ზუგდიდში მეოთხე დღეა საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპი მიმდინარეობს. კონკურსანტები მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს მიერ გამოცხადებული 187 ვაკანსიის დასაკავებლად იბრძვიან. აპლიკანტები აცხადებენ, რომ ტესტები საშუალო სირთულისაა. ვინც მეორე ეტაპი ვერ გაიარა, წარუმატებლობის მიზეზად ნერვიულობას ასახელებს. სწორედ ნერვიულობა სახელდება 7 დეკემბერს ტესტირების მიმდინარეობის პროცესში მომხდარი უბედური შემთხვევის მიზეზად. 55 წლის კონკურსანტი გივი ფიფია გამოცდის დაწყებიდან 10-15 წუთში ცუდად გახდა და ადგილზევე ინფარქტით გარდაიცვალა. შემთხვევას საგამოცდო პროცესი არ შეუფერხებია. როგორც საატესტაციო კომისიის წევრი მაიზერ ნანავა აცხადებს, საჯარო მოხელეთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეობას 528 ადამიანი იღებს და ერთი საკონკურსო დღის განმავლობაში 35 აპლიკანტისგან შემდგარი ოთხი ჯგუფი გადის ტესტირების პროცესს. შემდეგი ეტაპი გასაუბრება იქნება. ამ ეტაპზე გადასასვლელად კი აპლიკანტებმა მინიმუმ სამოციდან 33 კითხვაზე სწორი პასუხი უნდა გასცენ.
„არაფერი ისეთი რთული არ იყო. გარემოც ნორმალური იყო“, „რო ვთქვა, რომ ძალიან მარტივი იყო, არა, მაგრამ გავართვი თავი“, „ყველა საკითხი თითქმის ერთნაირი სირთულის იყო, მაგრამ უფრო მეტი იყო, ალბათ, ადგილობრივ თვითმმართველობაზე“, „არც ძალიან ადვილი იყო და არც რთული. თუ იცი, რა თქმა უნდა, გასცემ სწორ პასუხს. საშუალო სირთულის იყო“, - აცხადებენ კონკურსანტები.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელმა ახალსოფლის უბანში მზიური კვარაცხელიამ რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ ნერვიულობის გამო ტესტის ინსტრუქცია სათანადოდ ვერ დაიცვა და კონკურსს გამოეთიშა:
„შემთხვევით დავაჭირე ხელი დასასრულს და ამიტომ ვერ ჩავაბარე“.
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრ მაიზერ ნანავას განცხადებით, ტესტირების პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს:
„რაოდენობრივად მე რა ინფორმაციაც მაქვს, 70%-მა ჩააბარა. ნერვიულობის ფონია საკმაოდ მაღალი. ვურჩევ არ ინერვიულონ, ყველაფერი მშვიდად და ნორმალურად ჩაივლის. უბრალოდ, თუ ინერვიულეს მაშინ ვერ ჩააბარებენ“.
მაიზერ ნანავას თქმით, კონკურსის პირველ ეტაპზე სხვადასხვა თანამდებობაზე სულ 1915 განაცხადი შევიდა. მათგან მეორე ეტაპზე 528 აპლიკანტი გადავიდა. ბოლო ეტაპი გასაუბრება იქნება. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს საკონკურსო ტესტირების შემდეგ, რომელიც დღეს დასრულდება, კონკურსის მეორე ეტაპი ქალაქის მერიისა და ქალაქის საკრებულოში დასაქმების მსურველთათვის დაიწყება.