი იზოლატორში გადაიყვანეს.
ადვოკატს არ დაუნახავს, ეკეთა თუ არა ბორკილები ექიმს. თუმცა, ის კი დაინახა, რომ ვაჟა გაფრინდაშვილს ორივე მხარეს, მისი თქმით, ბრგე აღნაგობის ბადრაგები ედგნენ.
ბადრი მანჯავიძემ ცხინვალი 21 დეკემბერს, დილით დატოვა. მისი თქმით, ლარსის გამშვებ პუნქტზე, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები, მას საათნახევრის განმავლობაში ეკითხებოდნენ, რა მიზნით იყო ჩასული ცხინვალში:
„ცალკე ოთახში წამიყვანეს. დაუფარავად ვუთხარი, სად ვიყავი. ვაჩვენე ცხინვალში გადაღებული ვიდეოჩანაწერები და ფოტოები. დაინტერესდნენ, ბოლოს როდის ვიყავი ცხინვალში. 1996 წლის მერე ცხინვალში არ ვყოფილვარ და მას მერე არც არავისთან მქონია იქ კავშირი. ყველაფერი გამომკითხეს, ისიც კი მკითხეს, რომელი სკოლა დავამთავრე, ვიყავი თუ არა ჯარში და ა.შ“.
აღსანიშნავია, რომ ბადრი მანჯავიძის გადასვლა ცხინვალში ვლადიკავკაზიდან და უკან, თბილისში, ამავე გზით დაბრუნება, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის დარღვევაა. რაკიღა ამ კანონის თანახმად, ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიებზე) შესვლა დაშვებულია მხოლოდ გორის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან.
ყველა სხვა მიმართულებიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის აკრძალულია და ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით - ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ექიმი-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს, ახალგორის რაიონში დააკავეს. ექიმის ოჯახი ვარაუდობს, რომ მას ახალგორში დაშავებული პაციენტისთვის დახმარების გაწევა სურდა.
დე ფაქტო ხელისუფლებამ ვაჟა გაფრინდაშვილს ე.წ. სახელმწიფო საზღვრის განზრახ დარღვევის ბრალდება წაუყენა რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლით.
ექიმის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ საერთაშორისო ორგანიზაციები. მათ შორის ევროკავშირი. აშშ-ის მთავრობა არ აღიარებს ექიმის მიმართ გამოტანილი განაჩენის ლეგიტიმურობას. საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ ისინი ყველაფერს აკეთებენ ექიმის გასათავისუფლებლად.