წიგნის დღესთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი მასპინძლობს გამოფენას - „ქართული ძველნაბეჭდი წიგნები“, რომელზეც წარმოდგენილია XVIII-XIX საუკუნეებში თბილისში, ქუთაისში, კონსტანტინოპოლში, მოსკოვში, სანკტ-პეტერბურგში, ვენეციასა და რომში გამოცემული სასულიერო და საერო ხასიათის წიგნები. ექსპოზიციაზე ფოტოების სახით ასევე წარმოდგენილია ძველნაბეჭდი წიგნების დეკორი, სხვადასხვა სტამბის შრიფტები, წიგნების მინიატურები, წიგნების ყდების გაფორმება. როდის და რა ვითარებაში შეიქმნა პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნები და მათი რა ნაწილია შემორჩენილი დღემდე?
Your browser doesn’t support HTML5
საქართველოში პირველი სტამბა გახსნა ვახტანგ მეექვსემ 1708-1709 წლებში თბილისში, მტკვრის სანაპიროზე საგანგებოდ აგებულ შენობაში, რისთვისაც რუმინეთიდან მოიწვია სახელგანთქმული ოსტატი მიხაი იშტვანოვიჩი - რუმინეთში მოღვაწე ქართველი განმანათლებლის, სასულიერო მოღვაწისა და მესტამბის, ანთიმოზ ივერიელის მოწაფე. იშტვანოვიჩმა თბილისში თან ჩამოიტანა სტამბის გამართვისათვის საჭირო ყველანაირი ტექნიკა და მასალა. საქართველოს ეროვნული არქივის სამეცნიერო განყოფილების ხელმძღვანელის, ქეთი ასათიანის, თქმით, სწორედ ამ დროს შეიქმნა და ჩამოისხა პირველი ქართული შრიფტი. პირველი წიგნები, რომლებიც 1709 წელს ვახტანგისეულ სტამბაში დაიბეჭდა, იყო სახარება-ოთხთავი და ,,დავითნი“.
„სწორედ იშტვანოვიჩის დახმარებით ვახტანგმა მოახერხა კავკასიაში პირველი ევროპულად გამართული სტამბის მოწყობა თბილისში. პირველი წიგნი, რომელიც გამოიცა, ეს იყო სახარება. ძირითადად სასულიერო შინაარსის წიგნები იყო. ამ სტამბაში გაკეთდა პირველი შრიფტები - როგორც ნუსხური, ასევე ასომთავრული და მხედრული შრიფტები. გარდა ამისა, პირველ შავ-თეთრ წიგნს მოჰყვა ფერადი ბეჭდვა, წითელი ფერის შემოტანა. დეკორის წილი იყო ძალიან მაღალი. ამასთან, წიგნები იბეჭდებოდა საუკეთესო ქაღალდზე. კეთდებოდა ძალიან ხარისხიანი ყდები. მართალია, კლიშეები ჩამოჰქონდათ საზღვარგარეთიდან, მაგრამ როგორც მკვლევარები ამბობენ, ადგილზეც კეთდებოდა. ასე რომ, ვახტანგისეული სტამბის წიგნები ერთ-ერთი საუკეთესო იყო არამხოლოდ კავკასიაში“, უთხრა რადიო თავისუფლებას ქეთი ასათიანმა, რომლის თქმით, ვახტანგის სტამბაში სულ ორ ათეულამდე წიგნი დაიბეჭდა: სახარება, სამოციქულო, ჟამნი, სწავლებები; 1712 წელს გამოიცა პირველი ,,ვეფხისტყაოსან“, თუმცა დღეისათვის ვახტანგისეული წიგნების მხოლოდ მცირე ნაწილია შემორჩენილი:
„შემორჩენილი წიგნების ზუსტი რაოდენობის თქმა ძნელია, მაგრამ ძალიან ცოტაა. მაგალითად, თითებზე ჩამოსათვლელია ვახტანგისეული ჟამნი, რამდენიმე წიგნი ჯერ კიდევ იძებნება... წიგნებში, რა თქმა უნდა, გამოყენებულია საუკეთესო ქაღალდი. ქაღალდის ხარისხითა და სამკაულებით შედარებით ღარიბი იყო ერეკლეს სტამბა, თუმცა აქაც მოხერხდა გარკვეული სიმაღლეების მიღწევა. ძალიან კარგი იყო ის სტამბა, რომელიც მოსკოვში გაიმართა ვახტანგის სტამბის საფუძველზე - იოსებ სამებელის სტამბა. აქ დაიბეჭდა ყველაზე ლამაზი წიგნები, გამორჩეული ასომთავრულით შესრულებული ყველაზე ლამაზი საზედაო გრაფემებით, რომლებიც ბევრად მეტი იყო, ვიდრე ვახტანგისეულ სტამბაში დაბეჭდილ წიგნებში. უფრო გამდიდრებული იყო დეკორით, გამოირჩეოდა ლამაზი ტვიფრული ყდებით“.
საქართველოში სტამბის გახსნამ თითქმის სამი საუკუნით დაიგვიანა, - ცნობილია, რომ პირველი სტამბა გერმანელმა იოჰან გუტენბერგმა ჯერ კიდევ მეთხუთმეტე საუკუნეში გამართა, - თუმცა, საქართველოს მაშინდელი მძიმე პოლიტიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, ამგვარი დაგვიანება გასაკვირი სულაც არ არის. საქართველოს ეროვნული არქივის სამეცნიერო განყოფილების თანამშრომელს, თეონა გელაშვილს, გამოფენის ყველაზე მნიშვნელოვან ექსპონატთან მივყავართ:
ამის შემდეგ დაახლოებით 17 წელი იმერეთის სტამბა არსებობს: ქუთაისში, საჩხერესა და წესში გამართული სტამბები, სადაც 1800 წელს ქუთაისში პირველად იბეჭდება ქართული ძველნაბეჭდი წიგნი, ხოლო 1817 წლის შემდეგ გვაქვს განსხვავებული ვითარება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ასევე არაერთი წიგნია, რომელიც დაიბეჭდა კონსტანტინოპოლში, ვენეციაში და სხვაგან...თეონა გელაშვილი
„ეს არის ვახტანგის სტამბის პირველნაბეჭდი სახარება, რომელიც 1709 წელს არის დაბეჭდილი. ზოგადად, ვახტანგის სტამბაზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ განსაკუთრებულია მისი შრიფტი და გაფორმებები. უმრავლესობას თან ახლავს ვახტანგ მეექვსის პორტრეტი. ხშირ შემთხვევაში გვხვდება ვრცელი მიმართვები როგორც მესტამბეების, ასევე სტამბის გამმართველების და იმ მუშაკების ანდერძები, რომლებიც წიგნის დაბეჭდვაში დიდ როლს თამაშობდნენ. გვხვდება საგანგებოდ გაფორმებული ასოები, ორნამენტები, რომლებიც ჩართული იყო ძველ ნაბეჭდ წიგნებში. ეს სტილი ვითარდება შემდეგ მოსკოვის სტამბაში. მოსკოვში მიემგზავრება ვახტანგ მეფე თავისი ამალით, თან მიჰყავს სტამბის მუშაკთა დიდი ნაწილი და იქ აგრძელებს წიგნების გამოცემას“.
თეონა გელაშვილის თქმით, თბილისში სტამბა ერეკლე მეორემ აღადგინა თითქმის მეოთხედი საუკუნის შემდე, 1749 წელს. საქართველოს ეროვნულ არქივში შემორჩენილია მუშრიბ დავით ყორღანაშვილის მიერ თავად ციციანოვისთვის (1803 წლის 12 აპრილი) მიწერილი წერილი, რომელშიც ვკითხულობთ:
„მეფემ ირაკლიმ ტფილისში სტამბის კარგათ გამართვა და მუშაობა რომ მოინდომა, თეთრი და კაცი გაგზავნა და სტამბოლიდამ სტამბის ოსტატი მოაყვანინა. ზოგი იარაღი და ნივთები თან მოიტანა და ფასი მეფეს გამოართვა. რაც იარაღები და ან ნივთები უნდოდა და ან სახლები, ფიცრები, ტყავი თუ ქაღალდი, მეფემ თავის ხარჯით გაუკეთებინა. ამას გარდა, ზოგიერთი სტამბის იარაღი ძველთას მეფის ვახტანგის დროსი და ზოგი კიდევ მეფის თეიმურაზის და მეფის ირაკლის დროს პირველ წელიწადებში ნამუშავრებისა იყო დარჩომილი, ისინიც მოვიტანეთ და იმხანად სტამბას მართვა დაუწყევით...“
ერეკლეს დაარსებულ სტამბას 1784 წლიდან სათავეში ჩაუდგა მეფის კარის მოძღვარი, მარტყოფელი მღვდელი ქრისტეფორე კეჟერაშვილი, რომელსაც ახსენებს გერონტი ქიქოძე ერეკლე მეორის შესახებ დაწერილ თავის ცნობილ მონოგრაფიაში. „მღვდელმა კეჟერაშვილმა, რომელიც თბილისის სტამბას ხელმძღვანელობდა, მარტო ორი წლის განმავლობაში შვიდი ათას ოთხასი ცალი სხვადასხვა წიგნი დაბეჭდა. ეს დიდი ტირაჟი იყო იმ დროისთვის“, - წერს გერონტი ქიქოძე. ერეკლეს სტამბამ 1795 წლამდე, ანუ აღა მაჰმად ხანის შემოსევამდე, იარსება, თუმცა, როგორც თეონა გელაშვილი შენიშნავს, საქართველო სტამბის გარეშე არც მომდევნო წლებში დარჩენილა:
„ამის შემდეგ დაახლოებით 17 წელი იმერეთის სტამბა არსებობს: ქუთაისში, საჩხერესა და წესში გამართული სტამბები, სადაც 1800 წელს ქუთაისში პირველად იბეჭდება ქართული ძველნაბეჭდი წიგნი, ხოლო 1817 წლის შემდეგ გვაქვს განსხვავებული ვითარება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ასევე არაერთი წიგნია, რომელიც დაიბეჭდა კონსტანტინოპოლში, ვენეციაში და სხვაგან“.
თეონა გელაშვილის თქმით, სტამბა არსებობდა სოფელ წესშიც, სადაც 1809 წელს მესტამბე რომანოზ ზუბაშვილის მიერ დასტამბული საღმრთო წიგნი „სავედრებელი ღვთისმშობელისა“ ეროვნულ არქივში გახსნილ გამოფენაზეა წარმოდგენილი, ისევე როგორც ბევრი სხვა მნიშვნელოვანი ნაბეჭდი წიგნი, მათ შორის, ვახტანგის სტამბაში 1712 წელს დაბეჭდილი „ვეფხისტყაოსანი“. საქართველოს ეროვნული არქივის სამეცნიერო განყოფილების ხელმძღვანელის, ქეთი ასათიანის, თქმით, გამოფენაზე წარმოდგენილი ექსპონატები, ძველნაბეჭდი წიგნების მდიდარი კოლექცია ვერ შეიქმნებოდა, რომ არა ცალკეული სახელმწიფო მოღვაწეების, მეფეებისა და მაღალი იერარქიის სასულიერო პირების ძალისხმევა, თუმცა ასევე აღსანიშნავია ცალკეულ მესტამბეთა თავდადებული შრომა და საქმის უანგარო სიყვარული, რომლის ანარეკლი, როგორც ქეთი ასათიანი შენიშნავს, კარგად ჩანს ნაბეჭდი წიგნებისთვის დართულ მესტამბეთა ანდერძებში:
„წავიკითხავ პირდაპირ ამ ანდერძს. ეს არის მესტამბეების ანდერძი, რომელიც ახლავს 1710 წელს გამოცემულ პირველნაბეჭდ კონდაკს. ვახტანგისეული სტამბაა და მესტამბეები წერენ ასეთ ანდერძს: „ვითარცა უცხონი იხარებენ ხილვასა ზედა თვისთა სამკვიდრებელთათა და ზღვათა შინა მავალნი ხილვასა ზედა ნავთსაყუდელთასა, ეგრეცა მესტამბენი იხარებენ განსრულებასა ზედა წიგნთასა“.