ზუგდიდის ქუჩებში, სკვერებსა თუ ბაღებში ხშირად შეხვდებით პატრონის მიერ მიტოვებულ ძაღლებს. მიუსაფარი ცხოველების დიდი ნაწილი განსაკუთრებული აგრესიით არ გამოირჩევა, თუმცა საზოგადოებაში გარკვეული შიში მაინც არსებობს. მშობლებს საბავშვო ბაღებისა და სკოლების მიმდებარე ტერიტორიაზე მცირეწლოვანი ბავშვების გადაადგილებისას სიფრთხილის გამოჩენა უწევთ:
„ბავშვი მიმყავდა ბაღში და სამი ძაღლი გამოგვეკიდა ბავშვებს და ჩვენ, ყველას. შემდეგ ახალგაზრდები დაედევნენ, გარეკეს, მაგრამ ძლივს...“, -ამბობს ზუგდიდელი ნოდიკო ძაძუა. მიუხედავად ასეთი საფრთხისა, ის წინააღმდეგია ქუჩას ძაღლები სასტიკი მეთოდებით მოაშორონ. ბატონი ნოდიკო ძაღლების თავშესაფრის შექმნას ემხრობა, ისევე როგორც რადიო თავისუფლების მიერ გამოკითხული ზუგდიდელების დიდი ნაწილი. რესპონდენტების თქმით, ცხოველი ქუჩაში მხოლოდ ადამიანის დაუდევრობისა და გულგრილობის მიზეზით ხვდება, ამიტომ მისი ლიკვიდაცია უხეში მეთოდებით მიუღებელია:
„ასეთ ძაღლებს უნდა ჰქონდეთ თავისი ადგილი. ქალაქია და ქუჩაში ამდენი მაწანწალა ძაღლი სირცხვილია“;
„ცოცხალი არსებაა და ცოდვაა მოსაკლავად. შეიძლება სხვანაირად, მაგალითად, თავშესაფარი მოუწყო“;
„აი, თბილისში რომ არის ძაღლთსაშენები, ისეთი რომ იყოს ზუგდიდშიც, კარგი იქნება“, - აცხადებენ რესპონდენტები.
ე.წ. ქუჩის ძაღლების ლიკვიდაციის, მათ მიმართ სასტიკი მოპყრობის შეცვლისა და მიუსაფარ ცხოველთა დაცვის მოწოდებით ზუგდიდში აპრილის თვეში საპროტესტო აქციაც გაიმართა. მოქალაქეთა და არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილის მიერ მოწყობილ შეკრებაზე აღინიშნა, რომ ზუგდიდში დაჭერილი ძაღლებისადმი, რომლებიც შემდგომ ოზურგეთის თავშესაფარში გადაგზავნეს, დაფიქსირდა სასტიკი მოპყრობის ფაქტები, კერძოდ, ყველა ძაღლი, მიუხედავად იმისა, რომ მათი ნაწილი სტერილიზაციას ან კასტრაციას საჭიროებდა, დახოცეს. აქციაზე ისმოდა ადგილობრივი ხელისუფლების მისამართით მოწოდებები, რომ დაიხვეწოს ცხოველებისადმი დამოკიდებულება და აშენდეს მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფარი. რა შედეგი გვაქვს აქციიდან ორი თვის შემდეგ?- ამ კითხვით რადიო თავისუფლებამ აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ასოციაცია „ათინათის“,წარმომადგენელს, სალომე ჟვანიას, მიმართა:
„ვიცი, რომ სამეგრელოში ძაღლების ეს საშინელი დაჭერები, ცუდი მოპყრობა და, ასე ვთქვათ, მათი მკვლელობები უკვე აღარ ხორციელდება, მაგრამ ის, რომ თავშესაფარი აშენდეს და გაკეთდეს, ასეთი ცვლილება ჯერ არ განხორციელებულა“.
მიუსაფარი ძაღლების პრობლემაზე არერთხელ იმსჯელეს ქალაქის საკრებულოში, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მიწოდებული დარღვევების ფაქტების შემდეგ კი დაიწყეს ძაღლთა დაჭერისა და შემდგომ მათი თავშესაფარში გადაყვანის პროცესის მონიტორინგი. როგორც საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია აღნიშნავს, მდგომარეობა, ამ მხრივ, გამოსწორდა. ამასთან, მისი განმარტებით, ყველაფერი კეთდება, რომ ზუგდიდში წლის ბოლოსთვის თანამედროვე სტანდარტების ძაღლთა თავშესაფარი მოეწყოს:
„ჩვენ შევთანხმდით ყველაზე ოპტიმალურ პროექტზე, რომელიც დაახლოებით 70-80 ათასი ლარი დაუჯდება დამფინანსებელ ორგანიზაციებს. ეს პროექტი ითვალისწინებს მაღალი დონის სერვისს: ძაღლების დაჭერას, გადაყვანას იმ თავშესაფარში, მათ ვაქცინაციას, სტერილიზაციას, კასტრაციას, შემდეგ კი გაშვებას პოპულაციაში“.
მერაბ ქვარაიას განცხადებით, ძაღლების თავშესაფართან განთავსდება სპეციალური ვეტერინარული სამსახური, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, მოემსახურება მსურველებს. ამ ეტაპზე, როგორც საკრებულოში განმარტავენ, ეძებენ დონორ ორგანიზაციებს პროექტის დასაფინანსებლად. საკრებულო მოუწოდებს ბიზნესსექტორის წარმომადგენლებსაც თავიანთი წვლილი შეიტანონ პრობლემის მოგვარებაში. ხელისუფლების პარალელურად, არასამთავრობო ორგანიზაციები განმარტავენ, რომ აუცილებელია პროცესში ასევე აქტიურად ჩაერთონ მოქალაქეები, რადგან პრობლემის სათავე სწორედ ადამიანია, რომელიც ძაღლს ქუჩაში უშვებს მისი სიბერის გამო ან, უბრალოდ, ნაგავში ყრის არასასურველ ლეკვებს. ორგანიზაციები მოქალაქეებს ურჩევენ, თუ არ სურთ ცხოველის გამრავლება, კასტრაცია ჩაუტარონ ან სპეციალური პრეპარატებით უმკურნალონ, რადგან ქუჩაში გაგდებით საფრთხე ექმნება როგორც ცხოველს, ისე ადამიანს.