ზუგდიდის მერიის ერთი თვის ანგარიში

ქალაქ ზუგდიდის მერიამ მედიას ერთი თვის მუშაობის ანგარიში ჩააბარა. მერიის სამსახურების წარმომადგენლებმა დაგეგმილ პროექტბზეც ისაუბრეს. შეხვედრა მერმა გახსნა და განაცხადა, რომ მისმა ახლად ჩამოყალიბებულმა უწყებამ საქმიანობა „ნულიდან დაიწყო და, შესაბამისად, პირველი 2 კვირა სამსახურების და განყოფილებების შექმნას, ასევე თანამშრომელთა შერჩევას დასჭირდა". ირაკლი გოგოხიამ საუბრის დასაწყისში ასევე განმარტა, რომ ამ დროისთვის შერჩეული 107 თანამშრომელი მოვალეობის შემსრულებელია სამი თვის ვადით და კადრები შეირჩევა კანონის თანახმად, კონკურსის წესით. მერს არ დაუკონკრეტებია კონკურსის ჩატარების ვადები. მან ჟურნალისტებს მედიასა და საზოგადოებასთან ხშირად შეხვედრის პირობა მისცა. ირაკლი გოგოხიას განცხადებით, ყველაზე მეტი დატვირთვით მერიის სოციალური სამსახური მუშაობს:

„უფასო სასადილოს მომსახურებით სარგებლობს 215 ბენეფიციარი. ყოველდღე დამატებას ითხოვს და განცხადება შემოაქვს 10-15 მოქალაქეს. ეს პროექტი გაგრძელდება, დაფინანსებას დავუმატებთ. სოციალურად დაუცველებს ერთჯერადი დახმარება - 100 ლარი - გაეწევათ. ამ კუთხით უკვე შემოვიდა 80 განცხადება, დაკმაყოფილდა 56. სხვების დოკუმენტაცია არ იყო სრულყოფილი. გვაქვს ძვირად ღირებული წამლების დაფინანსება 500 ლარის ფარგლებში. მოგვმართა 60-მდე პიროვნებამ და დაფინანსდა 49. ეს პროექტებიც გაგრძელდება. ჩვენ ფინანსებში ცოტა შეზღუდული ვართ. იცით, რომ მერიის სამსახური ივლისში ჩამოყალიბდა და რაიონის ბიუჯეტი გაიყო ორად. 2015 წელს ბიუჯეტში, ალბათ, უფრო მეტ თანხებს ჩავწერთ და უფრო პრიორიტეტული სოციალური პროექტები იქნება".

ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურმა 2015 წელს განსახორციელებელი პროექტების პრეზენტაცია გააკეთა. სამსახურის წარმომადგენლების მტკიცებით, უკვე დაწყებულია შესწავლა ქალაქში მანქანების პარკირების სისტემის შექმნისთვის, რისთვისაც ბათუმის მაგალითი იქნება გამოყენებული. მერია გეგმავს განაახლოს დასუფთავებისა და განათების სისტემა.

„გზების, ხიდების მშენებლობა, ასევე სხვადასხვა სკვერებისა თუ პარკების რეაბილიტაცია. ასევე მოსაცდელები, რომელიც არ გვაქვს ქალაქში. ეს ყველაფერი მოკლე დროში უნდა გავაკეთოთ. შშმ პირთა საჭიროებებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით გზებზე, გადასასვლელებზე, ტროტუარებსა და ადმინისტრაციულ შენობებზე მოეწყობა პანდუსები", განაცხადა ეკატერინე თოდუამ, მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა.

შეხვედრაზე საუბარი იყო ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღზე, რომლის მოვლა-პატრონობაც მერიას დაეკისრა. ბაღი ამ დროისთვის განადგურების პირასაა. მოუვლელია, გამხმარია უნიკალური ჯიშის ხე-მცენარეების ნაწილი. ეკა თოდუას ცნობით, პარკის მდგომარეობის შესახებ მთავრობა ინფორმირებულია და კონკრეტული გეგმაც არსებობს:

„წამოვიდა ძალიან დიდი დაინტერესება, რომ მოხდეს პარკის სრული რეაბილიტაცია. პირველ ეტაპზე დაიწყება ხეების ინვენტარიზაცია, რეალურად შეფასება, რა მდგომარეობაშია და შემდეგ უკვე აუცილებელი ინფრასტრუქტურის მოწყობა".

მერიის სამსახურებმა ამ შეხვედრით პირველი ანგარიში ჩააბარეს მედიას. ირაკლი გოგოხია აპირებს ჟურნალისტებს ყოველი თვის ბოლოს შეხვდეს და ჩატარებული მუშაობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს.