ზუგდიდში მოქმედი უფასო სასადილოს ბენეფიციარები ახალი კომპანიის მომსახურებით უკმაყოფილონი არიან. მათი მტკიცებით, მას შემდეგ, რაც სასადილოს ხელმძღვანელობა შეიცვალა, არ აქვთ საკმარისი საკვები და ის, რაც მიეწოდებათ, უხარისხოა. უკმაყოფილო ბენეფიციარებსა და სასადილოს მთავარ მზარეულს შორის სიტყვიერი დაპირისპირებაც მოხდა.
„საკვები კარგად გაგვიკეთონ. ჩვენ ღორები ხომ არ ვართ, კარგ მზარეულს ვითხოვთ“, ამბობს მურთაზ ხუნწარია.
„საჭმელი არ მიმაქვს. მარტო პური მიმაქვს დღეს, იმიტომ რომ არ არის არაფერი სხვა“, გვითხრა ნინო ჯაყონიამ.
მზარეულ გულისა ჯალაღონიას თქმით, რეალურად სასადილოში მენიუ არ შეცვლილა და მანამდე საკვებით უკმაყოფილება არც ერთ ბენეფიციარს არ გამოუთქვამს. მისი მტკიცებით, სასადილოს მომხმარებელთა დღევანდელი პროტესტი მიზანმიმართულად მოეწყო, რადგან სურთ, ძველი კომპანია დაბრუნდეს:
„ჩემი ყურით მესმოდა, საჭმელს როცა ვაკეთებდი, ავაბუნტოთ ეს ხალხი, ავაჯანყოთო“.
უფასო სასადილოს მომსახურებით უკმაყოფილო მოქალაქეებს ქალაქ ზუგდიდის მერიის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, ვეტერანთა და დევნილთა სამსახურის წარმომადგენლები გაესაუბრნენ. სამსახურის უფროს თამარ სოსელიას განცხადებით, მისი სამსახური სასადილოს დროდადრო ამოწმებს და რაიმე დარღვევები, საკვების უკმარისობის თვალსაზრისით, არ შეუმჩნევია.
მერიის თანამშრომლების პარალელურად, უფასო სასადილოს მომხმარებლებს ქალაქის საკრებულოში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანა წითლიძე გაესაუბრა.
„ძირითადი ვალდებულება აქვს იმ კომპანიას, რომელმაც მოიგო ეს ტენდერი, სწორედ მან უნდა უზრუნველყოს ყველა ამ პრობლემის მოგვარება. ჩვენ მერიასთან ერთად შევხვდებით ამ კომპანიას და ვიფიქრებთ იმაზე, როგორ უნდა გადაწყდეს ეს პრობლემა“, - განაცხადა ანა წითლიძემ.
თავის მხრივ, ბენეფიციარების ყველა ბრალდებას უარყოფენ შპს „ეფექტში“, რომელმაც ობიექტი დეკემბერში, მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვების შემდეგ, ჩაიბარა. შპს-ს წარმომადგენლის, მალხაზ იანთბელიძის, განცხადებით, მათი კომპანია ხელშეკრულებაში გაწერილ ყველა ვალდებულებას ზედმიწევნით ასრულებს და ამაში დასარწმუნებლად ნებისმიერ მსურველს სასადილოში ეპატიჟება. მანვე აღნიშნა, რომ მუშაობის დაწყებისთანავე სასადილოს ყველა - 230 - ბენეფიციარი არ აკითხავდა, ამიტომ იყო შესაძლებლობა მათთვის დაწესებული ულუფა გაეზარდათ:
„როცა უკვე გადავედით იმ ნორმების დაცვაზე, რაც გათვალისწინებულია ტენდერის მიხედვით,- და, ტენდერის თანახმად, ერთ კაცზე არის 200 გრამი პური და 200 გრამი სხვა საკვები: პირველი, მეორე, მესამე, - ეტყობა, ამის გამო გაღიზიანდნენ და იფიქრეს, რომ, აი, პირველად უნდოდათ ჩვენთვის თავის მოწონება, მაშინ ბევრი დაგვირიგეს და ახლა ცოტას გვირიგებენო. უბრალოდ, პირველად ბევრი რჩებოდა. კანონით გათვალისწინებული ნორმა იქნება აბსოლუტურად დაცული. ამის პირობას ვაძლევ ყველა ბენეფიციარს და ყველა თქვენგანს“.
უფასო სასადილოში კვებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან განსაზღვრულია 102 ათას 999 ლარი, რაც დღეში თითო ბენეფიციარზე, დაახლოებით, ერთ ლარსა და 32 თეთრს შეადგენს. სასადილოს მომსახურებით 230 ბენეფიციარი სარგებლობს.