საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა უნდა გადაწყვიტონ, განიხილავენ თუ არა "აგენტების კანონის" შესახებ სარჩელებს და შეაჩერებენ თუ არა განხილვის დასრულებამდე კანონის მოქმედებას.
„ყველა წუთი, საათი და დღე გადამწყვეტია“, - ამბობს, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ კონსტიტუციურ სარჩელზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელი, ქეთევან ერემაძე რადიო თავისუფლებასთან. ის ელის, რომ საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილებას შემჭიდროებულ ვადებში გამოაცხადებს.
რამდენია „შემჭიდროებული ვადა“?
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონით არ არის დადგენილი, თუ რა ვადაში უნდა ჩაინიშნოს პირველი განმწესრიგებელი სხდომა, სადაც სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხი წყდება.
განმწესრიგებელი სხდომა, როგორც წესი, ზეპირი მოსმენის გარეშე ტარდება. "აგენტების კანონის" შესახებ საკონსტიტუციო სარჩელის შემთხვევაში სასამართლომ ზეპირი მოსმენის გადაწყვეტილება მიიღო და სხდომა 2024 წლის 28 აგვისტოს ჩანიშნა.
კანონი არც იმას განსაზღვრავს, რა ვადაში უნდა გამოაცხადოს სასამართლომ გადაწყვეტილება განმწესრიგებელი სხდომის დასრულების შემდეგ.
მხოლოდ წერია, რომ კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების განხილვის ვადა 9 თვეს არ უნდა აღემატებოდეს.
ამ ვადის ათვლა სასამართლოში სარჩელის რეგისტრაციის მომენტიდან იწყება. ვადა შეიძლება გაგრძელდეს 2 თვით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გადაწყვეტილების საფუძველზე. ორგანული კანონის თანახმად, აღნიშნული დასაშვებია მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში. თუმცა კანონი არ განმარტავს, რა ითვლება განსაკუთრებულ შემთხვევად.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, იმავე „უცხოეთის აგენტების“ კანონისთვის ათვლის წერტილი 2024 წლის ივლისი და აგვისტოა. ყველაზე ბოლოს, 19 აგვისტოს შევიდა საკონსტიტუციო სასამართლოში ჟურნალისტების: გელა მთივლიშვილისა და ნინო ზურიაშვილის საკონსტიტუციო სარჩელი.
საკონსტიტუციო სასამართლოში აგენტების კანონის წინააღმდეგ, ჯამში, ოთხი სარჩელი შევიდა.
მათი ავტორები არიან:
- საქართველოს პრეზიდენტი,
- 100-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია,
- საპარლამენტო ოპოზიცია
- ჟურნალისტები.
საკონსტიტუციო სასამართლომ ოთხივე სარჩელი გააერთიანა. მოსარჩელეები საკონსტიტუციო სასამართლოს სთხოვენ გააუქმოს კანონი, რომელიც, ამ სარჩელების მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას, დამოუკიდებელ მედიასა და ქვეყნის ევროინტეგრაციას აზიანებს და საბოლოო გადაწყვეტილებამდე სადავო ნორმის მოქმედება შეაჩეროს.
„თუ სასარჩელო მოთხოვნას თან ახლავს შუამდგომლობა აქტის მოქმედების შეჩერების შესახებ, საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა ასეთია, რომ ის აუცილებლად ჩანიშნავს განმწესრიგებელი სხდომის ზეპირ განხილვას”, - განმარტავს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე მაია კოპალეიშვილი.
შედარებით განსხვავებულია პრეზიდენტის სარჩელის შინაარსი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს სთხოვს იმსჯელოს, ხომ არ არღვევს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონი კონსტიტუციის 78-ე მუხლს, რომელიც კონსტიტუციურ ორგანოებს ევროპული და ევროატლანტიკური კურსის მტკიცე ერთგულებას ავალებს. ამ მუხლით დავის უფლებამოსილება, მოსარჩელეებიდან მხოლოდ პრეზიდენტს აქვს.
„ვინაიდან საქმე ეხება აქტუალურ და რეზონანსულ საკითხს და უკავშირდება ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივ განვითარებას ევროკავშირის ფარგლებში, სასამართლოს უჩნდება ვალდებულება, აგენტების კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელებს გარკვეული პრიორიტეტი მიანიჭოს.
ეს არ არის მათი კეთილი ნების გამოვლენა, ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ მოსამართლეს კონსტიტუციის შესაბამისი დემოკრატიული ღირებულებები და შეხედულებები უნდა ჰქონდეს და აქედან გამომდინარე უნდა წყვეტდეს საკითხებს“, - ამბობს მაია კოპალეიშვილი.
საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა ის ყოფილი წევრი, რომლებსაც რადიო თავისუფლება ესაუბრა, ამბობს, რომ საკონსტიტუციო სარჩელს ნორმის შეჩერების შესახებ მოთხოვნა დამატებით მნიშვნელობას აძლევს, რაც განხილვის დაჩქარების საფუძველიც შეიძლება იყოს.
„სარჩელი სადავო ნორმების შეჩერებას მოითხოვს, ეს ნიშნავს იმას, რომ ამ კანონის მოქმედება მხარისთვის გამოუსწორებელ შედეგს იწვევს, ანუ ის უნარიანია დაარღვიოს ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, ეს ნიშნავს, რომ სასამართლომ უნდა იჩქაროს იმიტომ, რომ ამ ნორმის შეჩერების მოთხოვნის დატვირთვაც ეგაა, რომ მოასწრონ იმ ზიანის თავიდან აცილება, რომლის გამოწვევაც ამ ნორმის მოქმედებას შეუძლია“, - ამბობს ქეთევან ერემაძე.
აგენტების რეესტრში ნებაყოფლობით რეგისტრაციის ვადა 2 სექტემბერს ამოიწურა, ეს ნიშნავს, რომ 3 სექტემბრიდან იუსტიციის სამინისტროს ფინანსური მონიტორინგის დეპარტამენტს უფლება აქვს შეამოწმოს და დააჯარიმოს ყველა ის ორგანიზაცია, რომლებმაც რეგისტრაციაზე უარი თქვეს. იუსტიციის სამინისტროს ცნობით, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად რეგისტრაციის სურვილი ნებაყოფლობით 476-მა ორგანიზაციამ გამოთქვა.
ასევე ნახეთ ბრძანება #1019 - ცნობილია, როგორ დაარეგისტრირებენ ორგანიზაციებს „აგენტების რეესტრში"„საკონსტიტუციო სასამართლოს აქამდეც შეეძლო გადაწყვეტილების მიღება, სამართლებრივად რთული საქმე არ არის“, - ამბობს არასამთავრობო ორგანიზაციების სარჩელის მომხსენებელი, იურისტი გიორგი დავითური.
პასუხი კითხვაზე - რატომ არაა რთული? - იურისტისთვის საქმის შინაარსშია.
„კანონი თავისი შინაარსით არის ცხადად რუსული, თავისი რეპრესიული მექანიზმებით, მათ შორისაა მონიტორინგი, პერსონალური ინფორმაციის მოთხოვნა და გასაჯაროება, ჯარიმები, ხუთი დღეც კი საკმარისია იმისთვის, რომ ორგანიზაციები გამოუსწორებელ შედეგებამდე მივიდნენ, ეს ყველაფერი იუსტიციამ პროცესზე თავად დაადასტურა, მაგრამ არც სჭირდებოდა დადასტურება, კანონმდებლობიდანაც ცხადია. უკვე საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე რომ ვიყოთ, სხვა რამეს ვიტყოდი, მაგრამ განმწესრიგებელი სხდომის ეტაპს რაიმე განსაკუთრებული ვადა არ სჭირდება, გადაწყვეტილების მიღება სწრაფადაა შესაძლეველი“, - ეუბნება გიორგი დავითური რადიო თავისუფლებას.
არსებითი განხილვის ეტაპისგან განსხვავებით, განმწესრიგებელი სხდომის ეტაპზე სასამართლოს ნორმების კონსტიტუციურობის დასაბუთების ვალდებულება არ აქვს. რაც, ქეთევან ერემაძის განმარტებით, „ნაკლებად შრომატევადი და რთული საქმეა“.
ამ ეტაპზე პლენუმის ვალდებულებაა შეამოწმოს: გამომდინარეობს თუ არა პრობლემა კანონიდან და ეს კანონი სწორად მიემართება თუ არა კონსტიტუციის შესაბამის მუხლებს.
რა როლი აქვს პლენუმს?
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი ცხრა მოსამართლისგან შედგება. გადაწყვეტილებები უმრავლესობით მიიღება. ეს ნიშნავს, რომ გადაწყვეტილებისათვის საჭიროა, სულ მცირე, ხუთი ხმა. ამჟამად, „აგენტების კანონის“ განხილვებში მხოლოდ რვა მოსამართლე მონაწილეობდა. სასამართლოს ცნობით, ერთ-ერთი მათგანი, ირინე იმერლიშვილი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ესწრება სხდომებს.
რვაწევრიან კოლეგიაშიც, სულ მცირე, ხუთი ხმა არის საჭირო გადაწყვეტილების მისაღებად.
ერთ-ერთი ბოლო პოლიტიკურად სენსიტიური საქმე, რაც სასამართლომ ამ შემადგენლობით განიხილა, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტი იყო. პრეზიდენტი კონსტიტუციის დამრღვევად ცხრიდან ექვსმა მოსამართლემ მიიჩნია. პლენუმის გადაწყვეტილებას სამი მოსამართლე არ დაეთანხმა და განსხვავებული მოსაზრება დაწერეს:
- ირინე იმერლიშვილმა (რომელიც ამჟამად განხილვაში არ მონაწილეობს);
- გიორგი კვერენჩხილაძემ;
- თეიმურაზ ტუღუშმა.
საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ზაზა თავაძე ვარაუდობს, რომ „აგენტების კანონის“ შესახებ საკონსტიტუციო სარჩელზე მოსამართლეთა ხმები შუაზე გაიყოფა, ეს კი სარჩელზე ავტომატურ უარს ნიშნავს.
„საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესის მქონე საქმეა, ამიტომ შესაძლოა ერთი სცენარი გაითამაშონ. ორი მოსამართლე დიდი ალბათობით დაწერს, რომ სარჩელი მისაღებია, მათ აზრზე გადავა კიდევ ორი მოსამართლე, ხმები 4-4-ზე გაიყოფა, ასეთ დროს ირთვება კონსტიტუციურ სამართალში ნორმის კონსტიტუციურობის პრეზუმფცია და სარჩელი წარმოებაში არ იქნება მიღებული. ნორმის კონსტიტუციურობის პრეზუმფცია არსებითი განხილვის ეტაპზეც ვრცელდება. ამის შემდეგ ისინი იტყვიან: "რა ვქნათ, ხმები გაიყო, სასამართლო დამოუკიდებელია და არანაირი ჩარევა გარედან არ მოდის"“, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, პარტიის „საქართველოსთვის“ წევრი ზაზა თავაძე.
საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს კანონში, მართლაც წერია, რომ „თუ კონსტიტუციურ სარჩელზე გადაწყვეტილების მიღებისას პლენუმის/კოლეგიის სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმები თანაბრად გაიყო, კონსტიტუციური სარჩელი არ დაკმაყოფილდება“.
სადავო ნორმების შეჩერების სხვა შემთხვევები
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა აჩვენებს, რომ სადავო ნორმის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებები სწრაფად, რამდენიმე დღეში მიიღება ხოლმე. ასე მოხდა, მაგალითად, ეროვნული ბანკის შესახებ საქმეზე, რომელიც სასამართლომ წარმოებაში 2015 წლის 12 ოქტომბერს მიიღო და სადავო ნორმის მოქმედებაც იმავე დღეს შეაჩერა.
„ნაციონალური მოძრაობისა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ დეპუტატებმა საკონსტიტუციო სარჩელით, სასამართლოში „ეროვნული ბანკის შესახებ“კანონში შეტანილი ცვლილებები გაასაჩივრეს. ამ ცვლილებების შედეგადაც შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი „საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო“ და მას დაეკისრა იმ ფუნქციების განხორციელება, რაც სადავო ნორმების ამოქმედებამდე ეროვნული ბანკის უფლებამოსილებას მიეკუთვნებოდა.
2017 წელს „ქართულმა ოცნებამ“ ახალი კანონპროექტი მოამზადა და ზედამხედველობის სამსახური ეროვნულ ბანკს უკან დაუბრუნა.
სადავო ნორმის მოქმედება მიმართვიდან ერთ კვირაში შეაჩერა საკონსტიტუციო სასამართლომ „რუსთავი-2“-ის საქმეზე. ოქმზე კიდევ სამ მოსამართლესთან ერთად ხელს აწერს მერაბ ტურავა, საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედი თავმჯდომარე.
„რუსთავი-2“-მა საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წელს, მას შემდეგ მიმართა, როცა ქიბარ ხალვაშმა ტელეკომპანიის დაბრუნებაზე საჯაროდ განაცხადა და თქვა, რომ თავის დროზე „რუსთავი-2“ მას „ამორალური გარიგების“ შედეგად დაათმობინეს.
დავის საგანი სამოქალაქო კოდექსის ის ნორმა იყო, რომლის მიხედვითაც, შესაძლებელია, ზნეობრივი ნორმების დარღვევის, ასევე შეუსაბამო ფასების გამო გარიგება ბათილად მიიჩნიოს სასამართლომ.
საკონსტიტუციო სასამართლომ „რუსთავი-2“-ის და შპს „საქართველოს“ საქმეზე გადაწყვეტილება 2017 წელს გამოაცხადა და სარჩელი არ დააკმაყოფილა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის 10 წლის მიმოხილვაში წერს, რომ სასამართლომ 2012-2023 წლებში ძირითადად 2-კვირიან პერიოდში ისეთი საქმეები განიხილა, რომლებიც სისხლის სამართლის პროცესს, საარჩევნო რეგულაციასა და კოვიდპანდემიის პერიოდში ადამიანის უფლებათა დაცვას უკავშირდებოდა.
„თუმცა, გადაჭარბებული იქნება განცხადება, რომ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის აღნიშნული საკითხები პრიორიტეტულია, რადგან საქმეთა მნიშვნელოვან ნაწილზე საკონსტიტუციო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება ამ დრომდე არ მიუღია“, - ნათქვამია მიმოხილვაში.
რა გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს საკონსტიტუციო სასამართლომ?
სულ სამი შესაძლო სცენარია:
- საკონსტიტუციო სასამართლო სარჩელს წარმოებაში მიიღებს და „აგენტების კანონის“ მოქმედებას განხილვის დასრულებამდე შეაჩერებს;
- საკონსტიტუციო სასამართლო სარჩელს წარმოებაში მიიღებს, თუმცა „აგენტების კანონის“ მოქმედებას არ შეაჩერებს;
- საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს წარმოებაში არ მიიღებს, რაც ავტომატურად ნიშნავს კანონის მოქმედების შეჩერებაზე უარს.
საკონსტიტუციო სასამართლოს პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ გადაწყვეტილება მიღებისთანავე გამოქვეყნდება სასამართლოსა და „საკანონდებლო მაცნეს“ ვებგვერდებზე. ეს კანონით გაწერილი ვალდებულებაა.