ზუგდიდში დევნილთა განსახლების პროცესი საპროტესტო აქციების ფონზე დაიწყო

დევნილების ნაწილმა, რომელმაც, სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სიის თანახმად, ამ ეტაპზე ბინა ვერ მიიღო, დღეს ზუგდიდის სპორტკომპლექსთან საპროტესტო აქცია გამართა. ამ შენობაში მიმდინარეობდა შესაბამისი ქულების მქონე იძულებით გადაადგილებული პირებისთვის ბინების განაწილება. მათ დაურიგდათ მისალოცი ბარათი, სადაც აღნიშნულია საცხოვრებელი ბინის მისამართი, ნომერი და ფართის ოდენობა. პროცესს აკვირდებოდნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენლები, მათ შორის - მინისტრის მოადგილე შოთა რეხვიაშვილი. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. საპროტესტო აქციის მონაწილეთა განცხადებით, ბინების განაწილება რეალურად კორუფციული გარიგებით ხდება:

„ბინების გაცემაზე რომ კომისიაა, მოვითხოვთ, რომ მობრძანდეს, ნახოს, გაარკვიოს, წესიერად და კანონიერად ვის ეკუთვნის ის ბინები. ადრე შვიდ-ნახევარი ქულა მომივიდა და ახლა კი ქულა საერთოდ არ მაქვს“.

„აქ ვდგავართ შვიდი და რვაქულიანები. ბინის სიაში არ ვართ მოხვედრილი“.

„ვართ სოციალურად დაუცველები. ნამდვილად გვაწვიმს, გვათოვს, ისეთ მძიმე პირობებში ვართ და არ მოგვცეს ბინა. გვაქვს შვიდ-ნახევარი ქულა“.

აქციის მონაწილეებისგან განსხვავებით, სამინისტროს მუშაობით კმაყოფილნი არიან ის დევნილები, რომლებმაც ზუგდიდში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე ახალ კორპუსში, ოთახები მიიღეს. მათ სიაში აღმოჩნდა გალიდან დევნილი კვარაცხელიების მრავალშვილიანი ოჯახი:

„ორი ოროთახიანი მივიღეთ, ანუ ოთხი ოთახი. მანამდე შონიას ტექნიკუმში ვცხოვრობდით ხუთი ბავშვით, თან გაუსაძლისი პირობებიც იყო. მოხარული ვარ, რომ მოგვცეს ბინა. ხვალ ან ზეგ გადავალ ახალ ბინაში“, - ამბობს ელგუჯა კვარაცხელია.

„კმაყოფილი ვარ, რადგან მივიღე ორი ოროთახიანი ბინა. შვიდსულიანი ოჯახი ვართ. მადლობის მეტი არაფერი მეთქმის“, - გვითხრა აზა ხორავამ.

კუთვნილი ფართის მიღების მსურველებს სამინისტროს წარმომადგენლებმა განუცხადეს, რომ ახალ სახლში გადასვლა უკვე ხვალიდან შეეძლებათ. მინისტრის მოადგილის შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდნენ ნგრევად ობიექტებში მცხოვრები დევნილები. მისი თქმით, ზუგდიდში იგეგმება ახალი მშენებლობები და იძულებით გადაადგილებული ყველა პირი ასევე მიიღებს ახალ საცხოვრებელს:

„მე ვიცი, რომ არის გარკვეული დაძაბულობა იმ ხალხში, ვინც ვერ მიიღო ამ ეტაპზე ბინა, მაგრამ ჩვენ ჩამოსული ვართ ამისთვის და გუშინ 100-ზე მეტ ოჯახს შევხვდით. ჩვენ მათ სათითაოდ ავუხსენით, თუ რატომ ვერ მიიღეს მათ ეს ბინები და როდესაც მოისმინეს ჩვენგან არგუმენტირებული პასუხები, ძალიან მშვიდობიანად დავშორდით ერთმანეთს. დღესაც თუკი ვინმეს დარჩება რაიმე შეკითხვა, ჩვენ მზად ვართ შევხვდეთ დღესაც, ხვალაც და განვუმარტოთ ყველაფერი. ეს პროცესი მიმდინარეობდა ძალიან გამჭვირვალედ“.

ბინების გაცემის პროცესის დაწყებას წინ უძღოდა დევნილთა რამდენიმე საპროტესტო გამოსვლა. 30 მარტს - მას შემდეგ, რაც დევნილთა სამმართველოს ზუგდიდის ოფისში სპეციალური კომისიის მიერ შედგენილი სიები გამოქვეყნდა - დევნილთა სამმართველოსთან საპროტესტოა აქცია დაიწყო, სადაც სამართალდამცავებმა წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით აქციის ერთი მონაწილეც დააკავეს. ის პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევით ცდილობდა სამმართველოს შენობაში შეჭრას. გუშინ იძულებით გადაადგილებულმა პირებმა ქალაქის მთავარი მაგისტრალის გადაკეტვაც სცადეს, თუმცა პოლიციამ ამის უფლება არ მისცა. ზუგდიდში თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე კორპუსში ფართის მისაღებად 4 ათასზე მეტი განაცხადი შევიდა, საიდანაც 320 შეირჩა.