ზუგდიდის სოფლებში ამბულატორიების დიდი ნაწილი მძიმე მდგომარეობაშია

სოფელ რუხის საავადმყოფოს მაკეტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოქმედი საექიმო ამბულატორიების თანამშრომლები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. მათი თქმით, სოფლებში მედპერსონალის დიდ ნაწილს ავარიულ შენობებში და არასაკმარისი ინვენტარის პირობებში უწევთ პაციენტების მიღება. ამბულატორიების თანამშრომლებმა შესაბამისი განცხადებები „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ზუგდიდის ოფისში გააკეთეს, სადაც სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის მონაწილეობით შეხვედრა ამ პრობლემას მიეძღვნა.

Your browser doesn’t support HTML5

ზუგდიდის სოფლებში ამბულატორიების დიდი ნაწილი მძიმე მდგომარეობაშია

ძველი აბასთუმნის ამბულატორიის ექიმის, ლანა კუტალიას, თქმით, მათი სოფლის დაწესებულებას პრობლემა აქვს როგორც ინფრასტრუქტურის, ისე არასაკმარისი ინვენტარის თვალსაზრისითაც. მისი სიტყვებით, მიუხედავად ამისა, ჰიგიენის ნორმების დაცვას ახერხებენ:

„ქარბუქმა რომ სახურავი დააზიანა, მას შემდეგ მეორე სართულიდან წყალი იმდენი რაოდენობით ჩამოვიდა, რომ ჩვენი ოთხი ოთახიდან ორი საერთოდ დაიტბორა. ის ორი ოთახი, სადაც ახლა ვმუშაობთ, სულ ობმოკიდებულია და კედლებიდან ბათქაში ცვივა“.

მის მსგავსად, შეხვედრის მონაწილეებს ცაიშის „განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელი ნიკა ჭითანავა ესაუბრა იმ საჭიროებებზე, რომლებიც სოფლის სამედიცინო პუნქტს აქვს. მისი თქმით, წვიმის წყლისგან, რომელიც დაზიანებული სახურავის გამო ოთახებში ჩადის, ფართი ნადგურდება.

„ფაქტიურად, დანგრევის პირასაა მისული. გადახურვის პრობლემა გვაქვს. წვიმის წყალი ჩამოდის და დროდადრო ანადგურებს ოთახებს. მეორე არის იატაკის პრობლემა. იყო ისეთი ფაქტები, რომ მომართვაზე მოსულ ჩვეულებრივ პაციენტს ღრიჭოში ფეხი ჩაუვარდა და, სამწუხაროდ, ტრავმატოლოგიურში წაიყვანეს“, - განმარტა ნიკა ჭითანავამ.

თავის მხრივ, გამგეობის ჯანდაცვის განყოფილების უფროსმა სალომე ჩანგელიამ აღნიშნა, რომ წარმოდგენილი პრობლემები დიდი ხნის წინ შეისწავლეს. რადგან შენობები მათ ბალანსზე არ არის, რაიმე პროექტის განხორციელების უფლება არ აქვთ, თუმცა, შეძლებისამებრ, სამედიცინო პუნქტებს წამლებით, შეშით თუ ელექტროენერგიის ხარჯების დაფარვით ეხმარებიან. მისივე თქმით, მუნიციპალიტეტი, საკუთარი ინიციატივით, ვერც ეკონომიკის, ჯანდაცვის თუ სხვა სამინისტროს მისწერს, ქონება გადმოგვეცითო. ამიტომ შესაბამისი ინიციატივა სხვა ვინმემ, მათ შორის, შეხვედრის მონაწილეებმაც უნდა გამოიჩინონ.

„დავგეგმოთ ერთობლივად. არ ვამბობთ, რომ რადგან ჩვენს ბალანსზე არ არის, არაფერს გავაკეთებთ. ყველანაირი ხელშეწყობა გექნებათ ჩვენი მხრიდან. ამის მზაობა არის. მაგრამ ეს გლობალური პრობლემაა, ამას მუნიციპალიტეტი მარტო ვერ მოაგვარებს“, - აღნიშნა გამგეობის წარმომადგენელმა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობისა და თანასწორობის ცენტრის“ ხელმძღვანელმა ციცინო შენგელიამ თქვა, რომ საკითხი, თუ როგორ შეიძლება დღეს ეს პრობლემა მოგვარდეს, ასე ვერ დადგება, არამედ უნდა ჩატარდეს კომპლექსური სამუშაოები.

„აქ თითოეული მოქალაქე, სოფლის მცხოვრები უნდა იყოს ჩართული პრობლემის მოგვარებაში. ძალიან მნიშვნელოვანია დაიწყონ ორმხრივი პროცესი მუნიციპალიტეტმა და თითოეულმა თემმა ერთდროულად - პირველ რიგში, იმისთვის, რომ მოხდეს ამ შენობების ეკონომიკის სამინისტროს ბალანსიდან მუნიციპალიტეტის ბალნსზე გადმოტანა და შემდეგ მოხვდეს ისინი პრიორიტეტის გეგმაში“, - განმარტა ციცინო შენგელიამ.

შეხვედრა გაიმართა საიას პროექტის - „მოქალაქეთა ჩართულობა ეფექტური თვითმმართველობისთვის“ - ფარგლებში. პროექტის მიზანია პრობლემების ადვოკატირება, მოსახლეობის გააქტიურება და მათი ცნობიერების ამაღლება, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართულობის გაზრდა, ასევე კომუნიკაციის გაუმჯობესება, ერთი მხრივ, ადგილობრივ ხელისუფლებასთან, მეორე მხრივ, მედიასთან.