ადამიანი - მხოლოდ ღმერთის შემდეგ

”სამოთხე: რწმენა” (”Paradies: Glaube”, 2012, ავსტრია, რეჟისორი ულრიხ ზაიდლი)

კვირას, 8 სექტემბერს, ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულებს შევიტყობთ. ტრადიციულად, ვენეციის კინოფორუმი სიახლეს ანიჭებდა უპირატესობას მაშინაც კი, როცა ამ სიახლეს გარკვეული წრეების უკმაყოფილება მოჰყვებოდა ხოლმე. ხელოვნების ისტორიაში არსებითად ჩვეულებრივი ამბავია აგრესიული რეაქცია სიახლეზე. ეს იციან ვენეციაში და ხშირად მიმართავენ კონსერვატორული წრეების - განსაკუთრებით, კათოლიკური ეკლესიის - პროვოცირებას.

ეს იცის ავსტრიელმა რეჟისორმა ულრიხ ზაიდლმაც. 2013 წელს, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე თავისი ტრილოგიის, “სამოთხის”, წარდგენისას, ზაიდლმა განაცხადა:

„სკანდალი სასარგებლოა. ეს იმიტომ ხდება, რომ არასდროს ვერიდები ტაბუირებულ თემებს, ვაჩვენებ იმას, რისი დანახვაც ხშირად არ გვინდა“.

ტრილოგიის სამივე ფილმს ჰქონდა პრობლემები პრემიერის შემდეგ, მაგრამ ”სკანდალი”, რასაც ჰქვია, სწორედ იმ სურათს მოჰყვა, რომლის ნახვა ამ კვირაში მინდა გირჩიოთ, ისევ და ისევ ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალის ფონზე.

დიახ, სწორედ ვენეციაში დაიწყო ყველაფერი.

“რწმენა” ავსტრიელი რეჟისორის ტრილოგიის მეორე ფილმია. მანამდე პირველი სურათი - ”სამოთხე: სიყვარული” - შუახნის ევროპელ ქალებზე, რომლებიც ე.წ. “სექს-ტურიზმს” ანიჭებენ უპირატესობას და კენიაში მიემგაზვრებიან სექსუალური თავგადასავლებისთვის, კანის კინოფესტივალზე უჩვენეს, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ პრემიერამ კანში დიდი წარმატებით ჩაიარა. კანი, თავისი დახვეწილობითა და ”რაფინირებული ფორმის” სიყვარულით, ვფიქრობ, ის ადგილი არ იყო, სადაც ზაიდლის ხისტ და განგებ სწორხაზოვან რეჟისურას დააფასებდნენ. სამაგიეროდ, ზაიდლის მომდევნო ფილმს ფართოდ გაუღეს კარი ვენეციის კინოფესტივალზე. აქ ტრილოგიის მეორე ფილმის პრემიერას ეგრევე ხმაური მოჰყვა: პირველი სეანსის დასრულებისთანავე კონსერვატორულ და კათოლიკურ წრეებში ცნობილმა ადვოკატმა, პიეტრო გუერინიმ, ვენეციის პროკურატურას მიმართა სარჩელით ფილმის ავტორების წინააღმდეგ. მათ, გუერინის სიტყვებით, “მორწმუნეებს მიაყენეს შეურაცხყოფა”. გუერინიმ ფილმის კონკრეტულ სცენებზეც მიუთითა - მაგალითად, ეპიზოდზე, რომელშიც სურათის მთავარი გმირი ქალი, მორწმუნე კათოლიკე, მასტურბაციას მიმართავს მინიატურული ჯვარცმით. რეჟისორმა ბოდიშის მოხდაზე უარი თქვა. უფრო მეტიც, აღნიშნა, რომ ეს ეპიზოდი აუცილებელი გახდა იმისთვის, რომ ეჩვენებინათ რაოდენ ეგზალტირებული ხდება ფილმის გმირი თავის რწმენაში.

ზაიდლის ფილმის მთავარი გმირი, ანა-მარია, პროფესიით რენტგენოლოგი, ყოველდღიურად გადის “სარწმუნოების გზას” ვენაში, ღვთისმშობლის ქანდაკებით ხელში, რათა ავსტრია “უფლის გზას” დაუბრუნოს. შვებულებაშია. აქვს დრო იმისთვის, რომ კარდაკარ იაროს ემიგრანტებით დასახლებულ უბნებში და როცა უცნობი ადამიანები კარს გაუღებენ, უთხრას: “თქვენ გესტუმრათ ღვთისმშობელი!”. დროდადრო მიმართავს თვითგვემასაც. ნელ-ნელა იესო ქრისტეს სიყვარული მის ცხოვრებაში იღებს პერვერსიულ ფორმას და გადაიზრდება სექსუალურ ვნებაში.

სკანდალის მიუხედავად, “სიყვარული: რწმენა” ვენეციის კინოფესტივალის სპეციალური პრიზით აღინიშნა. ეს სკანდალი (გუერინიმ სასამართლო წააგო) ზაიდლს გამოადგა ტრილოგიის ამ მეორე ფილმის - ჩემი აზრით, ყველაზე სასაცილო ფილმის -რეკლამირებაში. რეკლამა კი ნამდვილად სჭირდებოდა ავტორს - ზეიდლის კინოენა ადვილი აღსაქმელი არაა. ავსტრიელი რეჟისორი თითქმის ერიდება ახლო ხედებს, რითაც არ გვაძლევს საშუალებას ჩავხედოთ მთავარ გმირს თვალებში და ოდნავ მაინც თანავუგრძნოთ მას, და თუ ვერ თანავუგრძნობთ, გავიგოთ მაინც მისი ტანჯვის მიზეზები. მაგრამ არა... ავტორი გვაიძულებს ვუყურით შორ ხედებს და უფრო იმას დავაკვირდეთ, თუ რა ადგილი უკავია ფილმის გმირს გარემოში, რომელსაც რაღაცნაირი “მათემატიკური პედანტურობით” წარმოგვიდგენს. მთელი ფილმი გაყინული, სიმეტრიული, მოწესრიგებული, სრულიად განტვირთული გარემოა, რომელშიც მარტოობისგან იტანჯება ზაიდლის გმირი - დასაწყისში მართლაც ძალიან სასაცილო, სადღაც ფილმის მეორე ნახევარში მართლაც ძალიან საცოდავი.

მარტოობიდან და უსიხარულობიდან ფანატიზმამდე ერთი ნაბიჯია. არ არის აუცილებელი ეს ფანატიზმი მაინცდამაინც რელიგიურ ვნებებში გამოიხატოს. ფანატიზმის სხვა გამოვლინებაც ბევრია და ისიც არაა გამორიცხული მაყურებელმა ანა-მარიას ტანჯულ ცხოვრებაში რაღაც თავისი დაინახოს. ეს ძალიან კარგი რამეა კინოში, როცა ფილმის მსვლელობის დროს, რომელიღაც მომენტში, მაყურებელი ხვდება, რომ ცოტა ხნის წინ, როცა ფილმის გმირს დასცინოდა, ის დასცინოდა საკუთარ თავს. მერე შეეცოდა - ფილმის პერსონაჟიც და საკუთარი თავიც.

ულრიხ ზაიდლმა ვენეციის იმ სკანდალურ კინოფესტივალზე აღნიშნა, რომ მას სურს სექსი სასაცილო გახადოს. მაგრამ ყველას როდი ეცინება მის ფილმებზე. “სამოთხე: რწმენამ” - უნდა ვაღიარო, საკმაოდ ბოროტმა სატირამ - აღაშფოთა არა მარტო კათოლიკეები, არამედ, მაგალითად, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დამცველები (ანა-მარიას ქმარი 2 წლის წინ ავარიაში მოხვდა და პარალიზებულია. ამ სახეში ზაიდლის ცინიზმი კიდევ უფრო ძლიერდება: ფანატიკოსი კათოლიკე ქალის მეუღლე - არც მეტი, არც ნაკლები - არაბია), ფემინისტებზე რომ არაფერი ვთქვათ (ზოგიერთი მათგანი ზაიდლს არა მარტო მიზოგინიაში, არამედ, საერთოდ, ადამიანთა მოძულეობაში ადანაშაულებს). უნდა გაგაფრთხილოთ: თუკი გიყვართ კინო, რომლის ავტორი ამტკიცებს “რა მშვენიერია ადამიანი”, “ადამიანი - ეს თავად სიკეთეა!”... ამტკიცებს რაღაც ამის მსგავსს და თქვენ ეს გულს გიჩქარებთ, დროს ნუ დაკარგავთ ზაიდლის ფილმზე. გაბრაზდებით! მაგრამ თუკი გაინტერესებთ, როგორია ფანატიზმის ანატომია, რას ნიშნავს ძალიან გაბედული რეჟისურა და როგორ შეიძლება გროტესკული, გაზვიადებული ამბავი ისე გამოიხატოს ეკრანზე, რომ სიყალბეს სრულიად მოკლებული იყოს, აუცილებლად ნახეთ ეს ავსტრიული ფილმი.

ახლახან გვითხრა სრულიად საქართველოს პატრიარქმა, პირველ ადგილზე ღმერთი, მეორეზე სამშობლო და მესამეზე ადამიანიო. უამრავი მორწმუნეა მთელ მსოფლიოში - ქრისტიანიც, მუსლიმიც, კათოლიკეც, მართლმადიდებელიც... იეჰოვას მოწმე, რომელიც ღმერთის სიყვარულს ადამიანის სიყვარულისგან მიჯნავს (უფრო მაღლა აყენებს)... და ისე მიჯნავს, რომ ბოლოს ანა-მარიას მდგომარეობაში აღმოჩნდება - იმ სამოთხეში, სადაც სიყვარული აღარაა.