ამ სახლის ნგრევის ამბავზე ერთი თვის წინ გიყვებოდით, - ერთი თვის შემდეგ, იქ მისულებს, შენობის დიდი ნაწილი უკვე დანგრეული დაგვხვდა - ტერიტორია კი შემოღობილი.
მოედანზე მძიმე ტექნიკა მუშაობს. ამ სახლის ადგილას ახალი მრავალფუნქციური კომპლექსის ასაშენებლად ადგილი უნდა მოსუფთავდეს. ჯერ ყველგან სამშენებლო ნაგავი ყრია. დგას მხოლოდ სახლის ცენტრალური ფასადის ერთი ნახევრად დანგრეული კედელი.
მშენებლობაზე სახლის ამბავი ვკითხეთ. დაახლოებით ერთი თვის წინ, თბილისის მერია და ინვესტორი ნგრევის შეჩერებასა და გამოსავლის პოვნაზე შეთანხმდნენ - რა შეიცვალა, რატომ გაგრძელდა შენობის ნგრევა?
- აი, იმ კედელზე გვითხრეს, რომ არ უნდა შევეხოთ და არ ვეხებით, - სახლის ნანგრევებისკენ იშვერს ხელს ერთ-ერთი.
- მაგ სახლიდან რა უნდა გადარჩეს, რა ვიცი. საძირკველშიც წყალი ჩადიოდა. ავარიულია. აი, ის კაცი ცხოვრობდა მანდ და მაგან იცის, - საუბარში ერთვება მეორე.
- ხო, მე ვცხოვრობდი და ახლა რომ ამბობენ, ძეგლიაო და ისტორიულია, რატომ ადრე არაფერი ქნა მერიამ? რამდენჯერ მივმართეთ, იცით, როცა ინგრეოდა? - ამბობს მესამე.
ერთ დროს ცნობილი თბილისელი მეწარმის, გრიგორი ადელხანოვის ოჯახის სახლის ადგილას მალე მრავალსართულიანი კორპუსი უნდა აშენდეს. ინვესტორი შპს „არკონ ინვესტია”.
ამ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები 2015 წელს დადგინდა, 4 წელიწადში კი პროექტიც შეთანხმდა. ხოლო 2023 წლის აგვისტოში მშენებლობის ნებართვაც გაიცა.
ადელხანოვების სახლს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არ ჰქონია - ეს შენობა მდებარეობს თბილისის კულტურული მემკვიდრეობის ზოგადი დამცავი ზონების მიღმა და ის არ იძებნება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ერთიან მონაცემთა ბაზაში.
თუმცა, შენობას, რომელიც მეცხრამეტე საუკუნის ბოლოსა და მეოცე საუკუნის დასაწყისშია აშენებული, თავისი ისტორია აქვს.
გრიგორი ადელხანოვი თბილისში არსებული და საკმაოდ ცნობილი ტყავის ქარხნის მფლობელი იყო, - ამ ქარხნის ფოტოები ძველი თბილისის ფოტოარქივშიც ინახება, - 1885 წლის მონაცემებით, აქ 170 მუშა ყოფილა დასაქმებული, ხოლო წარმოებული პროდუქციის ღირებულება 650 ათას მანეთს შეადგენდა. 90-იანი წლების შუა ხანებში, ადელხანოვის მიერ დაარსებული აქციონერული საზოგადოება აერთიანებდა ტყავის ქარხანას, ქეჩის დამამზადებელ საწარმოსა და ფეხსაცმლის ფაბრიკას.
თავად სახლი მაშინდელ „გარეთუბანში“ აშენდა, ბაღებით დაფარულ ადგილას, სადაც სახლებს წარმატებული მეწარმეები იშენებდნენ და თბილისურ სიცხეს იქ აფარებდნენ თავს.
როდესაც ამ ისტორიული სახლის დანგრევის ამბავი გახმაურდა, მერიასა და ინვესტორებს შორის მოლაპარაკებები დაიწყო.
მას შემდეგ მხარეები რამდენჯერმე შეხვდნენ ერთმანეთს. ერთ-ერთ ბოლო, 2 ნოემბრის შეხვედრაზე, ინვესტორმა, შპს „არკონ ინვესტმა“ მერიას წარუდგინა სავარაუდო პროექტის ესკიზებიც, რომლითაც გათვალისწინებულია სახლის ერთი ნაწილის გადარჩენა ისე, რომ მათი პროექტიც არ დაზარალდეს - ეს არის ის კომპრომისი, რაზეც ინვესტორი მიდის.
კომპანიის წარმომადგენელი, ვალერიან ვარდანია გვეუბნება, რომ სახლის მხოლოდ ამ ნაწილის ანუ მთავარი ფასადის ერთი კედლის გადარჩენაა შესაძლებელი. მისივე თქმით, მერიის არქიტექტურის სამსახურში მათი იდეა მოიწონეს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება პროექტის ამგვარად ცვლილების თაობაზე ჯერ მიღებული არ არის და საბოლოო პასუხს უახლოეს დღეებში ელიან:
„ძალიან ვეცადეთ, რომ რაღაც გამოსავალი გვეპოვა და საბოლოოდ ამ ღირებული ნაწილის შენარჩუნებამდე მივედით. ამ კედელს ხელს არ ვახლებთ, მაგრამ რაც შეეხება სახლის გვერდითა და უკანა ნაწილს, ის დაინგრა და სამუშაოები ახლაც მიდის. ჩვენც გვაქვს ხელშეკრულებით შესასრულებელი ვალდებულები".
თბილისის მერიაში დაგვიდასტურეს, რომ შპს „არკონ ინვესტის“ წარმომადგენლებმა თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს მართლაც წარუდგინეს ერთგვარი კონცეფცია, თუ როგორ უნდა მოხდეს ძველი შენობის შერწყმა ახალ ნაგებობასთან, რომლის თანახმად, „ადელხანოვების სახლის“ ფასადური ნაწილი შენარჩუნდება.
მერიის განცხადებით, კონცეფცია მოიწონეს, თუმცა შეთანხმდნენ, რომ ესკიზების საბოლოო სახეზე მუშაობა გაგრძელდება. საბოლოო ვერსიას თბილისის არქიტექტურის სამსახური საზოგადოებას მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ წარუდგენს.
ასევე ნახეთ იქნებ გადარჩეს? ადელხანოვის სახლის ნგრევა დროებით შეჩერდა