175 წლის ისტორია, რომელსაც ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ინახავს

„ეს ადგილი, სადაც ჩვენ ახლა ვართ, ეკატერინე ჭავჭავაძის ყველაზე საყვარელი ადგილია. ეს არის ხელოვნური ტბა, სადაც ყოველ დილით ეკატერინე ჭავჭავაძე თავის შვილებთან ერთად გამოდიოდა. ამ ტბაში იყო თევზები. უყურებდნენ თევზის ბადით ჭერის პროცესს. აქ იყო ნავი, რომლითაც სეირნობდნენ ყოველ დილით. ეს დადიანების და ჩვენი ბაღის ყოფილი თანამშრომლების უსაყვარლესი ადგილია“, - ჰყვება ლარისა თირქია, პროფესორი, რომელმაც ბოტანიკურ ბაღში 20 წელი იმუშავა. ახლაც თავის საყვარელ ადგილზე - ბაღის ხელოვნურ ტბასთან -ზის და სრულიად განსხვავებულ ხედს გაჰყურებს, რომელიც არაფრით ჰგავს იმას, რაც, სამსახურის საძიებლად მოსულს, აქ წლების წინ დახვდა, და მით უფრო იმას, რასაც სამეგრელოს სამთავროს უკანასკნელი დედოფალი, ეკატერინე ჭავჭავაძე, გაჰყურებდა.

ზუგდიდის შუაგულში, 26 ჰეტარამდე მიწის ნაკვეთზე, განთავსებულ ბაღში ახლა, ფერადი ყვავილების ნაცვლად, ეკალ-ბარდები ხარობს. დაავადებისგან გამხმარია კოლხური ბზის დიდი ნაწილი, გასხვლას საჭიროებს ხე-მცენარეები. ზოგიერთი მათგანი სიძველისა და მოუვლელობის გამო მოსაჭრელია. ამორტიზებულია და შესაკეთებელი შენობები, სადაც წლების წინ ბაღის ადმინისტრაცია და ორანჟერეა იყო განთავსებული. ბოტანიკური ბაღი ქალაქის მოუვლელ ტყედ იქცა, არადა:

„ჩვენი ბოტანიკური ბაღი მსოფლიოს ბაღებს შორის მეშვიდე ადგილზეა, ყოფილი საბჭოთა კავშირის ბაღებს შორის კი - მესამე ადგილზე, ამიერკავკასიის ბოტანიკურ ბაღებს შორის - პირველ ადგილზე. ჩვენი ბაღი წარმოადგენს დადიანების სასახლესთან არსებული დეკორატიული ბაღის გაგრძელებას და მისი ისტორია დაკავშირებულია თვით სასახლის ისტორიასთან“.

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის დაარსების დროდ ითვლება მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისი. ის გაშენდა, როგორც მთავრის რეზიდენციის დეკორატიული ბაღი. ისტორიული ცნობების თანახმად, ზუგდიდის ბაღმა დეკორატიული სახე 1840 წელს მიიღო, როცა მის განაშენიანებაზე ზრუნვა სამეგრელოს უკანასკნელმა მთავარმა დავით დადიანმა და მისმა მეუღლემ ეკატერინე ჭავჭავაძემ დაიწყეს. საჭირო თესლი და ხეების ნერგები საფრანგეთის მეფე ლუი ფილიპეს ვერსალის ბაღიდან ჩამოიტანეს, დეკორატორად კი მოიწვიეს იტალიელი მებაღე ჟიზეფ ბაბინი. მან ბაღს მთლიანად შეუცვალა იერი — დაგეგმა ფრანგულ, სიმეტრიულ სტილში. სწორედ მან შექმნა დღემდე შემორჩენილი ხელოვნური ტბა, პატარა კუნძულით.

ბაღმა დაარსებიდან დღემდე ბევრი ცვლილება განიცადა. 1856 წელს, სამეგრელოში ოსმალთა შემოჭრისას, ბაღი სრულიად განადგურდა და დაიწვა. მისი აღდგენა ეკატერინე ჭავჭავაძემ იტალიიდან მოწვეული მებაღე-დეკორატორების, ძმები გაეტანი და ჯიოვანო ზამბერლეტების დახმარებით, 1869 წელს შეძლო. ეკატერინეს გარდაცვალების შემდეგ ბაღში მცენარეთა ახალი ჯიშების შემოტანა შეწყდა, თუმცა მოვლილი იყო, რაზეც ეკატერინეს ვაჟი ნიკო დადიანი ზრუნავდა. მოგვიანებით, საქართველოს გასაბჭოების წლებში, ბაღს განსაკუთრებით გაუჭირდა. ის ხელიდან ხელში გადადიოდა. ბოტანიკური ბაღის ყოფილი დირექტორი, ამ თანამდებობაზე მუშაობის 30-წლიანი სტაჟის მქონე რუსლან ლატარია, ამბობს, 1970-დან 1991 წლამდე ბოტანიკური ბაღი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ცენტრალური ბოტანიკური ბაღის მფლობელობაში იყო, მოვლა-პატრონობა მთელი ამ ხნისმანძილზე გრძელდებოდა და არ შეწყვეტილაო, 1992 წლიდან კი - მას შემდეგ, რაც აფხაზეთის ომი დაიწყო - ბოტანიკური ბაღის გამდიდრება მცენარეებით შეწყდა და თანამშრომლები მხოლოდ მის დაცვაზე ზრუნავდნენო:

„მაშინ ზოგიერთი ჩემი თანამშრომელი, მეზობლები, ჩვენი შვილები ღამე აქ ვრჩებოდით, რომ ბაღი არ დაეჩეხათ. ერთი ხე არ მოუჭრიათ მაშინ. ისე დაიცვეს მაშინ ამათ, მაგრამ ახლა აქ რა ხდება, არ ვიცი... ეს ბაღი მეცნიერებათა აკადემიას ეკუთვნოდა, მერე, მეცნიერებათა აკადემია რომ დაიშალა, განათლებისა და კულტურის სამინისტროს გადასცეს, იმათმა კიდევ ვიღაცას გადასცეს, იმან კიდევ ეკონომიკის სამინისტროს და ახლაც ეკონომიკის სამინისტროსია ეს ბოტანიკური ბაღი“.

როგორც სპეციალისტები ამბობენ, ბაღი უნიკალურია თავისი ბუნებრივი მონაცემებითაც. აქ წლიური ტემპერატურა, საშუალოდ, 13,4 გრადუსია. ყველაზე ცხელ თვეს, აგვისტოშიც კი, ის არ აღემატება 25 -ს. იანვარში 4,4 გრადუსზე დაბლა ტემპერატურა არ ეცემა. პროფესორი ლარისა თირქია ამბობს, რომ სწორედ ამ ბუნებრივმა პირობებმა შეუწყო ხელი ეგზოტიკური მცენარეების გამრავლებას. აქ კარგად ხარობს როგორც ხმელთაშუა ზღვის, ჩრდილოეთ ამერიკის, აზიის, ისე კოლხეთის მცენარეები. სწორედ გარემოსა და წარსულის გამოა ბაღი ზუგდიდელების ყველაზე საყვარელი ადგილი. ახლაც კი, მიუხედავად ბაღის ამჟამინდელი მდგომარეობისა, ის დღის ნებისმიერ მონაკვეთში მნახველებითა და დამსვენებლებითაა გადატვირთული.

70 წელს მიღწეული მეგობრები ზურაბ ცხონდია და ჯუმბერ ჭანტურია ბაღში ყოველდღე დადიან. ხან გაზეთს კითხულობენ, ხანაც, უბრალოდ, საუბრობენ:

„სკოლის მოსწავლე ვიყავი, მეოთხე თუ მეხუთე კლასის მოსწავლე, როცა ამ ბაღში ნავები დაცურავდნენ, გედები დაცურავდნენ, იყო სეირნობა. ცოცხლობდა ბაღი...მერე რაღაცნაირად დაიჩაგრა ის. ვერ მიაქციეს სათანადო ყურადღება და ამას წუხდნენ ზუგდიდელები“.

„ისე კარგია, რაღაც რომ გაკეთდეს ბაღის მოვლა-პატრონობის კუთხით. აქ ხალხი სეირნობს... დილაობით ვარჯიშობენ და კარგია, რომ მიხედონ“.

ბაღში, სადაც სხვადასხვა ხელისუფლების პირობებში 18 წლის განმავლობაში არაფერი გაკეთებულა, წელს მცირედი სამუშაოები განხორციელდა. დაასუფთავდა არხი, ტბა და აღდგა წყლის მიწოდება. არასამთავრობო ორგანიზაცია „მერკურმა“ ქალაქის მერიასთან ერთად წლების წინ არსებული სანერგე მეურნეობა აღადგინა, სადაც წითელ წიგნში შეტანილი 12 სახეობის მცენარე და 12 ათასამდე კოლხური ბზა დააკალმეს. რამდენიმე დღის წინ კი ადგილობრივმა ხელისუფლებამ წარადგინა პროექტი, რომელიც ბაღისთვის პირვანდელი იერსახის აღდგენას და ახალი მცენარეებით გამდიდრებას გულისხმობს:

„ახლა მიმდინარეობს პროექტის დეტალების დაზუსტება. ამის შემდეგ ის უახლოეს თვეებში დაიწყება“, - თქვა ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაიამ.

მერიის ამ დროის მონაცემებით, ბაღის აღდგენას 4 მილიონ 700 ათასი ლარი დასჭირდება. აქედან თანხის 20 %-ითთანადაფინანსებას ქალაქის მერია გეგმავს, 30 % გრანტი, 50 % კი კრედიტი იქნება, რომელსაც მერია 10 წლის განმავლობაში დაფარავს. პროექტი საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც გააცნეს, მოეწონა. ახლა ის ფურცლებზე აღბეჭდილის რეალობაში განხორციელებას ელოდება.