დედაქალაქის მსგავსად, გარემოს დაბინძურებაზე მოქალაქეების დაჯარიმება, შესაძლოა, ქალაქ ზუგდიდშიც დაწესდეს. „ზიგდიდდასუფთავების“ დირექტორმა შესაბამისი წინადადებით უკვე მიმართა მერიას და საკრებულოს უახლოეს სხდომებზე საკითხის განხილვას ელოდება. როგორც ნუგზარ მალაშხია აცხადებს, მიმართვის დოკუმენტში ჯარიმების ოდენობა გაწერილია საქართველოს კანონის თანახმად, რაც ემთხვევა თბილისში ამ მხრივ დაწესებულ ჯარიმებს.
Your browser doesn’t support HTML5
„შევედი მერთან და წარვადგინე მასალა საკრებულოში განსახილვევლადაც. თუ მიიღებენ ამაზე გადაწყვეტილებას, ჩვენ ამაზეც მზად ვართ, იმიტომ რომ სისუფთავით ყველაზე მეტად დაინტერესებულია ის, ვინც ასუფთავებს, იმიტომ რომ შეიძლება ერთ საათში ისეთი რამ გააკეთოს ვიღაცამ, რომ ქალაქი ქალაქს არ გავდეს. მე, მაგალითად, ეს აუცილებლად მიმაჩნია, სანამ ადამიანს თვიშეგნება არ ექნება. სანამ შეგნებამდე არ მივიყვანთ ამ საზოგადოებას, მანამ ეს ჯარიმები აუცილებელია“, - განუცხადა რადიო თავისუფლებას „ზუგდიდდასუფთავების“ დირექტორმა ნუგზარ მალაშხიამ.
მისივე განმარტებით, მერიისთვის მიმართულ წერილში დაკონკრეტებულია, რომ დასუფთავების სამსახური ჯარიმების წესის ამოქმედების შემთხვევაში დამატებით თანხებს და ადამიანურ რესურსს არ ითხოვს. ნუგზარ მალაშხიას თქმით, საამისოდ თანამშრომლებს შორის შეირჩევა რამდენიმე პირი და დაევალება კონტროლი.
გარემოს დაბინძურებისთვის ჯარიმების შესაძლო დაწესებაზე ზუგდიდელების აზრი არაერთგვაროვანია, თუმცა რადიო თავისუფლების მიერ გამოკითხული რესპონდენტების დიდი ნაწილი ქალაქში სუფთა გარემოს შესანარჩუნებლად ამ სიახლეს არ ეწინააღმდეგება:
„ძალიან კარგია, ასე რომ დაწესდება. უფრო იქნება სისუფთავე. სისუფთავე არის პირველ რიგში. აი, რომ გაწმინდავ და შეხედავ, გსიამოვნებს. პატარა ეზო მაქვს, აქეთ ჩამიყრიან ნაგავს და მერე იმას აღარ შეხედავენ“;
„სისუფთავეს არაფერი არ ჯობია და ეს უნდა იყოს მოწესრიგებული. მე სოფელში ვცხოვრობ და სოფლიდანაც, კარგი იქნება, კვირაში ორჯერ თუ მოხდება ნაგვის გატანა. მე მივესალმები ამ წინადადებას, იმიტომ რომ არაფერი არ ჯობია სისუფთავეს“;
„ნამდვილად მივესალმები ამას. სისუფთავის დაცვა აუცილებელია“;
„ძაან მაღალი ჯარიმაც არ ვარგა, იმიტომ რომ ხალხს უჭირს ჯერ. დალაგებულიც არ არის. მომზადებული უნდა იყოს, სანაგვე ურნები უნდა იყოს და მერე უნდა იყოს ეს კანონი“, - აცხადებენ ზუგდიდის ქუჩებში გამოკითხული რესპონდენტები.
ქალაქ ზუგდიდში მესამე წელია, რაც დასუფთავებაზე მოსაკრებელი დაწესდა, ერთ სულზე 50 თეთრის ოდენობით, და, მიუხედავად ოჯახის წევრთა რაოდენობისა, არ უნდა აღემატებოდეს 2 ლარს. ამ სიახლეს მაშინ მოსახლეობა უარყოფითად შეხვდა, თუმცა დღეს უკვე, როგორც „ზუგდიდდასუფთავების“ დირექტორი აცხადებს, მოსაკრებლის ამოღების მაჩვენებელი მაღალია. წელს უკვე წესის დანერგვა დაიწყო მუნიციპალიტეტის სოფლებში:
„ქალაქში ზუსტად 400-420 ათასი ლარი შემოდის წლიურად, ამ ჩვენ მიერ გაწეული მომსახურებიდან გამომდინარე. ქალაქში ამოღების მაჩვენებელი არის 85 %, ე.ი. არის ძალიან მაღალი. განვითარებულ ქვეყნებშიც კი ჭირს ასეთი მაჩვენებელი. რაც შეეხება სოფლებს, 15 იანვრიდან ჩვენ მათ თანხებს არ ვახდევინებდით. უკვე ამ თვიდან ჩვენ მათ მივაწოდეთ ინფორმაცია, სად უნდა გადაიხადონ და როგორ. მიდის ახსნა-განმარტებები, გაიკრა თვალსაჩინოებებიც. აპრილი რომ დამთავრდება, მერე უკვე ექნებათ გადასახდელი. ვინც არ გადაიხდის, ჩვენ მას ვერ მოვემსახურებით“.
„ზუგდიდდასუფთავებაში“ ფიქრობენ, რომ თუმცა მომსახურების სერვისი წლიდან წლამდე უმჯობესდება, შეძენილია ახალი ნაგვის ურნები და ტექნიკა, მაინც გაცილებით მეტია საჭირო. ნუგზარ მალაშხიას თქმით, იდეალური მდგომარეობის შესაქმნელად საჭიროა მუნიციპალიტეტის 48-ვე სოფელში - თუ ამჟამად, საერთო ჯამში, 500 ცალი ნაგვის ურნაა - იყოს 3 500, იმ ქალაქში კი, სადაც არის 400 ურნა, იყოს 2 700 ცალი.