C ჰეპატიტის პროგრამაში ჩართვის მსურველთა შორის ეთნიკური აფხაზებიც არიან

ზუგდიდი

C ჰეპატიტისმართვის ელიმინაციის პროგრამით სარგებლობის მიზნით, ზუგდიდში სოციალური მომსახურების სააგენტოს ოფისს მოქალაქეები უკვე აკითხავენ, თუმცა ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ზუგდიდი, ისევე როგორც სხვა რეგიონები, C ჰეპატიტის პროგრამის მომსახურებაში ამერიკული მხარის მონიტორინგის შემდეგ, ეტაპობრივად ჩაერთვება. „რადიო თავისუფლებას“ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელიამ განუცხადა, რომ ამ ეტაპზე სამეგრელოში უკვე გადამზადებულია მედპერსონალი და მიმდინარეობს შესაბამისი სამზადისი. რაც შეეხება უკვე რეგისტრირებულთა რაოდენობას, სამინისტროში ვერ აკონკრეტებენ, რადგან რეგიონში მცხოვრებთა ნაწილი საჭირო პროცედურებს თბილისის კლინიკებში გადის. მინისტრის მოადგილის სიტყვებით, ზუგდიდში ჩასულმა სპეციალურმა მონიტორინგის ჯგუფმა მცირედი ხარვეზები აღმოაჩინა და ახლა მიმდინარეობს მათი აღმოფხვრა. მოგვიანებით კი, ქუთაისისა და ბათუმის კლინიკების შემდეგ, ჩაერთვება ზუგდიდიც:

„სერვის ცენტრი რომ გაიხსნას, უარყოფითი ჰაერია საჭირო, ვიდეოთვალია საჭირო, არის მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს. ამ მოთხოვნების გარეშე შეუძლებელი იქნება ამ მედიკამენტის გაცემა. იქ დაცვა უნდა იყოს გაძლიერებული, ისეთი განსაკუთრებული რამ არ არის, რომლის გაკეთებაც არ შეიძლება. ინფექციურ საავადმყოფოში კეთდება ეს სერვის ცენტრი. სხვა ალტერნატივა ჩვენ ზუგდიდში არ გვაქვს, იმიტომ რომ ექიმები, რომლებსაც შეუძლიათ მართვა C ჰეპატიტის, მხოლოდ ამ კლინიკაში მუშაობენ. მე მქონდა შეხვედრა კლინიკის დირექტორთან, ველაპარაკე გუბერნატორსაც, ველაპარაკე გამგებელსაც, მაქსიმალურად ყველა ჩართულია და ცდილობენ. მე მგონი, მომავალი კვირისთვის ჩვენ ზუგდიდსაც ჩავრთავთ“.

როცა ჯანდაცვის სამინისტრომ საქართველოს მოქალაქეებისთვის განკუთვნილი C ჰეპატიტის მკურნალობის ახალი პროგრამა დააანონსა, ხაზგასმით აღინიშნა, რომ უფასო მკურნალობით სარგებლობა შეეძლებოდა ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებთ, მათ შორის,ეთნიკურ აფხაზებს. როგორც ვალერი კვარაცხელია აცხადებს, გამოხმაურება იყო, მაგრამ არა მასშტაბური:

„რამდენიმე იყო ჩემთან მიღებაზე ჩაწერილი, მე მათ შევხვდი. ეხლა, რომ გითხრათ, აქტიურობენ და მასები მოდიან, ეგრე არ არის, მაგრამ, ალბათ, ვინც არის დაავადებული ამ დაავადებით და ვისაც გამოკვლევა გაკეთებული აქვს, მოუნდებათ მიიღონ ეს პრეპარატი და ჩვენ მათაც მივცემთ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ, ისინიც საქართველოს მოქალაქეები არიან, ჩვეულებრივ“.

ეთნიკური აფხაზების მომართვიანობას ადასტურებენ, თუმცა რაოდენობას არ ასახელებენ ზუგდიდში მოქმედ ახალგაზრდა ფსიქოლოგთა და ექიმთა ასოციაცია „ქსენონში“. ორგანიზაცია C ჰეპატიტის თემაზე 2008 წლიდან მუშაობს და ცდილობს საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლებას, უშუალოდ, C ჰეპატიტის მკურნალობასა და პრევენციასთან დაკავშირებით. ამჟამად, ასოციაცია, ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის ფარგლებში, სხვადასხვაგვარი აქტივობების საშუალებით, C ჰეპატიტით ინფიცირებულთა მობილიზებას და მოტივირებას ახდენს, რათა ჩაერთონ სახელმწიფო პროგრამაში. ამასთან, ორგანიზაცია მედპერსონალსაც უტარებს ტრენინგ-კურსებს, რომელიც ითვალისწინებს მათ ინფორმირებულობას უშუალოდ დაავადებაზედა ასევე ახალი პროგრამის შესახებ. „ქსენონის“ ხელმძღვანელი ნინო ჯანაშია აცხადებს, რომ პაციენტების კმაყოფილება განსაკუთრებით გამოიწვია იმან, რომ მკურნალობა სრულიად უფასოა. ამის მიუხედავად, მცირედი პრობლემები აქაც არსებობს:

„ინტერესი საკმაოდ მაღალია, მაგრამ სამეგრელოში მცხოვრები მოქალაქეებისთვის საკმაოდ არაკომფორტულია თბილისში სირბილი. იმიტომ, რომ ბევრ ადამიანს, თუნდაც უფასო მურნალობისა და თუნდაც დიაგნოსტიკის ნაწილობრივი თანადაფინანსების პირობებშიც კი, არ შეუძლია თბილისში ჩაერთოს ამ პროგრამაში“.

ასოციაციაში აცხადებენ, რომ პაციენტები აქტიურად ელოდებიან მკურნალობისთვის შესაბამისი ცენტრის გახსნას ზუგდიდში, რისი წინაპირობაც უკვე არსებობს. არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ეს ნაბიჯი, დამატებით, ძალიან დიდი შვება იქნება მოქალაქეებისთვის, რომლებსაც, ხშირ შემთხვევაში, გადაადგილების საშუალებაც კი არ გააჩნიათ.