„აბუკურა“ - იდუმალი პოემა „ვეფხისტყაოსნამდე“

„აბუკურა“ - ასე შეარქვეს ნაწარმოებს, რომლის შესახებ ქართველმა მეცნიერებმა ცოტა რამ იციან, ფართო საზოგადოებამ კი - თითქმის არაფერი. ეს ლამაზი და პოეტური თხზულება „ვეფხისტყაოსნამდე“ სულ მცირე 100 წლით ადრე დაიწერა, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ შეუმჩნეველი და დაუფასებელი დარჩა.

თხზულება დაახლოებით 15 გვერდია და მასში საბაწმინდელი ბერის მიქაელის მარტვილობაა აღწერილი. მოქმედება 685-705 წლების იერუსალიმში ხდება. თვითონ ტექსტი კი დაახლოებით X-XI საუკუნეებით თარიღდება.

„აბუკურა“ სხვა ჰაგიოგრაფიული ძეგლებისგან იმით გამოირჩევა, რომ სრულად გარითმულია. ბუნებრივია, რითმა და ტექსტის რიტმი განსხვავდება არა თუ თანამედროვე, არამედ თუნდაც რუსთაველის ეპოქის რითმებისგან, ის უფრო ხშირი და ერთი შეხედვით პრიმიტიულია, მაგრამ მთლიანობაში თხზულებას საოცარ მუსიკალურობას სძენს.

„...ხოლო მან მიხილნა ჩვენ მიმავალნი მოსწრაფედ,
მოგვეგება და მოწყალეთ
მოგვიკითხნა
და სიხარულით შეგვიწყნარნა
და თქვა, ღმერთმან კეთილად მოგიყვანნა
და შემიყვანნა
და სენაკად აღმიყვანნა
და ვყავთ ლოცვაჲ
და დაგუსხნა და ფეხნი დაგუბანნა
და ვითარ მცირედ ჟამ ვსხედით
და ვზრახევდით
და ვისმენდით და ფრიად ვირგებდით...“

პოეტმა შალვა ბაკურაძემ ამ თხზულებას პოემის ფორმა მისცა და ახლა ამ სახით გამოცემაზე ფიქრობს. მიიჩნევს, რომ ნაწარმოები ძალიან მაღალი დონის პოეზიაა, მით უფრო იმ ეპოქის გათვალისწინებით, რომელშიც ის დაიწერა.

„რომ კითხულობ, ხვდები, რომ ეს არის ნაწარმოები, რომელიც წაკითხული თუ არა, მოსმენილი მაინც ჰქონდა შოთა რუსთაველს, იმდენად კარგი დამთხვევებიავეფხისტყაოსანთანდა პოეტური ხერხები. განსაკუთრებულად იკითხება, თავისი აქცენტები აქვს, რომელიც უნდა დაიჭირო. ეს ნაწარმოები იციან მხოლოდ ფილოლოგიის ფაკულტეტზე, მაგრამ იქაც მას უყურებენ არა როგორც პოეზიას, არამედ წმინდა მეცნიერული კუთხით განიხილავენ“, - ამბობს შალვა ბაკურაძე.

იდუმალი თხზულება

გიორგი მთაწმინდელის „იოანესა და ექვთიმეს ცხოვრებაში“, რომელიც მე-11 საუკუნეშია დაწერილი, ნახსენებია ნაწარმოები „აბუკურა“, რომელიც, ავტორის თქმით, ექვთიმე მთაწმინდელმა ქართულიდან ბერძნულად თარგმნა. მეცნიერები კარგა ხანს ბჭობდნენ, კერძოდ რომელი ნაწარმოები იგულისხმებოდა „აბუკურაში“ და იყო თუ არა საერთოდ ეს ტექსტი შემონახული. საიდუმლო თხზულების ირგვლივ კარგა ხანს ვარაუდების გარდა არაფერი ისმოდა. პავლე ინგოროყვამ გამოთქვა მოსაზრება, რომელიც სხვებმაც გაიზიარეს - ეს ნაწარმოები შესაძლოა ყოფილიყო „მიქელ საბაწმინდელის მარტვილობა“, აბუკურა კი იმის გამო შეერქვა, რომ მას თეოდორე აბუკურა ჰყვება და ეს თხზულების შესავალშივეა აღნიშნული.

ვინ არის აბუკურა?

„აბუ“ არაბულად მამას, „კურა“ კი ნუგეშინისმცემელს ნიშნავს. თეოდორე აბუკურა, იგივე თეოდორე ხარანელი ისტორიული პიროვნებაა, ეპისკოპოსი, რომელიც VIII-IX საუკუნეებში დღევანდელი ისრაელის ტერიტორიაზე მოღვაწეობდა. ის არის ავტორი რამდენიმე არაბული თხზულებისა, რომელთაგან ზოგი ქართულადაც ითარგმნა. მეცნიერების ნაწილი ფიქრობდა, რომ შესაძლოა ეს თხზულებაც მას დაეწერა. მაგრამ მას შემდეგ, რაც თითქმის დამტკიცდა, რომ თხზულება „აბუკურა“ და „მიქელ საბაწმინდელის მარტვილობა“ ერთი და იგივეა, სხვა ვერსიაც გამოიკვეთა. „მიქელ საბაწმინდელის მარტვილობაში“ პირდაპირ არის ნათქვამი, რომ ის ვინმე ბასილმა დაწერა: „ხოლო მე ბასილი გლახაკმან აღვწერე“...

Your browser doesn’t support HTML5

ფრაგმენტი „აბუკურადან“

საბოლოოდ, მიუხედავად ბევრნაირი ვერსიისა, ნაწარმოების ავტორის ვინაობა დღემდე უცნობია. მიუხედავად იმისა, რომ ის არაბულიდან თარგმნილად მიიჩნევა, არსებობს ვერსია, რომ შეიძლება ორიგინალი ქართული ტექსტი იყოს, თუნდაც მხოლოდ იმის გამო, რომ არაბულად მსგავსი თხზულება უბრალოდ არ არსებობს და არა მხოლოდ არაბულად, ზოგადად ეს ტექსტი მხოლოდ ქართულ ენაზეა შემონახული.

ახალგაზრდა, ლამაზი ბერის ამბავი

„მიქელ საბაწმინდელის მარტვილობაში“ მოთხრობილია ამბავი ბერზე, რომელიც ხალიფას მეუღლეს შეუყვარდა.

საბაწმინდის ლავრა დღევანდელი ისრაელის ტერიტორიაზე მდებარეობს. აქ ქრისტიან არაბებსა და ბერძნებთან ერთად ქართველებიც მოღვაწეობდნენ. თხზულება იწყება იმით, რომ აღდგომისწინა პერიოდში საბაწმინდის ლავრიდან ბერები ლიტანიობაზე წავლენ და შესასვენებლად აბუკურასთან შეჩერდებიან. ის კი მათ მიქელ საბაწმინდელის ამბავს მოუთხრობს.

ახალგაზრდა ბერი სახელად მიქაელი საბაწმინდის ლავრაში მოღვაწეობდა და თან ხელსაქმით იყო დაკავებული. ლოცვისთვის რომ არ მოეწყვიტათ და ნაკეთობების გასაყიდად არ გაეგზავნათ, მიქაელმა მოძღვარს უთხრა, ვაჭრობის მრცხვენიაო, მაგრამ მოძღვარი მჭვრეტელი ბერი იყო:

„ხოლო ბერმან უწყოდა
სულითა წინაჲსწარითა ცნობითა,
ვითარმედ არა ჰრცხვენოდა მისითა,
არამედ იღუწიდა ლოცვითა
და წარავლინა იძულებით“...

იერუსალიმში სავაჭროდ წასული ბერი აბდალ-მალიქ ხალიფას მეუღლეს სეიდას გადაეყრება, ბერი ახალგაზრდა და ლამაზი იყო და ქალს ის ძალიან მოეწონა.

„შევიდა გულსა დედაკაცისასა
მგელი იგი,
რომელი არა დასცხრების ბრძოლასა მონაზონთასა,
აღძრა ცოლი ამირა მუმლისაჲ
და შთაუგდო ტრფიალებაჲ მონაზონისაჲ,
რამეთუ იყო იგი გრძელ ჰასაკითა
და ჭაპუკ ჟამითა და შვენიერ ხატითა...“

ამის შემდეგ იწყება ძველი და ბევრჯერ გამეორებული აღმოსავლური ამბავი გამიჯნურებული დედოფლისა და ბერისა, რომელიც ქრისტეზეა შეყვარებული. საბოლოოდ ქალი, რომელმაც მონაზონი ვერ დაიყოლია, მას ქმართან დაასმენს, ხალიფა მიქაელისაგან რჯულის შეცვლას მოითხოვს. მათი კამათი გადაიზრდება პროცესში, რომელსაც ძველად სიტყვისგებას უწოდებდნენ.

ხალხი იკრიბებოდა, ორატორებს მოიწვევდნენ და ამას ერქვა სიტყვისგება. ისტორიულად ცნობილია, რომ ორჯერ იყო დიდი კამათი ქართველებსა და სომხებს შორის სარწმუნოებრივ განსხვავებაზე და ერთ-ერთ ასეთ სიტყვისგებაზე ქართველებმა ორატორად სწორედ თეოდორე აბუკურა მიიყვანეს, ამის შესახებ სხვა წყაროებიდან ვიცით“, - ამბობს ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ელგუჯა ხინთიბიძე.

თხზულებაში საჯარო სიტყვისგება მიქაელის გამარჯვებით დასრულდა, რის შემდეგაც ის ჯერ აწამეს, შემდეგ კი თავი მოჰკვეთეს:

„მაშინ მერჴმლემან წარჰკვეთა წმიდაჲ იგი თავი მისი
და აღიღო ჴელითა თვისითა
ტიროდა და ამბორს უყოფდა
და ყოველი ერი ტიროდა“...

და მაინც, თარგმნილია თუ ქართული?

ქართველოლოგი პ. პეტერსი მიიჩნევდა, რომ „მიქელ საბაწმინდელის მარტვილობა“ არაბულიდან არის ნათარგმნი, რადგან ამ ნაწარმოებში ბევრი არაბიზმია, თუმცა, არის რამდენიმე მიზეზი, რის გამოც მეცნიერები ფიქრობენ, რომ ეს ნაწარმოები შესაძლოა ქართულ ენაზე დაიწერა.

იმ პერიოდის ძეგლებში არაბიზმები ბევრია და ეს არ ნიშნავს, რომ ის მაინცდამაინც ნათარგმნია. გარდა ამისა, თხზულებაში ჩამოთვლილია ქვეყნები, სადაც მოციქულებმა ქრისტიანობა გაავრცელეს, მათ შორის აფხაზეთი, მაშინ აფხაზეთს საქართველოს უწოდებდნენ, რადგან საქართველოს გაერთიანება ტაო-კლარჯეთისა და აფხაზეთის გაერთიანებით დაიწყო. გარდა ამისა, ეს ნაწარმოები ქართულად უაღრესად მაღალმხატვრულია. ძალიან ძლიერი ალიტერაციებია, რიტმური წყობა შეინიშნება, პროფესორ პანტელეიმონ ბერაძეს გამოცემულიც კი აქვს ლექსად დალაგებული. ეს არის .. უკვეთელი ლექსი, როდესაც სტროფები ერითმება ერთმანეთს და არა ხაზები“, - ამბობს ელგუჯა ხინთიბიძე.

ათონის მთა

„მიქელ საბაწმინდელის მარტვილობის“ ექვთიმესეული თარგმანი შემონახული არ არის, თუმცა ბერი მიქეილის ამბავი შესულია „თეოდორე ედესელის ცხოვრებაში“ - ვარაუდობენ, რომ სწორედ ამ თარგმანის მეშვეობით.

თეოდორე ედესელის ცხოვრებაში ჩართულია ფრაგმენტი საბაწმინდელი მიქაელის ცხოვრების შესახებ. მეცნიერების ნაწილი ფიქრობდა, რომ ის ამ ნაწარმოებში არაბული ტექსტიდან მოხვდა (რომელიც არ არის ნაპოვნი), თუმცა, არის ასევე ვარაუდი, რომ ეს ჩანართი სწორედ ექვთიმე მთაწმინდელის მიერ ნათარგმნი ქართული ტექსტის მიხედვით არის დაწერილი. „თეოდორე ედესელის ცხოვრების“ ერთადერთი ხელნაწერია შემონახული, რომელიც გადაწერილია ათონის მთაზე, ექვთიმეს მოღვაწეობის პერიოდში“, - ამბობს ელგუჯა ხინთიბიძე.

„თეოდორე ედესელის ცხოვრება“ მასში ჩართული მიქაელ საბაწმინდელის ისტორიით მე-11 საუკუნის ბოლოს ბერძნულიდან ქართულად ეფრემ მცირემ თარგმნა. ამგვარად, დღეს ამ თხზულების ორი ვარიანტი არსებობს. განსხვავებით უფრო ადრეული ტექსტისაგან, ეფრემ მცირეს ნათარგმნი ტექსტი სრულად პროზაულია და თავდაპირველი ვარიანტისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.