14 ადვოკატი გიორგი ჭელიძის გასამართლებლად

ულტრანაციონალისტური მოძრაობა „საქართველოს ეროვნული ერთობის“ მეთაურს, გიორგი ჭელიძეს 14 ადვოკატი იცავს.

ყველა თავისი ნებით. ყველა - უსასყიდლოდ.

ისინი არიან:

  • გაიოზ ჩარკვიანი
  • გელა ტყეშელაშვილი
  • დიანა მარტიაშვილი
  • ბესარიონ ბოჭორიშვილი
  • ელგუჯა ჩხაიძე
  • მაია უსტარაშვილი
  • ქეთევან ვარდანაშვილი
  • ზურაბ როსტიაშვილი
  • დათუნა მოდებაძე
  • დავით დადიანი
  • მაია ნიკოლაშვილი
  • მარიამ პაპოშვილი
  • კარლო შონია
  • ზაალ დავითაია

„საქართველოს ეროვნული ერთობის“ მეთაურს, გიორგი ჭელიძეს გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 2-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

საზოგადოებას გიორგი ჭელიძემ თავი დაამახსოვრა ულტრანაციონალისტების კონტრ-აქციით, რომელიც 2018 წლის მაისში გაიმართა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის პარალელურად, სადაც დემონსტრანტები თბილისის რამდენიმე ღამის კლუბის (მათ შორის, „ბასიანის“) დარბევას აპროტესტებდნენ.

სწორედ მაშინ დაიწყო გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ „საქართველოს ეროვნული ერთობის“ წინააღმდეგ სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით, რაც მუქარას გულისხმობს.

ასევე ნახეთ ნეონაცისტები სამართალდამცავთა ყურადღებას იპყრობენ

ვინ რატომ იცავს ულტრანაციონალისტების მეთაურს?

რადიო თავისუფლება 14-ვე ადვოკატს ესაუბრა.

გელა ტყეშელაშვილი: იმიტომ, რომ ჩვენი აზრით, მისი ორგანიზაცია არის ეროვნული მუხტის მქონე ადამიანებით დაკომპლექტებული. ხოლო გიგა ჭელიძის დაჭერას აქვს პოლიტიკური სარჩული.

გაიოზ ჩარკვიანი: ჭელიძეს ვიცავ ქართველობის, ეროვნულობის და ტრადიციონალიზმის გამო. იმ ქართული ღირებულებებისთვის, რაც საქართველოში ნელ-ნელა ქრება.

დიანა მარტიაშვილი: ვთვლი, რომ ეს საქმე ვიღაცის პირადი ინტერესიდან გამომდინარეობს, რადგან ასეთ რამეზე, რასაც ჭელიძეს ედავებიან, საქმის შეკერვა ძალიან იშვიათია. და არანაირი ფაშისტური ორგანიზაცია არ არის. დახედეთ ოცთეთრიანს, იგივე ახატია, რაც ჭელიძის სამკლაურს.

ზურაბ როსტიაშვილი: ადვოკატებმა მთხოვეს ამ საქმეში ჩართვა. ამიტომ ვიცავ. ჭელიძე ქვეყნის პატრიოტია. ქვეყნის მოყვარულია და დავიცავ ბოლომდე.

ქეთევან ვარდანაშვილი: მე პირადად ვიცნობდი გიგა ჭელიძეს გაიოზ ჩარკვიანისგან და ვიცავდი მას. ძალიან ბევრი მხარდამჭერი ჰყავს და საზოგადოებაში დიდ ინტერესს იწვევს ეს საქმე. კიდევ, მისი ეროვნული ღირებულებებიდან გამომდინარე ვიცავ.

დათუნა მოდებაძე: ამ საქმიდან რჩება ისეთი შთაბეჭდილებაა, რომ ეს პიროვნება ისჯება არა კრიმინალის გამო, არამედ მისი პოლიტიკური მრწამსის გამო, რადგან მას არ ჩაუდენია დანაშაული. მე კი, როგორც ადვოკატი არ დავუშვებ, რომ სახელმწიფომ თავისი მოქალაქე უკანონოდ დასაჯოს და ციხეში გაუშვას.

მარიამ პაპოშვილი: ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს ადამიანი საქართველოს ერთიანობისთვის, დამოუკიდებლობისთვის, ქვეყანაში ახალგაზრდების სიკეთისთვის იბრძვის და ისედაც, ძალიან საინტერესო პროგრამა აქვს და ძალიან საინტერესო ადამიანია.

მაია უსტარაშვილი: ჩვენ ვთვლით, რომ გიორგი ჭელიძე დამნაშავე არ არის და ეს ყველაფერი მოწყობილი პროვოკაციაა. მისი ინტერესია სახელმწიფოში აბსოლუტურად სხვაგვარი მდგომარეობის შექმნა და ამას ეწინააღმდეგებიან. ჩვენ კიდევ მის იდეოლოგიას ვემხრობით.

Your browser doesn’t support HTML5

რატომ იცავს მაია უსტარაშვილი გიორგი ჭელიძეს?

მაია ნიკოლაშვილი: არაჩვეულებრივი ბავშვია. ქართული სულისკვეთებით და ფასეულობებით. ამიტომ საკუთარ თავს მივეცი უფლება, რომ ეს ბავშვი უანგაროდ დაგვეცვა.

Your browser doesn’t support HTML5

რატომ იცავს მაია ნიკოლაშვილი გიორგი ჭელიძეს?

კარლო შონია: ჩემი ნათესავია და ამიტომ ვიცავ. არც ვიცოდი, 14 ადვოკატი თუ იცავდა.

ზაალ დავითაია: ეს ადამიანი არის სრულიად უდანაშაულო. მისი დევნა არასამთავრობოების დაკვევთ ხდება. არაარსებულ დანაშაულზეა და ამ საქმეს პოლიტიკური სარჩული აქვს. მის იდეები არ ეწინააღმდეგება ქართულ ტრადიციებს და იდელოგიას. ზუსტად ამის გამო ებრძვიან.

დავით დადიანი: მე კოლეგებმა მთხოვეს ამ საქმეში ჩართვა. ჩემთვის ეს საქმე პროფესიული კუთხით არის საინტერესო. პოლიტიკისგან ძალიან შორს ვარ, 14 ადვოკატიდან ვის რა პოლიტიკური მრწამსი აქვს, ეგ სხვა საქმეა. ჩემთვის მანდ საინტერესო მომენტი არის ის, რომ გიორგი ჭელიძეს იარაღი გაფორმებული ჰქონდა. გამოძიება მას ედავება საბრძოლო მასალის შენახვას, არადა ეს ტყვიებია რომლის გასროლაც ამ იარაღიდან შეიძლება. ამიტომ, ნებისმიერი მოქალაქე შეიძლება აღმოჩნდეს მის მდგომარეობაში და დააკავონ ის. ეს უნდა დადგინდეს, რატომ არის ეს ადამიანი დასასჯელი? ჩემი მოტივაცია ეს გახლავთ.

Your browser doesn’t support HTML5

რატომ იცავს გიორგი ჭელიძეს დავით დადიანი?

აქ კი შეგიძლიათ გაიგოთ 11 რამ გიორგი ჭელიძის და მისი ორგანიზაციის შესახებ.

ასევე ნახეთ 11 რამ ულტრანაციონალისტ გიორგი ჭელიძისა და მისი ორგანიზაციის შესახებ

გიორგი ჭელიძის საქმეზე სასამართლო ბოლოს 17 ოქტომბერს ჩატარდა, რომლის დროსაც მისმა ადვოკატებმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს. ისინი მოითხოვდნენ პროკურორისა და მოსამართლის აცილებას, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა, სამი ადვოკატი კი სასამართლოს უპატივცემულობის მოტივით დააჯარიმა.

გიორგი ჭელიძე ამ დრომდე პატიმრობაში რჩება. მის საქმეზე სასამართლო იმსჯელებს 23 ოქტომბერს. ამ დრომდე, შესაძლოა, გაიზარდოს ადვოკატების რიცხვიც. საქართველოს კანონმდებლობა ადვოკატების რაოდენობას არ ზღუდავს.