ქალაქ ზუგდიდის საკრებულოში კვლავ დავის საგნად იქცა პარკირების საკითხზე მერიის მიერ შეტანილი წინადადება. ოპოზიციისთვის მიუღებელია მუნიციპალიტეტის უძრავი ქონების აუქციონის წესით, იჯარის ფორმით, 10 წლით გასხვისება. საკრებულოს უმცირესობის მტკიცებით, თავდაპირველი ვარიანტით უნდა შექმნილიყო შპს, რომელიც დაარეგულირებდა აღნიშნულ პრობლემას, თუმცა დღეს ეს პირობები შეიცვალა.
Your browser doesn’t support HTML5
„პრობლემები არის იმასთან დაკავშირებით, რომ ვიცე-მერი გია გულორდავა და გუბერნატორი ლევან შოანი ცდილობენ თავიანთი ბიზნესინტერესები გაითვალიწინონ ამ ტრანსპორტის სფეროში. გარდა იმისა, რომ მათ საკრებულოს ეს წინადადება იძულებით მიაღებინეს, გაამარჯვებინებენ იმ კომპანიას, რომელსაც თავად უნდათ, რომ მოაწყობინონ ქალაქში პარკირების სისტემა“, - განაცხადა ანა წითლიძემ.
მერიის წინადადების წინააღმდეგი იყო „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი ბათლომე შელიაც. მისი თქმით, ის, რაც დღეს კეთდება, „ფულის ყულაბაა ვიღაცისთვის“ და რეალურად აღნიშნული ცვლილება პარკირების პრობლემას ვერ მოაწესრიგებს.
„მოქალაქეებისგან უნდა ამოვიღოთ ფული, ამ ყულაბაში უნდა ჩავყაროთ. წილს მოგვცემენ ადგილობრივ მუნიციპალიტეტს, დანარჩენს თვითონ წაიღებენ და არანაირი ნაბიჯი არ იქნება გადადგმული პარკირების მოსაწესრიგებლად. როგორ მოაწესრიგებს ამ საკითხს? მხოლოდ დახაზავს თეთრი ხაზით და ვინც დააყენებს მანქანას, იმისგან ფულს ამოიღებს“, - განაცხადა ბათლომე შელიამ.
პრეტენზიების პასუხად უმრავლესობაში აცხადებენ, რომ აუქციონის გამოცხადება ყველა მსურველს აძლევს შესაძლებლობას ჩაერთოს ამ პროცესში, რაც, თავის მხრივ, გამორიცხავს რომელიმე მონაწილის მიმართ მიკერძოებას:
„ვინმე კონკრეტული პირისთვის რომ მიგვეცა პარკირების სისტემა, მაშინ იქნებოდა მიკერძოება. საკრებულო იმისთვის არსებობს, რომ ჩადოს შესაბამისი პირობები. ჩვენ ავირჩიეთ მეორე გზა: აუქციონში მონაწილეობა შეუძლია მიიღოს ერთსაც, მეორესაც და ყველას, ვისაც სურვილი აქვს“, - განაცხადა თაზო ფაცაციამ.
მისი პოზიცია გაიზიარა ვიცე-მერმა გია გულორდავამ ჟურნალისტებთან საუბრისას. ვიცე-მერმა თავისი ან რომელიმე საჯარო პირის კერძო ინტერესების არსებობა ამ საკითხში გამორიცხა.
„შპს რომ გაგვეკეთებინა, უნდა გამოყოფილიყო ბიუჯეტიდან თანხები და უნდა შეგვექმნა რაღაც ორგანიზაცია, რომელსაც ექნებოდა ეს ფუნქცია. დაჯარიმების უფლება ჩვენ არ გვაქვს, არც მოსაკრებლის. როგორ უნდა ამოგვეღო ჩვენ ეს თანხა, ბიუჯეტიდან გასული თანხა როგორ დაგვებრუნებინა სახელმწიფოსთვის, ან მოგებაზე როგორ უნდა გვემუშავა? ეს იყო აბსოლუტურად წარმოუდგენელი, მცდარი ნაბიჯი, რომელიც გავიარეთ იურისტებთანაც, სათანადო გამოცდილების მქონე ქალაქებთან და არსად არ გაამართლა ამ ნაბიჯმა“, - ამბობს გია გულორდავა.
ტერიტორიები - 32 მიწის ნაკვეთი - პარკირებისთვის უკვე გამოყოფილია. ის 900-მდე ავტომანქანაზე იქნება გათვლილი. პარკირების საკითხის განხილვას საკრებულოს ადრე გამართულ სხდომებსა და შეხვედრებზეც მოჰყვა დაპირისპირება.