ზუგდიდის საკრებულომ ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე მიიღო 2016 წლის ბიუჯეტი

ბიუჯეტის დამტკიცება საკრებულოში

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღეს, 23ე დეკემბერს, გამართულ სხდომაზე 2016 წლის ბიუჯეტი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა. მომდევნო წლის ბიუჯეტი 18 მილიონ 997 ათას 200 ლარით არის განსაზღვრული. საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე კახაბერ ფარცვანიამ ბიუჯეტის წარდგენისას აღნიშნა, რომ პრიორიტეტულ საკითხებად დასახელებულია საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარება, სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობისა და სააღმზრდელო პროცესის ხარისხის გაზრდა, კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდული პოლიტიკის ფინანსური მხარდაჭერა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა.

ბიუჯეტს მხარი არ დაუჭირა ხუთმა დეპუტატმა: ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან", "თავისუფალი დემოკრატებიდან" და "ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციიდან". მიზეზად ოპოზიციამ მათი შენიშვნების ნაწილის გაუთვალისწინებლობა დაასახელა.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დეპუტატ ანა წითლიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტში შეიმჩნევა პოზიტიური ცვლილებები და მათ მიერ გამოთქმული შენიშვნების ნაწილი გათვალისწინებულია, მთლიანობაში, ის არ არის ორიენტირებული მოქალაქეების საჭიროებებზე:

„მთავარი შენიშვნა ეხებოდა უაზროდ გაზრდილ ბიუროკრატიულ ხარჯებს, გაზრდილ შტატებს, ხელფასებს, პრემიებს და ადმინისტრაციულ ხარჯებს. ზუგდიდის 18-მილიონიანი ბიუჯეტიდან გამოდის, რომ თითქმის 6 მილიონი სწორედ ამ ადმინისტრაციულ ხარჯებზე, პრემიებსა და ხელფასებზე იხარჯება“.

ანალოგიური მიზეზი დაასახელა მისმა კოლეგამ თენგიზ ხარჩილავამ „ბურჯანაძე -ერთიანი ოპოზიციიდან“. მისი განმარტებით, უნდა შემცირდეს მერიის ხარჯები სხვადასხვა ღონისძიებებისთვის და გაიზარდოს უფასო სასადილოს დაფინანსება. დეპუტატმა გაიხსენა მიმდინარე წლის აპრილის თვეში საპარლამენტო უმრავლესობის წევრების ეკა ბესელიასა და გია ვოლსკის ვიზიტი, რა დროსაც მათი გამასპინძლებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 1 180 ლარი დაიხარჯა:

„როდესაც ფეხბურთი ფინანსდება მილიონ 200 ათასით, როდესაც საქართველოს პარლამენტის წევრი ჩამოვა ზუგდიდში და მისი სუფრა ფინანსდება 1000 ლარით და როდესაც უპოვრის ულუფა ფინანსდება ერთი ლარით ან სამი ლარით, ეს ჩემთვის მიუღებელია“.

„თავისუფალი დემოკრატების" წევრის ლაშა ფარცვანიას განცხადებით, მათ ხმა არ მისცეს ბიუჯეტის მიღებას, რადგან არ იყო გათვალისწინებული შენიშვნა სააღმზრდელო დაწესებულებათა პროგრამის დაფინანსების გაზრდის შესახებ:

„ჩვენ ინფრასტრუქტურის და პედაგოგების ხელფასების გაზრდას ვითხოვდით, წარმოდგენილ ბიუჯეტში ხელფასი იზრდება სექტემბრიდან, რასაც ჩვენ არ ვეთანხმებით“.

თავის მხრივ, ხმის მიცემის პროცედურის დაწყებამდე საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაიამ აღნიშნა, „გულით ბევრს უნდა მხარი დაუჭიროს ბიუჯეტს, მაგრამ ზოგჯერ ოპოზიციური ელემენტები ჭარბობსო". მანვე ბიუჯეტის საჯარო განხილვის პროცესს უპრეცედენტო უწოდა, რადგან მასში ჩართული იყვნენ როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები, ისე აქტიური ზუგდიდელები:

„ძალიან საინტერესოა ბიუჯეტი, სოციალური პროექტების თვალსაზრისით, მისი ჯანდაცვის ნაწილი, საგრანტო პროგრამა, რომელიც განსაზღვრულია არასამთავრობო სექტორთან ურთიერთობისთვის“.

ქალაქის მერის ირაკლი გოგოხიას განცხადებით კი, ზუგდიდის ახალი ბიუჯეტი იძლევა ბევრი სასარგებლო პროექტის განხორციელების უფლებას:

„შემიძლია თამამად გითხრათ, რომ ყველა ფრაქციის შენიშვნა გავითვალისწინეთ და დამატებით 270 ათასით გავზარდეთ შემოსავლის ნაწილი“.

საკრებულოში ბიუჯეტის დამტკიცების პროცესს ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების, მერიის სამსახურების, ააიპ-ების (არაკომერციული არასამეწარმეო იურიდიული პირი) წარმომადგენლები და დაინტერესებული მოქალაქეები. ბიუჯეტის დამტკიცებას წინ უძღოდა მისი საჯარო განხილვების პროცესი.