სამეგრელოში ანალოგური მიწისზედა საერთო სიგნალის გათიშვამდე ორი დღით ადრე ზუგდიდში რეფორმის დეტალებთან დაკავშირებით შეხვედრა მოეწყო. მოქალაქეებს ციფრული მაუწყებლობის თაობაზე ინფორმაცია მიაწოდეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, „საქართველოს ტელე-რადიოცენტრისა“ და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წარმომადგენლებმა. შეხვედრაზე მოწვეული იყვნენ მოქალაქეები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ზუგდიდის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებიდან. საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის პრესმდივნის ხატია ყურაშვილის განცხადებით, შეხვედრები რეგიონებში მოსახლეობის მომზადების მიზნით მიმდინარეობს, რათა პროცესს ისინი, ვისაც ეს ეხება, სათანადოდ აღჭურვილები შეხვდნენ:
„საქართველოში 1 ივლისს ეტაპობრივად დაიწყო ანალოგური მაუწყებლობის გათიშვა. ეს უკვე მეხუთე სამაუწყებლო ზონაა, სადაც ითიშება ანალოგური მაუწყებლობა. მოსახლეობას გავაცანით რეფორმის მნიშვნელობა და ავუხსენით ტექნიკურად რა საშუალებებია საჭირო იმისთვის, რომ უპრობლემოდ მიიღოს მომხმარებელმა ციფრული მაუწყებლობა, რომელიც არის მრავალფეროვანი, უკეთესი ხარისხით“.
ეკონომიკის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ირმა ჯალაღონიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ციფრული მაუწყებლობის მისაღებად საჭირო აპარატი სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის უფასოდ დარიგდა, ბევრი დარჩა ისეთი, ვისაც ეს სტატუსი არ აქვს, მაგრამ აპარატს ვერ ყიდულობს. მისი ცნობით, მოსახლეობის მხარდასაჭერად, საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საბანკო სექტორის მოლაპარაკების შედეგად, უკვე შემუშავდა და ამოქმედდა სეთ-თოფ ბოქსების განვადებით შესყიდვის შეღავათიანი პირობები:
„70 ათასი და ნაკლები სარეიტინგო ქულის მოსახლეობისთვის ფოსტის რაიონულ განყოფილებებში გადანაწილებულია ე. წ. სეთ-თოფ ბოქსები. ეს არის ციფრული სიგნალის მიმღები ინდივიდუალური მოწყობილობა. ვისაც ჯერ კიდევ არ აუღია სეთ-თოფ ბოქსი, შეუძლია პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტით მივიდეს და აიღოს ის“.
შეხვედრაზე ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს პრესსპიკერმა სალომე გელაშვილმა პრაქტიკული რჩევები მისცა მოქალაქეებს და უჩვენა, თუ როგორ უერთდება ტელევიზორს საჭირო აპარატი - სეთ-თოფ ბოქსი:
„გაუმჯობესდება ხმისა და გამოსახულების ხარისხი, გაიზრდება პროგრამების რაოდენობა და ხელი შეეწყობა მედიაპლურალიზმს. ამას ასევე სახელმწიფოსთვის აქვს დიდი მნიშვნელობა, რადგან გამოთავისუფლდება სიხშირული სპექტრი. თუ ანალოგური მაუწყებლობისთვის განკუთვნილ ერთ არხში ადრე თავსდებოდა ერთი სტანდარტული გარჩევადობის პროგრამა, რეფორმის შემდეგ ციფრული მაუწყებლობისთვის განკუთვნილ ერთ არხში მოთავსდება, დაახლოებით, 15-მდე სტანდარტული გარჩევადობის პროგრამა“.
სტუმრებმა უპასუხეს ასევე აუდიტორიის კითხვებს, რომლებიც ძირითადად სოციალურად დაუცველთათვის აპარატურის გადაცემას შეეხებოდა. გამგებლის წარმომადგენელმა ზუგდიდის სოფელ ცაცხვში განაცხადა, რომ მას დახმარების თხოვნით რამდენჯერმე მიაკითხეს სოციალურად დაუცველმა ოჯახებმა, რომლებმაც სეთ-თოფ ბოქსები ვერ მიიღეს. საპასუხოდ, სალომე გელაშვილმა განაცხადა, რომ სახელმწიფოს მხირდან უფასო დახმარებას იღებენ ის სოციალურად დაუცველები, რომლებიც შესაბამის ბაზაში დარეგისტრირებული იყვნენ ნოემბრის ჩათლვით. მისი თქმით, ნოემბერში გადაეგზავნათ მათ სოციალური დაცვის სააგენტოსგან მოქალაქეთა სია. სალომე გელაშვილის განმარტებით, ნოემბერში იმიტომ, რომ გარკვეული პროცედურებისთვის დრო იყო საჭირო. მისივე თქმით, ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს ახლა ამ პრობლემაზე, რომ რამენაირად დახმარება აღმოეჩინოს ნოემბრის შემდეგ სოციალურად დაუცველთა ბაზაში დარეგისტრირებულებს.
რეფორმა საქართველოს ყველა მოქალაქეს შეეხება, გამონაკლისს მხოლოდ საკაბელო, თანამგზავრული და ინტერნეტ-ტელევიზიების მომხმარებლები წარმოადგენენ. ციფრული მაუწყებლობის მისაღებად მოსახლეობას დასჭირდება DVB-T2 სტანდარტის მხარდაჭერის მქონე სეთ-თოფ ბოქსი ან ტელევიზორი. ასევე, სიგნალის გარანტირებულად მისაღებად საჭიროა შენობის სახურავზე დამონტაჟებული მეტრულ-დეციმეტრული ანტენა. თუმცა, ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელია სატელევიზიო ანძისკენ მიმართული ოთახის ანტენის გამოყენებაც.