"ოცნების" "აგენტების კანონი" კანადაში განიხილეს - გეგმავს თუ არა თავად კანადა მსგავსი კანონის მიღებას?

"აგენტების კანონის" განხილვა კანადის პარლამენტში - 7 მაისი, 2024 წელი.

მაშინ, როდესაც კანადის პარლამენტში საქართველოში "აგენტების კანონის" დაბრუნებით გამოწვეული პრობლემები განიხილებოდა, „ქართული ოცნება“ ირწმუნებოდა, რომ ეს ქვეყანაც საქართველოს მსგავსი კანონის მიღებას გეგმავს.

კანადაში დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები მკვეთრად განსხვავდება "ქართული ოცნების" „აგენტების კანონისგან“ - ეს ცხადია პროექტის ზედაპირული წაკითხვითაც. კანადა არ აპირებს "უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებელი" არასამთავრობო თუ მედიაორგანიზაციების რეესტრის შექმნას.

კანადის პარლამენტში მიესალმებიან ხალხის პროტესტს ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ და უკვირთ - „ქართული ოცნების“ მტკიცება, რომ ეს კანონი ევროპული ან მათი მსგავსია.

რა ითქვა კანადის პარლამენტში "აგენტების კანონზე", საქართველოს ხელისუფლებაზე

„ვფიქრობ, თითოეული ჩვენგანი გრძნობს აღფრთოვანებას, თანადგომას და სოლიდარობას თქვენ მიმართ. ვნახეთ ათასობით ქართველი ქუჩაში, საბრძოლველად - თქვენი თავისუფლებისთვის, თქვენი დემოკრატიისთვის, პრესის თავისუფლებისთვის, სამოქალაქო საზოგადოებისთვის... როგორც თქვენ აღინიშნეთ, საქმე არ შეეხება მხოლოდ ერთ კანონს, საქმე შეეხება სივრცის შენარჩუნებას დემოკრატიისთვის, სამოქალაქო საზოგადოებისთვის, მედიის თავისუფლებისთვის საქართველოში“, - თქვა 7 მაისს, საქართველოს საკითხის საკომიტეტო მოსმენის დროს ანიტა ვანდენბელდმა, კანადელმა პარლამენტარმა, რომელიც საგანგებო მხარდაჭერას საქართველოს ქალაქების ქუჩებში საპროტესტოდ გამოსულ ახალგაზრდებს უცხადებს.

ანიტა ვანდენბელდი, კანადის პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრუდოს პარტიის - „ლიბერალების" წარმომადგენელია. საკანონმდებლო ორგანოშია 2015 წლიდან და სხვადასხვა დროს სხვადასხვა საპარლამენტო პოსტს იკავებდა.

ანიტა ვანდენბელდი

საქართველოში არსებულ ვითარებაზე საუბრისთვის ანიტა ვანდენბელდმა საგანგებო მადლობა გადაუხადა ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის - "განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის" (CDD) აღმასრულებელ დირექტორს, ქეთევან ჩაჩავას, რომელიც საკომიტეტო მოსმენაზე ერთ-ერთ სპიკერად იყო მიწვეული.

„აგენტების კანონი“ CDD-საც ემუქრება და ჩაჩავამ, რომელიც კომიტეტის სხდომაზე ონლაინ ჩაერთო, კანადელ კანონმდებლებს განუმარტა, რომ ხედავს რეალურ საფრთხეს - როგორ გამოუთხრის ძირს „აგენტების კანონი“ სამოქალაქო საზოგადოებასა და გამოხატვის თავისუფლებას.

ჩაჩავამ აღნიშნა, რომ ქუჩაში შვილებთან ერთად დგას, ხოლო CDD არ გეგმავს „უცხო ძალის ინტერესების გამტარებლის“ შეურაცხმყოფელი სტატუსით დარეგისტრირებას და, კანონის საბოლოოდ დამტკიცების შემთხვევაში, ყველა შესაძლო სამართლებრივ გზას გამოიყენებს - საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ჩათვლით.

ქეთევან ჩაჩავა

რამდენად მნიშვნელოვანია არსებულ ვითარებაში კანადის პოზიცია საქართველოსთვის? - ჰკითხა რადიო თავისუფლებამ ქეთევან ჩაჩავას საკომიტეტო მოსმენის შემდეგ.

„რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კანადის პარლამენტი მუშაობს საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხზე და [მრავალპარტიულ ფორმატში] აპირებს პოზიციის ჩამოყალიბებას. ასევე, კანადის პოლიტიკა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნატოში ინტეგრაციის გზაზე, როგორც ერთ-ერთი ყველაზე დიდი სახელმწიფოსი. ნატოში ინტეგრაციისთვისაც [ევროკავშირის მსგავსად] გვჭირდება სრული კონსენსუსი და კანადა უჭერს მხარს საქართველოს გაწევრიანებას, მაგრამ დღეს მიმდინარე პროცესებმა ეს მხარდაჭერაც შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს“, - ამბობს ქეთევან ჩაჩავა.

კანადის პარლამენტში საქართველოს საკითხი ადამიანის უფლებათა ქვეკომიტეტმა განიხილა, რომელიც საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების კომიტეტის ნაწილია. სხდომას ყველა საპარლამენტო პარტიის დეპუტატი დაესწრო. ისინი ერთობლივი განცხადების გამოქვეყნებასაც გეგმავენ. საქართველოს საკითხის განხილვა კანადის პარლამენტში აპრილში დაიწყეს.

„როგორ შეუძლია საქართველოს მთავრობას, თქვას, რომ ეს კანონი ევროპულია, როდესაც ყველა მოკავშირე აფასებს მას, როგორც ევროპულ ფასეულობებთან შეუთავსებელს?“ - იკითხა კანადელმა დეპუტატმა საკომიტეტო მოსმენაზე.

ესექსის უნივერსიტეტის პროფესორი, ნატაშა ლინდშტედტი პასუხობს, რომ საგნების სხვანაირად წარმოჩენის ხერხი დამახასიათებელია ავტოკრატიისკენ მიდრეკილი რეჟიმებისთვის.

„რეალური მიზეზი, რომელიც ამ კანონის უკან დგას - ეს არის მმართველი პარტიის მიმართ ყველა სახის პოტენციურ საფრთხესთან გამკლავება. ავტოკრატიისკენ მიდრეკილ ქვეყნებში არასამთავრობო ორგანიზაციები წარმოადგენენ დიდ საფრთხეს, განსაკუთრებით ისეთი ენერგიული - როგორიც საქართველოშია, რომლებიც ესწრაფვიან დემოკრატიის მხარდაჭერას და დისკომფორტს უქმნიან "ქართულ ოცნებას", ქვეყნის ხელისუფლებას. ავტოკრატიისკენ მიდრეკილ ბევრ ქვეყანაში ხდება, როცა [ხელისუფლება] ამბობს ერთს, მაგრამ აკეთებენ მეორეს“, - ამბობს ბრიტანელი პროფესორი და საქართველოს შემთხვევას ადარებს უნგრეთს, სადაც, მისი თქმით, არასამთავრობოების წინააღმდეგ მიმართული მექანიზმი ასევე ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით აამოქმედეს. მოგვიანებით - უნგრეთის კანონი გააუქმა მართლმსაჯულების ევროპულმა სასამართლომ.

ასევე ნახეთ უნგრული გაკვეთილი „უცხოეთიდან დაფინანსებასა“ და „აგენტებზე“

ბრიტანელი პროფესორი ლაპარაკობს იმის შესახებაც, რომ ავტოკრატიის გზით მიმავალი მთავრობები ხშირად იყენებენ დემოკრატიისთვის დამახასიათებელ ლექსიკას, მაგრამ ეს მხოლოდ მანიპულაციის მიზნით.

საქართველოში რუსეთის ზეგავლენებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას კი, ნატაშა ლინდშტედტი პასუხობს - რომ ჯერჯერობით არ არის ნათელი - აკონტროლებს თუ არა „დე ფაქტო ლიდერ ივანიშვილს რუსეთი“; თუმცა საქართველოში შეინიშნება რუსეთის აგრესიული პროპაგანდის კამპანია - „პოლარიზაციის მცდელობა; იმ აზრის დანერგვა, რომ დასავლეთი ხელყოფს ტრადიციულ ფასეულობებს; რომ იქ არსებული დასავლური ძალები საქართველოს დესტაბილიზებას ახდენენ“ და სხვა.

განხილვაში მონაწილეობდა კარლტონის უნივერსიტეტის (კანადა) პროფესორი, ჯეფ საჰადეო. ის ამბობს, რომ „ჩრდილიდან გამოსული“ ბიძინა ივანიშვილი, მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით, „ფლობს ათჯერ მეტს [თანხას], ვიდრე რომელიმე სხვა ოლიგარქი რომელიმე სხვა ქვეყანაში“ და, რომ საქართველომ გააფართოვა კავშირი რუსეთთან და მათ შორის - განახლდა პირდაპირი ავიარეისები.

„გასულ კვირაში [19 აპრილს, რუსთაველის გამზირზე, კონტრაქციაზე - რ.თ.] სიტყვით გამოსვლისას მან [ბიძინა ივანიშვილმა] შეტევა მიიტანა „გლობალური ომის პარტიაზე“ [იცინის - რ.თ.] - მას არ უგულისხმია რუსეთი, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20% და რომელიც შეიჭრა უკრაინაში... ეს არის ნათელი გადასვლა უნგრეთის - ვიქტორ ორბანის რიტორიკაზე. ჩვენ ვხედავთ, რომ სლოვაკეთში რობერტ ფიცო [პოპულისტი პრემიერ-მინისტრი] იყენებს ამ ენას“, - ამბობს საჰადეო.

მას დაუსვეს კითხვა - საერთოდ სურს თუ არა „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირში გაწევრიანება?

პროფესორის პასუხია - „არა“. განმარტავს, რომ ასეთი განცდა მას ბიძინა ივანიშვილის გამოსვლის შემდეგ განუმტკიცდა და ცხადი გახდა, რომ საქართველოს ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს დაელოდოს დროს, როდესაც ევროკავშირში უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მსგავსი ლიდერები მომრავლდებიან.

განხილვაში მონაწილეობდა საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტის (Chatham House) უფროსი მკვლევარი, ყოფილი ელჩი ევროკავშირში, ნატალია საბანაძე.

მან გაიხსენა, რომ ელჩის თანამდებობა საკუთარი ნებით, 3 წლის წინ დატოვა, როცა დაინახა, რომ „მიმართულება დრამატულად იცვლებოდა“.

„თუკი FARA-სა [აშშ-ის კანონი] და სხვა მსგავსი აქტების სამიზნეა მტერი, საქართველოს კანონის სამიზნე არიან მეგობრები, კერძოდ - დასავლელი მხარდამჭერები, რომლებთანაც ჩვენ ინსტიტუციური კავშირი გვინდა, ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების გზით“, - საბანაძის განმარტებით, „აგენტების კანონი“ - ტექსტითა და სულისკვეთებით - ძალიან ჰგავს რუსეთში დამტკიცებულ კანონს და „სწორედ ამიტომ უწოდებენ პროტესტის მონაწილეები თბილისში მას რუსულ კანონს “.

ნატალია საბანაძეს უჭირს პროგნოზის გაკეთება - თუ როგორ დასრულდება მიმდინარე მწვავე პროტესტი და ამბობს, რომ არაფერს გამორიცხავს.

ამ დროს საქართველოში

როცა კანადის პარლამენტში საქართველოს პრობლემები განიხილებოდა, „ქართული ოცნება“, მისი მოკავშირეები და მომხრეები საქართველოში კანადაზე ლაპარაკობდნენ. მათ შორის, სოციალურ ქსელებში აზიარებდნენ პოსტებს, რომ კანადაშიც საქართველოს მსგავსი კანონი განიხილება.

„ვფიქრობ, აქციის ორგანიზატორებმა სასწრაფოდ უნდა მიმართონ პარტნიორებს, რომ კანადა იხსნან გარდაუვალი გარუსებისგან! რა გამჭვირვალობა და საგარეო ჩარევები, ამისი გატარება ნამდვილად არ შეიძლება!“, - დაწერა ფეისბუკპოსტში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა - მამუკა მდინარაძემ, 7 მაისს.

კანადის გარდა, საქართველოს ხელისუფლება მათ მიერ ინიციირებულ კანონს ადარებს აშშ-ში მოქმედ FARA-ს თუ ევროკავშირში ინიციირებულ კანონპროექტს. ვაშინგტონიდანაც და ბრიუსელიდანაც არაერთხელ განუმარტეს „ქართულ ოცნებას“, რომ მათ მიერ ინიციირებულ კანონს საერთო არაფერი აქვს ევროპულ თუ ამერიკულ პრაქტიკასთან.

საერთაშორისო პარტნიორების საერთო აზრია, რომ ეს კანონი საქართველოსთვის კონკურენტების გაჩუმებისა და ქვეყნის ევროპასთან დაშორების მეტს არაფერს მოიტანს.

და რას გეგმავენ კანადაში?

კანადის მთავრობის მიერ ინიციირებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც გარეშე ძალების ჩარევის პრევენციას ისახავს მიზნად, კვლავ განხილვის ადრეულ ეტაპზეა და დამტკიცებამდე, კიდევ ხანგრძლივ პროცედურას გაივლის.

  • საკანონმდებლო ცვლილების ინიციირების შესახებ 6 მაისს გამოაცხადეს საზოგადოებრივი უსაფრთხოების, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და სამთავრობათაშორისო საქმეთა მინისტრმა - დომინიკ ლებლანკმა, იუსტიციის მინისტრმა - არიფ ვირანიმ.
  • ითქვა, რომ - მოქმედ კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებებით [აქტიC-70], სახელმწიფო უკეთესი ინსტრუმენტებით უნდა აღიჭურვოს უცხო ქვეყნების ზეგავლენის წინააღმდეგ - კანადელების უსაფრთხოებისთვის.

წინასწარი ინფორმაციით, დაგეგმილია: ცვლილებების შეტანა ინფორმაციის უსაფრთხოების აქტში; უსაფრთხოების სამსახურის 40 წლის წინ შექმნილი აქტის მოდერნიზება და სისხლის სამართლის კოდექსში საბოტაჟის მუხლის დამატება.

საკანონმდებლო პაკეტი ასევე მოიცავს უცხოეთის ზეგავლენის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების აქტს (FITAA), რომლის ფარგლებშიც უნდა შეიქმნას უცხოეთის ზეგავლენის გამჭვირვალობის რეესტრი.

პროცესს უხელმძღვანელებს არა სახელმწიფო უწყება, არამედ - დამოუკიდებელი კომისარი, რომელიც იმოქმედებს მთავრობისგან დამოუკიდებლად. მსგავსი ქმედითი პრაქტიკა კანადას უკვე აქვს სხვადასხვა მიმართულებით და საყოველთაო ნდობით სარგებლობს.

ვინ შეიძლება მოხვდეს რეესტრში?

რეესტრში შევლენ ფიზიკური პირები ან ორგანიზაციები, რომლებიც მოქმედებენ უცხოელი პრინციპალის [მათ შორის - უცხო სახელმწიფოს ანდა სახელმწიფოს დაქვემდებარებული ბიზნესის] სახელით და ზეგავლენის მოხდენას ცდილობენ კანადის მთავრობასა ანდა პოლიტიკურ პროცესზე.

რეესტრში მოხვდება ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის ქმედებაც შეესაბამება წინასწარ განსაზღვრული სამი კრიტერიუმიდან - სამივეს:

1. გარიგება: დადებულია შეთანხმება უცხოელ პრინციპალთან და ფიზიკური/იურიდიული პირი მოქმედებს მისი მითითებით ან მასთან ერთად. პრინციპალი შეიძლება იყოს: უცხო ძალა, უცხო ქვეყანა, უცხოური ორგანიზაცია, უცხო ქვეყნის ეკონომიკური სუბიექტი [უცხო სახელმწიფოს კუთვნილი ბიზნესი];

2. საქმიანობა: სახელმწიფო მოხელესთან კომუნიკაცია; კომუნიკაცია ანდა ინფორმაციის გავრცელება ნებისმიერი გზით - სოციალური ქსელების ჩათვლით; ფულის ან ძვირფასი ნივთების გაცემა; სერვისების შეთავაზება ანდა საწარმოს მართვა.

3. საქმიანობის ობიექტი: დარეგისტრირების ვალდებულება წარმოიშობა, თუ ფიზიკური პირის ან ორგანიზაციის საქმიანობა უკავშირდებოდა პოლიტიკურ ანდა სახელისუფლებო პროცესებს. ეს მოიცავს: საპარლამენტო ანდა საკანონმდებლო პროცედურას; საკანონმდებლო წინადადების მომზადებას; ნებისმიერი პოლიტიკის ანდა პროგრამის შემუშავებას ან შეცვლას; სახელმწიფო მოხელის ანდა სამთავრობო ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებას, კონტრაქტის გაფორმების ჩათვლით; არჩევნების ან რეფერენდუმის ჩატარებას; პოლიტიკური პარტიის მიერ კანდიდატის წამოყენებას ანდა საარჩევნო პლატფორმის შექმნას.

  • უცხოეთის ზეგავლენების წინააღმდეგ მექანიზმების გაძლიერებაზე ფიქრი კანადაში წლების წინ დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში მწვავედ დადგა 2019 და 2021 წლებში, არჩევნებში ჩინეთის ჩარევის საკითხი. ჩინეთი როგორც მთავარი მიზეზი - კვლავ საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრშია, კანადაში დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებზე მსჯელობისას.
  • კანადის პარლამენტის თემთა პალატაში წინასწარი განხილვის დროს, აღინიშნა, რომ კანადის უსაფრთხოების რისკებს ქმნიან - ჩინეთი, ირანი, ინდოეთი, რუსეთი.
ასევე ნახეთ „მსგავსი კანონები“? - რაზე მუშაობენ კანადა და EU სინამდვილეში

განხილვების პროცესში აქტიურად არიან ჩართული კანადელი მეცნიერები, ექსპერტები, პოლიტიკოსები თუ არასამთავრობო ორგანიზაციები.

„ქართული ოცნების“ მიერ კვლავ ინიციირებული „აგენტების კანონი“ კი გულისხმობს უკლებლივ ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაციის რეგისტრაციას, რომელიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებს. პროცესს ხელმძღვანელობს იუსტიციის სამინისტრო, რომელსაც ამა თუ იმ ორგანიზაციის შემოწმება წელიწადში ორჯერ შეუძლია. შემოწმების ხანგრძლივობა და საფუძველი ბუნდოვანი და სადავოა.

"ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ კანონპროექტი უკვე ორი მოსმენით დაამტკიცა. დარჩენილია კიდევ ერთი მოსმენა. "აგენტების კანონის" წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქციები იმართება. დემონსტრანტებს სახელმწიფო საპოლიციო ძალით არაერთხელ დაუპირისპირდა. არსებობს ვიდეომასალები, თუ როგორ უწორდება სპეცრაზმი დემონსტრანტებს. დაშავდა ათობით ადამიანი, მათ შორის - პოლიციელები. დააკავეს აქციების ათეულობით მონაწილე.

ასევე ნახეთ: