საფეხბურთო კლუბ „ზუგდიდის“ ფანკლუბის წევრები ახალი ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებებით უკმაყოფილონი არიან. მათი თქმით, მას შემდეგ, რაც საფეხბურთო კლუბის 51 %თვითმმართველობისგან უკრაინელმა ინვესტორებმა შეიძინეს, გუნდის თამაში გაუარესდა.
ფანკლუბ „აბრაგების“ წევრთა განცხადებით, ბოლო სამი თამაში „ზუგდიდმა“ სამარცხვინო ანგარიშით წააგო და ბევრად უარესი შედეგი აჩვენა, ვიდრე ეს კლუბში განხორციელებულ ცვლილებამდე იყო.
„აბრაგების“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბაჩილავას, განცხადებით, ერთი კვირაა, რაც კლუბის ხელმძღვანელობა შეიცვალა და ამ მოკლე დროში განსაკუთრებული წინსვლის იმედი არ ჰქონდათ, თუმცა არც მსგავს უკუსვლას ელოდნენ. გულშემატკივრებს არ მოსწონთ, რომ ძველი ფეხბურთელების ნაწილი ნაკლებად კვალიფიცირებული მოთამაშეებით ჩაანაცვლეს.
„გვეგონა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. გვაქვს მოთხოვნები, გვაინტერესებს, რას აპირებენ და რას გეგმავენ. ეს უსუსური თამაში სანამდე უნდა გაგრძელდეს. როგორ აპირებენ ფანკლუბთან თანამშრომლობას. გასარკვევია ისიც, არის თუ არა თავად ფეხბურთელებს შორის განხეთქილება“, - განაცხადა გიორგი ბაჩილავამ.
ფანკლუბის წევრები დღეს კლუბის ოფისთან შეიკრიბნენ და „ზუგდიდის“ ახალ ვიცე-პრეზიდენტს, სვიატოსლავ სიროტას, შეხვდნენ. კლუბის ვიცე-პრეზიდენტმა მათ განუცხადა, რომ თავადაც ხვდება, რა პრობლემების წინაშე დგას გუნდი; აღნიშნა, რომ მათ მოგვარებას გარკვეული დრო სჭირდება.
„დღესდღეობით ასეთი სიტუაციაა, რომ ნაკრებმა წააგო პირველი სამი თამაში - 2 ჩემპიონატზე და ერთი თასზე. ამას აქვს როგორც სუბიექტური, ასევე ობიექტური მიზეზები. დღესდღეობით ჩვენ გავარკვიეთ ეს მიზეზები და გამოვასწორებთ მათ. ზოგიერთ მიზეზს ვერ ვიტყვით ხმამაღლა, რადგან ეს არის კლუბის შიდა საქმე. ერთ-ერთი მიზეზი კი არის ნაკრების ცუდი თამაში. საფეხბურთო მოედანზე ფეხბურთელების თამაში არის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი გუნდის საფეხბურთო ცხოვრების. დიდი ძალისხმევაა საჭირო იმისთვის, რომ ამ საფეხბურთო ოჯახმა მოგვცეს შედეგი“, - განაცხადა სვიატოსლავ სიროტამ.
რაც შეეხება ფეხბურთელების კვალიფიკაციას, ვიცე-პრეზიდენტის განმარტებით, ზუგდიდში ბევრი კარგი პოტენციალის მქონე ახალგაზრდაა, რაც თუნდაც მოზარდთა გუნდების მაგალითზე ჩანს. სვიატოსლავ სიროტას თქმით, ამ ახალგაზრდებს განვითარებისთვის დრო სჭირდებათ, რადგან, მიუხედავად ნიჭის და მონდომებისა, დღეს ისინი საფეხბურთო მოედანზე კარგ შედეგს ვერ აჩვენებენ.
ახალი ვიცე-პრეზიდენტის განმარტებითვე, მათ აქვთ კლუბის განვითარების როგორც მოკლე პერიოდის, ასევე დროში გაწერილი გეგმა. „ზუგდიდის“ წარმომადგენელი მოკლე ვადებში განვითარების გეგმაში გულისხმობს გუნდში მდგომარეობის დასტაბილურებას ისე, რომ მან დადებითი შედეგების მოტანა შეძლოს. მისივე თქმით, საამისოდ მთავარი აქცენტი კვალიფიცირებული ფეხბურთელების მოზიდვაზე გაკეთდება.
თავის მხრივ, ფანკლუბის წევრები ამბობენ, რომ თუ გუნდის განვითარებისთვის კონკრეტული ნაბიჯები არ გადაიდგმება, გულშემატკივრები და ფანკლუბის წევრები ერთობლივ საპროტესტო გამოსვლებს დაიწყებენ.
გასულ კვირაში, ოცდღიანი მოლაპარაკების შემდეგ, აუქციონის წესით საფეხბურთო კლუბ „ზუგდიდის“ 51 % -ის მფლობელი უკრაინელი სპონსორები გახდნენ, ხოლო 49%-ს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია განაგებს. კლუბში საკადრო ცლილებებიც გასულ კვირაშივე განხორციელდა.
ხელშეკრულების თანახმად, 2016 წლის ბოლომდე ინვესტორმა კლუბში 100 ათასი დოლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს, 2017 წლის პირველი იანვრიდან 2020 წლის ბოლომდე კი, ყოველწლიურად, - 300 ათასი დოლარის ინვესტიცია ფეხბურთის განვითარებისა და ხელშეწყობისთვის.
„ზუგდიდი“ უკვე წლებია ქალაქის ბიუჯეტიდან ფინანსდება. კლუბისთვის მიმდინარე წელს მილიონ 200 ათასზე მეტი გამოიყო, რაზეც არასამთავრობო სექტორის ნაწილმა არაერთხელ გამოთქვა უკმაყოფილება, მით უმეტეს, იმ შედეგების ფონზე, რომელიც გუნდს ჰქონდა და აქვს. მათი განმარტებით, კლუბისთვის თანხა ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან არ უნდა იხარჯებოდეს.