უკვე ორ კვირაზე მეტია, ბაქოში, წინასწარი დაკავების იზოლატორში, იმყოფება 29 მაისს თბილისიდან გატაცებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი. მას წინასწარი სამთვიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. მიუხედავად იმისა, რომ მუხთარლის გატაცების ამბავზე თბილისში ჟურნალისტებისა და აქტივისტების არაერთი საპროტესტო აქცია მოეწყო, ამ დრომდე საქართველოს ხელისუფლება ზოგადი კომენტარით იფარგლება და მხოლოდ იმას აცხადებს, რომ „დაელოდება გამოძიებას“. როგორ გაიტაცეს ადამიანი თბილისის ცენტრიდან, იცოდა თუ არა ეს საქართველოს მთავრობამ, იყო თუ არა ეს ერთობლივი სპეცოპერაცია, როგორ დატოვა მუხთარლიმ საზღვარი პასპორტის გარეშე - ამ და სხვა არაერთ კითხვაზე პასუხი ჯერჯერობით არავის გაუცია. აფგან მუხთარლის საქმეზე რადიო თავისუფლებამ ინტერვიუ ჩაწერა ჟურნალისტთან, მედიის მკვლევართან, ზვიად ქორიძესთან.
Your browser doesn’t support HTML5
რადიო თავისუფლება: ზვიად, უკვე ორი კვირა გავიდა თბილისიდან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, გატაცების შემდეგ. ის დღეს ბაქოშია და სამთვიანი წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. თქვენი აზრით, რაზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ თავისი საქმიანობის გამო - მის ჟურნალისტურ გამოძიებებს ვგულისხმობ - თბილისში გადმოხვეწილი ჟურნალისტი გაიტაცეს თბილისის ცენტრალური უბნიდან? თქვენთვის რას ნიშნავს თავისთავად ეს ფაქტი?
ზვიად ქორიძე: მართლაც, ორი კვირა გავიდა ამ ამბიდან და მე ვაკვირდები, რომ ქართული მედიიდან ეს თემა ნელ-ნელა ქრება. არადა, ეს არის ფუნდამენტური საკითხი, რაზეც დგას ჩვენი საზოგადოება და რაზეც გვინდა ავაშენოთ ჩვენი სახელმწიფო. და ეს თემა არ უნდა მოკვდეს მანამ, ვიდრე მისი ყველა დეტალი ჩვენთვის ცნობილი არ გახდება. რაც შეეხება ამბავს, ის აჩვენებს, რომ ვიღაცას, შეიძლება ეს იყოს მთავრობა ან კვაზისამთავრობო ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ არაფორმალური გავლენა მოახდინონ მთავრობაზე და საზოგადოება დააჯერონ, რომ ადამიანის უფლებები არის მარტო ის, რაც შეიძლება რაღაც კონკრეტულ სიტუაციაში დაგჭირდეს, თორემ, ზოგადად, ეს არ არის ფუნდამენტური გაგება. თუ საზოგადოება ამაში დააჯერეს, მაშინ, რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან ცუდ სახელმწიფოს შევქმნით და ამ სახელწიფოს ქვაკუთხედი არ იქნება ადამიანის უფლებები. თავისი არსით აფგან მუხთარლის ისტორია სწორედ ამის მაჩვენებელია. ის რიტორიკა, რაც მთავრობის მხრიდან ისმოდა, რომ მუხთარლი ჟურნალისტი არ არის და ტყუილად ხმაურს ნუ ტეხთო, თითქოს არაჟურნალისტის გატაცება დაშვებულია, მერე გაარკვიეს, რომ თურმე ჟურნალისტიც ყოფილა, მერე არკვევდნენ იმას, თავისით გადავიდა თუ სხვამ შეუწყო ხელი, რომ თურმე კონტრაბანდას ეწეოდა და ა.შ. - ანუ ეს ყველა მოსაზრება, რაც გაჩნდა, მიმართული იყო იმისკენ, რომ საზოგადოებას გზა-კვალი არეოდა. ამიტომაც გაჩნდა უკვე ჩვენს საზოგადოებაში ასეთი გზავნილები: რატომ ვხდით ამას სადავოდ, კი, მაგრამ არ უნდა გადაეცათ? რად გვინდა ჩვენ ასეთი პრობლემები აზერბაიჯანთან და ა.შ. ეს არის ძალიან სახიფათო გზავნილები, რომლებიც მათ თავად კი არ მოსვლიათ თავში ერთ მშვენიერ დღეს, მათ ეს მიაწოდეს. და სახიფათოა ეს ყველაფერი იმიტომ, რომ თუ ჩვენ სახელმწიფოში ვერ დავიცავთ მოქალაქეს, რომელსაც აქვს პრობლემები, დევნილია პოლიტიკური ნიშნით, მის სიცოცხლეს ძალიან სერიოზული საფრთხე ელის თავის ქვეყანაში, არ შეიძლება ეს მოქალაქეები გავწიროთ და მერე ეს რაიმეთი გავამართლოთ. თუ ჩვენ ამას გავამართლებთ მუხთარლის შემთხვევაში და სხვა პოლიტიკური დევნილების შემთხვევაშიც, მაშინ ეს ნიშნავს, ჩვენი სახელმწიფო ღიად ამბობს, რომ მას არ გააჩნია ადამიანის უფლებათა ფუნდამენტური გაგება.
რადიო თავისუფლება: თქვენი აზრით, რამდენად საზიანოა ეს ამბავი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯისთვის? იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ თავად თბილისში მცხოვრები აზერბაიჯანელი აქტივისტების, უფლებების დამცველების, ჟურნალისტების თქმით, თბილისი სულ მათი თავშესაფარია.
ზვიად ქორიძე: დიახ, საქართველო მათთვის იყო გაცხადებული დემოკრატიის ქვეყანა, რომელსაც კურსი აღებული ჰქონდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონცეპტისკენ და ამიტომაც აფარებდნენ თავს აქ. სხვათა შორის, ეს იმდენად ხმამაღალი განცხადება იყო საქართველოს მხრიდან, რომ აზერბაიჯანის მთავრობას, რომელსაც ჰქონდა პრობლემები საკუთარი მოქალაქეების მიმართ, ამდენი ხნის განმავლობაში არ მოუთხოვია ლეგალურად მათი გადაცემა. ეს იმას ნიშნავს, რომ აზერბაიჯანიც აღიარებდა იმას, რომ საქართველოსთვის მთავარი პრიორიტეტი არის ადამიანის უფლებები. მაგრამ როგორც კი ამ ხედვაში გამოჩნდა მცირეოდენი ნაპრალი, ამით ისარგებლეს ყველა სამთავრობო თუ არაფორმალურმა კვაზისამთავრობო ჯგუფებმა და მოახერხეს ის, რომ ადამიანი გაიტაცეს ქვეყნიდან.
რადიო თავისუფლება: არაერთმა თბილისში მცხოვრებმა აზერბაიჯანელმა აქტივისტმა თუ ჟურნალისტმა თქვა უკვე, რომ აფგანის გატაცების ფაქტმა ბევრს მოუკლა იმედი.
ზვიად ქორიძე: იმედი ამ ამბავმა, პირველ რიგში, უნდა მოუკლას საქართველოს მოქალაქეებს. ეს არის ძალიან ცუდი და ამისკენ არის ორიენტირებული, რომ საქართველოს მოქალაქეებს არ ჰქონდეთ განცდა, რომ მთავრობა დაიცავს მათ უფლებებს. სწორედ საქართველოს მოქალაქეს არ უნდა ჰქონდეს სურვილი, მოითმინოს ადამიანის უფლებების ასეთი შელახვა. ეს, სხვათა შორის, პრობლემას უქმნის ჩვენს ევროპულ თანამეგობრობასაც, იმიტომ რომ ევროპული საზოგადოება, ევროპული მთავრობები ასევე ძალიან იმედით უყურებენ საქართველოს, როგორც ევროპულ სახელმწიფოს, და უცებ საქართველო ამბობს, რომ ეს ჩვენთვის არ არის ასე პრიორიტეტული და ადამიანები ასე გავცვალოთ რაღაც სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის, სტრატეგიული პარტნიორობისთვის და ა.შ.
რადიო თავისუფლება: კულუარებში უკვე ბევრს ლაპარაკობენ იმაზე, რომ თბილისში ბოლო წლებში მცხოვრები აზერბაიჯანელები დიდი ხანია არის აზერბაიჯანისა და საქართველოს ხელისუფლებებს შორის მოლაპარაკების თემა და რომ საქართველოს ხელისუფლება აზერბაიჯანის ნავთობის და, ზოგადად, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გამო თმობს პოზიციებს - შეიძლება მუხთარლის საქმის ამ ჭრილში განხილვა?
ზვიად ქორიძე: ჩვენ აზერბაიჯანთან, მართლაც, დიდი ხანია გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობა, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, სხვა ტრანსნაციონალური პროექტების თვალსაზრისით, მაგრამ არასოდეს სტრატეგიული პარტნიორობა აზერბიაჯანთან, არც თურქეთთან არ გაგვიფორმებია ადამიანის უფლებების ხარჯზე. თუ დღეს ასეთი რამ ხდება და საქართველოს მთავრობამ ვერ გაუძლო ზეწოლას და გადაწყვიტა გადასცეს მოქალაქეები, ეს პრაქტიკულად იმის აღიარებაა, რომ აფგან მუხთარლის საქმეში ის მონაწილეობდა.
რადიო თავისუფლება: როგორ ფიქრობთ, საქართველოს ხელისუფლების გარეშე, მათ უნებართვოდ და უჩუმრად, შესაძლებელია თუ არა მსგავსი ოპერაციის ჩატარება?
ზვიად ქორიძე: ამ ამბავმა აჩვენა, რომ საქართველოს მთავრობა არის სუსტი იმ შემთხვევაშიც, თუ ის მონაწილეობდა ამ ოპერაციაში და იმ შემთხვევაშიც, თუ არ მონაწილეობდა და ვერ გაიგო, რომ მისი ქვეყნის ტერიტორიაზე რაღაც დაჯგუფებამ ადამიანი გაიტაცა. მთავრობის უპირველესი ინტერესი უნდა იყოს დღეს გამოვიდეს და თქვას, რეალურად რა მოხდა. თუ ის აღიარებს, რომ მან არაფერი იცოდა, ეს ერთი ტიპის პოლიტიკურ შედეგებს გამოიღებს, მაგრამ თუ მან აღიარა, რომ ქვეყნის ინტერესების გამო მონაწილეობდა მომხდარში, ეს კიდევ სხვა ტიპის პოლიტიკურ შედეგებს გამოიღებს. მე მიმაჩნია, რომ საქართველოს საზოგადოებას ეყოფა გონი და ორივე შემთხვევაში პასუხს მოსთხოვს მთავრობას. მაგრამ ასეთი უმოქმედობა და ტყუილები, რასაც დღეს ვხედავთ, ეს კიდევ უფრო ამძაფრებს რეალურ მდგომარეობას, რომელშიც მთავრობაა ჩავარდნილი. ქართულმა სახელმწიფომ დღეს კითხვა ასე დასვა: ხომ არ გავწირო ადამიანის უფლებები უსაფრთხოების სანაცვლოდ?! არადა, ჩვენ შეიძლება ორივე დავკარგოთ.
რადიო თავისუფლება: ვინც ჯერ არ წასულა საქართველოდან ემიგრაციაში, ის აზერბაიჯანელი ჟურნალისტები და აქტივისტები უკვე ამბობენ, რომ გაუჩნდათ შიში აქ დარჩენის - ის, რაც მათ აქამდე არ ჰქონდათ. ამბობენ, რომ არც იციან, ღირს აქ ბრძოლა, თუ ჯობს ისევ თავის გადარჩენა და მესამე ქვეყანაში გაქცევა.
ზვიად ქორიძე: მათ შიში მანამდე ექნებათ, სანამ საქართველოს ხელისუფლება ნათელს არ მოჰფენს აფგან მუხთარლის საქმეს და არ იტყვის, ვინ მონაწილეობდა ამ საქმეში. მაგრამ ისევ ვიმეორებ, თუ ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს, არ გვექნება გაცნობიერებული, რომ ჩვენც ვერ ვიქნებით უსაფრთხოდ, ვიდრე ეს ასე ხდება, მანამდე ჩვენ სოლიდარობის შეგრძნებაც კი არ გვექნება. ეს ამბავი, ადამიანის გატაცებისა, შესაძლოა, აღმოჩნდეს ძალიან დრამატული ჩვენი სახელმწიფოსთვის.
რადიო თავისუფლება: ზვიად, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ პროტესტი გაგრძელდეს საქართველოში, საქართველოს მხრიდან?
ზვიად ქორიძე: დღეს ჩვენ ძალიან ბევრი ამოცანა გვაქვს: სოლიდარობა აფგან მუხთარლის, ჩვენ უნდა შევუერთოთ ხმა საერთაშორისო სოლიდარობის კამპანიას, ქართული ხმა უნდა ისმოდეს ევროპულ ხმასთან ერთად, რომ პრეზიდენტმა ალიევმა მუხთარლი გაათავისუფლოს საპატიმრო დაწესებულებიდან იმ მართლა შეთითხნილი ბრალდებებით, რომელიც მას ბელაქანში წაუყენეს. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ მთავრობამ ღიად თქვას, რომ ამბავი, რომელიც აფგან მუხთარლის შეემთხვა საქართველოში, არის ამა და ამ სუბიექტების მიერ განხორციელებული, დაარწმუნოს საქართველოს საზოგადოება, რომ ეს არის ერთჯერადი ფაქტი და არ არის სისტემური პრობლემა! რადგან მე პირადად მაქვს განცდა, რომ აფგან მუხთარლის შემთხვევა არ არის პირველი და შეიძლება არ იყოს ბოლო. ჯობს თქვა ის, რაც მოხდა და ამით პოლიტიკური ფასი გაიღო, და ეს ფასი შეიძლება იყოს ძალაუფლების დათმობა. თუ არ გაახმაურებს სიმართლეს, მაშინ, მე მგონია, რომ გაცილებით დიდ პოლიტიკურ ფასს გაიღებს - ოღონდ არა თავისას, არამედ ჩვენსას და, შესაძლოა, ჩვენ სახელმწიფოს პრობლემა დაგვიდგეს, დემოკრატიული განვითარების პრობლემა დაგვიდგეს. სწორედ ამ საკმაოდ მწვავე გზაზე გაგვიყვანა ჩვენ აფგან მუხთარლის ისტორიამ.