12 აგვისტო - გორის უახლესი ისტორიის მძიმე ფურცელი

გორი. 9 აგვისტო, 2008 წ.

11 წლის წინ ალეკო როშნიაშვილი გორის ჰოსპიტალთან ახლოს იმყოფებოდა, როცა ძლიერი აფეთქების ხმა გაიგონა. ხმა ცენტრალური მოედნის მხრიდან მოდიოდა და ალეკოც იქით გაიქცა, მოედანზე მისულს კი ადგილზე ბევრი დაჭრილი და დაღუპული დახვდა. ჰოლანდიის ტელევიზიის ოპერატორი სტან სტორიმანსი ალეკომ სხვა ადამიანებთან ერთად სასწრაფოს მანქანაში შეასვენა.

„ჰოსპიტალის უკანა ეზოდან მოვდიოდი, როცა ეს გამაყრუებელი ხმა იყო. ყურებმა ძაგძაგი დამიწყო. გამოვიქეცი, წამოვედი მოედნისკენ. საქართველოს ბანკთან ერთი დავინახე, გახვრეტილი ჰქონდა ფეხი. ერთი მიცვალებული მოედნის კუთხესთან ეგდო. ათ კაცამდე იყო მიცვალებულები. სანამ ხალხი მოგროვდებოდა, ერთი უცხოელი ჟურნალისტი იყო, გადმოვიყვანეთ მანქანიდან, სანამ სასწრაფო მოვიდოდა. სასწრაფოც ისეთ რეჟიმში მუშაობდა, რომ, ცხადია, მალე ვერ მოვიდოდა. გადმოვიყვანეთ და უკვე გარდაცვლილი იყო, ხრიალებდა. მერე ხალხიც მოგროვდა. ძალიან ცუდი სიტუაცია იყო. საკაცეზე მოვათავსეთ და შევასვენეთ მანქანაში“.

12 აგვისტოს, როდესაც უკვე ახლოვდებოდა ცეცხლის შეწყვეტის დრო, კასეტური ბომბი ჩამოაგდეს და იმ დროს დაიღუპა ჩემი ძმა.
გოჩა სეხნიაშვილი

იმ დღეს სასწრაფო დახმარების მანქანა დაჭრილებისა და დაღუპულების სამედიცინო დაწესებულებებში გადაყვანას ვერ აუდიოდა. გორის გარდა, მასობრივად იბომბებოდა ახლოს მდებარე სოფლები. რუსეთის ავიაციამ სოფელ თორტიზაში 100-ზე მეტი ჭურვი ჩამოაგდო, ხოლო ქალაქს კასეტური ბომბებით ბომბავდა. სასწრაფოს ექთანი დალი ვანიშვილი იმ დროს მოედანზე მივიდა და ჰოლანდიელი ოპერატორის გადარჩენა სცადა, თუმცა მაშინვე მიხვდა, რომ უკვე გარდაცვლილი იყო.

გოჩა სეხნიაშვილიც გორის ცენტრალურ მოედანზე დაიღუპა. ძმამ, დეკანოზმა ხვიჩამ (სეხნიაშვილი), ის თბილისში დაასაფლავა და მაშინვე გორში დაბრუნდა, სადაც სხვა გაჭირვებულ ადამიანებს ეხმარებოდა. დეკანოზი ამბობს, რომ პირადი ტკივილი გვერდით გადადო, როცა დახმარება სხვებს სჭირდებოდა:

სტენსილი გორში

„12 აგვისტოს, როდესაც უკვე ახლოვდებოდა ცეცხლის შეწყვეტის დრო, კასეტური ბომბი ჩამოაგდეს და იმ დროს დაიღუპა ჩემი ძმა. გარდაცვალების წინ მეზობელთან იყო გასული. გამგეობასთან დასხდნენ, იქ ათვალიერებდნენ, რა სიტუაცია იყო, და წამოდგა, წინ დაუდგა მეზობელს და მაშინ მოხდა აფეთქება და მთელი დარტყმა ამან მიიღო. მეზობელი მსუბუქად დაიჭრა. ფაქტიურად, გადაარჩინა, სიცოცხლე შეუნარჩუნა. გორში ვერც დავმარხეთ, თბილისში გადავასვენეთ. დავმარხეთ და ეგრევე დავბრუნდით. პირადი მწუხარება იმ მომენტში, გინდა არ გინდა, მისთვის უკვე აღარ გცალია შენ, რადგან უამრავი ადამიანი იყო მისახედი და სწორიც არ იქნებოდა, რომ შენ ახლა იქ პირადი რაღაცები დაგეწყო. გამორიცხულია. ჩამოვედი თუ არა, მეუფემ (ანდრია გვაზავა) მამები გადაგვანაწილა გარკვეული მიმართულებით და იმ მომენტმა გადამატანინა ეს ყველაფერი. მოსახლეობა პირადად მე მეუბნებოდა, რომ მეუფე ანდრია რომ არ დარჩენილიყო ეპარქიაში... ერთადერთი ეპარქიის საცხობი იყო ქალაქში, რომელიც მოსახლეობას ამარაგებდა პურით და ის ერთი პურიც, რომელიც ხვდებოდა ამა თუ იმ ოჯახს, ეს იყო მათი კიდევ ერთი სტიმული აქ დარჩენის და ბრძოლის გაგრძელებისა. შეიძლება ხელში იარაღი არ აიღო, მაგრამ აქ დარჩენა სრულად გაზიარება იყო იმ ბრძოლისა. უფალმა უფრო მეტად დაგვანახვა, თუ რა არის სიცოცხლე, რა ღირებულებაა ეს ყოველივე“.

ბომბის ჩამოგდების ადგილი

2008 წლის 12 აგვისტოს რუსეთის არმიამ გორს ისკანდერის ტიპის ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტა ესროლა. ამ რაკეტას გადაჰქონდა კასეტური ბომბები, რომლებიც მიწაზე დაცემისას უამრავ ნამსხვრევად იშლებოდა . ნასხვრვევები დიდ მსხვერპლს იწვევდა. ამ ნამსხვრევების კვალი გორის ქუჩებში ახლაც ჩანს. ქალაქში ბომბების ჩამოყრის შემდეგ ისკანდერის რაკეტამ თვითგანადგურება დაიწყო და მისი ერთი ნაწილი ონიაშვილების სახლში სახურავიდან ჩავარდა. ოჯახი ამ დროს გახიზნული იყო. ნინო მურადელი ამბობს, რომ შესაბამის სამსახურებს რაკეტის ნარჩენი სახლიდან დიდხანს ვერ გაჰქონდათ:

„მტკიცედ გადავწყვიტე, რომ მე ეს სახლი არ დამეტოვებინა, მაგრამ მერე დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ გორი უნდა დაბომბონო, და იმ ღამეს გავედით, თავი ატენის სიონს შევაფარეთ. ჩემი მეუღლე ყოველდღე მოდიოდა გორის ტერიტორიის დასათვალიერებლად. ერთ დღესაც შეამჩნია, რომ სახლის სახურავი იყო ჩაღრმავებული, ჩანგრეული, დისტანციიდან დაინახა. რომ შემოვიდა ჩემი მეუღლე სახლში, თან მეგობარი ახლდა, უკან გაიქცნენ შიშისგან, იმიტომ რომ დანგრეულ სახლში შემოვიდა და ამხელა უშველებელი ბომბი ეგდო ჩვენ ბინაში. ეს საბრძოლო მოქმედებები რომ დამთავრდა, დავბრუნდით სახლში და მთელი მსოფლიოს წარმომადგენლები გველოდნენ, მათ შორის ჟურნალისტები. ყველა იღებდა ამ კადრებს, ინტერვიუებს გვართმევდნენ. არ გაჰქონდათ ბომბი. მერე სამხედრო სარდლობაში დავრეკეთ და ვერც ფანჯრიდან, ვერც კარიდან ვერ გაიტანეს, ისევ ამწეთი სახურავიდან გაიტანეს. ამ ნერვიულობაზე და შიშზე, მართალია, სიკვდილს გადავრჩით, მაგრამ ჯანმრთელობა ძალიან შეგველახა მეც და ოჯახის წევრებსაც“.

ახლა ისკანდერის ტიპის რაკეტის ნარჩენი საქართველოს მთავარი მტკიცებულებაა რუსეთის წინააღმდეგ ევროპულ სასამართლოში წარდგენილ სარჩელზე. 11 წლის წინ, გორის კასეტური დაბომბვისას, ცენტრალურ მოედანზე 10-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

​დიდი მსხვერპლი იყო გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში. 12 აგვისტო გორის უახლეს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ და მძიმე დღედ რჩება.