„აგერ ვარ მე, ვინც აიცრა ხუთი წუთით ადრე” - კოლეგებისთვის 28 წლის ექთნის გარდაცვალება ბოლომდე მაინც აუხსნელი რჩება

მეგი ბაქრაძე

ვაქცინაციის კითხვარი, ფორმა ნომერი 100, მედიკამენტები და ყველა ის საბუთი თუ ნივთმტკიცება, რომელიც 28 წლის მეგი ბაქრაძის სიცოცხლის უკანასკნელ წუთებთან არის დაკავშირებული, ამოღებული და დალუქულია.

ახალციხეში კლინიკა „იმედის“ იმუნიზაციისა და დაყოვნების ოთახები, ადგილი, სადაც გარდაცვლილი ექთანი კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრეს, რიგრიგობით დაათვალიერეს ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლებმა, შსს-ს გამომძიებლებმა და ჟურნალისტებმა.

არაერთგზის გამოიკითხნენ ექიმები და სამედიცინო პერსონალი, რომელმაც ჩაატარა ვაქცინაცია, რომელიც შეესწრო ექთნის კომაში ჩავარდნის მომენტს და ვინც პირველი დახმარება აღმოუჩინა.

რამდენად სწრაფად და სწორად აღმოუჩინეს დახმარება ექთანს, რომელსაც სავარაუდო ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა - ეს არის ერთ-ერთი მთავარი კითხვა, რომელსაც უნდა გაეცეს პასუხი.

ანტიშოკური დახმარება წამებში გაეწია, ვინაიდან იმუნიზაციის ოთახში გამზადებული შპრიცით დევს“ პროტოკოლით გათვალისწინებული წამლები. იმუნიზაციის ოთახში ანტიშოკური ტუმბო 15 მარტიდან დგას. რეანიმატოლოგის მისვლასაც მხოლოდ წუთი დასჭირდა. პირველადი დახმარების შემდეგ, პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს. დაყოვნების ოთახი აღჭურვილია პირველადი დახმარების ყველა საჭირო მედიკამენტითა და აპარატურით“, - ამბობს მზევინარ კაკოშვილი, კლინიკა „იმედის” კლინიკური მენეჯერი და ჰყვება, რომ მეგი ბაქრაძე დაყოვნების ოთახში იყო, როდესაც ვაქცინის გაკეთებიდან დაახლოებით 30 წუთში დაეწყო კანის წვა, ქავილი, ღებინების შეგრძნება და შემდეგ გონება დაკარგა. სავარაუდოდ, მას „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ ალერგიული რეაქცია - ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა.

18 მარტს კლინიკა „იმედში“ ვაქცინაცია 10 ადამიანს ჰქონდა დაჯავშნილი, მათ შორის, ქირურგიული განყოფილების გამგეს გოგი გოგოტიშვილს, რომელიც ჰყვება, რომ იგი მეგი ბაქრაძეზე 5 წუთით ადრე აიცრა „ასტრაზენეკას“ ვაქცინით.

აგერ ვარ მე, ვინც აიცრა მაგ საწყალი გოგოს წინ, ხუთი წუთით ადრე. მე ვარ ძალიან დიდი რისკჯგუფი. მაქვს შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერტონიული დაავადება, გულზე ნაოპერაციები, ხუთი შუნტი მადევს გულზე - და პრაქტიკულად არაფერი [არ მჭირს]. როგორც ვიყავი ამ აცრამდე, ისევ ისე ვარ - არც სიცხე, არც ხველა, არც ანაფილაქსია და არც თრომბოზი“, - ამბობს გოგი გოგოტიშვილი და აზუსტებს, რომ ყველა, ვისაც ჯავშანი ჰქონდა იმ დღეს, მეგი ბაქრაძის ჩათვლით, ერთი და იმავე ამპულიდან ამოღებული ვაქცინით აიცრა. 10-დან 9 ადამიანი თავს სრულიად ჯანმრთელად გრძნობს.


ექთანი, ვაქცინაციიდან მეორე დილით, 19 მარტს თბილისში პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კომიდან გამოუსვლელად გარდაიცვალა. ფატალური შემთხვევის მიზეზს ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტო იკვლევს. ასევე, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 116-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

დაწყებულია საგამოძიებო მოქმედება, სამედიცინო პერსონალი იკითხება. გამოძიებას აინტერესებს, როგორ დაიწყო ვაქცინაციის პროცესის მზადება, რომელი კანონის საფუძველზე გახდა რეგიონში ჩვენი კლინიკა იმუნიზაციის მიმწოდებელი დაწესებულება და ის პროტოკოლები, რითაც ვხელმძღვანელობთ, რაც შეეხება რეგულირების სააგენტოს, რომელიც გუშინვე შემოვიდა, მათ შეისწავლეს სამედიცინო დოკუმენტაცია, დავიკითხეთ ყველა შემსწრე პერსონალი და აიღეს ინფორმაცია ახსნა-განმარტებითი ბარათის სახით“, - ამბობს მზია კაკოშვილი.

მეგი ბაქრაძე კოვიდკლინიკაში ექთნის ასისტენტი იყო და ლაბორანტებს ცხვირ-ხახის ნაცხის აღებაში ეხმარებოდა. როგორც კლინიკის ხელმძღვანელები ამბობენ, ის ჯანმრთელი იყო აცრის წინ, გამოკითხვისას არ უთქვამს, რომ ალერგიული იყო ან თავს შეუძლოდ გრძნობდა. მას არც COVID-19 ჰქონდა გადატანილი. როგორც ცხელების ცენტრის თანამშრომელი, მეგი ბაქრაძე შვიდ დღეში ერთხელ პისიარტესტს იკეთებდა: „ამიტომ [არის] გამორიცხული, რომ კოვიდი ჰქონოდა და ჩვენ არ გვცოდნოდა“, - აცხადებს კლინიკის დირექტორი გიორგი ბარძიმაძე.

მეგი ბაქრაძის ცხედარი ამ დრომდე რჩება სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში. მის გადასვენებას ადიგენის რაიონის სოფელ ქვემო ენთელში გამთენიისას ელოდებიან. 28 წლის ქალი 2 პატარა შვილის დედა იყო.

„მთელ სოფელს ეწყინა. დატოვა პატარა ბავშვები. დღეს იყო მოსული მისი პატარა გოგო, პირველკლასელი და მეკითხებოდა, რატომ არის ჩვენ სახლთან ამდენი ხალხიო. რა უნდა მეთქვა?!” - ამბობს ავთანდილ ნოზაძე, მეგი ბაქრაძის თანასოფლელი.

ეს, ალბათ, ძალიან მძიმედ იმოქმედებს ყველაზე. ვაქცინა იმისთვის მოდის, რომ კაცი გადაგარჩინოს. ამით კი ისეთი ანტირეკლამა გაკეთდა, არ ვიცი, კიდევ ვინმე თუ გაიკეთებს მას უახლოეს მომავალში“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ქვემო ენთელის დეპუტატმა მევლუდ ბახტურიძემ.

ახალციხეში ვაქცინაცია დროებით შეჩერდა. ხვალისთვის, 20 მარტისთვის დაგეგმილი ყველა ჯავშანი გაუქმდა. „ასტრაზენეკას“ კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით აცრა მხოლოდ ორშაბათიდან, 22 მარტიდან განახლდება. ახალციხელი ექთნის გარდაცვალების შემდეგ საქართველოში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის პუნქტების 50 % გაუქმდა. ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილებით, კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია მხოლოდ იმ კლინიკებში გაგრძელდება, რომლებსაც რეანიმაციული განყოფილება აქვთ.