ზუგდიდის ბაზრის თანამშრომლები გარევაჭრობის წინააღმდეგ გამოდიან

გარევაჭრობა ზუგდიდში

ბაზრის შიდა ტერიტორიაზე მოვაჭრეები ზუგდიდის თვითმმართველობისგან გარევაჭრობის აკრძალვას ითხოვენ. ამ წინადადებით მათ ქალაქის მერს, ირაკლი გოგოხიას, მიმართეს. მოვაჭრეები ამბობენ, რომ მათი მოთხოვნა დაკმაყოფილდა და მერმა გარევაჭრობის საბოლოოდ ასაკრძალად 2 კვირა ითხოვა:

„ჩვენ, შიდამოვაჭრეები, მაშინ გავალ გარეთ და ჩვენც გარეთ ვიმუშავებთ. მერიიდან ასე გამოვიდა ამბავი, რომ დრო მოგვეცითო. რა ვიცი, ზომებს მიიღებენ, ალბათ“, - განაცხადა აქციის მონაწილე ნოდარ კალანდიამ.

მოვაჭრეების თქმით, მოსახლეობა ბაზრის გარეთ ყიდულობს პროდუქციას, მათთან კი მხოლოდ მცირე ნაწილი მიდის. ისინი განმარტავენ, რომ ასე მუშაობის პირობებში ვერ არჩენენ ოჯახებს და უჭირთ ბანკის ვალების დაფარვა. მათი განმარტებით, პრობლემა დიდი ხანია არსებობს, მერის არაერთგზის დაპირება კი, რომ გარევაჭრობა საბოლოოდ აიკრძალებოდა, არ შესრულდა.

თავის მხრივ, ირაკლი გოგოხია აცხადებს, რომ გარევაჭრობა კანონით იკრძალება და ამჯერად დარღვევას ვერ დაუშვებენ.

„საკრებულოში შესულია და უკვე წარმოებაშია გარევაჭრობის რეგულირების წესი, რომელსაც, ალბათ, ძალიან მალე, დაახლოებით 2 კვირაში, საკრებულო დაამტკიცებს. ამის შემდეგ, ალბათ, მერიას ექნება შესაძლებლობა, რომ იხელმძღვანელოს დადგენილი წესით. აქედან გამომდინარე, კანონის ძალით განხორციელდება ეს ქალაქის ტერიტორიაზე და იმედია, ყველა კმაყოფილი იქნება“, - თქვა ზუგდიდის მერმა ირაკლი გოგოხიამ.

მერიაში შეხვედრის შემდეგ მოვაჭრეებმა განაცხადეს, რომ მომავალში საპროტესტო აქციებს პერმანენტულად გამართავენ, თუ მათი მოთხოვნა 2 კვირაში არ დაკმაყოფილდება.

ქალაქ ზუგდიდის მერიასთან ბაზრის შიდა ტერიტორიაზე მოვაჭრეებმა 28 თებერვალს საპროტესტო აქცია გამართეს. აღნიშნული მოთხოვნით წლებია ბაზრის შიდა ტერიტორიაზე დასაქმებულები პროტესტს გამოხატავენ. გარევაჭრობა რამდენჯერმე მცირე ხნით აიკრძალა, თუმცა ისევ განახლდა.