ქართველი ექიმი ნანა გეგეჭკორი ნიუ-იორკის მაიმონდის ჰოსპიტალში მუშაობს. ეს კლინიკა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამეცნიერო-სამედიცინო ცენტრია, რომელიც კოვიდ-19-თან ბრძოლაშია ჩართული. მაიმონდის ჰოსპიტალი ათასობით სხვა ამერიკულ ჰოსპიტალს შორის სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებლებითა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მკურნალობაში განსაკუთრებული მიღწევებით გამოირჩევა.
ნანა კარდიოლოგია. ამ კლინიკაში ზოგადი მედიცინის კურსის გასავლელად მივიდა და მოულოდნელად ყველაზე საინტერესო და სევდიან პროფესიულ თავგადასავალში აღმოჩნდა. კარდიოლოგიას ივნისიდან დაუბრუნდება, მანამდე კი კოლეგებთან ერთად ახალ ვირუსს ებრძვის.
სამსახურიდან სახლამდე თითქმის ერთი საათის სავალ მანძილს ფეხით გადის და ამბობს, რომ ეს არის ერთადერთი დრო, როცა თავისუფლად შეუძლია სუნთქვა და ფიქრი. ახალმა რეალობამ, რომელიც კოვიდ-19-მა მოიტანა, ყველა პროფილის ექიმის მობილიზაცია გახადა საჭირო. ამერიკული სისტემით, ინფექციონისტები პაციენტების უშუალო მოვლაში თითქმის არ მონაწილეობენ, უფრო პროცესის მაკონტროლებლისა და წესების დამდგენის როლი აქვთ, სხვა ექიმები კი პალატებში იბრძვიან თითოეული სიცოცხლის გადასარჩენად.
ნანა ამბობს, რომ მათ კლინიკაში მხოლოდ ძალიან მძიმე პაციენტები ხვდებიან, რომელთა ნახევარზე მეტს მართვითი სუნთქვის აპარატზე შეერთება გარდაუვლად სჭირდება. ასეთი პაციენტების სიმრავლის გამო შედარებით მსუბუქი ფორმით დაავადებულები სახლში მკურნალობენ. ასე იმკურნალა თავადაც, როცა ვირუსთან ერთთვიანი ბრძოლის შემდეგ კლინიკაში დაინფიცირდა. ხუთი დღე მკურნალობდა სახლის პირობებში და მაღალი ტემპერატურის ბოლო ეპიზოდიდან 72 საათში ისევ დაუბრუნდა კლინიკას - ამ ახალ რეალობაში დასვენებისა და ძალების ბოლომდე აღდგენისთვის ექიმებს ბევრი დრო არ რჩებათ, პაციენტები ელოდებიან. ნანა ერთ-ერთია იმ უამრავ ექიმს შორის, რომლებიც დაინფიცირდნენ - მათი რიცხვი ყველა ქვეყანაში საკმაოდ ბევრია. უბრალოდ, ზოგს შედარებით უმართლებს, როგორც ნანას, და მსუბუქი ფორმით ხვდება ვირუსი, ზოგს ნაკლებად და რეანიმაციაშიც კი ხვდება - ასე დაემართა ნანას არაერთ კოლეგას მისსავე ჰოსპიტალში.
ნანა, როგორია თქვენი სამუშაო გრაფიკი ახლა, როცა კლინიკის ყველა ადგილი კოვიდ-19-ით ინფიცირებულმა ადამიანებმა დაიკავეს?
დღეში ოფიციალურად თორმეტ საათს ვმუშაობ, თუმცა რეალურად 14-15 საათი გამომდის. მე მომიხდა პაციენტთა პირველივე ნაკადის მიღება. თხუთმეტი დღის განმავლობაში მხოლოდ ერთი დასვენების დღე მქონდა. მერე სხვა დეპარტამენტების მედიკოსთა გადამზადებაში ჩავერთე. ეს მძიმე დღეები იყო. პირველ ხანებში სიკვდილიც მეტი იყო. ნელ-ნელა ჩვენც ვისწავლეთ, სიკვდილიანობის მაჩვენებელიც შემცირდა და გრაფიკიც შეიცვალა. ახლა ოთხი დღე ვმუშაობთ, სამ დღეს კი ვისვენებთ, თუმცა ამ სამი დღის განმავლობაში მაინც მზადყოფნაში ხარ - ნებისმიერ დროს შეიძლება გახდეს საჭირო ვინმეს ჩანაცვლება და შეიძლება გამოგიძახონ. როგორც ჩანს, ადამიანის შესაძლებლობებს საზღვარი, მართლაც, არ ჰქონია.
ამბობთ, რომ ახლა მთელი კლინიკაა ჩართული კორონავირუსით ინფიცირებულთა მოვლაში. როგორ გადააწყვეთ ჰოსპიტლის სტრუქტურა?
მთავარი განსხვავება ქართულ და ამერიკულ სისტემებს შორის, ალბათ, ის არის, რომ ინფექციონისტებს უშუალოდ პაციენტებთან შეხება თითქმის არ აქვთ. აქ ძალიან დიდია უფროსი რეზიდენტებისა და კლინიკური მედიცინის ფელოუების როლი, მეტია მათი დამოუკიდებლობის ხარისხი და მომზადების დონეც. რეზიდენტს სწავლების მესამე წელს დამოუკიდებლად შეუძლია და უფლებაც აქვს მართოს ნებისმიერი სირთულის პროცესი. ამერიკული წვრთნა ამის საშუალებას იძლევა. ახლანდელი უფროსი რეზიდენტები, ფაქტობრივად, ორიოდე თვეში ოფიციალურად ლიცენზირებული, დამოუკიდებელი პროფესიონალები გახდებიან. ჩვენთან ერთად მუშაობენ ინტერნები, რომელთა სწავლების ვალდებულებაც გვაქვს კლინიკურ პრაქტიკასთან ერთად. ყველას ერთად კი ზურგს გვიმაგრებენ უფროსი ექიმები, რომლებთანაც შეგვიძლია განსაკუთრებულად რთული შემთხვევების განხილვა.
ჰოსპიტალს სამოქმედო გეგმა ჰქონდა კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტის მიღებამდე. მიუხედავად ამისა, პროცესი მაინც არ იყო მარტივი და უმტკივნეულო. პირველი ახალშექმნილი კოვიდ-განყოფილება მალევე შეივსო და ცხადი გახდა, რომ ყველა დეპარტამენტს მოუწევდა გადაწყობა. თუ მანამდე ჰოსპიტალში 710 საწოლი იყო, ეს რიცხვი მალევე 1400-მდე გაიზარდა. ამან საშუალება მოგვცა, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში 1500-ზე მეტი პაციენტისთვის გაგვეწია დახმარება. ყველა პაციენტი, ვისაც მოვემსახურეთ ან ამჟამად გვყავს კლინიკაში, ინტენსიურ თერაპიას საჭიროებდა. ნიუ-იორკში, ინფიცირებულთა სიმრავლის გამო, ჰოსპიტალიზაციის კრიტერიუმები ძალიან მკაცრია - მხოლოდ გამოხატული სუნთქვის უკმარისობა და დიაგნოსტიკურად დადასტურებული ფილტვის დაზიანება.
ცხადია, ვერც ერთ ჰოსპიტალს ვერ ეყოლება იმდენი რეანიმატოლოგი, ანესთეზიოლოგი ან ინფექციური დაავადების სპეციალისტი, რამდენსაც პანდემია მოითხოვს. ჩვენი ჰოსპიტლის მაგალითი აჩვენებს, რომ ქვეყანაში საკმარისი რაოდენობის ინფექციონისტების, რეანიმატოლოგებისა და ანესთეზიოლოგების არარსებობაზე ჩივილი არასწორია, ვინაიდან კარგად გადამზადების შემთხვევაში შესაძლებელია სხვა პროფილის ექიმებმა სრულფასოვანი მკურნალობა ჩაუტარონ უმძიმეს პაციენტებსაც კი. ინფექციონისტებს ჩვენ მივმართავთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა გვჭირდება მკურნალობის ინდივიდუალურად განსხვავებული კურსის შედგენა, კონკრეტული პაციენტების ამა თუ იმ კვლევაში ჩართვაზე გადაწყვეტილების მიღება, ანტიბიოტიკების შერჩევა გართულებულ შემთხვევებში. ინფექციონისტები პაციენტს, უმეტესწილად, არ ხვდებიან. მათ აქვთ წვდომა სრულ კლინიკურ და ლაბორატორიულ სურათთან ელექტრონული ისტორიის საშუალებით და ამის მიხედვით ხდება პაციენტის მდგომარეობის საბოლოო შეფასება.
თქვენ კვლევები ახსენეთ, რაც ამ ვირუსის ბუნების გასაგებად ძალიან მნიშვნელოვანია. რა კონკრეტული კვლევები მიმდინარეობს თქვენს ჰოსპიტალში და რა ნიშნით არჩევთ კვლევებში ჩასართავ პაციენტებს?
ჩვენთან ახლა პარალელურად მიმდინარეობს მკურნალობის რამდენიმე მეთოდის კვლევა: გვყავს ექსპერიმენტული პრეპარატის, რემდესევირის, ჯგუფი, ვიკვლევდით ჰისდროქსიქლოროქვინისა და აზითრომიცინის კომბინაციას, თუმცა რამდენიმე დღის წინ ეს კვლევა შეჩერდა იმის გამო, რომ ძლიერი ხილული გვერდითი მოვლენები ჰქონდა და პაციენტებზე ამ კომბინაციის დადებითი ზემოქმედება ეჭვქვეშ იდგა. ასევე გვაქვს პლაზმისა და ორი განსხვავებული IL-6 ინჰიბიტორის ჯგუფის კვლევა. იგეგმება ერთი, უკვე კარგად ნაცნობი პრეპარატის, კოვიდ-19-ით დაავადებულ პაციენტებში გამოყენების რანდომიზირებული კვლევა, რომლის დეტალებსაც ჯერ ვერ გავამხელ, რადგან პროექტი დამტკიცების ბოლო ეტაპს გადის.
პაციენტის კვლევაში ჩართვა წინასწარ დეტალურად გაწერილი პროცესია. პირველ რიგში, გჭირდება პაციენტის ინფორმირებული თანხმობა ექსპერიმენტულ კვლევაში მის ჩასართავად. მას წინასწარ უნდა აუხსნა ყველა ის შესაძლო გართულება და სიკეთე, რაც ამ ექსპერიმენტში მონაწილეობას შეიძლება ახლდეს. ჩვეულებრივ, პრეპარატის დანიშვნისას შესაძლო სარგებლიანობა უნდა აჭარბებდეს სავარაუდო ზიანს, თუმცა ექსპერიმენტული მიდგომისას ეს ბალანსი წინასწარ შეიძლება ვერ გათვალო, ამიტომ არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი პაციენტის ინფორმირება. რაც მთავარია, კვლევას უნდა ჰქონდეს სწორი მეთოდოლოგია, რომელიც უზრუნველყოფს დასმულ კითხვებზე მეცნიერულად დასაბუთებული პასუხების მიღებას. მხოლოდ ამის გათვალისწინებით შეიძლება კვლევა დამტკიცდეს ჰოსპიტლის სამეცნიერო საბჭოში.
ასევე ნახეთ რაზე ვლაპარაკობთ, როცა ვლაპარაკობთ პრეპარატ პლაქვენილზემაგალითად, ყველასთვის კარგად ცნობილი პლაქვენილისა და აზითრომიცინის კომბინაციის კვლევა შევაჩერეთ იმის გამო, რომ ზიანი, რაც პაციენტებისთვის ამ მეთოდს მოჰქონდა, ძალიან ცალსახა იყო. კლინიკური კვლევის ფარგლებშიც ჩვენ ამ პრეპარატებს ვაძლევდით მხოლოდ ძალიან მძიმე პაციენტებს, მსუბუქი პაციენტებისთვის მსგავსი კომბინაციის გამოყენება ყოვლად დაუშვებლად მიგვაჩნდა. მსუბუქი პაციენტების 80% ამ დაავადებას ყველანაირი პრეპარატის გარეშე უმკლავდება. პირადად მე მხოლოდ სიცხის დამწევი პრეპარატი მივიღე რამდენჯერმე, ვსვამდი ბევრ სითხეს და ვცდილობდი მქონოდა სრულფასოვანი კვება და სიმშვიდე.
როგორც ჩანს, ამერიკაში სისტემა ნაკლებად ცენტრალიზებული და იმპერატიულია. ცალკეულ საავადმყოფოებს აქვთ საშუალება ჰქონდეთ დამოუკიდებელი პროტოკოლი. რამდენად სწორია ეს შეფასება და რა სიხშირით იცვლება პროტოკოლი, რომლის მიხედვითაც მოქმედებთ პირადად თქვენ?
კი, ნამდვილად ასეა. ყოფილა შემთხვევები, როცა, ჩვენს პაციენტებსა და მკურნალობის მეთოდზე დაყრდნობით, ჯერ ჩვენ შევცვალეთ რაღაცები და ეს ცვლილება ცენტრალურ დონეზე მოგვიანებით მოხდა. მაგალითად, პაციენტებზე დაკვირვების შედეგად მივხვდით, რომ დაავადებას ხშირად ახლდა თრომბოზები და ამის გამო მთელ ჰოსპიტალში ოფიციალური გაიდლაინების გამოსვლამდე შევცვალეთ ანტითრომბოზული პროფილაქტიკის ტაქტიკა. ნებისმიერი ჰოსპიტალიზებული პაციენტი ისედაც საჭიროებს თრომბოზების პროპილაქტიკას, მაგრამ ბევრად უფრო მსუბუქი ფორმით, ვიდრე კოვიდ ჯგუფში ვიყენებთ. აღმოჩნდა, რომ დაავადებას ხშირად თან სდევს არტერიული თუ ვენური თრომბოზები, ჩვენი რეაქციაც ძალიან დინამიკური და რისკის შესაბამისი აღმოჩნდა. ყოფილა შემთხვევები, როცა ყოველდღე იცვლებოდა პროტოკოლი. კლინიკაში გვაქვს შიდა ელექტრონული სისტემა, სადაც ყველა კვლევის შედეგი და ძირითადი რეკომენდაციაა და როცა რაიმეზე პასუხს ვეძებთ, მათ ვეყრდნობით. იმის გამო, რომ ზოგჯერ ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო ცვლილების სასწრაფოდ დანერგვაა აუცილებელი, პროტოკოლისა და სისტემის განახლებამდე მეილებსა და პეიჯერებზე ვიღებთ ინფორმაციას, რომ დრო არ დავკარგოთ.
ეს დაავადება იმდენად განსხვავებულ მიდგომებს საჭიროებს თითოეული პაციენტის შემთხვევაში, რომ გამოცდილების გაზიარებისა და მკურნალობის მეთოდების მუდმივი განახლების გარეშე მასთან ბრძოლა ძალიან რთულია.
კოვიდ-19-ის მართვაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება პაციენტის კლინიკურ მდგომარეობას. კოვიდ-19-მა თანაფარდობა კლინიკური დაკვირვებით მიღებულ ინფორმაციასა და ტექნოლოგიური წყაროებით მოპოვებულ შედეგებს შორის სრულიად შეცვალა. შედარებით მეორეხარისხოვნად აქცია ინსტრუმენტული კვლევები და წინ წამოსწია პაციენტის კლინიკური მდგომარეობით მიღებული ცოდნა - შეიძლება ციფრები და მონაცემები სხვა სურათს გიჩვენებდეს და კლინიკური მდგომარეობა ზუსტ თანხვედრაში არ იყოს იმასთან, რასაც ციფრები ამბობენ. თავიდან დიდი დისკუსიები გვქონდა ამაზე - შეიძლება ანესთეზიოლოგს ან რეანიმატოლოგს არ მიეჩნია, რომ კონკრეტული პაციენტი ამ მახასიათებლებით დამატებით მანიპულაციებს საჭიროებდა, მაგრამ მისი კლინიკური სურათი საპირისპიროს ითხოვდა.
დღეს კოვიდ-19-თან ბრძოლა წარმოუდგენლად სწრაფად განახლებადი სფეროა. არ არსებობს დღე, რომ არ ქვეყნდებოდეს ახალი სამეცნიერო კვლევა. ეს ყველაფერი გაიძულებს, გამუდმებით ცვალო მიდგომა და მკურნალობის მეთოდი.
როგორც ექიმს, რისი ცოდნა გჭირდებათ იმისთვის, რომ გქონდეთ სიტუაციის, დაავადების კონტროლის განცდა?
ჰოსპიტლის ყველა თანამშრომელი კვირის ბოლოს ვიღებთ ინფორმაციას კლინიკაში დაგროვილ გამოცდილებაზე - პაციენტების გარდაცვალების, თანმხლები დაავადებების, გართულებების, მკურნალობის ხერხების შესახებ, ასევე ეკიპირების, მედიკამენტების, სასუნთქი აპარატების მარაგის თაობაზე, იმაზეც, რამდენი ექიმი დაინფიცირდა და ა.შ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. პროცესის გამჭვირვალობა და ორმხრივი ნდობა ასეთი რთული ამოცანის შესრულებაში ძალიან გეხმარება.
პანდემიის პიკზე ჰოსპიტალში მისვლისას, პირველ რიგში, ვკითხულობდი, მართვითი სუნთქვის რამდენი თავისუფალი აპარატი იყო ხელმისაწვდომი. ყველაზე მეტად გვეშინოდა, არ დავმდგარიყავით მორალურად უმძიმესი არჩევანის წინაშე. ამ სირთულის გადასალახად ჩვენთან მუშაობდნენ ფსიქოლოგები და უფროსი ექიმები, რათა ასეთი სიმძიმის გადაწყვეტილების მიღებისას მარტონი არ ვყოფილიყავით. საბედნიეროდ, პიკი გადავიარეთ და, მგონია, ასეთი საფრთხის წინაშე აღარ აღმოვჩნდებით, თუმცა ფსიქოლოგები კლინიკაში ისევ ინტენსიურად მუშაობენ.
თქვენ სარგებლობთ ფსიქოლოგის კონსულტაციით?
არა, მგონია, რომ არ მჭირდება. მე იმდენად მძიმე ცხოვრება მაქვს გამოვლილი, აფხაზეთის ომიდან დაწყებული და ემიგრაციაში ყველაფრის თავიდან დაწყებით დამთავრებული, მგონია, რომ ამასაც უფრო მარტივად ვუძლებ, ვიდრე აქაურები, რომლებიც მიჩვეული არიან ყველაფრის კონტროლს, ყველაფრის წინასწარ არსებული განრიგისა და გეგმების მიხედვით შესრულებას.
ალბათ, თქვენთვისაც ვერ იქნება ადვილი ის, რასაც სიკვდილთან ყოველდღიური, მრავალსაათიანი ბრძოლა ჰქვია. რა არის ყველაზე რთული ამ ამბავში?
მართლა ძალიან ბევრი რამ გამომივლია, მაგრამ ამგვარი სევდა და სასოწარკვეთა არასოდეს მინახავს. ამ დღეებში მომიწია მენახა, როგორ უყურებენ ოჯახის წევრები ტელეფონიდან დედების, შვილების, დებისა და ძმების სიკვდილს. გარდა იმისა, რომ მათ ვუვლით, ოჯახებთან დაკავშირებაშიც ვეხმარებით - ვალდებული ვართ პაციენტი ოჯახს დღის განმავლობაში რამდენჯერმე დავაკავშიროთ ან ჩვენ თვითონ მივაწოდოთ დეტალური ინფორმაცია მათ ახლობლებს. ოჯახის წევრები გვჭირდება იმისთვისაც, რომ შევაფასოთ, ხომ არ არის შეცვლილი მათი მენტალური სტატუსი დაავადებამდე პერიოდთან შედარებით.
ამერიკულ ჰოსპიტლებში, რეანიმაციაშიც კი, პაციენტს შეუძლია მოითხოვოს თავის გვერდით ახლობლების ყოფნა, თუმცა, კოვიდ-19-ის სწრაფი გავრცელების შესაძლებლობის გათვალისწინებით, კლინიკა სრულიად დაიხურა გარეშე პირებისთვის. პაციენტებს სიცოცხლის ბოლო წუთების გატარება სამედიცინო პერსონალთან უწევთ, რომლის სახესაც ვერ ხედავენ და რომლის პეიჯერიც გაუთავებლად ციმციმებს. ეს ციმციმი ნიშნავს, რომ იმ მომენტში ექიმი, მის გარდა, სხვებსაც გადაუდებლად სჭირდებათ.
მენტალური მდგომარეობის ცვლილება ახსენეთ. რამდენად ხშირი და მძიმეა ფსიქიკური ჯანმრთელობის ცვლილება?
საკმაოდ ხშირია და მძიმეც. მაგალითად, ახლა მყავს 70 წლის პაციენტი ქალი, რომელსაც ჰგონია, რომ ორსულადაა. მყოლია ისეთები, რომლებიც ჰალუცინაციებით იყვნენ, აჟიტირებულები და ვერ ისვენებდნენ. ამ ყველაფერს, სხვა უამრავ ფაქტორთან ერთად, ტვინში ჟანგბადის ნაკლებობა იწვევს. რაც უფრო მძიმეა ჰიპოქსია, მით მეტადაა გამოხატული ცვლილებები.
ასევე, არაერთი პაციენტი მიამბობდა, რომ მათზე ძალიან მძიმედ იმოქმედა გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში გატარებულმა საათებმა. ყველა პაციენტი ჰოსპიტალში შემოსვლის პირველ საათებს იქ ატარებს, სანამ ელოდება პირველადი კვლევის შედეგებს. იმ გარემოში უამრავი უმძიმესი პაციენტი ერთად იყრის თავს. ზოგი მძიმედ ახველებს, ზოგი გონებას კარგავს, შეიძლება ვინმე შენს თვალწინ გარდაიცვალოს და ამ ყველაფრის გადატანა, რა თქმა უნდა, ადვილი არ არის. ჩვეულებრივ მდგომარეობაში პაციენტის პირადი სივრცე ამ გარემოშიც კი იზოლირებული და შედარებით დაცულია ამგვარი სტრესისგან, მაგრამ ახლა, ნაკადის სიმრავლის გამო, სიტუაცია ძალიან განსხვავებულია.
რას ჰგავს თქვენთვის კოვიდ-19-თან ურთიერთობა: გადატანილ ომს, ემიგრანტის მარტოობას, ყველაფრის თავიდან დაწყების სირთულეებს?
ალბათ, ყველაფერს, ერთად აღებულს, რაც აქამდე გამომიცდია და მეტსაც. ყველა გამოჯანმრთელებულ პაციენტს ენით აღუწერელი სიხარულისა და სიამაყის განცდა მოაქვს, რომლის მსგავსიც აქამდე, მგონი, არც განმიცდია. მეორე მხრივ, ზოგჯერ ღამე მაღვიძებს ის უსიამოვნო შეგრძნებები, რასაც სიკვდილი, ვირუსთან დამარცხება და წაქცევამდე დაღლილობა ტოვებს. ვცდილობ, კოლეგებთანაც კი არ ვილაპარაკო იმ სირთულეებზე, რაც ამ ყველაფერს ახლავს თან, რომ ტკივილი არ განვიახლო. ასეთი ბევრია, პროფესიულთან ერთად პირადიც - დაწყებული იმით, რომ შვილები არ მინახავს, უკვე ორი თვეა, დამთავრებული დამცავი აღჭურვილობით გამოწვეული ჭრილობებით, რომელიც საშინლად გეწვის.
როცა ექიმის პროფესიას ირჩევ, მეტ-ნაკლებად ამ ყველაფრისთვის მზად ხარ, თუმცა არ ელოდები, რომ ასეთი მაღალი დოზით და მოკლე დროში მოგიწევს ამდენი სირთულის გადატანა. და, მიუხედავად ამისა, ადამიანები რომ არ იღუპებოდნენ, ვიტყოდი, რომ ეს არის ყველაზე საინტერესო პერიოდი ჩემს პროფესიულ ცხოვრებაში. მე თვითონ ვერთვები ახლა ორ კვლევაში, რომლებიც ამ ახალი დაავადების პათოფიზიოლოგიურ და კლინიკურ სურათს შეისწავლის, ასევე დააკვირდება სუნთქვის უკმარისობის მკურნალობის ტაქტიკების გავლენას შედეგებზე და მაქვს სრულფასოვანი შეგრძნება, რომ ჩემი გავლილი გზა სხვებისთვის სასარგებლო ცოდნად და გამოცდილებად იქცევა მომავალში.
ვერც წარმომედგინა, რომ შეიძლებოდა პროფესიულ ცხოვრებაში ასეთი დატვირთული ეტაპი მქონოდა. წელიწად-ნახევარში გადავაბარე სამი საკვალიფიკაციო გამოცდა, რისთვისაც ადამიანები წლობით სწავლობენ და წარმოუდგენელი ინტენსივობით ვემზადებოდი, დღეში 16 საათს ვმეცადინეობდი უწყვეტად, მაგრამ ის, რასაც ახლა ვსწავლობთ, არაფერს შეედრება. ყოველი პაციენტი არის ახალი გადაშლილი წიგნი, რომელსაც ცარიელი ფურცლები აქვს და მის ჰოსპიტალში ყოფნის ბოლო დღემდე შენ ავსებ მათ.
ის სიმძიმე, რაზეც თქვენ ლაპარაკობთ, - უამრავი გარდაცვლილი და მხოლოდ მძიმე პაციენტებით სავსე კლინიკები, საწოლების ორჯერ გაზრდილი რაოდენობით, - საქართველოსთვის, საბედნიეროდ, ჯერ უცხო რეალობაა. სავარაუდოდ, თქვენ გაქვთ კონტაქტი აქ მყოფ ექიმებთან, რომლებიც კორონავირუსიან პაციენტებს მკურნალობენ. რა იცით საქართველოში ამ ვირუსთან ბრძოლის შესახებ?
ექიმების ნაწილთან, მართლაც, გვაქვს ძალიან ჯანსაღი კომუნიკაცია, თუმცა სამედიცინო თვალსაზრისით ღირებულ მონაცემებთან არ მიგვიწვდება ხელი. არ ვიცით, რამდენი მძიმე პაციენტი გყავთ, რა კრიტერიუმებით ახარისხებენ პაციენტებს სიმძიმის ჯგუფებში, ვინ როდის გადაჰყავთ ხელოვნურ სუნთქვაზე, რამდენ ხანს გრძელდება კრიტიკული პერიოდი, რამდენ ხანს რჩებიან ჰოსპიტალში - ამ მონაცემების გარეშე შეუძლებელია რაიმეს თქმა ზოგად სიტუაციაზე.
საქართველოს განსხვავებული სტატისტიკა აქვს და ჩვენ ყველას გულწრფელად გვაინტერესებს კლინიკური კვლევები, რომ გავიგოთ, რითია ეს ციფრები გამოწვეული: მსუბუქი პაციენტების სიმრავლით თუ რაიმე განსაკუთრებით ეფექტური მკურნალობის მეთოდით. მეც და ჩემმა კოლეგებმაც არაერთხელ საჯაროდ ვითხოვეთ ამგვარი კვლევების თუნდაც წინასწარი შედეგების გაცნობა.
ყველა ერთმანეთის გამოცდილებიდან ვსწავლობთ და ეს გამოცდილებები, თავის მხრივ, ძალიან განსხვავებულია ქვეყნების მიხედვით. ამის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, ქართველი ექიმების გამოცდილებაც იყოს გაზიარებული.
საქართველოს მონაცემებზე ჩვენ თითქმის არაფერი ვიცით. კითხვები უფრო მეტია, ვიდრე პასუხები.
ჩვენ როცა კითხვებს ვსვამთ ან სხვადასხვა საკითხზე ვმსჯელობთ, გვეუბნებიან, რომ ჭკუას ვასწავლით ვინმეს და ამერიკაში მაღალ სიკვდილიანობას გვახსენებენ. არც ჭკუას ვასწავლით ვინმეს და არც სიკვდილიანობა გვაქვს განსაკუთრებით მაღალი, თუ გავითვალისწინებთ ინფიცირებულთა სიმრავლეს და სიმძიმეს. ჩვენს პირად სივრცეში გამოთქმული აზრი ან დასმული კითხვა პოლიტიკურად ანგაჟირებულის სტატუსად გვიჯდება. არაერთი ექიმი გვწერს საქართველოდან, რომ გვგულშემატკივრობს, როცა ხედავს ტროლებისა და მოხალისეების მიზანმიმართულ შეტევას ამერიკაში მყოფ ქართველ ექიმზე ან იგებს ჩვენთვის გამოგზავნილი მუქარის წერილების შესახებ, მაგრამ ამას ხმამაღლა ვერ ამბობს იმის გამო, რომ ეშინია, პრობლემები არ შეექმნას. ეს, მართლაც, პრობლემაა, როცა ექიმებს ექიმებთან ღიად საუბრის საშუალება შეზღუდული აქვთ.
რა იქნება მერე, როცა ეს ყველაფერი მორჩება?
როცა ეს ყველაფერი მორჩება, ძალიან ბევრ ადამიანს დასჭირდება ფსიქოლოგის დახმარება: ექიმებსაც, პაციენტებსაც, იზოლაციაში მყოფ ადამიანებსაც. ჩვენ აქედან გამოვალთ წარმოუდგენლად დიდი ცოდნით. სავარაუდოდ, ღირებულებებსაც გადავაფასებთ. სიკვდილის ასეთმა სიახლოვემ სიცოცხლე სხვა თვალით დაგვანახვა. თუ მიღებული გამოცდილების სწორად გააზრებას შევძლებთ, კორონავირუსის მემკვიდრეობა დაგვეხმარება, მომავალში ადვილად გავუმკლავდეთ მსგავს სირთულეებს.
პირადად მე, როგორც კი მეცოდინება, რომ სასიცოცხლოდ საჭირო არ ვარ ჰოსპიტალში და საფრთხეს არ წარმოვადგენ ოჯახის წევრებისთვის, შვილებთან ერთად წავალ სადმე, მშვიდ ადგილას.