საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, სამეგრელოს რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში პირველ ადგილზე პარტია „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველო“ და მისი მერობის კანდიდატები გავიდნენ. მეორე ადგილზე, პარტიების შედეგების მიხედვით, რეგიონის მუნიციპალიტეტებში, გარდა მესტიისა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გავიდა. მესტია ერთადერთი მუნიციპალიტეტია, სადაც მეორე ადგილს სხვა ოპოზიციური ძალა, „პატრიოტთა ალიანსი“, იკავებს. რაც შეეხება საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს, რეგიონის მასშტაბით რამდენიმე მაჟორიტარული ოლქია, სადაც ამომრჩეველთა მეტი ხმა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა და დამოუკიდებელმა კანდიდატებმა მოიპოვეს.
Your browser doesn’t support HTML5
წინასწარი მონაცემებით, ზუგდიდში 54,35 % -ით „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატი ლაშა გოგია ლიდერობს. მეორე ადგილზე, 20,36%-ით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ლევან კონჯარიაა.
რაც შეეხება საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს, ზუგდიდის 35 ოლქიდან მხოლოდ ერთში ლიდერობს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი, დანარჩენებში ხმათა უმრავლეოსობით „ქართული ოცნება“ გავიდა.
ხობში მმართველი პარტიის მერობის კანდიდატი გოჩა ჯიქია 63, 17 %-ით გავიდა პირველ ადგილზე, მეორეზე კი, 18,17%-ით, - „ევროპული საქართველოს“ კანდიდატი მამუკა ჭოხონელიძე.
რაც შეეხება მაჟორიტარულ ოლქებს, როგორც ხობის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, დათუნა ჯობავამ, რადიო თავისუფლებას განუცხადა, ხობის 21 ოლქიდან მხოლოდ ორში ლიდერობს ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი, დანარჩენებში კი - მმართველი პარტიის კანდიდატები.
„სოფელ ხამისკურში გაიმარჯვა „შენების მოძრაობის“ კანდიდატმა და სოფელ პირველ ხორგაში გაიმარჯვა „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელმა“, - განაცხადა დათუნა ჯობავამ.
აბაშაში 65,01 %-ით პირველ ადგილზეა „ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი ლევან მაკალათია, მეორეზე - „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი კახაბერ ალანია, 25,65 %-ით. რაც შეეხება მაჟორიტარულ ოლქებს, როგორც აბაშის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი ქოიავა აცხადებს, აბაშის 17 ოლქიდან 13-ში ხმათა უმრავლესობა მოიპოვეს მმართველი პარტიის მიერ წარდგენილმა კანდიდატებმა, ერთში დამოუკიდებელმა, ხოლო სამში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატებმა:
„მეათე მაჟორიტარულ ოლქში მოიგო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა, ამავე პარტიის კანდიდატმა მოიგო მეთერთმეტე ოლქში, მეთექვსმეტე ოლქშიც მოიგო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა. მხოლოდ ერთ თემში მოიგო დამოუკიდებელმა კანდიდატმა“.
მესტიის მუნიციპალიტეტში ორი მერობის კანდიდატიდან, წინასწარი მონაცემებით, 61, 44%-ით გაიმარჯვა „ქართული ოცნების“ კანდიდატმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა. მისმა კონკურეტმა, დამოუკიდებელმა კანდიდატმა მალხაზ უდესიანმა, ხმათა 38, 56% მოიპოვა. მესტიის საოლქო-სარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მურთაზ ჩამგელიანმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ მესტიის 16 საარჩევნო ოლქიდან, სამის გარდა, ყველაში ლიდერობენ „ქართული ოცნების“ კანდიდატები. მისი განმარტებით, ორ ოლქში პირველ ადგილზე გავიდნენ დამოუკიდებელი კანდიდატები, ერთში კი - „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელი.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მმართველი პარტიის მერობის კანდიდატმა დათო გოგუამ 68,64 % მოიპოვა, მეორე ადგილზე გავიდა, 23,5 %-ით, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი რამაზ თოლორდავა. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ჩხოროწყუს 13 მაჟორიტარული ოლქიდან ერთში იმარჯვებს„შენების მოძრაობიდან“ კორნელი წურწუმია, დანარჩენებში კი „ქართული ოცნების“ კანდიდატები.
წალენჯიხასა და სენაკში ყველა საარჩევნო ოლქში პირველ ადგილზე გავიდნენ მმართველი პარტია და მისი წარმომადგენლები. წალენჯიხაში ხმათა უმრავლეობა, 65,16%, მოიპოვა მერობის კანდიდატმა ბესიკ ფარცვანიამ, ხოლო სენაკში ლევან კუპრაშვილმა - 56,71%.
სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით მარტვილი ერთადერთი მუნიციპალიტეტია, სადაც მერის არჩევნების მეორე ტურია მოსალოდნელი. აქ ყველაზე მეტი ხმა, 49,76%, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ალექსანდრე გრიგალავამ მიიღო, რითაც მან ვერ გადალახა 50%-იანი ბარიერი.
რაც შეეხება საკრებულოში მაჟორიტარობის კანდიდატებს, მარტვილის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გრიგოლ ბართაიას განცხადებით, 22 ოლქიდან 9-ში უპირატესობით სარგებლობენ ოპოზიციური პარტიის კანდიდატები.
„ხუთი ოლქი მოიგო „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ორი მოიგო „პატრიოტთა ალიანსმა“ და ორი მოიგო ‘ევროპულმა საქართველომ’“.
გრიგოლ ბართაიას განცხადებით, დანარჩენ ოლქებში ამომრჩეველთა მეტი ხმა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა მიიღეს.