"აგვისტოს ომის" დანაშაულების გამოძიება - "რატომ ვამბობ, რომ ვაგებთ?.."

Your browser doesn’t support HTML5

ჰააგის ტრიბუნალის მიერ 2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით შუალედში სავარაუდოდ მომხდარი ომისა და კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულების გამოძიება დასასრულისკენ მიდის.

პროცესის კონფიდენციურობის გამო, საზოგადოებისთვის პრაქტიკულად არანაირი დეტალი არ არის ცნობილი მის შესახებ გარდა იმისა, რომ ის მიმდინარეობს და რომ მისი ვადა განსაზღვრული არ არის.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო სამართლიანობა“ (Justice International) მთელი ამ პერიოდის განმავლობაში აკვირდება პროცესს და მონაწილეობს მასში იმ კომპეტენციის ფარგლებში, რაც ამ სტატუსის ორგანიზაციას გააჩნია.

„საერთაშორისო სამართლიანობის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ნიკა ჯეირანაშვილი პრაქტიკულად ყველა ეტაპზე ცდილობდა საქმის კურსში ჩაეყენებინა საზოგადოება და ელაპარაკა გამოწვევებზე, რომლებიც ამ გზაზე უხვად იყო, მათ შორის, როგორც ის ახლაც აღნიშნავს - საქართველოს პასიურობით გამოწვეული.

რას შეიძლება ელოდოს საქართველო ჰააგის ტრიბუნალის მიერ აგვისტოს ომის დროს სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულების გამოძიებისგან - ამის თაობაზე ნიკა ჯეირანაშვილმა ორი კვირის წინ თავის „ფეისბუკის“ გვერდზე საჯაროდ დაწერა:

“ყველაფერი იქით მიდის, რომ წავაგებთ ამ პროცესს. მიზეზი ბევრია, თუმცა უმთავრესი მაინც ინტერესის ნაკლებობაა, მარტივად რომ ვთქვათ - არ გვაინტერესებს და არასერიოზულად ვუდგებით. სხვაგვარად აუხსნელია როგორ შეიძლება ასეთმა საქვეყნო მნიშვნელობის პროცესმა მხოლოდ 1-2 ადამიანზე გადაიაროს.

მე-5 წელია უკვე ასეა და საბოლოოდ ეს ადამიანებიც გამოვეთიშებით პროცესებს, რადგან ამ საქმიანობის მხარდაჭერა არავის უნდა…

თავად რომ არ მენახა და გამომეცადა ვერ დავიჯერებდი, რომ რუსეთ-საქართველოს ომის გამოძიებაზე ესეთი დაბალი ინტერესი და ჩართულობა იქნებოდა როგორც პოლიტიკოსების, ასევე საზოგადოების მხრიდან. იურიდიულ წრეებზე და აკადემიაზე საერთოდ აღარც ვამბობ, აბსოლუტურად 0 მხარდაჭერა ყველასგან! ამიტომ არ მჯერა ფუჭი საუბრების და ფსევდო-პატრიოტული ქმედებების. ბოდიში ომში დაზარალებულებს - რაც შემეძლო გავაკეთე”.

ნიკა ჯეირანაშვილი რადიო თავისუფლების ეთერში ამბობს, რომ კოვიდპანდემიამ ზოგადად შეანელა ჰააგის ტრიბუნალის საქმიანობა და ბევრი საქმე თითქმის ერთი წლით გადაიდო, მათ შორის, საქართველოსთან დაკავშირებული მოქმედებებიც. სასამართლო დღემდე ნახევრად დახურულია. გადაიდო სხვა საქმეებზე დაგეგმილი სასამართლო სხდომებიც:

„დასრულებულია ფაქტობრივად საგამოძიებო მოქმედებები და ჩემს მიერ გავრცელებული ინფორმაცია ვეღარ დააზიანებს პროცესს.

საქართველოს გამო ვარ მე პირადად ჰააგაში. ჩვენი ორგანიზაცია საქართველოზე მუშაობს. ძირითადი პრობლემა იყო დაუინტერესებლობა დონორების მხრიდან, რომ ამ საქმეს მხარდაჭერა ჰქონოდა და მოგვიწია იძულებით ავღანეთზე მუშაობის დაწყება აქ დასარჩენად და საქართველოზე მუშაობის გასაგრძელებლად.

ისე მოხდა, რომ ეკონომიკური სანქციების შემდეგ, კოვიდვითარების ფონზე, შეშინდნენ დონორი ორგანიზაციები და ავღანეთზეც ვეღარ გრძელდება მუშაობა, ამიტომ ფაქტობრივად გვიწევს ყველანაირი სამუშაოს დასრულება, მათ შორის, ცხადია, საქართველოს გამოძიებაზეც.

ჩემი პოსტის ერთ-ერთი მიზანი შეიძლება ესეც იყო - კიდევ ერთხელ შემეხსენებინა საზოგადოებისთვის, რომ არავინ მუშაობს ამ საკითხზე. ერთადერთი ორგანიზაცია ისევ ჩვენ ვრჩებით, ვინც ჰააგაში არის დაინტერესებული ამ საკითხებით, უკვე მეხუთე წელია. ვართ ფინალში და ამ ეტაპზე ამ საქმიდან გამოთიშვა ძალიან საშიშია.

პირადი გულისტკივილი გამოვხატე, რომ ასეთ საქვეყნო მნიშვნელობის საქმეს საერთოდ არ ექცევა ყურადღება. არ არის ლაპარაკი მხოლოდ სახელმწიფოზე, არამედ ლაპარაკია იმავე დონორ ორგანიზაციებზე, აკადემიურ და იურიდიულ წრეებზე.

მაგალითად, რომ წარმოიდგინოთ, რომ შემდეგ წელს ოფიციალურად დასრულდება გამოძიების პროცესი და ამის თაობაზე განცხადებას თავად ჰააგის სასამართლოს პროკურორი გააკეთებს, ერთი იურისტიც კი არ არსებობს საქართველოდან, რომელიც ოფიციალურად შეძლებს დაიცვას თუნდაც იგივე დაზარალებულების ინტერესები სასამართლოში.

ჩემი ბოლო კომუნიკაციები დონორ ორგანიზაციებთან სწორედ ამას შეეხებოდა, იქნებ იურისტების ჯგუფის შექმნაში მაინც დაგვეხმარონ, რომ, როცა შემდეგი წლიდან სასამართლოში ოფიციალური მიმართვები რომ დაგვჭირდეს, არ გვყავს წარმომადგენელი. თან პარალელურად დაემთხვა ის, რომ მანამდე ყოფილი პრეზიდენტი, ბატონი სააკაშვილი იმყოფებოდა ჰააგაში. ის ჩამოვიდა იურისტებთან ერთად. მათ შორის, ერთ-ერთი მთავარი იურისტი არის ის ადამიანი, რომელიც წარმოადგენდა საქართველოს ჰააგის მეორე სასამართლოში, სადაც განიხილებოდა ქვეყნებს შორის დავა - საქართველოსა და რუსეთს შორის დავა. საკმაოდ წონიანი, ცნობილი ადვოკატია.

როგორც მათ თქვეს, წარადგინეს კონკრეტული საბუთები სასამართლოში, კონკრეტული დასკვნა. სავარაუდოდ, პროკურორის ოფისს მიმართეს, რადგან მე რაც გადავამოწმე, რაიმე ახალი დოკუმენტი არ არის შესული მოსამართლეებთან ანუ წინასასამართლო პალატასთან, რომელიც განიხილავს საქართველოს სიტუაციას.

თუ შემდეგ წელს ჩვენ - იგივე არასამთავრობო ორგანიზაციებს ერთი ადამიანიც არ გვეყოლება ჩვენი დაზარალებულების ინტერესების დასაცავად (ჩვენ წარმოვადგენთ ძალიან ბევრ ადამიანს - ათასობით დაზარალებულს ჰააგის სასამართლოში), ამ დროს შეიძლება იმავე ბატონი სააკაშვილის მიერ დაქირავებულმა იურისტებმა მიმართონ სასამართლოს, ჩაერთონ პროცესებში და თავის თავზე გადაიტანონ მთლიანად ეს პროცესი, იურიდიული მხარე“.

წლების განმავლობაში ჰააგის ტრიბუნალის მიერ წარმოებული გამოძიების შესახებ საქართველოს შიდაპოლიტიკურ ასპარეზზე სხვადასხვა კონტექსტში მიმდინარე პოლემიკა ბევრს უქმნიდა შთაბეჭდილებას, რომ ეს პროცესი დამნაშავე სახელმწიფოს გამოვლენას ემსახურება, ან საქართველოსა და რუსეთს შორის მტყუან-მართლის გარჩევას უნდა მოემსახუროს. რადიო თავისუფლების არაერთი სხვა რესპონდენტის მსგავსად, ნიკა ჯეირანაშვილი კიდევ ერთხელ განმარტავს:

„ეს არ არის "სახელმწიფო სახელმწიფოს წინააღმდეგ" პროცესი. სასამართლო იძიებს ომის დროს ჩადენილ დანაშაულებს და ადგენს მათზე პასუხისმგებელ პირებს.

სამი მხარე არის გამოკვეთილი. ესენია: საქართველოს შეიარაღებული ძალები, რუსეთის შეიარაღებული ძალები და ე.წ. სამხრეთ ოსეთის სამხედრო ფორმირებები. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი პირი: სამოქალაქოპირი, პოლიტიკოსი, ნებისმიერი ადამიანი, ვინც იმ დროს - 2008 წელს გასცემდა ბრძანებებს, გადაწყვეტილებებს იღებდა, რამაც გამოიწვია დანაშაულების ჩადენა.

როგორც წესი, სასამართლო ყველაზე მაღალი თანამდებობის მქონე პირების მიმართ იწყებს ხოლმე გამოძიებას და არ დადის ხოლმე რიგით ჯარისკაცებზე, თუმცა სასამართლოშიც იცვლება ბევრი რამ. იგივე ამ მიდგომამ სასამართლოს ბოლო წლების პრაქტიკაში გამოიწვია ბევრი კრიტიკა, რადგან მოხდა ისე, რომ რამდენიმე ძალიან მაღალი თანამდებობის პირი აფრიკული ქვეყნებიდან, სადაც მიმდინარეობდა გამოძიებები, რამდენიმეწლიანი პროცესების შემდეგ გამართლდნენ და ამას მოჰყვა საზოგადოების აღშფოთება - როგორ შეიძლება ამდენი რესურსის და დროის დახარჯვის შემდეგ ეს პირები ყოფილიყვნენ გამართლებულებიო. ბევრი აკადემიური წრეებიდან და საერთაშორისო თანამეგობრობიდან ურჩევდა ჰააგას, რომ შეეცვალა ეს მიდგომა, დაეწყო საშუალო ან დაბალი რანგის ადამიანებისგან და შემდეგ ასულიყო უფრო მაღალ საფეხურზე.

საქართველოს შემთხვევაში როგორ იქნება, ეს არავინ იცის. თუმცა, რა თქმა უნდა, რისკი იმის იყო, რომ ქართველი სამხედროების მიმართ წასულიყო გამოძიება, ისევე, როგორც რუსეთის და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლების მიმართ.

ამ ხუთი წლის განმავლობაში ბევრი რამ მოხდა“.

„დილის საუბრების“ სტუმარი, რომელიც ეთერში ჰააგიდან ერთვებოდა, აღწერს რუსეთის ინტერესსა და როლსაც ამ პროცესის მიმდინარეობაში. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი არ არის ჰააგის ტრიბუნალის წევრი ქვეყანა, ის აგრძელებს სხვადასხვა გზით მოქმედებას თავისი ინტერესების დასაცავად:

„რუსეთი, ჩვენგან განსხვავებით, ვიტყოდი, რომ ძალიან აქტიურად იყო ჩართული, მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ თანამშრომლობდნენ და გამოძიების პირველივე წელს, 2016 წლის ბოლოს მათ გაიწვიეს თავიანთი ხელმოწერა რომის სტატუტიდან და ძალიან მკაფიოდ აჩვენეს, რომ სასამართლოსთან არ ითანამშრომლებდნენ, გააგრძელეს სასამართლოსთან მუშაობა. 30 ტომი სისხლის სამართლის საქმე აქვთ გადაცემული. რა თქმა უნდა, ყველა ეს ინფორმაცია არის ქართველების წინააღმდეგ. ისინი დღემდე აგრძელებენ ინფორმაციის გაცვლას სასამართლოსთან.

გარდა ამისა, ძალიან ბევრი რამ მოხდა: ჰაკერული თავდასხმები, ბევრი ინფორმაციის გაჟონვა, მოპარვა. ყველაფერი გააკეთეს რუსებმა, რომ მათი ბრალეულობა არ გამოჩენილიყო ამ პროცესში და მომავალ წელს საზოგადოება ამას იხილავს, როცა გამოძიების კონკრეტული შედეგები დადგება.

იყო ჩვენი ორგანიზაციის, ჩვენი თანამშრომლების დაშინების შემთხვევები. ჩვენს სერვერებზეც იყო თავდასხმები. ცდილობდნენ კონფიდენციური ინფორმაციის მოპოვებას.

გვაქვს ინფორმაცია, რომ იყო მუქარა დაზარალებულების მიმართ, განსაკუთრებით მაშინ, როცა გამომძიებლები აქტიურად ჩადიოდნენ დაზარალებულთა ჩასახლებებში. რუსეთის მხრიდან მოდიოდა ეს მუქარები, იმავე დე ფაქტო ხელისუფლების წარმოამდგენლების და მათი ე.წ. „კაგებე“-ს მხრიდან იყო მუქარისშემცველი ინფორმაცია - არ გინდათ, დაანებეთ თავი გამოძიებასთან თანამშრომლობას, არ გინდათ ინფორმაციის მიცემაო. მითუმეტეს, საზღვრისპირა სოფლებში, კი იცით, როგორი სიტუაციაა ამ გატაცებების ფონზე. ძალიან ბევრმა ადამიანმა, ვისთანაც პირადად გვაქვს ურთიერთობა, უბრალოდ შეწყვიტა თანამშრომლობა გამოძიებასთან, რადგან მათ სიცოცხლეს და მათ ოჯახებს საფრთხე ემუქრებოდა. ეს სასამართლოს წარმოამდგენლებმაც ძალიან კარგად იციან. გვაქვს მათთან რეგულარული კომუნიკაცია და მათაც განაცხადეს, რომ, როცა საქმე მიდის იქამდე, რომ ადამიანის სიცოცხლის მოსპობა შეიძლება მოჰყვეს, ისინი თავად წყვეტენ ამ ადამიანებთან კავშირს და ასეც მოხდა“.

ჰააგის ტრიბუნალის საქმიანობაზე პოლიტიკის გავლენის თემა ახალი არ არის. ამაზე ნიკა ჯეირანაშვილიც ლაპარაკობს, თუმცა, ასევე დადებით შეფასებას აძლევს ახლანდელ პროკურორს - ფატუ ბენსუდას:

„სასამართლო, რა თქმა უნდა, იტყვის, რომ არ არის პოლიტიზებული, თუმცა პოლიტიკურ პროცესებს, რასაკვირველია, გავლენა აქვს სასამართლოზე და თავად გამოძიებაზეც კი. მიუხედავად ამისა, ვიტყოდი, რომ მართლა ერთ-ერთი თვალსაჩინო პროკურორია დღესდღეობით ფატუ ბენსუდა და ის ამ თანამდებობაზე შემდეგი წლის მარტის ბოლომდე იქნება. წელს დეკემბერში ახალ პროკურორს ირჩევენ. ჩვენი ორგანიზაციაც ჩართულია ახალი პროკურორის შერჩევის პროცესში. ყველაზე ძლიერი სახელმწიფოები მაქსიმალურად ცდილობენ ზეგავლენა მოახდინონ პროცესზე და თავიანთი კანდიდატები გაიყვანონ. ჯერ კიდევ არ ვიცით რით დასრულდება“.

აგვისტოს ომის პერიოდის დანაშაულების გამოძიებისთვის მასალების მზადებას ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ომის დასრულებისთანავე შეუდგნენ. იმ დროს სრულიად შეუძლებელი იყო გადაჭრით იმის თქმა, დაიწყებოდა თუ არა გამოძიება, თუმცა საჭირო იყო რაც შეიძლება დეტალური ინფორმაციის შეკრება დაზარალებულებისგან. ერთია - ინფორმაციის მოგროვებაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ამ საქმეში მონაწილე სხვა პირებს განსხვავებული მოლოდინი ჰქონდათ, ვიდრე ის, რაზეც დღეს ნიკა ჯეირანაშვილი ლაპარაკობს:

„რა თქმა უნდა, მაშინ არავინ ფიქრობდა, ვაითუ ეს პროცესი შემოგვიტრიალდეს და პირიქით, ქართველები დაისაჯონ და არა მეორე მხარე - რუსები. ეს დოკუმენტაცია იყო ქართველი დაზარალებულების ნაამბობი და ისინი ძირითადად უთითებდნენ რუსეთზე და ოსებზე.

თითქმის რვა წელი ველოდებოდით გამოძიების დაწყებას. მოკვლევა სასამართლომ ომიდან რამდენიმე დღეში დაიწყო.

რატომ ვამბობ, რომ ვაგებთ? - რადგან საუკეთესო შემთხვევაში, ჩვენ დაგვრჩენია ის, რომ არ დაიჭირონ ქართველები. ეს რომ გვიხარია, ეს უკვე მიუთითებს, რომ პროცესი წაგებული გვაქვს. როცა შეიძლებოდა პირიქით, რუსეთზე გასულიყავი და მსოფლიოსთვის გეჩვენებინა არა მხოლოდ ის, რომ რუსეთი შემოიჭრა და 20%-ია დღეს ოკუპირებული, ათიათასობით ადამიანია დევნილი, განადგურებულია სოფლები და ა.შ.. ახლა იმაზე მოგვიწია ბრძოლა და ძალიან დიდი რისკის ქვეშ ვართ, რომ ქართველები არ დაიჭირონ.

გარდა ამისა, შეიძლებოდა იმავე დაზარალებულებისთვის სასამართლოს „ნდობის ფონდი“ გამოგვეყენებინა, რომელიც ეხმარება დაზარალებულებს სხვადასხვა სახის რეპარაციებით. დაზარალებულებისთვის დახმარების პროექტები შეეძლო სასამართლოს დაეწყო. ამას ხელი შეუშალა ინტერესის ნაკლებობამ.

თითქმის 20-მდე ქვვეყანაში უწევს მუშაობა სასამართლოს და ის მოქმედებს იმის მიხედვით, საიდანაც გრძნობს მეტ ზეწოლას. გარკვეული ტიპის რეპარაციები გაიცა, მაგრამ არ ვთვლი, რომ საკმარისია“.

მთავარი კითხვა - როგორ მოხდა, რომ ასეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი პროცესის მიმართ დღეს ამდენი კითხვის ნიშანია და როგორც ნიკა ჯეირანაშვილი აღნიშნავს, არასერიოზული მიდგომისა და ინტერესის ნაკლებობის გამო?

„ჩვენი პრობლემა ის იყო, რომ ქვეყანაში ამისთვის მზად არავინ იყო, მათ შორის - სამოქალაქო საზოგადოება, აკადემიური წრეები.

მახსოვს, ხუთი წლის წინ ამ პროექტს რომ ვიწყებდით და ვიცოდით რომ შესაძლებელი იყო გამოძიება დაწყებულიყო, ადამიანების პოვნაც კი გაჭირდა, ვინც საერთოდ ერკვეოდა ამ ყველაფერში. დღემდე ფაქტობრივად არ გვყავს ექსპერტი ჰააგის სასამართლოზე, ვინც ამაზე იმუშავებდა, როგორც სახელმწიფოს წარმომადგენელი, ისე აკადემია, არასამთავრობოები.

არ ვიცოდით როგორ მუშაობს სასამართლო და რაღაცები ვერ გავთვალეთ ალბათ ყველამ ერთად, მათ შორის ხელისუფლებამაც. იგივე გამოძიების დაწყება რამდენად რისკიანი იყო, გვიღირდა კი საერთოდ?

5 წლის წინ, ვიდრე გამოძიება დაიწყებოდა, სულ სხვა წარმოდგენები გვქონდა ყველას, როგორ შეიძლებოდა ის დასრულებულიყო და ცოტა არასერიოზულადაც კი უდგებოდნენ, რაღაც ცრუ მოლოდინები იყო ამ პროცესის მიმართ.

თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში მიწევს ურთიერთობა სასამართლოს წარმომადგენლებთან და ძალიან ბევრი ინფორმაცია მაქვს, ბევრი რამ გავიგე, რაც გარედან არ ჩანს.

ბევრი რამე ვერ გათვალეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა, შეიძლება თავის დროზე სულ სხვა მიზნებით დაიწყო გამოძიება და შემდეგ უკვე პროცესი რომ განვითარდა და გამოძიება წინ წავიდა, მერეღა მიხვდნენ, რა შეიძლება ამას მოჰყვეს.

შემდეგ, კი, ხელისუფლებამ გამოგზავნა წარმომადგენელი. რამდენიმე რჩევით მივმართე, აი, მაგალითად, მოდი, რამდენიმე კანდიდატი დავასახელოთ, შევქმნათ პროცესი: მოსამართლეების არჩევნებია და შევთავაზოთ საქართველოდან მოსამართლე. წარმოიდგინეთ, რა მაგარი იქნება და რამხელა გავლენებით ისარგებლებს, თუ ქართველი იქნება ერთ-ერთი მოსამართლე სასამართლოში. ეს ნომინირების პროცესიც არასწორად, დარღვევებით მოხდა. სახელმწიფომ უგულებელყო ჩვენი რეკომენდაცია, რომ კანდიდატს არ ჰქონოდა ხელისუფლებასთან აფილირება, ადგნენ და იუსტიციის მინისტრის მაოდგილე წარადგინეს. ეს ძალიან ცუდ ტონად ითვლება. დიდი ალბათობით, ეს კანდიდატი ჩაგვივარდება. ეს შანსიც გავუშვით ხელიდან“.

მიუხედავად იმისა, რომ უკიდურესად ჭირს საქმიანობის გაგრძელებისთვის დონორის პოვნა, ნიკა ჯეირანაშვილი აპირებს გააგრძელოს მუშაობა ჰააგის პროცესზე:

„მე ვაპირებ გავაგრძელო მუშაობა ორი მთავარი მიმართულებით: ერთი იქნება ის, რომ, როცა გაიცემა დაკავების ორდერები, სავარაუდოდ, ჩემი აზრით, არ იქნება არც საქართველო და არც რუსეთი, შესაბამისად, რჩება მესამე - სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლები. მათ მიმართ როცა გაიცემა დაკავების ორდერები, პირველ რიგში გასაჯაროვდეს ისინი, შემდეგ დაიწყოს ადვოკატირება, რომ ეს კონკრეტული პირი თუ პირები გადაეცნენ სასამართლოს. იმავე საერთაშორისო საზოგადოების მობილიზება იქნება ამისთვის საჭირო. ძალიან ბევრი სამუშაოა, რომ ეს ადამიანები წარდგნენ სასამართლოს წინაშე.

და მეორე, რომ დაიწყოს დაზარალებულთა დახმარების პროექტები. პირდაპირ რომ ვთქვათ, მე არ ვფიქრობ, რომ დაზარალებულებისთვის ეს პროცესი მოიტანს სამართლიანობას, რადგან არ მოხდება იმ პირებზე დაკავების ორდერების გაცემა, ვინც მთავარი შემოქმედი იყო ამ ომის და დანაშაულების. დაკავების ორდერებიც არ იქნება ასეულობით - შეიძლება ერთი ან რამდენიმე დაკავების ორდერი გაიცეს. სიმბოლურად, ესეც მნიშვნელოვანია დაზარალებულებისთვის, თუმცა პრაქტიკულად ეს მათთვის არაფერს მოიტანს, მითუმეტეს ამ ადამიანებს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო წარმომადგენლები და რუსეთის ხელისუფლება, რა თქმა უნდა, არ გადასცემენ სასამართლოს და კიდევ წლები შეიძლება დასჭირდეს იმას, რომ ეს ადამიანები ოდესმე წარდგნენ სასამართლოს წინაშე.

დაზარალებულები მივიწყებული არიან ყველასგან, ძალიან მძიმე ვითარებაში უწევთ ცხოვრება. სათითაოდ მაქვს მოვლილი დასახლებები და უმძიმეს პირობებში უწევთ ცხოვრება. ვეცდები მათთვის დახმარების პროექტების დაწყებას“.