ზუგდიდში სოციალური სერვისების დასახვეწად სამოქმედო გეგმას ამუშავებენ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ბენეფიციარებისთვის სოციალური სერვისების მიწოდების ეფექტურობის გაუმჯობესებასა და ერთჯერადი ფულადი დახმარებების ნაცვლად ახალი მიდგომების დანერგვის მიზნით, სოციალურ სტრატეგიას ამუშავებენ. არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლობით ჩამოყალიბებულმა სამოქმედო გეგმამ სამომავლოდ, გრძელვადიან პერსპექტივაში, უნდა შეამციროს სახელმწიფოზე დამოკიდებულთა რაოდენობა, გააძლიეროს მოქალაქეები, რათა მათ იპოვონ საკუთარი ფუნქცია და ადგილი საზოგადოებაში. სტრატეგიის მიზანია, ასევე, ბენეფიციარები არ იყვნენ მუდმივად ადგილობრივი ხელისუფლებისგან კონკრეტული თანხის მიღების მოლოდინში.

ნანა ყურაშვილი, მენეჯერი პროექტისა „სოციალური დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის გაძლიერება სტრატეგიულ დიალოგში საქართველოში“, განმარტავს, რომ ეს სამოქმედო გეგმა უნდა იყოს რეალური ინსტრუმენტი სტრატეგიით გაწერილი პრიორიტეტული მიმართულებების განსახორციელებლად.

მისი თქმით, დღემდე პრობლემად რჩება სოციალური სერვისების მიწოდების სისტემა, რომელიც ძირითადად ეფუძნება ფულად დახმარებებს, არ ემსახურება პრობლემის მოგვარების გრძელვადიან ხედვას და ბენეფიციართა მოწყვლადი ჯგუფების მდგომარეობის გაუმჯობესებას. პროექტის მენეჯერმა აღნიშნა, რომ ის, რაც დღეს გვაქვს, არ შეიძლება მივიჩნიოთ, კლასიკური გაგებით, სერვისების მიწოდებად. მან მაგალითად მოიყვანა განვითარებული ქვეყნების პრაქტიკა, რომელიც ეფუძნება ადამიანთა საჭიროებებზე ზრუნვას არა მსგავსი მოკლევადიანი მიდგომების გზით, არამედ გათვლებს სამომავლოდ, როცა მათ სოციალურ-ეკონომიკურ გაძლიერებას, პირველ რიგში, სახელმწიფო უწყობს ხელს, რათა შემდგომში თავადაც შექმნან რამე საკუთარი ფინანსური მდგრადობისთვის.

„საბედნიეროდ, გვაქვს შესაძლებლობა, ფინანსური რესურსიც გამოვიყენოთ ამ შემთხვევაში. 2017 წელს გამოცხადდება საგრანტო კონკურსი, რომელიც მისცემს შესაძლებლობებს ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს და ხელისუფლების წარმომადგენლებს, შემოიტანონ კონკრეტული ინიციატივები, თუ როგორ გაუმჯობესდეს სხვადასხვა მიმართულებით ამ სერვისების მიწოდება“, - აღნიშნა ნანა ყურაშვილმა.

მრჩეველთა საბჭოს წევრმა და არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰანგის“ წარმომადგენელმა გურამ ჩიხლაძემ განმარტა, რომ აუცილებელია გრძელვადიან და მდგრად პროექტებზე მუნიციპალიტეტის ორიენტირი, რომელიც მიმართული იქნება პრობლემის საბოლოო აღმოფხვრაზე.

„ეს იქნება მიმართული პრობლემის საბოლოო აღმოფხვრისკენ. მაგალითად, ვისაც სახლი არ აქვს, მას მივაწოდოთ არა ერთჯერადი დახმარება, არამედ ავუშენოთ სახლი“, - განმარტა მან.

თავის მხრივ, აზრს, რომ სოციალური სერვისების მიწოდების კუთხით არსებობს პრობლემები, დაეთანხმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური სამსახურის უფროსი გოგი რევიაც. მისი თქმით, ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს, მრჩეველთა საბჭო კი მთავარი სტრატეგიის შემუშავებას და პრიორიტეტების იდენტიფიცირებას ცდილობს.

„მრჩეველთა საბჭოს დღევანდელი შეხვედრა არის მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ ჩვენ დიდი ხნის მანძილზე ვმუშაობთ სტრატეგიაზე. ახლა ხდება მისი საბოლოო დამუშავება, შემდეგ უკვე პროექტი იქნება წარდგენილი გრანტის მოსაპოვებლად “, - აღნიშნა გოგი რევიამ და დასძინა, რომ აქვთ სხვა მიმართულებებიც ჩაფიქრებული, რათა ნელ-ნელა, ეტაპობრივად ბენეფიციართა პრობლემების მოგვარებაზე გრძელვადიან ჭრილში იმუშაონ.

პროექტს, რომლის ფარგლებშიც დღევანდელი შეხვედრა გაიმართა, ჩეხური არაკომერციული ორგანიზაცია „ადამიანი გასაჭირში“ (PIN) ახორციელებს ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან თანამშრომლობის გზით ტყიბულის, ხონის, ზუგდიდის და გორის მუნიციპალიტეტებში.