11 საათი სრულდებოდა. გორის თავზე რამდენიმე ბომბდამშენი გამოჩნდა. ჯერ წითელ მაშხალებს ისროდნენ, მერე მოულოდნელად დაბლა დაეშვნენ და ქალაქის დაბომბვა დაიწყეს. ზუსტად 10 წლის წინ ქალაქი გორი რუსეთის საბრძოლო ავიაციის სამიზნე გახდა. ქალაქში ბოლისა და მტვრის სოკოები ამოვიდა. ჯერ ვერხვების დასახლებაში არსებული კორპუსები დაბომბეს. მსხვერპლი დიდი იყო. ქართველი ექიმები, ჯარისკაცები და რეზერვისტები დაჭრილების გაყვანას ვერ ასწრებდნენ. ჩვენი ჟურნალისტი კობა ლიკლიკაძე ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც შემთხვევის ადგილზე მივიდა.
Your browser doesn’t support HTML5
რადიო თავისუფლების არქივმა იმ მოვლენების ამსახველი ხმები შემოინახა.
ათი წლის წინ ჯანგულ ოქროპირიძეს ცოლის ნათესავები ჰყავდა სტუმრად. კომბინატის დასახლებაში, ორსართულიანი კორპუსის ერთ ბინაში, სტუმრები სადილობდნენ. ჯანგული პროდუქტების მისამატებლად ბაზარში გადავიდა, უკან დაბრუნებულმა კი დაინახა, როგორ მოხაზა ერთმა ბომბდამშენმა მისი კორპუსის თავზე წრე, მერე ცხვირი დაწია და დაბომბვა დაიწყო. სულ 4 ბომბი ჩამოაგდო. აქედან ერთი მის კორპუსს დაეცა. იმ დღეს ჯანგულმა ოჯახის ოთხი წევრი დაკარგა. მერე სახლის ნანგრევებში დიდხანს ეძებდა მათი სხეულის ნაწილებს. როგორც იქნა, შეაგროვა, ზეწარში გახვია და იქვე, ეზოში, ნაძვის ძირში სახელდახელოდ გათხრილ საფლავში დამარხა. ამ ტერიტორიას არ სცილდებოდა. ეშინოდა, რომ ძაღლები იქ არსებული სუნის გამო საფლავს ამოთხრიდნენ. იმ დღით კომბინატის დასახლებაში საავიაციო დაბომბვას 9 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.
9 აგვისტოს დაბომბვას უფრო დიდი მსხვერპლი მოჰყვა ვერხვების დასახლებაში. ერთ-ერთი კორპუსის პირველ სართულზე გორის სასწრაფო დახმარების ოფისი იყო განთავსებული. დაბომბვისას ოფისი დაინგრა, დაიღუპა ერთი ექიმი და მძღოლი, კიდევ ერთი ექიმი მძიმედ დაშავდა. დანგრეული ოფისიდან სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა გორის საავადმყოფოს შენობაში გადაინაცვლეს და იქიდან დადიოდნენ გამოძახებებზე. გამოძახებები კი მთელ რაიონში იმაზე ბევრად მეტი იყო, ვიდრე იყო ხოლმე ადრე, ჩვეულებრივ დღეებში. დალი ვანიშვილი 44 წელია, რაც სასწრაფო დახმარების თანამშრომელია. 10 წლის წინანდელი ამბები მას გუშინდელ დღესავით ახსოვს. ახლაც ღელვით იხსენებს სოფელ მერეთის ერთ-ერთი სახლის სარდაფიდან 16 ბავშვის გამოყვანას. ახსოვს, როგორ ცდილობდა გადაერჩინა ჰოლანდიელი ოპერატორი სტან სტორიმანსი, რომელიც 12 აგვისტოს გორის ცენტრის კასეტური ჭურვებით დაბომბვას შეეწირა.
9 აგვისტოს, გორისა და მიმდებარე სოფლების დაბომბვისას, 25 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 138. რუსული ავიაციის მიერ ზუსტად 10 წლის წინ 48 ქართული სოფელი დაიბომბა.