ზუგდიდი საკრებულოს გადაწყვეტილება გასაჩივრდება?

საპროტესტო აქცია ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე

არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა, სადაც ქალაქისა და თემის გაერთიანების შესახებ წინადადება მოიწონეს, პროცედურული ხარვეზებით წარიმართა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „საუნჯე“ და „სამართლიანი არჩევნები“ სხდომის ოქმის გაცნობის შემდეგ გადაწყვეტენ, გაასაჩივრებენ თუ არა საკრებულოს მიერ 22 მაისს მიღებულ გადაწყვეტილებას.

Your browser doesn’t support HTML5

ზუგდიდი საკრებულოს გადაწყვეტილება გასაჩივრდება?

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომდგენელთა თქმით, მიუხედავად იმისა, რომ წინასწარ იყო შედგენილი სხდომაზე სიტყვით გამოსვლის მსურველთა სია, მათ, ისევე როგორც სხვა მოქალაქეებს, არ მიეცათ განცხადების გაკეთების შესაძლებლობა. ამასთან, ბრიფინგზე არასმთავრობო სექტორის წრმომადგენლებმა აღნიშნეს ისიც, რომ სხდომის ჩატარების დრო დაწყებამდე მხოლოდ 45 წუთით ადრე გახდა ცნობილი.

„საკრებულოს თავმჯდომარემ რამდენჯერმე დატოვა სხდომა და როგორც კი შემოვიდა, განმარტა, რომ საკითხს უნდა ვუყაროთ კენჭი, თუმცა რას უყრიდა კენჭს, ჩემთვის, მართლაც, გაუგებარი იყო. როგორც კი შემოვიდა და ეს თქვა, საკრებულოს რამდენიმე წევრმა ასწია ხელი და მან თქვა, რომ სხდომა დახურულია. სხდომა რომ გახდა დახურული, მას შემდეგ დადგინდა, რომ, თურმე, კენჭი უყარეს იმას, იქნებოდა ეს საკითხი მოწონებული, თუ არ იქნებოდა“, - განაცხადა საიას ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა, ჯემალ ჭკადუამ.

სამ საათზე მეტხანს მიმდინარეობდა მწვავე დაპირისპირების ფონზე ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს სხდომა, სადაც, საბოლოო ჯამში, თემისა და ქალაქის გაერითიანებას 12-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი სამის წინააღმდეგ. ამ სამიდან ორი „ნაციონალური მოძრაობის“, ერთი კი „ევროპული საქართველოს“ წევრია. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანა წითლიძე უმრავლესობის გადაწყვეტილებას სამარცხვინოს უწოდებს:

„საბოლოო ჯამში, ყველა აღმოჩნდა ბიძინა ივანიშვილის მონა და მიიღეს გადაწყვეტილება, რომლის შემდეგაც მათ ძალიან გაუჭირდებათ თვალებში შეხედონ თავიანთ თანაქალაქელებს“, - განაცხადა ანა წითლიძემ.

საკრებულოს თავმჯდომარე ნატალია შეროზიამ საკითხის კენჭისყრაზე დაყენება მხოლოდ მესამე მცდელობაზე, თითქმის 40-წუთიანი შესვენების შემდეგ, შეძლო. მანამდე მან სხდომა ორჯერ დატოვა, ისე რომ დარბაზში მყოფები გაურკვევლობაში იყვნენ - დაზუსტებით არავინ იცოდა, სხდომა დაიხურა, შესვენება გამოცხადდა თუ ჩაიშალა. დამსწრეთა დიდი ნაწილისთვის ასევე ბუნდოვანი აღმოჩნდა კენჭისყრის შედეგები:

„შემოვიდა ქალბატონი, საკრებულოს თავმჯდომარე, დააყენა საკითხი პირდაპირ კენჭისყრაზე, რამდენიმე მომხრემ ასწია ხელი. ის არ დაინტერესებულა, ვინ იყო მოწინააღმდეგე, და არც იმით დაინტერესებულა, თუ ვინ შეიკავა თავი, ისე გაბრუნდა და წავიდა“, - ამბობს ზუგდიდელი მარიკა თოდუა, რომელიც სხდომაზე წარმოდგენილი წინადადების შესახებ უარყოფითი პოზიციის გამოსახატად მივიდა, თუმცა დეპუტატებს შორის დაპრიპირების ფონზე ეს ვერ მოახერხა.

საკუთარი პოზიციის დაფიქსირება სხდომაზე პლაკატებით შეძლო არასამთავრობო სექტორმა. მათ მთელი სხდომის განმავლობაში ხელში ეჭირათ ბანერები შემდეგი წარწერით: „ზუგდიდი ჩემი ქალაქია“, „მეტი დეცენტრალიზაცია“, „მოქალაქის ძალა თვითმმართველობაშია“.

„შედგა თეატრალური წარმოდგენა. მსახიობების როლში იყვნენ საკრებულოს დეპუტატები. სამწუხაროდ, მათ აპლოდისმენტები ვერ დაიმსახურეს“, - ამბობს „სამოქალაქო აქტივობისა და თანასწორობის ცენტრის“ წარმომადგენელი ციცინო შენგელია.

სხდომის დასრულების შემდეგ საკრებულოს თავმჯდომარე ნატალია შეროზიას ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია. განმარტებები მისმა მოადგილემ გააკეთა. თაზო ფაცაციას თქმით, სხდომიდან საკრებულოს თავმჯდომარის ორჯერ გასვლა გამოიწვია დარბაზში ხმაურმა, რადგან მოქალაქეები თავად უშლიდნენ ხელს საუბარში ერთმანეთს.

„ჩვენ მოვიწონეთ ეს, მაგრამ ჩვენ ჩავრთეთ საკითხში, რომ ქალაქ ზუგდიდს ჰქონდეს თვითმმართველი ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სტატუსი“, - განაცხადა თაზო ფაცაციამ.

რეგიონალური განვითარების სამინისტროს სამთავრობო კომისიის წინადადება ქალაქის საკრებულომდე თემის საკრებულომ 19 მაისს გამართულ სხდომაზე, ასევე ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის პროტესტის ფონზე, მოიწონა. ამ გადაწყვეტილებას მოქალაქეთა ნაწილის საპროტესტო აქცია მოჰყვა. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციასთან აქციის მონაწილეები პლაკატებით და ყვავილების „სამგლოვიარო“ გვირგვინით შეიკრიბნენ, რითაც, მათივე თქმით, სიმბოლურად გამოხატეს, რომ ეს არის საქართველოს ხელისუფლებისა და „ქართული ოცნების“ „პანაშვიდი“.