ზუგდიდის ახლად არჩეული საკრებულოს პირველი სხდომა, რომელსაც 46 წევრი დაესწრო, ოთხ საათს გაგრძელდა. 40 ხმით 6-ის წინააღმდეგ დეპუტატებმა საკრებულოს თავმჯდომარედ აირჩიეს მამუკა წოწერია, ხოლო მის მოადგილეებად - ბესიკ ჭეჟია და თაზო ფაცაცია. დაფუძნდა ხუთი მუდმივმოქმედი კომისია და ერთი ფრაქცია, „ქართული ოცნება“. აირჩიეს მათი თავმჯდომარეებიც, შემადგენლობა კი მომდევნო სხდომებზე განისაზღვრება.
Your browser doesn’t support HTML5
სხდომა დასრულებამდე დატოვა უმცირესობამ, საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრებმა -„ევროპული საქართველოდან“ ორმა და „ნაციონალური მოძრაობიდან“ ოთხმა. მათ ამ ფორმით გააპროტესტეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების სიმრავლე და მათი დაჩქარებული წესით განხილვა.
წარმოდგენა არ გვაქვს, რა საშტატო ნუსხა უნდა დამტკიცდეს და, საერთოდ, რა თანამდებობრივ სარგოებზე უნდა იყოს საუბარი. უბრალოდ, განაცხადეს, რომ მათ ასე უნდათ და არ აინტერესებთ არც ერთი საკრებულოს წევრის აზრი...ანა წითლიძე
„ევროპული საქართველოს“ წევრ ბათლომე შელიას განცხადებით, სხდომაზე დასამტკიცებლად შემოიტანეს საკრებულოს რეგლამენტი, მერიისა და საკრებულოს დებულებები, ასევე საკითხი საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ. მისი თქმით, ამ საკითხების განხილვას დიდი დრო და მსჯელობა სჭირდება:
„ას გვერდზე მეტია. უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ იცნობენ ამ დოკუმენტს. ჯერ ერთი, საიდან იცნობენ ამ დოკუმენტს და პირდაპირ იღებენ დავალებით, რომ გინდა თუ არა, უნდა მისცენ ხმა“.
თავის მხრივ, ენმ-ის წევრის, ანა წითლიძის, წინადადება იყო საკითხების მომდევნო სხდომისთვის გადადება. ის მიიჩნევს, რომ არ შეიძლება ასეთი მნიშვნელოვანი თემების განხილვა ერთ დღეში.
„წარმოდგენა არ გვაქვს, რა საშტატო ნუსხა უნდა დამტკიცდეს და, საერთოდ, რა თანამდებობრივ სარგოებზე უნდა იყოს საუბარი. უბრალოდ, განაცხადეს, რომ მათ ასე უნდათ და არ აინტერესებთ არც ერთი საკრებულოს წევრის აზრი. ეს არის ძალიან ცუდი“, - თქვა ანა წითლიძემ ჟურნალისტებთან საუბარში მას შემდეგ, რაც სხდომა პროტესტის ნიშნად თანაგუნდელებთან ერთად დატოვა.
ოპოზიციური პარტიების საპასუხოდ, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიამ განმარტა, რომ მათ სხდომაზე გაიტანეს ის დოკუმენტები, რომლებიც აუცილებელია საკრებულოსა და მერიის ფუნქციონირებისთვის.
მამუკა წოწერია ამბობს, რომ ეს სტანდარტული დოკუმენტებია, რომლის გაცნობის საშუალება ყველა დეპუტატს ჰქონდა.
„ასევე, თუ რამე პრინციპული სახის შენიშვნები აქვთ, აწიც ექნებათ საშუალება საკრებულოს სხდომაზე გამოიტანონ. ეს არის სამუშაო დოკუმენტი, რომელიშიც შეიძლება ცვლილებების შეტანა“, - აღნიშნა მან.
საბოლოოდ, დღის წესრიგით გათვალისწინებული ყველა საკითხი საკრებულომ ხმათა უმრავლესობით მიიღო. მათი ნაწილი ოპოზიციის მონაწილეობის გარეშე დამტკიცდა. სხდომას ესწრებოდა ახლად არჩეული მერი ლაშა გოგია, ასევე ყოფილი საჯარო მოხელეები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.